ხატია დეკანოიძე - შეცდომაა გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომ პარტია ელჩებს თავს ესხმის - არც ერთ განცხადებაში, არც ერთი ლიდერის მიერ  ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე შეცდომას უწოდებს პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პარტია ელჩებს თავს ესხმის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ უდასტურებს პატივისცემას საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩებს და მიაჩნია, რომ ამ ბრძოლაში დასავლეთის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია.

„მადლობა მინდა გადავუხადო გრიგოლ ვაშაძეს იმისთვის, რომ ის ძალიან მძიმე ბრძოლის ეტაპზე შემოეურთდა პარტიას, იყო წარმატებული კანდიდატი და ძალიან სამწუხაროა, რომ რაღაც ეტაპზე ვერ მოხდა პარტიის და პარტიის თავმჯდომარის პოზიციების დაახლოება. რაც შეეხება წასვლის ფორმას, ნამდვილად არ შემიძლია ბატონ გრიგოლს განცხადებით წასვლა მოვუწონო, რადგან კარგი იქნებოდა, მანამდე პარტიასთან და პარტიის პოლიტსაბჭოსთან კომუნიკაცია ჰქონოდა. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, შეცდომაა მისი განცხადების ის ტექსტი, სადაც ის ამბობს, რომ პარტია ელჩებს თავს ესხმის. არც ერთ განცხადებაში, არც ერთი ლიდერის მიერ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, პარტია უდასტურებს პატივისცემას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს. მიგვაჩნია, რომ იმ ბრძოლაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, დასავლეთის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია. არ ვიცი, ვის მოიხსენიებს ის ოდიოზურ ფიგურებად. ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ აქებდნენ მის ამ ნაბიჯს, შეგვიძლია მმართველ პარტიაში ვნახოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს, ყველა ირჩევს თავისი ბრძოლის შესაბამის გზას, მაგრამ თავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება. ვფიქრობ, ამ გადამწყვეტ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას ესმოდეს, განურჩევლად იმისა, რომელ თანამდებობაზე ვიქნებით პარტიაში, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედგება უამრავი ადამიანისგან, მხარდამჭერისგან, ამომრჩევლისგან, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში არჩეული აქვს ძალიან მძიმე, მაგრამ პრინციპული პოზიცია- საქართველო ოლიგარქის გარეშე“,-განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა პარტია ერთიანი, ხატია დეკანოიძემ უპასუხა, რომ „გენერლები ჯარს სტრატეგიას არ უწუნებენ“.

„არ მინდა მკვახე ვიყო, მაგრამ აუცილებელია გულწრფელობა. მიმაჩნია, რომ ეს ამ ეტაპზე აუცილებელია. გენერლები ჯარს არ უწუნებენ სტრატეგიას. ეს არის ძალიან მნიშვენელოვანი, რომ გვესმოდეს.

რაც შეეხება ვინმეს წასვლას, ჯერჯერობით არავის გამოუთქვამს ამასთან დაკავშირებით სურვილი. შეგიძლიათ პირადად სალომეს (სალომე სამადაშვილს) და ბატონ რომანს (რომან გოცირიძე) ჰკითხოთ. მე მათგან კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით რამე პოზიცია არ გამიგია“,-განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის,გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. როგორც მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა