არჩილ თალაკვაძე - ამნისტიის კანონპროექტი არ არის ინიცირებული იმისთვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას რაიმე ჟესტი გაუკეთოს

სპეკულაციები რომ გამოვრიცხოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არ არის ინიცირებული იმისთვის, რომ ოპოზიციას რაიმე ჟესტი გაუკეთოს საპარლამენტო უმრავლესობამ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „მაღალი პროფილის“ საქმეები ვერ იქნება მოლაპარაკების საგანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კანონპროექტი არ განასხვავებს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს.

"სამი მოსმენით იქნება მიღებული ისეთი კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ორი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას. პირველი - ეს არის ჰუმანური აქტი და ამინისტია, პატიმრების დაბრუნება და რესოციალიზაცია საზოგადოებაში და მეორე - ამ აქტით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონე და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაც უნდა დარჩეს დაცული და არავითარი უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს ამ მიმართულებით. შესაბამისად, საკითხი მიჰყავთ ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამომწურავი მსჯელობის შემდეგ, სამი მოსმენით მივიღოთ ეს პროექტი”,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, კანონით გათვალისწინებულ ყველა სუბიექტს ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში.

„კანონპროექტი არ განასხვავებს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, კანონპროექტში ჩამოთვლილი იქნება ის მუხლები, რომლის მიხედვითაც მოხდება ამნისტია. შესაბამისად, როდესაც კანონი იქნება მიღებული, რა მუხლების ჩამონათვალიც იქნება დამტკიცებული მასში, პატიმრობაში მყოფ პირებს შეეხებათ ზუსტად იმ ინტერპრეტაციით, არც მეტად არც ნაკლებად. მესმის ინტერესი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიცაა ე.წ. „მაღალი პროფილის საქმეები“ . ამნისტიის ეს ინიციატივა აიხსნება ერთადერთი მიზეზით - ეს არის ჰუმანური აქტი, რომელსაც ჩვენ, „ქართული ოცნება“, ხელისუფლება და პარლამენტი დავპირდით საზოგადოებას, ჩვენ ვასრულებთ ამ დაპირებას. სპეკულაციები რომ გამოვრიცხოთ პირდაპირ გეტყვით, რომ ეს კანონპროექტი არ არის ინიცირებული იმისთვის, რომ ოპოზიციას რაიმე ჟესტი გაუკეთოს საპარლამენტო უმრავლესობამ. „მაღალი პროფილის“ საქმეები ვერ და არ იქნება მოლაპარაკების საგანი. ეს არის ცალსახად მართლმსაჯულების საკითხი. ეს კანონი ადამიანებს არ დაყოფს პოლიტიკოსებად და არაპოლიტიკოსებად. დღეს რა კომენტარებიც მოვისმინე ამნისტიასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობის ბოიკოტირება იყო არასწორი გადაწყვეტილება. დღეს,კომენტარებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია,რომ ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო პროცესში და ჩაერთოს მასში სრულფასოვნად”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება მოხდა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება