სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დღეს ოფიციალურად ამბობს უარს სადეპუტატო მანდატებზე, ფასილიტატორ ელჩებთან მოლაპარაკებებს აზრი მაინც აქვს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დღეს ოფიციალურად ამბობს უარს სადეპუტატო მანდატებზე, ფასილიტატორ ელჩებთან მოლაპარაკებებს აზრი მაინც აქვს.

როგორც ჩიხლაძემ განაცხადა, ვიდრე იქნება შესაძლებლობა, ოპოზიცია უარს არ იტყვის ამ მოლაპარაკებებზე.

„მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი. მაშინაც კი, როდესაც ბატონი კობახიძე საერთოდ აბსურდულ და ყველანაირ კანონსმოკლებულ განცხადებებს აკეთებს დაშინებაზე, შანტაჟზე, ოპოზიციური პარტიების გაქრობაზე და ა.შ. მათგან განსხვავებით, ჩვენ მაინც მზად ვართ მოლაპარაკებებზე. ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და შესაბამისად, სანამ დარჩება ნახევარი პროცენტი შესაძლებლობა მაინც, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, ოპოზიცია ამ მოლაპარაკებებზე უარს არ იტყვის“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

ჩიხლაძე ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარების განცხადებებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მათი მოწოდებები პირველ რიგში, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს.

„ერთპარტიული პარლამენტი არ არის არავის გამარჯვება, ეს არის დიდი პრობლემა ქვეყნისთვის. რაც შეეხება ევროკავშირში განაცხადს და ნატო-ს, ვერ მოხდება დაახლოება ვერც ევროკავშირთან და ვერც ნატო-სთან და ვერანაირ ევროპულ სტრუქტურებთან, როდესაც არჩევნების გაყალბება და სახელმწიფოს მიტაცება ხდება. მიუხედავად სხვებისადმი პატივისცემისა, ეს პროცესები მიმდინარეობს აქ. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორის მოწოდებას და განცხადებას, ზუსტად ამიტომ ჩვენ არ ვკეტავთ მოლაპარაკებების პროცესს და ვართ კონსტრუქციულები, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“. ამიტომ, ეს მოწოდებები პირველ რიგში მმართველმა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს და პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა და დღეს ჩვენ რატომაც ვართ აქ, ზუსტად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენჩი და სიგიზმუნდ პავილიონისი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყოველთვის იყვნენ საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერები. ევროპარლამენტარები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ხალხს შორის დიალოგში კონსტრუქციული როლი შეასრულონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა