ლადო პაპავა - ნუ ავყვებით მოსკოვისთვის სასურველ სცენარს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, წელი იწურება და ჩვენ არც ამჯერადაც გვინდა დავარღვიოთ ტრადიცია და წელსაც გვინდა გთხოვოთ 2020 წლის პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების შეჯამება.

ფაქტია, რომ 2020 წელი პანდემიის გამო უმძიმესი აღმოჩნდა მსოფლიო ეკონომიკისთვის და ჩვენც გამონაკლისი ვერ ვიქნებოდით. საპარლამენტო არჩევნების წელს პოლიტიკური პროცესებიც გამძვინვარებული პანდემიის ფონზე საკმაოდ დრამატულადაც კი განვითარდა და საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

ვიდრე 2020 წლის ეკონომიკურ პრობლემების დაძლევისა და შედეგებზე გავაგრძელებდეთ საუბარს, გვერდს ვერ აუვლით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ რეალობაზე საუბარს.

დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ახალი რეალობა ჩამოყალიბდა. თუმცა, იმავე დამკვირვებელთა უმრავლესობა სხვადასხვაგვარად აფასებს არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული რეალობის ხილულ თუ ჯერაც ბოლომდე უხილავ კონტურებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, რომლის უმთავრესი მახასიათებელი ერთპარტიული პარლამენტი და მრავალპარტიული ოპოზიციაა, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს?

- 2020 წლის პოლიტიკური კუთხით შეჯამებისას უნდა გავიხსენოთ ორი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა. კერძოდ, ერთია მარტში ხალისუფლებასა და ოპოზიციას შორის მეგობარი ქვეყნების ელჩების შუამავლობით მიღწეული შეთანხმება საპარლემენტო მანდატების განაწილების შესახებ, რომლის თანახმადაც 120 ადგილი დაეთმო პარტიული სიებით არჩეულ დეპუტატებს, ხოლო 30 ადგილი მაჟორიტერული წესით არჩეულებს, არჩევნებში ერთპროცენტიანი ბარიერის დაწესებით.

მეორე ქრონოლოგიურად, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პირველი, კი იყო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. ამ ეტაპზე, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, თუმცა ფორმალურად ისინი ჯერჯერობით ინარჩუნებენ დეპუტატის სტატუსს.

თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს სამი პარტია, კერძოდ, „მოქალაქეები,“ „გირჩი“ და „რესპუბლიკელები.“ მათგან ყველაზე დიდი ალბათობით პარლამენტის ორ კუთვნილ მანდატს აიღებენ „მოქალაქეები.“

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები თავის საქციელს იმით ამართლებენ, რომ დაიჯერეს და ცდილობენ სხვებიც დააჯერონ, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და, რომ 150 კაციან პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებს უნდა შეექმნათ უმრავლესობა. მათი ამ ვერსიის ურცხვ ტირჟირებას რამდენიმე ტელევიზია ახდენს, რითაც ცდილობს ქვეყანაში რევოლუციური განწყობის გაღვივებას შეუწყოს ხელი.

რადგანაც ქვეყენაში რევოლუციური სიტუაცია, საბედნიეროდ, არ არსებობს, ამიტომ ამგვარი მცდელობა, ჩემი ღრმა რწმენით, სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადება, რაც „ნაცმოძრაობის“ „უკრაინელ“ ლიდერს 2013-2020 წლებში არაერთხელ ჰქონდა.

რადგანაც ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია, საბედნიეროდ, არ არსებობს, ამიტომ ამგვარი მცდელობა, ჩემი ღრმა რწმენით, სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადება, რაც „ნაცმოძრაობის“ „უკრაინელ“ ლიდერს 2013-2020 წლებში არაერთხელ ჰქონდა

სინამდვილეში კი სიტუაცია დიამეტრულად განსხვავებულია, რაც დაადასტურა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირველების უმრავლესობამ. დაფიქსირებული დარღვევების მიუხედავად, მათ აღიარეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

საქართველოს მეგობარი ქვეყნების და საერთასორისო ორგანიზაციების ოფიციალური პირები ოპოზიციას მოუწოდებენ და სთხოვენ კიდეც, რომ შევიდეს პარლამენტში და იქ გააგრძელოს იმ მწვავე პრობლემებზე მუშაობა, რაც ყველაზე მეტად აღელვებს საქართველოს ამომრჩეველს.

ოპოზიციური სპექტრი კი არა მარტო არ ითვალისწინებს ქცეყნის მეგობარი სახელმწიფოების პოლიტიკოსების და ელჩების რჩევას, არამედ უკვე გადავიდა მათ ღია კრიტიკაზე, რაც ამ ოპოზიციის პოლიტიკური გემოვნების ლუსტრაციად უნდა ჩაითვალოს.

ჩემი აზრით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თავისი არსით იყო რეფერენდუმი მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ, რაზეც ამომრჩეველმა ფაქტობრივად უარყოფითი პასუხი გასცა.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თავისი არსით იყო რეფერენდუმი მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ, რაზეც ამომრჩეველმა ფაქტობრივად უარყოფითი პასუხი გასცა

აბა წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილის ფაქტორი საერთოდ არ არსებობდეს ქართულ სინამდვილეში, მაშინ, სავარაუდოდ, „ქართული ოცნებაც“ მიიღებდა ნაკლებ მხარდაჭერას და „ნაცმოძრაობისათვის“ მიცემული ხმების მონაგარიც „ევრონაცების“ დონეზე იქნებოდა.

ასე, რომ სააკაშვილის ფაქტორმა შექმნა ის სურათი, რაც დაფიქსირდა არჩევნებში - მხარდამჭერთა რაოდენობა გაუზარდა „ნაცმოძრაობას,“ და უფრო მეტად თუ არა, არანაკლებ იმოქმედა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდაზე.

ახლა კი გავიაზროთ, თუ ყველაზე მეტად ვის აწყობს საქართველოში არასტაბილური სიტუაციის შექმნა, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის პანდემიისა და მისით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში?

პასუხი არა მარტო მარტივია, არამედ ცალსახაა - რა თქმა უნდა, საქართველოსადმი მტრულად განწყობილ რუსეთს. სწორედ ამიტომაა, რომ მეგობარი ქვეყნების პოლიტიკოსები და ელჩები ურჩევენ ბარიერგადალახულ ოპოზიციას, რომ არ გაახაროს მოსკოვი და შევიდეს პარლამენტში.

როცა აშკარად პრორუსული პარტია, როგორიც „პატრიოტთა ალიანსია“ მოქმედებს რუსული სცენარით, ეს არ იწვევს გაკვირვებას. როცა პრორუსული პოლიტიკოსი, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ასევე მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს, არც ესაა გასაკვირი.

შეიძლება ზოგიერთს გაუკვირდეს, თუ რა უნდა მათ გვერდზე პროდასავლური პოლიტიკური პარტიის ფსევდოიმიჯის მქონე „ნაცმოძრაობას“ და მის ბლოკში გაერთიანებულ, თუ ამჟამად გვერდზე მდგომ ბარიერგადალახულ პარტიებს. ყველა ისინი შეგნებით თუ შეუგნებლად ხომ მოსკოვისთვის სასურველი სცენარით მოქმედებენ.

ბატონი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციურ ფლანგში ჯერჯერობით ერთადერთი პოლიტიკოსია, ვისაც ეყო გამბედაობა და არა მარტო გაემიჯნა პრორუსულ ოპოზიციას, არამედ მხარდაჭერა გამოუცხადა მოლაპარაკებების ორგანიზატორ ელჩებს და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ დღევანდელ ოპოზიციაშიც არსებობენ პროდასავლური ძალები.

ბატონი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციურ ფლანგში ჯერჯერობით ერთადერთი პოლიტიკოსია, ვისაც ეყო გამბედაობა და არა მარტო გაემიჯნა პრორუსულ ოპოზიციას, არამედ მხარდაჭერა გამოუცხადა მოლაპარაკებების ორგანიზატორ ელჩებს და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ დღევანდელ ოპოზიციაშიც არსებობენ პროდასავლური ძალები

რაც შეეხება „გირჩს,“ ის ამ ეტაპზე „დამძიმებულია“ შიგაპარტიული გარჩევებით, ხოლო „რესპუბლიკელები“ კი ტრადიციულად „თამაშობენ“, რადგანაც იციან, რომ პარლამენტში მოხვედრა დამოუკიდებლად მათთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ხოლო პარლამენტში გამყვან პოლიტიკურ პარტიას კი, თუნდაც რაღაც დროის განმავლობაში. ანგარიში უნდა გაუწიონ.

ვიმედოვნებ, რომ ოპოზიციურ სპექტრში მოქალაქეების მსგავსად ზოგიერთი სხვა პარტიაც გამოფხიზლდება და მოსკოვის არ გაახარებს...

- „ქართული ოცნების“ ერთერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე დღე არ გავა რომ არ გამოთქვას იმედი, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, მაგარამ ამის ალბათობა რომ სულ უფრო ცოტაა, ფაქტია.

ვინც ქართულ პოლიტიკას ყურადღებით ადევნებს თვალს, ალბათ დამეთანხმება, რომ ქართული პოლიტიკის უმთავრესი პრობლემა სწორედ ისაა, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია ვერასდროს ვერ ახერხებდნენ თანამშრომლობას.

საქართველოს პარლამენტში პარტიების სიმცირე არასდროს ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ჭირდა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა. მმართველი გუნდი ყოველთვის ახერხებდა არ გაეთვალისწინებინა ოპოზიციის კრიტიკა და თავისი უპრობლემოდ გაეტანა.

„ქართული ოცნება“ პარლამენტში ოპოზიციის შეუსვლელობის უხერხულობას ჯერ არ იმჩნევს და დიდი ალბათობით ასევე გააგძელებს, მაგრამ იმ გარე თუ შიგა გამოწვევების გათვალისწინებით, რომელც დღეისათვის არსებობს, თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ერთი მხრივ მმართველი გუნდი და ხელისუფლება და მეორე მხრივ ოპოზიცია?

- 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც დაემუქრა საქართველოს პარლამენტს, რომ ყოფილიყო ერთპარტიული, თუმცა გამოჩნდა რამდენიმე მცირე პარტია და ისინი შევიდნენ პარლამანტში. როგორც ვხედავთ მსგავსი სცენარის გამეორების ალბათობა დღესაც საკმაოდ მაღალია.

პარტიებმა, განსაკუთრებით ახალშექმნილებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საპარლამენტო ტრიბუნის და სადეპუტატო მანდატის გარეშე მათ ძალიან გაუჭირდებათ მხარდამჭერთა არა თუ გაზრდა, არამედ შენარჩუნებაც კი, თუნდაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რისი ჩატარების ალაბათობაც დღევანდელი გადასახედიდან მცირეა.

პატარა პარტიებმა უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დასავლეთის მხარდაჭერას ემყარება, და თუ ის გირჩევს პარლმენტში შევლას, არ უნდა გაჯიუტდე და უნდა გაიზიარო ეს რჩევა. წინაარმდეგ შემთხვევაში, შეგნებით თუ შეუგნებლად, მოგიწევს საქართველოში დესტაბილიზაციის რუსულ პროექტში მონაწილეობა.

ცალკეული ხარვეზების მიუხედავად საქართველოს მთავრობის მოქმედება პანდემიის და მისით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში მთლიანობაში დადებითად უნდა შეფასდეს

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ პანდემიის მძვინვარების პირობებში ქვეყნის ხელისუფლება ისტორიული გამოწვევის წინაშეა. მას ერთი მხრივ აქვს პასუხიმგებლობა მოსახლეობის გადარჩენაზე, ხოლო მეორე მხრივ იმაზე აქვს საზრუნავი, რომ გადაარჩინოს ეკონომიკა და მაქსიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქვეყანა სამშვიდობოს.

ვირუსით დაავებულთა კატასტროფული ზრდის ფონზე ახლა ხშირად გაიგონებთ კრიტიკას ხელისუფლების მისამართით რომ ხელისუფლებამ ზაფხულსა და შემოდგომაზე დრო დაკარგა და სათანადოდ ვერ მოემზადა მეორე ტალღისთვის.

თქვენ როგორ შეაფასებდით პანდემიის პირობებში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, ისე ეკონომიკის გადარჩენის თვალსაზრისით?

- უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი მსოფლიო დადგა შეუსწავლელი ვირუსის კოვიდ-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის წინაშე. მედიცინამ 2020 წლის განმავლობაში ამ ვირუსის შესახებ გარკვეული ცოდნა დააგროვა, იმედისმომცემი რამდენიმე ვაქცინაც კი შექმნა, თუმცა პანდემიის დაძლევაზე საუბარი, სამწუხაროდ, მაინც ნაადრევია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ვირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო მედიკამენტზე საუბარი ჯერჯერობით კვლავ ნაადრევი რჩება.

ამ განუზღვრელობის პირობებში აღმოჩნდა არა მარტო საქართველო, არამედ მასზე ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნებიც. ყველა მათგანი ე.წ. „ცდის და შეცდომის“ მეთოდით ხელმძღვანელობს.

გაზაფხულზე საქართველოს მთავრობის წარმატებული ქმედება ინფექციის გავრცელების და გარდაცვლილთა სტატისტიკითაც დასტურდებოდა.

ეკონომიკურ პოლიტიკაში ადრე დაშვებული შეცდომების შედეგად, რის გამოც მთელი აქცენტი კეთდებოდა ტურიზმზე, ის ქვეყნის ეკონომიკის გამწევ ძალად იქცა. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შესამსუბუქებლად მთავრობა იძულებული გახდა ზაფხულში გაეაქტიურებინა შიგა ტურიზმი, რამაც ვისრუსის გავრცელების აფეთქება გამოიწვია აჭარაში, რომელიც ჯაჭვური რეაქციით მთელ საქართველოს მოედო.

სიტუაცია კი დაამძიმა საპარლამენტო არჩევნებმა, წინასაარჩევნო კამპანიამ და არჩევნებისშემდგომმა საპროტესტო გამოსვლებმა. მთავრობას, რომ გადაეტანა საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიცია მას ეპიდემიური სიტუაციის გამოყენებით ხელისფულების უზურპაციაში დაადანაშაულებდა. ამიტომ მთავრობა წავიდა გარკვეულ რისკზე და, ჩემი აზრით, სწორადაც მოიქცა, როცა არჩევნები არ გადადო.

უფრო მეტიც, ჩვენი ქვეყნის მეგობრები განსაკუთრებული ხაზგასმით საქართველოს სწორედ იმას ულოცავდნენ, რომ პანდემიის პირობებში საქართველომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას თავი წარმატებით გაართვა.

ასე რომ, ცალკეული ხარვეზების მიუხედავად საქართველოს მთავრობის მოქმედება პანდემიის და მისით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში მთლიანობაში დადებითად უნდა შეფასდეს.

პანდემიის პირობებში მთავრობას რაიმე პრინციპული ხასიათის შეცდომა დაშვებული არ აქვს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ, რომლებმაც საქართველოს ფინანსური დახმარების საკმაოდ სოლიდური პაკეტი გამოუყვეს

- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს - ხელისუფლების ნაბიჯებს ეკონომიკის გადასარჩენად, ამაზე რას იტყოდით?

- პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ატიპურია, რადგანაც მისი მიზეზი ეკონომიკიდან არ გამომდინარეობს და, თანაც, მისი დასრულების მექანიზმი ეკონომიკაში არ ძევს.

ეს ის შემთხვევაა, როცა ეკონომიკა მედიცინის მძევალია. ამ ვითარებაში, რაიმე კლასიკური სქემა, რითაც შეიძლება ეკონომიკური კრიზისი დაძლიო უბრალოდ არ არსებობს.

შესაბამისად, მთავრობის ამოცანა იყო შეემსუბუქებინა შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და დახმარებოდა ბიზნესს. გასათვალისწინებელია, რომ აქაც რაიმე ერთიანი მსოფლიოში აპრობირებული სქემა არ არსებობს, და ყველა ქვეყანა ძირითადად ინდივიდუალურად მოქმედებს იმის გათვალისწინებით, თუ მთავრობის ხელთ რა ეკონომიკური საშუალებები არსებობს.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომკურად სუსტადაა განვითარებული, რის გამოც კრიზისის შემსუბუქების შესაძლებლობებიც ბევრად უფრო შეზღუდულია, ვიდრე ჩვენზე ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებს გააჩნია.

დღევანდელი გადასახედიდან, ჩემი აზრით, პანდემიის პირობებში მთავრობას რაიმე პრინციპული ხასიათის შეცდომა დაშვებული არ აქვს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ, რომლებმაც საქართველოს ფინანსური დახმარების საკმაოდ სოლიდური პაკეტი გამოუყვეს.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2021 წლის განმავლობაში მთავრობას არაერთხელ მოუწევს ამ ბიუჯეტის კორექტირება, იმისდა მიხედვით, თუ რანმდენად წარმატებული იქნება მედიცინა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს დებულება კი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება

როცა პანდემია და მისით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი დასრულდება, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება უფრო მეტად შესაძლებელი შესწავლილ იქნეს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რათა მომავალში, შესაძლო ატიპური ეკონომიკური კრიზისის პირობებში მთავრობები როგორც სათანადო ცოდნით, ისე ეკონმიკური ინსტრუმენტებით უფრო მეტად და უკეთ იყვნენ აღჭურვილნი.

- ხელისუფლებამ კარგა ხანია გაასაჯაროვა თავისი გეგმები იმაზე თუ როგორ აპირებს იგი პანდემიის გამო შეზღუდვაში მყოფი ეკონომიკის გადარჩენას და პარალელურად მოსახლეობის მხარდაჭერას.

ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიუჯეტზე, რომლის პარამეტრები 1,6 მილიარდი ლარით არის შემცირებული 2021 წლის პროექტში. ეკონომიკური ზრდა მომავალ წელს 4.5 პროცენტით არის დაგეგმილი, რაც ასევე კორექტირებულია ვირუსის მეორე ტალღის გათვალისწინებით. თუმცა აქ მნიშნველოვანია ის, რომ ეკონომიკის დახმარების მეოთხე პაკეტი არის საკმაოდ მსუყე და დაახლოებით 1.4 მილიარდ ლარს შეადგენს.

დიდი ალბათობით ახლადარჩეული პარლამენტი მიიღებს მის მიერვე კორექტირებულ ბიუჯეტს. არაა გამორიცხული მასში გარკვეული შესწორებები შევიდეს.

თქვენ როგორ შეაფასებდით კორექტირებული ბიუჯეტის პარამეტრებით მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გეგმებს მოსახლეობისა და ეკონომიკის გადასარჩენად?

- ბიუჯეტში საშემოსავლო ნაწილის კლება ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია, ხოლო ხარჯვითი ნაწილის ზრდა კი მედიცინაზე და მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე გასაწევის ხარჯების ზრდამ. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა და იგივე სიტუაციაშია მსოფლიოს ყველა ქვეყანა, რომელიც პანდემიამ მოიცვა.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს პარლამენტი მცირე კორექტივებით ამ წლის ბოლომდე აუცილებლად მიიღებს და ეს ქვეყანას ჰაერივით სჭირდება, რათა არ მოუწიოს თუნდაც რაღაც პერიოდში 2020 წლის საბიუჯეტო პარამეტრებში დარჩენა.

იმავდროულად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2021 წლის განმავლობაში მთავრობას არაერთხელ მოუწევს ამ ბიუჯეტის კორექტირება, იმისდა მიხედვით, თუ რანმდენად წარმატებული იქნება მედიცინა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს დებულება კი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება.

იმის იმედი, რომ 2021 წლის ბიუჯეტით უნდა იქნეს დაძლეული ეკონომიკური კრიზისი მცდარია, რადგანაც ეს უბრალოდ შეუძლებელია. ზემოთ უკვე გითხარით, რომ ეკონომიკა მედიცინის მძევალია, რის გამოც პანდემია მედიცინამ უნდა დაამარცხოს, ხოლო პანდემიის დასრულებამდე ეკონომიკური კრიზისი, სამწუხაროდ, არასად გაქრება...

ნუ დაგვავიწყდება, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ბუნებრივად მცირდება პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა, რაც ყველაზე მეტად აზიანდებს იმ ქვეყნებს, რომელთა განვითარებაც უცხოურ პირდაპირ ინევესტიციებზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული. საქართველოც ამ ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება...

- ეკონომიკის მინისტრმა ქალბატონმა ნათია თურნავა 2021 წლის ბიუჯეტზე განაცხადა, - „2021 წელი მომჭირნეობის წელია და მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები სახელფასო ფონდს მოაკლდება.

მინისტრის ამ განცხადების მიუხედავად, არა ერთი ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში სახელფასო ფონდი გაიზარდა. ბიუჯეტის პარამეტრების გათვალისწინებით რამდენად შეიძლება იმის თქმა, რომ 2021 წელი მომჭირნეობის წელი იქნება სახელისუფლებო რესურსისთვისაც?

- ქალბატონმა ნათიამ ძალიან კარგად ახსნა ეს საკითხი ტვ „პალიტრაზე“ გამოსვლისას, როცა აღნიშნა, რომ ხელფასების შემცირება არ შეეხება სჯარო სექტორში დასაქმებულებს. კერძოდ, მასწავლებლებს, პოლიციელებს და სხვ.

თუმცა, როგორც მან აღნიშნა ხელფასის ფონდი შეუმცირდება სამთავრობო სტრუქტურებს. რა თქმა უნდა, ამგვარი მიდგომა სრულადაა გამართლებული.

- ხელისუფლების ოპონენტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლების გეგმები რაციონალურად არ გამოიყენება, დროში სწორად არაა გადანაწილებული რესურსების საჭიროებზე.

რადგან ახლადარჩეულ პარლამენტს ბიუჯეტი ჯერ არ დაუმტკიცებია, რომელმაც ქვეყანა უნდა გამოიყვანას ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული კრიზისის პირობებში ხელისუფლების ეკონომიკურ გეგმებში კორექტივების შეტანა, რა კორექტივებს შეიტანდით ან დაამატებდით სახელისუფლებო პროგრამას და ბიუჯეტს, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი პანდემიის პირობებში ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას?

- იმის იმედი, რომ 2021 წლის ბიუჯეტით უნდა იქნეს დაძლეული ეკონომიკური კრიზისი მცდარია, რადგანაც ეს უბრალოდ შეუძლებელია. ზემოთ უკვე გითხარით, რომ ეკონომიკა მედიცინის მძევალია, რის გამოც პანდემია მედიცინამ უნდა დაამარცხოს, ხოლო პანდემიის დასრულებამდე ეკონომიკური კრიზისი, სამწუხაროდ, არასად გაქრება...

მთავრობას ვურჩევდი, რომ თანდათანობით სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები გადაიყვანოს საბიუჯეტო დაფინანსებაზე, რადგანაც ეს საქართველოს ხვალინდელ დღეს სჭირდება

მთავრობას ვურჩევდი, რომ თანდათანობით სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები გადაიყვანოს საბიუჯეტო დაფინანსებაზე, რადგანაც ეს საქართველოს ხვალინდელ დღეს სჭირდება. საწყის ეტაპზე დავიწყოთ თუნდაც მხოლოდ დოქტორანტებით, რომელთა საერთო რაოდენობა დიდი არ არის. ისინი არა მარტო უნდა გათავისუფლდნენ სწავლის საფასურისგან, არამედ ადკვატურ სტიპენდიასაც უნდა იღებდნენ, რომ მთელი საქმიანობით კონცენტრირებულნი იყვნენ არა შემოსავლების ძიებაზე, არამედ სამეცნიერო კვლევა-ძიებაზე.

მთავარია მოზიდული თანხები რაც შეიძლება რაციონალურად და მიზნობრივად უნდა იქნეს გამოყენებული... ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, ყველანი მხოლოდ პანდემიური ხანძრის ჩაქრობის რეჟიმში ვრჩებით

შემდეგ გადავიდეთ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მაგისტრანტების, და ბოლოს ბაკალავრიატის სტუდენტების დაფინანსებაზე.

ეს საბიუჯეტო ხარჯი დღეს მოსახლეობის მხოლოდ სოციალური დახმარების კონტექსტში იქნება აღქმული, თუმცა უფრო მეტად საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზეა ორიენტირებული, რომ მოხერხდეს ქვეყნის ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მოდელზე გადაყვანა.

- ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, როცა პანდემია „ახალი ხილი“ იყო, ქართულ სააზროვნო სივრცეში გავრცელდა თქვენი საკმაოდ ხატოვნად გამოთქმული მოსაზრება - „ეკონომიკა მედიცინის მძევალია“.

კარგია, რომ მედიცინას კორონავირუსის წინააღმდეგ რამოდენიმე ვაქცინა უკვე აქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მის ჩვენამდე მოღწევას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

ეს კი ჩვენთვის იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას, როგორც მინიმუმ, გაზაფხულამდე მოუწევს

თუ შეზღუდულ არა, საგანგებო რეჟიმში ცხოვრება. ამას კი, იმაზე მეტი რესურსები დასჭირდება, ვიდრე ახლა აქვს ქვეყანას.

ვითარებაში, როცა საქართველოს ეკონომიკის ვარდნის მასშტაბი წინასწარი შეფასებით საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე რამდენადმე მეტია, ხოლო სამთავრობო ვალი იზრდება, რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის ის სესხები, რომელიც ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში აიღო?

- დღეს საგარეო დახმარების გარეშე საქართველო ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. მთავარია მოზიდული თანხები რაც შეიძლება რაციონალურად და მიზნობრივად უნდა იქნეს გამოყენებული.

ეს საყოვეთაო ამოცანაა, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის, რადგანაც ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, ყველანი მხოლოდ პანდემიური ხანძრის ჩაქრობის რეჟიმში ვრჩებით.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის