გიორგი კანდელაკი - ზელიმხან ხანგოშვილის ტერორისტად მოხსენიება არის რუსეთის და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეხედულებების და პოზიციების თანხვედრა

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა, გიგა ბოკერიამ და გიორგი კანდელაკმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და „ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელშიც გიორგი ხელაშვილმა გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ტერორისტად მოიხსენია.

გიგა ბოკერიას თქმით, ზელიმხან ხანგოშვილი იყო საქართველოს პატრიოტი მოქალაქე.

„ყველასთვის ცნობილია ფაქტი საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ბერლინში, ასევე ყველასთვის ცნობილია, რომ ზელიმხან ხანგოშვილი იყო საქართველოს პატრიოტი, იყო საქართველოს სახელმწიფო სამსახურში, ის იყო ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა საქართველოს, როგორც პუტინის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებში, ისე სახიფათო ჯიჰადის ტერორისტებთან მიმართებაში. ანუ, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მთავარ საფრთხესთან მიმართებაში ის წარმოადგენდა საქართველოს სამსახურში მყოფ მოქალაქეს. მისი მკვლელობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დუმილი და ჩვენი ინფორმაციით ხელის შეშლაც კი და მინიმუმ არ დახმარება გამოძიების, არის კიდევ ერთი ვერდიქტი ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში, თუ რატომაა ეს რეჟიმი საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის მტრული რეჟიმი და რატომ არის მისი მშვიდობიანად ჩამოცილება არჩევნების გზით ხელისუფლებიდან ჩვენი ეროვნული ამოცანა. რამდენიმე დღის წინ კი ამ თემასთან მიმართებით კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი დაიწერა“ - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კანდელაკის თქმით კი, ქვეყნისთვის ამ დამსახურებული პიროვნების მოხსენიება ტერორისტად არის თანხვედრა რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციების.

„რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა, უკვე მთავარმა სპიკერმა გიორგი ხელაშვილმა, მოკლული საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე მოიხსენია ტერორისტად. ზელიმხან ხანგოშვილს ტერორისტად მოიხსენიებს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია, გერმანიის მთავრობასა და პროკურატურას გამოძიების არცერთ ეტაპზე ეს ვერსია არც კი განუხილავს და გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ღიად განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის ეს მკვლელობა განახორციელა რუსეთის სახელმწიფომ. ზელიმხან ხანგოშვილი ნაყოფიერად თანამშრომლობდა ჩვენ სახელმწიფოსთან როგორც რუსეთის საჯაშუშო ქსელის წინააღმდეგ ჩვენ ტერიტორიაზე, ისე ისლამური ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ და მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობაში ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან. ის, რომ ასეთ დამსახურებულ პიროვნებას, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მოკლა, საქართველოს პარლამენტის, აწ უკვე კომუნისტური პარლამენტის წევრი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი სპიკერი მოიხსენიებს ტერორისტად, ამაზე უკეთესი მაგალითი თანხვედრისა რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეხედულებებისა და პოზიციებისა, უბრალოდ არ არსებობს.

ასევე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ, გერმანიის ხელისუფლებამ გააძევა რამდენიმე რუსი დიპლომატი. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი საუბრობს სწორედ ამ მკვლელობის გამო რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების შესახებ. ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლების ჯიუტი, გამაყრუებელი დუმილი იყო თვალშისაცემი, თუმცა ახლა უკვე როცა რუსეთის მთავრობის მსგავსად, ,,ქართული ოცნება" ზელიმხან ხანგოშვილს მოიხსენიებს ტერორისტად, ყველა კითხვის ნიშანი ამ საქმის ირგვლივ, სამწუხაროდ არის მოხსნილი“ - განაცხადა კანდელაკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა