ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პარტია ჯერ საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრს და ყოფილ დიპლომატს ნიკოლოზ, ხატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ნიკოლოზ, გასული კვირის ამბავია, მაგრამ, რადგან ამ თემაზე არ ცხრება სახელისუფლებო პროპაგანდა, მას უნდა შევეხოთ.

ვგულისხმობ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისადმი საპასუხოდ გამოგზავნილ წერილს წერილზე, რომელიც ჩვენმა პრემიერმა აშშ--ს პრეზიდენტს ამ ქვეყნის დაარსების 250 წლისთავის გამო გაუგზავნა.

ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე აშშ გამართულ ფორუმზე, რომელიც „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახლა გაქტიურებას“ ეძღვნებოდა.

სახელისუფლებო გუნდი და მასთან დაახლოებული პოლიტიკური ჯგუფები ამტკიცებენ რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები ლაგდება. ამის დასტურად სახელდება ტრამპის წერილში ნათქვამი -„მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან თანამშრომლობას.“ ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივან რუბიოსთან მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის გადაღებული კოლექტიური სურათი.

ხელისუფლების ოპონენტები ამ წერილს მხოლოდ „პროტოკოლურ წერილად,“ ხოლო აშშ-ში ჩატარებულ ფორუმს, რომელიც „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალ გააქტიურებას“ ეხებოდა, აშშ-ს შიდა მოხმარებისთვის გამართულ უმნიშვნელო პოლიტიკურ ფორუმად მიიჩნევენ.

ნიშნავს თუ არა გასულ კვირას მომხდარი მოვლენები იმას, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები ლაგდება?

- ზოგადად დიპლომატიური წერილები და მრავალმხრივ ფორუმებში მონაწილეობა ვერ გახდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის ინდიკატორი. ურთიერთობების გაღრმავება და გადატვირთვა განისაზვრება კონკრეტული ხელშესახები შედეგებით და გადაწყვეტილებებით, რადგან ეს პროცესი გაცილებით უფრო კომპლექსური და ყოვლისმომცველია.

პრეზიდენტ ტრამპის წერილი ნამდვილად კარგია, მაგრამ გასათვალისწინებელია დრო და კონტექსტი. ეს წერილი იყო საპასუხო პროტოკოლური მადლობის წერილი, რომელიც გამოიგზავნა საქართველოს ხელისუფლების მიერ აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილ მისალოც გზავნილზე საპასუხოდ. ვფიქრობ, რომ ასეთი საპასუხო წერილები მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერთან გაიგზავნებოდა, ვინც მიულოცა ტრამპს აშშ-ს დამოუკიდებლობა.

ტრამპის წერილის შინაარსსაც რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ის ზედაპირული წერილია და არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ეს არ არის რაიმე სახის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობის წერილი, როგორც ეს სამთავრობო პროპაგანდამ შერაცხა, რადგან მასში არ არის საუბარი თუნდაც სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე, ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვაზე, შესაბამის სამოქმედო გეგმაზე, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებასა თუ მაღალი დონის ვიზიტის მომზადებაზე.

ტრამპის წერილის შინაარსსაც რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ის ზედაპირული წერილია და არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ეს არ არის რაიმე სახის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობის წერილი, როგორც ეს სამთავრობო პროპაგანდამ შერაცხა

რაც შეეხება კონფერენციაში მონაწილეობას, დავიწყოთ მისი შინაარსით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ტერორიზმთან ბრძოლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ამ კონფერენციის კონკრეტული თემატიკა, რომელიც ეთმობოდა ულტრამემარცხენე პოლიტიკური ტერორიზმის გააქტიურებას, პრაქტიკულად არანაირ კავშირში არ არის საქართველოსთან და შევეცდები ავხსნა თუ რატომ.

მაგალითისთვის, საქართველოში არ არსებობს ორგანიზებული მემარცხენე ტერორისტული ქსელი, რომელსაც გააჩნია იერარქია და შეიარაღება. საქართველოში არ მომხდარა მემარცხენე ექსტრემისტული პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ რაიმე სახის ტერორისტული აქტები ან მიზანმიმართული მკვლელობები.

ასეთი ტიპის ორგანიზაციებს ძირითადად წარმოადგენდნენ „წითელი ბრიგადები“ - იტალიაში, „17 ნოემბრის რევოლუციური ორგანიზაცია“ საბერძნეთში, „ეტა“ ესპანეთში, კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები, იგივე „FARC” და სხვები, რომელთა სახელს უკავშირდება არაერთი ადამიანის მკვლელობა და ტერორისტული აქტები.

ეს გარემოება კიდევ ერთხელ ამყარებს აზრს, რომ კონფერენციაში მონაწილეობა არა რაიმე შედეგის მომტანი იყო საქართველოსთვის, არამედ ის მიმართული იყო პიარისთვის და საზოგადოებაში განცდის შექმნისთვის, თითქოს ქართული ოცნება ალაგებს ურთიერთობებს აშშ-სთან.

ეს კონფერენცია ნამდვილად მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, თუმცა ეს იყო მრავალმხრივი მინისტერიალი და არა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი შეხვედრა. მასში მონაწილე ყველა დელეგაცია ფორმალურად მარკო რუბიოს მოწვევით იმყოფებოდა აშშ-ში. აქედან გამომდინარე, ფრაზა „მარკო რუბიოს პირადი მოწვევით“ არ უნდა წარმოვადგინოთ, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი მოწვევა პოლიტიკურ აუდიენციაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოლექტიური ფოტოებით, არათემატურ ფორუმებში მონაწილეობით, პროტოკოლური წერილებით და სხვა მსგავსი ფაქტებით ვერ განისაზღვრება ურთიერთობების გადატვირთვა.

მარკო რუბიოს განცხადებამ ნათლად აჩვენა, რომ ვაშინგტონის პოზიცია არ შეცვლილა. ურთიერთობების გაუმჯობესება დამოკიდებულია არა ხელისუფლების სურვილზე, არამედ მის ნაბიჯებსა და ქცევის რეალურ ცვლილებებზე. როდესაც რუბიო საუბრობს „ქცევის ტრაექტორიის’ შეცვლაზე, იგი ფაქტობრივად ადასტურებს, რომ პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობაში კი არა, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კურსშია.

მარკო რუბიოს განცხადებამ ნათლად აჩვენა, რომ ვაშინგტონის პოზიცია არ შეცვლილა. ურთიერთობების გაუმჯობესება დამოკიდებულია არა ხელისუფლების სურვილზე, არამედ მის ნაბიჯებსა და ქცევის რეალურ ცვლილებებზე. როდესაც რუბიო საუბრობს „ქცევის ტრაექტორიის’ შეცვლაზე, იგი ფაქტობრივად ადასტურებს, რომ პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობაში კი არა, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კურსშია

გარკვეული კონტაქტების აღდგენა აშშ-სთან პოზიტიური მოვლენაა. დარწმუნებული ვარ ყველა მოაზროვნე და პატრიოტი ქართველის სურვილია აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესია და ყველას გაგვიხარდება ეს ფაქტი, თუმცა არ უნდა მოხდეს ტაქტიკურ დონეზე ურთიერთობების დინამიკის ზრდის გაზვიადება და მისი წარმოჩენა დიდ გამარჯვებად.

რეალურად, როგორც „ქართული ოცნების“ არაერთ წევრს, ასევე მათ ამომრჩეველსაც სურს აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა. ნეგატიური ურთიერთობები ვაშინგტონთან უკმაყოფილებას იწვევს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში, შესაბამისად, სამთავრობო პროპაგანდაც ცდილობს, რომ შიდა აუდიტორიას მიაწოდოს ისეთი შეფუთული ინფორმაცია, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ორმხრივი ურთიერთობები ლაგდება.

ვფიქრობ, რომ ვაშინგტონი ოპოზიციითაც უკმაყოფილოა, რადგან ბოლო 2 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ოპოზიციურ ძალებს შორის ისეთი ტიპის კოორდინაციის ჩამოყალიბება, რომელიც მინიმუმ უცხოელ პარტნიორებს ერთ ენაზე და საერთო გზავნილით დაელაპარაკებოდა.

აქედან გამომდინარე, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება, მე არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-ს აღარ დარჩეს სხვა გამოსავალი და გარკვეულ დონეზე დალაგდეს „ქართულ ოცნებასთან“ სუფთა პრაგმატიზმიდან გამომდინარე, თუმცა ამ ეტაპზე მოკლე ვადიან პერიოდში ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია.

თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება, მე არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-ს აღარ დარჩეს სხვა გამოსავალი და გარკვეულ დონეზე დალაგდეს „ქართულ ოცნებასთან“ სუფთა პრაგმატიზმიდან გამომდინარე, თუმცა ამ ეტაპზე მოკლე ვადიან პერიოდში ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია

- ამ ამბავში ალბათ ყველაზე უცნაური ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლება პრეზიდენტ ტრამპს ხან იმაში ადანაშაულებდა, რომ ტრამპმა დისფ სთეითი ვერ დაამარცხა და ახლა თავადაა მისი გავლენის ქვეშ, ხანაც ვაშინგტონისაგან საქართველოსთან „სუფთა ფურცლიდან“ ურთიერთობების დაწყებას სთავაზობდა.

თანაც ეს ხდებოდა საკმაოდ ღიად და ხშირ შემთხვევაში ისეთი შეურაცმყოფელი ფორმითაც კი, რაც სულაც არ ტოვებდა განცდას რომ ოფიციალურ თბილისს ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგება გულრწფელად სურდა.

ვითარებაში, როცა ლამის ნახევარი სამყარო სერიოზულად აღარ აღიქვამს ტრამპის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, შემოდგომაზე აშშ-ში შუალედური არჩევნებია, რომელშიც ბევრი ვარაუდობს რომ ტრამპის პარტია წააგებს, რომლის შემდეგაც იგი პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე „კოჭლი იხვის“ მდგომარეობაში იქნება.

არაა გამორიცხული აშშ-ში მის წინააღმდეგ იმპიჩნეტის პროცედურებიც კი დაიწყოს, მაგრამ დამკვირვებელთა უმრავლესობა, ვარაუდობს, რომ ტრამპი მაინც შეძლებს საპრეზიდენტო ვადის დასრულებას.

ის, რა გარემოებზეც ახლა გავამახვილე ყურადღბა, დარწმუნებული ვარ მმართველმა გუნდმა ჩვენზე კარგადაც იცის, მაგრამ, მაინც ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება რომ ზესახელმწიფოსთან ურთიერთოებებს ალაგებს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და თუ საბოლოო არა სიტუაციური მიზანი?

- „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია ერთი მხრივ აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა საკუთარი პირობებით, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნის შიგნით დიპლომატიური წარმატების ილუზიის შექმნა. სწორედ ამიტომ, მათი რიტორიკა ხშირად ურთიერთგამომრიცხავია.

როდესაც ხელისუფლება ვაშინგტონს აკრიტიკებს და მას „დიფ სთეითის“ მიერ მართულს ეძახის, პარალელურად კი პროტოკოლურ წერილს ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერად აცხადებს, ეს ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მოდელია, რაც ურთიერთობების გადაზღვევას ემსახურება.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ ურთიერთობები ვერ გადაიტვირთება ეს დაბრალდება „დიფ სთეითს“, ხოლო ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის შემთხვევაში გაკეთდება განცხადებები, რომ ტრამპმა დაამარცხა „დიფ სთეითი“.

„ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია ერთი მხრივ აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა საკუთარი პირობებით, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნის შიგნით დიპლომატიური წარმატების ილუზიის შექმნა. სწორედ ამიტომ, მათი რიტორიკა ხშირად ურთიერთგამომრიცხავია

„ქართული ოცნების“ ნარატივი, რომელიც გულისხმობს ვაშინგტონთან ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებას, რეალურად ნიშნავს კონკრეტულ შეთავაზებას, რომ აშშ-მ დაივიწყოს საქართველოში არსებული დემოკრატიული გამოწვევები, რეპრესიული კანონები და ანტიდასავლური რიტორიკა ისე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ქცევა არ შეცვალოს.

ვფიქრობ, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვით, „ქართულ ოცნებას“ სურს საერთაშორისო იზოლაციის შესახებ ოპოზიციის ნარატივების განეიტრალება, საკუთარი ელექტორატის დარწმუნება, რომ დასავლეთი კვლავ დგას ხელისუფლების გვერდით და ლეგიტიმურ პარტნიორად აღიქვამს, ასევე, ოპოზიციის დემორალიზება და დროის გაყვანა.

„ქართული ოცნების“ ნარატივი, რომელიც გულისხმობს ვაშინგტონთან ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებას, რეალურად ნიშნავს კონკრეტულ შეთავაზებას, რომ აშშ-მ დაივიწყოს საქართველოში არსებული დემოკრატიული გამოწვევები, რეპრესიული კანონები და ანტიდასავლური რიტორიკა ისე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ქცევა არ შეცვალოს

საქართველოს კონტექსტში, ასევე მნიშვნელოვანი იქნება კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებიც. თუ არჩევნების შედეგად კონგრესში დემოკრატები მიიღებენ უპირატესობას, მაშინ მოსალოდნელია აშშ-ს მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ პოზიციის მეტად გამკაცრებაც.

- მეცხრე დღეა აშშ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავს. ირანი ამ დარტყმებს საპასუხო დარტყმებით პასუხობს რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვით.

ამ დაბომბვების შედეგად უკვე დაღუპულია 17 ამერიკელი სამხედრომოსამსახურე. გართულებული ვითარებაა ორმუზის სრუტეში. რაც იმაზე მიუთითებს რომ აშშ-ირანის დაპირისპირება მოკლევადიან პერსპექტივაში არ დასრულდება. ამ დაპირისპირების შედეგი კი ისაა, რომ ორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების გამო ნავთობის ფასი იზრდება.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის რომ ახლა მთავარია აშშ ირანში დაიწყებს თუ არა სახმელეთო ოპერაციას. ბევრი თვლის რომ ტრამპი ცდილობს სახმელეთო ოპერაცია აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე არ დაიწყოს, რადგან, ასეთ შემთხვევაში შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტია სასტიკად დამარცხდება.

იმ შემთხვევაში თუ აშშ-ს ირანში მოუწია სახმელეთო ოპერაციის დაწყება, სავარაუდოდ, როგორ აისახება ეს პროცესი ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე და მსოფლიო პოლიტიკაზე?

- ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე ნათელი იყო, რომ ეს კონფლიქტი მარტივად არ გადაიჭრებოდა. ირანის და აშშ-ს ეროვნული ინტერესები იმდენად განსხვავებულია, რომ ამ ეტაპზე ორივე მხარისთვის მისაღები ხელშესახები შეთანხმების მიღწევა ნაკლებად რეალისტურად მიმაჩნია.

თუ აშშ გადაწყვეტს სრულმასშტაბიან სახმელეთო ოპერაციას, ეს აშშ-ირანის დაპირისპირებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც დიდი ალბათობით შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს.

ბევრი ექსპერტი საუბრობს ერაყის სცენარზე, თუმცა ირანსა და ერაყს შორის დიდი განსხვავებაა. ირანი ერაყზე რამდენჯერმე დიდია, გააჩნია რთული რელიეფი და მის ტერიტორიაზე ცხოვრობს მრავალრიცხოვანი მოსახლეობა.

ამის გარდა, თეირანს გააჩნია ასიმეტრიული ბრძოლის წარმოების მრავალფეროვანი და ძლიერი შესაძლებლობები. აშშ-ს გააჩნია პოტენციალი, რომ გაანადგუროს ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა, თუმცა ქვეყნის ოკუპაცია, რეჟიმის შეცვლა და შემდგომი სტაბილიზაცია ძალიან ძვირი და ხანგრძლივი პროცესი იქნება.

სახმელეთო ოპერაციამ შესაძლოა ტაქტიკური გამარჯვება მოუტანოს აშშ-ს, თუმცა სტრატეგიული თვალსაზრისით მთელი რეგიონის გრძელვადიანი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, აშშ-ს გადაწყვეტილებები ალბათ მიღებულ იქნება ყველა ამ რისკის გათვალისწინებით

სახმელეთო შეჭრის შემთხვევაში, ირანი დიდი ალბათობით გააძლიერებს დარტყმებს რეგიონში არსებულ აშშ-ს სამხედრო ბაზებსა და ისრაელზე. ასევე, გააქტიურდებიან ირანის ე.წ „პროქსი“ ძალები, მათ შორის ჰუსიტები, ერაყის შიიტური ჯგუფები და სხვა მოკავშირეები. ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ჩაკეტვა განსაკუთრებით მძიმე დარტყმას მიაყენებს გლობალურ ეკონომიკას. მიმდინარე ესკალაციამ ნავთობის ფასი უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა.

ამ სცენარს, შესაძლოა, აშშ-ს შიდა პოლიტიკაზეც ჰქონდეს ნეგატიური გავლენა. ამერიკელების მხრიდან მსხვერპლი და გაჭიანურებული ომი რესპუბლიკური პარტიისთვის მძიმე ტვირთი იქნება. მთავარი საფრთხედ მაინც რჩება ის გარემოება, რომ რეჟიმის დასუსტება მშვიდობის მომტანი არ იქნება.

შესაძლოა, მივიღოთ პარტიზანული ომი, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა და ახალი რადიკალური ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან მთელ მსოფლიოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახმელეთო ოპერაციამ შესაძლოა ტაქტიკური გამარჯვება მოუტანოს აშშ-ს, თუმცა სტრატეგიული თვალსაზრისით მთელი რეგიონის გრძელვადიანი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, აშშ-ს გადაწყვეტილებები ალბათ მიღებულ იქნება ყველა ამ რისკის გათვალისწინებით.

ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე ნათელი იყო, რომ ეს კონფლიქტი მარტივად არ გადაიჭრებოდა. ირანის და აშშ-ს ეროვნული ინტერესები იმდენად განსხვავებულია, რომ ამ ეტაპზე ორივე მხარისთვის მისაღები ხელშესახები შეთანხმების მიღწევა ნაკლებად რეალისტურად მიმაჩნია

- საშინაო პოლიტიკის ერთ ერთი ყველაზე განხილვადი თემაა თუ რა შედეგით დასრულდება ე.წ. „საბოტაჟის საქმე“.

დამკვირვებელთა უმრავლესობა ვარაუდობს რომ „საბოტაჟის საქმეზე“ პოლიტიკოსების მიმართ გამამყუვნებელი განაჩენები იქნება მიღებული, რის შედეგადაც ოპოზიციის გარეთ დარჩენილი ნაწილს ციხეში მოუწევს გადაბარგება.

სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა რომ ოპოზიციურად განწყობილ წრეებში აქტუალურია თემა - „ვისაც წასვლა შეუძლია, უნდა წავიდნენ“ და „იქედან ებრძოლოს ივანიშვილის ხელისუფლებას“.

სოციალურ ქსელში ამ თემაზე მიმდინარე დისკუსია იმაზე მეტყველებს, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების სულაც არ აპირებენ ქვეყნის დატოვებას.

ამ თემებზე საუბრისას პოლიტიკის ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა გამოთქვა მოსაზრება რომ მცდარია შეხედულება თითქოს ივანიშვილი ოპოზიციონერების ციხეში გაშვებით „დასავლეთთან ვაჭრობას აპირებს“. მისიცე მტკიცებით, „მმართველი გუნდი ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაზეა წამსვლელიო“.

თქვენ დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ დასრულდება ე.წ. „საბოტაჟის საქმე“?

რამდენად საფუძვლიანია მტკიცება რომ „ოცნება“ „ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაზე წავა?

- ვფიქრობ, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დასავლეთთან სავაჭროდ გამოყენება და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საჭირო სისტემის ჩამოყალიბება ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები არ არის. უფრო მეტიც, შესაძლოა, სწორედ ეს გზა უფრო ეფექტური აღმოჩნდეს „ქართული ოცნებისთვის.“

ხელისუფლებამ, შესაძლოა, კონკრეტული პატიმრები მომავალში მოლაპარაკებების საგნად გამოიყენოს, მაგრამ პროცესის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია. ეს არის პოლიტიკური ველის გაწმენდა, ოპონენტების დაშინებ, საზოგადოების დარწმუნება, რომ ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია და ისეთი სტერილური საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც გარანტირებულ გამარჯვებას მოუტანს „ქართულ ოცნებას.“

ვფიქრობ, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დასავლეთთან სავაჭროდ გამოყენება და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საჭირო სისტემის ჩამოყალიბება ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები არ არის. უფრო მეტიც, შესაძლოა, სწორედ ეს გზა უფრო ეფექტური აღმოჩნდეს „ქართული ოცნებისთვის“

ძალაუფლების შენარჩუნება ძალიან კომპლექსური პროცესია და მარტივად არ ხდება. ის ეტაპობრივად მიმდინარეობს, რაც მოიცავს დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციის დაკარგვას, თავისუფალი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას ან ქვეყნიდან განდევნას, პარტიების აკრძალვას და ბოლოს, არჩევნების, როგორც ხელისუფლების ცვლილების მექანიზმის გადაქცევას ფორმალურ რიტუალად.

დღეს უკვე ჩამოყალიბდა ისეთი გარემო, რომელშიც არჩევნებში მონაწილეობა ყველანაირ აზრს კარგავს და რეალურად შედეგის მომტანი ვერ იქნება ვერც ერთი ოპოზიციური პარტიისთვის. ვფიქრობ, რომ დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება.

დღეს უკვე ჩამოყალიბდა ისეთი გარემო, რომელშიც არჩევნებში მონაწილეობა ყველანაირ აზრს კარგავს და რეალურად შედეგის მომტანი ვერ იქნება ვერც ერთი ოპოზიციური პარტიისთვის. ვფიქრობ, რომ დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება

ამავდროულად, ოპოზიციის სტრატეგია მხოლოდ რეპრესიებზე რეაგირებით არ უნდა შემოიფარგლოს. აუცილებელია პოლარიზაციის შემცირება და ცვლილებების მხარდამჭერი მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა. ჩვენ კარგად უნდა დავანახოთ მოსახლეობას, რომ ცვლილებები სასიკეთო იქნება თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის და აქტიურად ვიმუშავოთ საზოგადოების ყველა ფენასთან, განსაკუთრებით ე.წ სტატუსქვო ლოიალისტებთან.

ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახალი პარტიების ორგანიზაციული გაძლიერება, რეგიონებში მუშაობა, ახალი ლიდერების გამოჩენა და მათი თანამშრომლობა საერთო მიზნების ირგვლივ, რაც დამიჯერეთ არც თუ ისე ცოტაა. პატარა პარტიების გაძლიერება ხმების მექანიკურ დაშლას არ უნდა ნიშნავდეს. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პოლიტიკური ხელწერა და არჩევანი, რომლითაც გავაფართოებთ ცვლილებების მსურველთა კოალიციას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დადუმებული, სტატუს-ქვო ლოიალური მოქალაქეების მოზიდვა, რომლებიც ხელისუფლების იდეოლოგიური მხარდამჭერები არ არიან, თუმცა ცვლილებებს აიგივებენ ქაოსთან, რევანშთან და პირადი უსაფრთხოების დაკარგვასთან.

მათი შეურაცხყოფა და „მოღალატეებად“ გამოცხადება მათ კიდევ უფრო მყარად ტოვებს არსებული ხელისუფლების მხარდამჭერებად. მათ უნდა შევთავაზოთ უსაფრთხო ცვლილებები, კანონის უზენაესობა, პოლიტიკური ვენდეტის გამორიცხვა, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების დაცვა და ქვეყნის განვითარების რეალური გეგმა, რომელშიც თანამონაწილეობის პრინციპით თითოეულ მოქალაქეს ექნება ჩართულობის შესაძლებლობა.

ქვეყნის დატოვება, შესაძლოა, კონკრეტული ადამიანების იძულებითი გადაწყვეტილება გახდეს, რომელიც გამოწვეულია მათი ფიზიკური უსაფრთხოებით, თუმცა, საერთო პოლიტიკური მოწოდება, რომ ვისაც შეუძლია წავიდეს, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება.

ქვეყნის დატოვება, შესაძლოა, კონკრეტული ადამიანების იძულებითი გადაწყვეტილება გახდეს, რომელიც გამოწვეულია მათი ფიზიკური უსაფრთხოებით, თუმცა, საერთო პოლიტიკური მოწოდება, რომ ვისაც შეუძლია წავიდეს, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება

ბრძოლა გარედან მნიშნელოვანია, თუმცა ის ვერ ჩაანაცვლებს ქვეყნის შიგნით ორგანიზებულ საზოგადოებას. ხელისუფლება იმარჯვებს მაშინ, როდესაც აყალიბებს არჩევანს „ომი თუ მშვიდობა?“. ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს საზოგადოებას შესთავაზოს სხვა ალტერნატივა, რომელიც გულისხმობს ავტორიტარულ სტაგნაციას ან უსაფრთხო, მშვიდობიან და დემოკრატიულ ცვლილებებს, რომლებიც რეალურად მოუტანს ქვეყანას მშვიდობას და განვითარებას.

- კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში რუსი ტურისტების გამო ჩაშლილი ქორწილი ასევე ტურისტებსა და ქორწილის მონაწილეებს შორის მომხდარი ინციდენტი, რაც ამ პროცესს წინ უძღოდა, სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში აქტიუარად განიხილება.

ვხედავთ რომ ამ თემაზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა ჭარბობს. რა თქმა უნდა, ქალზე, თან ტურისტზე ძალადობას არავინ ამართლებს, მაგრამ, ისიც გაუგებარია, რატომ უნდა მოუნდეს ტურისტად ჩამოსულ სტუმარს ქორწილის ჩაშლა და იმ ქვეყნის მოსახლეობის ლანძღვა, რომელშიც დასასვენებლად ჩამოვიდა.

რას იტყოდით მომხდარზე, ამ თემაზე საზოგადოაბში აზრთა სხვადასხვაობაზე და სამართალდამცავათა მოქმედებასა თუ უმოქმედებაზე?

- ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევის შეფასებისას, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული საკითხი უნდა გავმიჯნოთ. ქალზე ფიზიკური ძალადობა მიუღებელია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ინციდენტის წინაპირობები უნდა დავმალოთ და მთელი ისტორია მხოლოდ ცალმხრივ კონტექსტში შევაფასოთ.

რა ინფორმაციაც გავრცელდა, თითქოს აღნიშნულმა ტურისტებმა ქორწილის სუფრასა და სტუმრებს განზრახ გადაასხეს წყალი თუ სხვა სითხე, აფურთხებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აპარატურა დააზიანეს, ასეთი ქცევა ნამდვილად ყოველგვარ ჩარჩოს სცდება.

საქართველოს მსგავსი კულტურის ქვეყანაში, სადაც ქორწილს, სუფრას, მასპინძლობასა და სტუმრის პატივისცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, სტუმრად ჩამოსული ადამიანი ასე არ უნდა იქცეოდეს.

ხოლო როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქე ხარ და საზოგადოების აღქმით სწორედ ამ სახელმწიფოს წარმოადგენ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინო, პატივი სცე იმ ქვეყანას, რომლის ტერიტორიების ნაწილიც შენს სახელმწიფოს აქვს ოკუპირებული. ეს მორალურად და პოლიტიკურად დამამძიმებელი გარემოებაა, თუმცა ფიზიკურ ძალადობას სამართლებრივი პასუხისმგებლობა ახლავს.

სამართალდამცავთა მიერ ძალადობაში ბრალდებული პირის დაკავება ლოგიკურია, თუმცა გამოძიება არ უნდა იყოს ცალმხრივი. თუ არსებობდა ქორწილის მონაწილეთა შეურაცხყოფის, ნივთების დაზიანების, წყლის ან სხვა სითხის განზრახ გადასხმის ფაქტები, შესაძლოა, ადგილი ქონოდა პროვოკაციასაც. ყველა ეპიზოდს უნდა მიეცეს შესაბამისი ობიექტური სამართლებრივი შეფასება.

სამართალდამცავთა მიერ ძალადობაში ბრალდებული პირის დაკავება ლოგიკურია, თუმცა გამოძიება არ უნდა იყოს ცალმხრივი. თუ არსებობდა ქორწილის მონაწილეთა შეურაცხყოფის, ნივთების დაზიანების, წყლის ან სხვა სითხის განზრახ გადასხმის ფაქტები, შესაძლოა, ადგილი ქონოდა პროვოკაციასაც. ყველა ეპიზოდს უნდა მიეცეს შესაბამისი ობიექტური სამართლებრივი შეფასება

რუსი ტურისტის სტატუსი სამართლებრივ იმუნიტეტს არ ნიშნავს. ასევე, შესაფასებელია სასტუმროს პასუხისმგებლობაც, თუ რატომ ვერ შეძლო ადმინისტრაციამ კონფლიქტის დროულად განმუხტვა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

საზოგადოებაში არსებული ემოციური ფონი ამ საკითხის ირგვლივ არ არის გამოწვეული მხოლოდ ერთი ქორწილის ინციდენტით. ეს არის რუსეთის ოკუპაციის, უკრაინაში ომის შემდეგ გაზრდილი მიგრაციის და სახელმწიფოს მხრიდან მკაფიო პოლიტიკის არქონის გამო დაგროვილი დაძაბულობის და უკმაყოფილების გამოვლინება. ასეთ ვითარებაში, თითოეული ყოფითი ინციდენტი ადვილად გარდაიქმნება ქართულ-რუსულ პოლიტიკურ კონფლიქტად.

- ამ თემაზე პოლიტიკის ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში ასეთი აზრი გამოთქვა - „ბრმა უნდა იყო, ან უარესი რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო მიგრაციული პოლიტიკის გატარება, რაც ფაქტიურად ფართო მასშტაბიან მიგრაციულ ექსპანსიაში გადაიზარდა.

ამას ემატება ეკონომიკური, ფინანსური, საინფორმაციო, კულტურული და საბოლოო ჯამში პოლიტიკური ექსპანსია, რაც რბილი ძალით ოკუპაციის პირველი და იმპერიისთვის უაღრესად “წარმატებული” ფაზაა.

რამდენად საფუძვლიანია ის საფრთხეები, რაზეც ბატონი გია საუბრობს და რაც უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე რუსეთიდან ამ ქვეყნის მოქალაქების საქართველოში მიგრაციულ პროცესებს უკავშირდება?

- ვფიქრობ, რომ ბატონი გიას მიერ დასახლებული საფრთხეები საფუძვლიანია, თუმცა ისინი კოლექტიური ეთნიკურ კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. რუსეთის ყველა მოქალაქე საფრთხე არ არის, რადგან მათ შორის არიან პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები, ჟურნალისტები და ადამიანები, რომლებიც ომს ან რეპრესიებს გაექცნენ.

მაგრამ, ოკუპანტი სახელმწიფოდან დიდი მასშტაბის, სათანადო კონტროლის გარეშე მიმდინარე მიგრაცია ობიექტურ უსაფრთხოების რისკებს შეიცავს. ეს რისკები, შესაძლოა, მოიცავდეს რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლების შეღწევის შესაძლებლობას ქართულ საზოგადოებაში, რუსულენოვანი დახურული საინფორმაციო, პროპაგანდისტული და სოციალური სივრცეების ჩამოყალიბებას, უძრავი ქონების მასშტაბურ შესყიდვებს, რუსული ბიზნესის გაფართოებას საქართველოში, ასევე, კრემლის მიერ „რუსი თანამემამულეების დაცვის“ თემის სამომავლო ინსტრუმენტალიზაციას.

ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია არა ეთნიკური ნიშნით განხორციელებული აკრძალვები, არამედ ეროვნული უსაფრთხოების ეფექტური პოლიტიკის გატარება შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით.

ოკუპანტი სახელმწიფოდან დიდი მასშტაბის, სათანადო კონტროლის გარეშე მიმდინარე მიგრაცია ობიექტურ უსაფრთხოების რისკებს შეიცავს. ეს რისკები, შესაძლოა, მოიცავდეს რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლების შეღწევის შესაძლებლობას ქართულ საზოგადოებაში, რუსულენოვანი დახურული საინფორმაციო, პროპაგანდისტული და სოციალური სივრცეების ჩამოყალიბებას, უძრავი ქონების მასშტაბურ შესყიდვებს, რუსული ბიზნესის გაფართოებას საქართველოში, ასევე, კრემლის მიერ „რუსი თანამემამულეების დაცვის“ თემის სამომავლო ინსტრუმენტალიზაციას

ეს შესაძლოა მოიცავდეს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გრძელვადიანი ყოფნის სავალდებულო რეგისტრაციას, საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერებულ შემოწმებას, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლამდე შესაბამისი ელექტრონული ფორმის შევსებას, რომელიც გაუადვილებს ჩვენს უსაფრთხოების სამსახურებს პიროვნების იდენტიფიცირებას და მის შესწავლას, ასევე, სანქციების მკაცრ აღსრულებას და სტრატეგიულ სექტორებში რუსეთთან დაკავშირებული კაპიტალის მკაცრ მონიტორინგს.

პრობლემას თავად ტურიზმი ან ეთნიკური მიკუთვნილება არ წარმოადგენს. პრობლემა მდგომარეობს ხელისუფლებაში, რომელსაც ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობები ეროვნული უსაფრთხოების ჩარჩოდან გამოყავს და მხოლოდ ეკონომიკური შემოსავლის წყაროდ აქცევს.

შედეგად, უსაფრთხოების, ეკონომიკური გავლენისა და საზოგადოებრივი დაძაბულობის მართვა სახელმწიფოს ნაცვლად რიგით მოქალაქეებს უწევთ. სწორედ სასტუმროს ინციდენტი ამის პოლიტიკური გაკვეთილია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა