ქართული პრესის მიმოხილვა 10.12.2020

“ელისაშვილს დიდი ალბათობით გადაწყვეტილება მიღებული აქვს” - რომელი ოპოზიციონერები არიან მზად პარლამენტში შესასვლელად
“უცნაური თავდასხმები ელჩებზე არ იყო ბრძნული, იმის მაგივრად, რომ მადლიერები ვიყოთ…”
შეიზღუდება თუ არა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების და სხვა უფლებები პანდემიის შემდეგ
* * *
“ელისაშვილს დიდი ალბათობით გადაწყვეტილება მიღებული აქვს” - რომელი ოპოზიციონერები არიან მზად პარლამენტში შესასვლელად
“თუ მოლაპარაკებიდან გაწიკწიკებული საარჩევნო წესებით გამოვალ და ეს გარანტია ხელში მექნება, პარლამენტში შევალ!” - დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო პარტია “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განაცხადება ფეისბუქში, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პოლიტიკურ პროცესში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გადამწყვეტი მოლაპარაკების რაუნდის წინ. გარდა ამისა, მან “ევროპული საქართველოს” ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი უგულავა საბოტაჟის მოწყობაში და სიტუაციის არევაში დაადანაშაულა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ელისაშვილს დიდი ალბათობით გადაწყვეტილება მიღებული აქვს” - რომელი ოპოზიციონერები არიან მზად პარლამენტში შესასვლელად.
“მე რომ სიტყვას ვაძლევ, ამ სიტყვის ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან, ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი, საბოტაჟით არიან დაკავებულები, რომ აურიონ და ჩაშალონ ყველაფერი. რატომ იცით? იმიტომ, რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ, რომ ყველაფერი არიონ. თავი მოეჭრათ - ერთს ზუგდიდში, მეორე ფოთში” - განაცხადა ფეიქბუქ მიმართვაში ელისაშვილმა. “ევროპული საქართველო” კი აღნიშნულს, გაუგებარს და უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებს, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ფიქრობს, ალეკო ელისაშვილს პარლამენტში შესვლა სურს და ამით ის საბაბს ეძებს და ახლა გამოიყენა კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა ამ საბაბადაც”, - აღნიშნავს გამოცემა.
“კიდევ ერთხელ ეს მასზე უფრო მეტყველებს ვიდრე სხვა რამეზე. თუ მას უნდა, რომ შევიდეს პარლამენტში, უნდა თქვას, რომ აპირებს შესვლას” - განაცხადა კაპანაძემ. როგორც ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, “„ქართული ოცნების” პირობებში იმ გარანტიების შესრულება, რასაც ელისაშვილი ითხოვს, კითხვის ნიშნის ქვეშაა, ამიტომაც, მისი აზრით “მოქალაქეების” ლიდერი ამ განცხადებებით პარლამენტში შესვლის საბაბს უფრო ეძებს. პარლამენტის შესვლის სანაცვლო გარანტიებზე ალაპარაკდა “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩიაც, მისი თქმით, “ქართული ოცნებისგან” სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის და ბუნებრივი ბარიერის პირობას თუ მიიღებენ, კოლეგებს პირადად სთხოვს, რომ პარლამენტში შევიდნენ. როგორც გამზარდია ამბობს, თუ პარლამენტში ოპოზიციური ორიოდე ფიგურანტი შევიდა, შესაძლოა ეს სიტუაცია ერთპარტიულ პარლამენტზე მეტად გაშარჟდეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“გარანტიებს ახსენებს, გარანტია კი ამ შემთხვევაში ორი ტიპის არსებობს - ერთი ესაა, როდესაც მოლაპარაკებების შედეგად გამოვიდოდა ხელისუფლება და ოფიციალურად ხელახალი არჩევნების დღეს დანიშნავდა, მეორე მხრივ კი ცესკოს თავმჯდომარე გადადგომის შესახებ გააკეთებდა განცხადებას, ესაა ფაქტობრივი გარანტია, იმიტომ, რომ სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოიცავს. დანარჩენი, როგორებიცაა - სიტყვითი და თემატური გარანტიები, ეს ზოგადად პოლიტიკური კულტურის ნაწილია ხოლმე და არა სამართლებრივი გარანტიების ნაწილი, იმიტომ, რომ მორალურის გარდა არანაირ პასუხისმგებლობას არ გულისხმობს. სიტყვის გარანტიებს შესაძლოა სხვა შემთხვევაში ფასი ჰქონოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ივანიშვილმა ერთი წელიწადი ითხოვა და დაარღვია, შემდეგ პროპორციული არჩევნების პირობაც დაირღვა, ამ შემთხვევაში ხელისუფლების გარანტიებს შესაბამისი მორალური მანდატი და ნდობა არ გააჩნია, ამიტომაც ეს გარანტიები თავისთავად ვერ იარსებებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
“ამიტომაც ჩანს, რომ იმ ფორმულირებაში, რაც ელისაშვილმა გააკეთა, (შესვლის წინაპირობაზე) ეს შესასვლელად უფრო საბაბის ძიებას ჰგავს, ვიდრე რეალურად გარანტიების ინტერესს. აქედან გამომდინარე, ელისაშვილის ეს განცხადება ქმნის იმის დიდ ალბათობას, რომ მას შინაგანად გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა ეს განცხადებები უკანდახევის შესაძლებლობასაც მოიცავს, ან სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი გამოიყენოს როგორც საბაბად, რომ პარლამენტში შევიდეს. თუ პარლამენტში ორიოდე ფიგურანტი შევიდა და ამან საერთო პოლიტიკურ მოცემულობაზე არანაირი გავლენა არ იქონია, ეს დაახლოებით იმას დაემსგავსება, აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთმა და ორიოდე კომიკურმა ფსევდო სახალმწიფომ რომ აღიარა და ამ აღიარების სურათი გაშარჟდა” - თვლის გამზარდია.
“დაახლოებით ასეთი მოცემულობა იქნება იმიტომ, რომ ხელისუფლება თუ ოპოზიციიდან 2-3 კაცის შესვლით იტყვის, რომ ჩვენ მრავალპარტიული პარლამენტი ვართო, ეს უფრო კომიკურობას შესძენს და შეიძლება პირიქით ეს ერთპარტიულ პარლამენტზე უარესად გაშარჟდეს კიდეც, ამითი დიდი პოლიტიკური წონასწორობის ცვლილება არ იქნება. მაგრამ თუ პარლამენტი 100 კაცამდე და მნიშვნელოვან წილამდე შეივსო, ამ შემთხვევაში ეს ძალიან ბევრ რაღაცაზე იმოქმედებს, მათ შორის იმ ოპოზიციაზეც, რაც გარეთ დარჩება და სხვა პოლიტიკური მოცემულობა შექმნას” - დაასკვნის არჩილ გამზარდია. პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ კი ელისაშვილის პარლამენტში შესვლა-არ შესვლის თაობაზე საუბრისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა, თუმცა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შევა, ეს პირველ რიგში ცუდი თავად ელისაშვილისთვის იქნება”, - დასძენს გამოცემა.
“ჯერ არ ვიცით ელისაშვილი შედის თუ არა და სჯობს, რომ ჯერ თავი შევიკავოთ, თუმცა, თუ შევა, რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იქნება, ეს პირველ რიგში მისთვის, იმიტომ, რომ ეს მგონია, რომ გარკვეულწილად მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული. თუ პარლამენტში ვინმე შევა, მაინც საერთო ჯამში პარლამენტს დიდი პრობლემები ექმნება, იმ იტომ, რომ სულ რამდენიმე ოპოზიციონერიც თუ იქნება, ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნიან, “ნაციონალური მოძრაობა” რომ შესულიყო, მაშინ ოპოზიციურ სპექტრს დარტყმა მიადგებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციონერი პარლამენტს არ ეყოს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“უცნაური თავდასხმები ელჩებზე არ იყო ბრძნული, იმის მაგივრად, რომ მადლიერები ვიყოთ…”
“ეს არ იყო შორსმჭვრეტელი და ბრძნული განცხადება. ავტორი გრძელვადიან შედეგებზე არ ფიქრობდა. ამერიკის ელჩი არის სახელმწიფოს სახე და მისი ნებისმიერი სიტყვა და ქმედება განიხილება, როგორც სახელმწიფოს პოზიცია და აქ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ” - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ელჩების, კერძოდ აშშ-ს ელჩისა და ევროკავშირის ელჩის როლზე ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი აღნიშნავს, რომ აჯობებდა ზოგ ოპოზიციურ ლიდერს გარედან შეეხედა ვითარებისთვის. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, ამ განცხადების კომენტირება შეუძლებლია, დიპლომატიურ ენაზე ძალიან ცუდად იკითხება და ჩვენი პარტნიორების მიერ ძალიან მწვავედ იქნება აღქმული. ხოლო კინორეჟისორის მერაბ კოკოჩაშვილის აზრით, დიპლომატიის გარეშე ურთიერთობა ვერ მოხდება ვერც მეზობელთან და ვერც მტერთან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “უცნაური თავდასხმები ელჩებზე არ იყო ბრძნული, იმის მაგივრად, რომ მადლიერები ვიყოთ…” - გოგოლაშვილი.
“როგორც ნიკა გვარამიამ თავის საავტორო გადაცემაში აღნიშნა, “დღეს სასაცილოა და სამარცხვინო, ადამიანს ეგონოს 21-ე საუკუნეში, რომ დიპლომატია პოლიტიკაში არის გადამწყვეტი - დიპლომატია არის მე-19 საუკუნის პროდუქტი და მე-20 საუკუნეში, საბჭოთა კავშირის დაშლით, მისი მწვერვალები დაპყრობილი იქნა და დასრულდა”. მისივე თქმით აზრი არა აქვს იმ ადამიანების ფასილიტაციით მოლაპარაკებებს, რომლებიც ვერ ხედავენ ვერანაირ სხვა ვერსიას, პარლამენტში შესვლის გარდა - “საჯარო პოლიტიკა და სახალხო პოლიტიკა არის მთავარი ტექნოლოგიური იარაღი ყველა ქვეყანაში აშშ-თი დაწყებული, ევროპულ დემოკრატიამდე დამთავრებული. ის, რომ “დიდი ძმის” აღქმა გვქონდეს ამერიკის ელჩის მიმართ, უკვე შეურაცხმყოფელია საკუთრივ იმ სახელმწიფოსი, რომლის ელჩზეც ვლაპარაკობთ. ეს არის პოსტკოლონიური კომპლექსი, სინდრომი საბჭოთა კავშირში ნაცხოვრები ადამიანის”, - მიიჩნევს გვარამია, რომლის თქმით, “არასდროს არავინ არ არის აპრიორი მართალი, არც ამერიკის ელჩი, არც ამერიკის პრეზიდენტი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“დიდი ბოდიში, მაგრამ ქვეყანა, სადაც ტრამპი იყო პრეზიდენტი, რომელსაც ტვიტებს უბლოკავს ამერიკული სოციალური ქსელი “ტვიტერი”, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ამის კრიტიკა არ შეიძლებაო, ვინმემ რომ მითხრას, დავცინებ დიდი დაცინვით. არგუმენტი, რომ ელჩი ასეთია და ასე ფიქრობს, ელჩის საწინააღმდეგო არგუმენტია და არა თქვენი პოზიციის. ევროპას და აშშ-ს ურტყამს ელჩების, სასამართლოების და ასე შემდეგ ცუდი, არასწორი, ანტიქართული პოზიციები. არ შეიძლება ფეტიშიზაცია არც ელჩის და არც არავისი საერთოდ. ამ ქვეყანაში თუ ხარ პოლიტიკოსი ფეტიში არის ერთადერთი ის, ვინც არის ხელისუფლების წყარო- ქართველი ხალხი” - ამბობს ნიკა გვარამია და იქვე დასძენს, რომ როცა ელჩების აზრით, ერთადერთი გამოსავალი არის პარლამენტში შესვლა, ამას პოზიციონერობა ჰქვია. კელი დეგანანი და კარლ ჰარცელი კი არიან პასუხისმგებლები ამგვარი წინასაარჩევნო გარემოს გატარების და შედეგებისთვის, ამიტომ იბრძვიან ახლა, რომ რაიმე გამოვიდეს“ - თქვა გარამიამ, რომლის აზრით, “მათი უმოქმედობა არის ამ ყველაფრის წინაპირობა”, - დასძენს გამოცემა.
“პირადად მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნიკა გვარამიამ ოპოზიციის ლიდერები დასვა სტუდიაში და ლექციას უკითხავდა დიპლომატიის არსზე, მიზნებზე და იმაზე, თუ როგორ დაქვეითდა დიპლომატია. რაც სწორი არ არის და დიპლომატიას ბევრი დარჩა შესაძლებლობები და სათქმელი. რაც შეეხება ამ უცნაურ თავდასხმებს ელჩებზე, ეს არ იყო შორსმჭვრეტელი და ბრძნული განცხადება. როგორც ჩანს, ავტორი არ ფიქრობდა გრძელვადიან შედეგებზე. მაგრამ, გვარამიას განცხადება არის გვარამიას განცხადება და ის ქვეყანას ვერ დააზარალებს. გვარამია ნამდვილად ნიჭიერი ადამიანია, აქვს დიდი ამბიციაც, რადგან ხალხის სახელით ლაპარაკობს, მაგრამ ვერ ერკვევა ვერც პოლიტიკაში და ვერც დიპლომატიაში. იმის მაგივრად, რომ მადლიერები ვიყოთ, რადგან ქართველებმა ვერ მოახერხეს ერთმანეთთან დალაპარკება და მედიატორი გვჭირდება, ეს ხალხი დროს და ენერგიას ხარჯავს და სრულიად არასწორია ელჩებზე პოლიტიკური მიკერძოების დაბრალება. ამერიკის ელჩი გამოხატავს ამერიკის პოზიციას და ის ვერ დაიწყებს სპონტანურ მოქმედებს. ელჩი არის სახელმწიფოს სიმბოლო იქ სადაც ჩადის, მისი ნებისმიერი სიტყვა და მოქმედება განიხილება როგორც სახელმწიფოს პოზიცია, აქ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
“აბა, რა უნდა გითხრათ ამ განცხადებაზე? ძნელია მისი კომენტირება. პროცესი რომ სხვაგვარად წარმართულიყო და ოპოზიციურ პროტესტს საერთაშორისო მხარდაჭრა ჰქონოდა, ალბათ, სულ სხვაგვარად შეაფასებდნენ... მე არ ვზივარ უცხოელი დიპლომატების გულში და მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ მათ აფიქრებთ, ასეთი ექსტატური და არარაციონალური ბრძოლით, მით უმეტეს, სერიოზული საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე ოპოზიცია მხოლოდ იმას თუ მიაღწევს, რომ საქართველოში ლუკაშენკოს მმართველობის რაღაც მსგავსი ჩამოყალიბდება და რომ დღევანდელ სიტუაციაში კარგად გათვლილი ნაბიჯების გარეშე კარგ შედეგს ვერ მივიღებთ. თუ დამიჯერებთ, მათ ძალიან კარგად უწყიან რა ხდება ჩვენს ხელისუფლებაშიც და ზოგადად ქართულ პოლიტიკაშიც. ყველაზე ცუდი მაშინ ხდება, როდესაც სიკეთისათვის იბრძვის ის, რომელ მებრძოლთა დიდი ნაწილი თავადაც არაერთხელ იყო ეჭვმიტანილი საარჩევნო დარღვევებში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.
“დიპლომატებს ისიც აწუხებს, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება და იციან, რომ დღევანდელი ქაოტური და ექსტრემისტულ რიტორიკაზე აგებული ბრძოლა რუსეთისათვის მხოლოდ ხელსაყრელია. ასე ის მცირედიც კი შეიძლება დავკარგოთ, რაც გვაქვს. იმასაც გავიხსენებ, რომ ორიოდე დიპლომატმა მოვლენების შეფასებისას “პოლიტიკური სიმწიფე” ახსენა. მე თავადაც ვეცადე ორიოდე ოპოზიციურ ლიდერთან მესაუბრა ამ თემაზე, მაგრამ ვიგრძენი, რომ ლუდომანის აზარტით არიან ბრძოლაში ჩართულები და ვერ აღიქვამენ სიტუაციას. ტყუილად დავაბრალებთ დიპლომატებს რამეს. აჯობებდა, ზოგი ოპოზიციური ლიდერს მაინც გარედან შეეხედა ვითარებისათვის” - დაასკვნის ზაზა ფირალიშვილი.
“მართლაც გაბრაზებული ბავშვებივთი იქცევიან, როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც გეხმარება. ეს მოლაპარაკებაც ხომ იმ ელჩებთან ტარდება, რომლებმაც ეს სიკეთე მოიტანეს, რომ ქვეყნას ჰყავს მრავალპარტიული პარლამენტი. დიპლომატია ყოველთვის იყო და იქნება, დიპლომატიის გარეშე ურთიერთობა ვერ მოხდება ვერც მეზობელთან და ვერც მტერთან. საქართველო მარტო არ არის, ის უზარმაზარი ოჯახის წევრია, რომელსაც მსოფლიო ჰქვია” - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ კოკოჩაშვილი.
შეიზღუდება თუ არა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების და სხვა უფლებები პანდემიის შემდეგ
“პანდემია უკვე ათი თვეა, რაც კაცობრიობას უტევს და ადამიანების ყოველდღიურობა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა - შეუცვალა გეგმები, შეუზღუდა ბევრი ის თავისუფლება, რომელიც მანამდე გააჩნდა, დღეს ყველა ადამიანის ინტერესის საგანი გახდა თუ როგორ შეიცვლება პანდემიის შემდეგ ადამიანის ფსიქოლოგია და დაუბრუნდება თუ არა სამყარო პანდემიამდელ ცხოვრებას, აღნიშნულ საკითხებზე “რეზონანსთან” სპეციალისტებმა ისაუბრეს” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეიზღუდება თუ არა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების და სხვა უფლებები პანდემიის შემდეგ / “სამყარო ისეთი გლობალური აღარ იქნება - გარკვეული შეზღუდვები შემოვა”.
“გახდება თუ არა აუცილებელი გადაადგილებისთვის საბუთი აცრასთან დაკავშირებით - აღნიშნულზე ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით მსოფლიო დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ უკვე წამოჭრა - “ეს საკითხი დღის წესრიგში ჯერ მხოლოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ წამოაყენა, ეს ჯერჯერობით აქტუალური თემა არაა, მერე რა იქნება, არ ვიცი. მთავარია, იმ აცრებმა რაც დაიწყო, დადებითი შედეგი აჩვენოს, ყველა დიდ ქვეყანას თავიანთი ვაქცინა აქვს და აქედან გამომდინარე ერთიანი პასპორტი იქნება თუ სხვადასხვა პასპორტი, ამის წარმოჩენა როგორ მოხდება, ჯერ არავინ იცის”, - ამბობს მაისაია. ხოლო როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანის ფსიქოლოგია და ქცევის წესები პანდემიის შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე ფსიქოთერაპევტი გივი მერაბიშვილი “რეზონანსთან” საუბარში განმარტაცს, რომ ადამიანის ფსიქოლოგია და ქცევის წესები პანდემიის შემდეგ რადიკალურად არ შეიცვლება, რადგან თუ ადამიანის ფსიქიკა მდგრადია, გარკვეული ხნის შემდეგ სიტუაცია კვლავ გამოსწორდება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აცრის საბუთის საკითხი ჩინეთის ხელმძღვანელობამ წამოწია ზოგადი კონტექსტიდან გამომდინარე, რომელიც ჯერჯერობით აქტუალური არაა, ჯერჯერობით ბევრ ქვეყანაში ამაზე არც უფიქრიათ. პანდემიამ ადამიანების გადაადგილების თვაისუფლება იმ დროს შეზღუდა, როცა სრული ლოქდაუნები დაიწყო, კორონავირუსმა ადამიანების ცხოვრება და ბევრი ის თავისუფლება, რომელიც მანამდე გვქონდა, რა თქმა უნდა შეცვალა, მაგალითად, პანდემიის სტადიების დროს ვარშავაში რომ ჩავედი, თვითმფრინავი გავსებული იყო და პოლონეთში მხოლოდ სამი ადამიანი შეგვიშვეს. სანამ აცრები არ იქნება, მანამდე მსოფლიოში ასე იქნება, ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს მსოფლიო, მაგრამ მემგონი ისეთი გლობალიზებული როგორიც იყო, ისე აღარ იქნება. ალბათ გარკვეული შეზღუდვები კვლავ შემოვა. აცრები კი შეამცირებს პანდემიას, მაგრამ მუტაციური ციკლი როგორი იქნება, არ ვიცი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ადამიანის ფსიქიკა ძალიან არა მგონია რომ შეიცვალოს, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცეები ცხოვრებაში ხდება ხოლმე, პანდემიის დასაწყისში შეიძლება, რომ ადამიანი სტრესში იყოს, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ თუ სიტუაცია გამოსწორდება, ადამიანიც ნორმალურ ფარგლებში გადაერთვება ხოლმე. პანდემიის პერიოდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ყურადღება განსაკუთრებით გერმანელებმა გაამახვილეს, თუ ადამიანს ფსიქიკური მდგრადობა უფრო მაღალი აქვს, ის ახლა ნაკლებად ავადდება იმიტომ, რომ მას ფსიქიკური იმუნიტეტი აქვს, რომელიც ფიზიკურ და ბიილოგიურ იმუნიტეტზე შესაძლოა უფრო ძლიერიც კი იყოს და თუ ასეთი ადამიანი დაავადდა, მერე შედარებით ადვილად გადაიტანს ხოლმე. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები მომავალშიც ყველაფერს ადვილად გადაიტანენ. მე ფსიქოთერაპევტი ვარ და ახლა ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციების მოსურნე ხალხი უფრო გახშირდა, იმიტომ რომ რეალურად მართლაც სტრესული სიტუაციები იქმნება, ფსიქოთერაპიული ზემოქმედების შემთხვევაში კი ხალხს სტრესული მდგომარეობა ბევრად უფრო ადვილად გადააქვთ ხოლმე. ამაზე იტალიელებმაც, ფრანგებმაც და გერმანელებმაც დაწერეს, რომ სტრესი ადამიანებზე ძალიან ძლიერად მოქმედებს. ბევრს კორონავირუსი არც კი ჰქონდა და იმდენად იყო სტრესის ქვეშ და შეშინებული, რომ გარდაიცვალა, მერე გაკვეთებმა აჩვენა, რომ კოვიდი არ იყო. ამდენად ამ დროს ფსიქიკური მზაობაა ძალიან მნიშვნელოვანი” , - დასძენს გივი მერაბიშვილი.

























