ქართული პრესის მიმოხილვა 17.12.2020

დიდი ევროვაქცინაცია იწყება - რა სტადიაშია საქართველო

როდემდე გაუძლებს საქართველო შეზღუდვებს - “ერთი-ორი კვირა კიდევ გავუძლებთ, მერე კი…” - ხმალაძე

იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც დღეში 2 ლარზე მეტს ვერ ხარჯავენ, ბოლო თვეებში იზრდება

* * *

დიდი ევროვაქცინაცია იწყება - რა სტადიაშია საქართველო

“დიდი ევროვაქცინაცია იწყება - ქვეყნები კორონავირუსთან ბრძოლაში მთავარი იარაღის, ვაქცინის მიღებას ჩქარობენ. ბრიტანეთმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრები ერთი კვირის წინ დაიწყო, ევროკავშირის 27-ვე წევრ სახელმწიფოს ვაქცინაცია დროზე ადრე სურს, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მთავრობა ამ საკითხზე ჩქარი ტემპით მუშაობს, კონკრეტული გეგმა მომავალ კვირისთვის იქნება ცნობილი.7 დღე გავიდა, რაც ბრიტანეთში “პფაიზერის” ვაქცინთ ვაქცინაცია დაიწყო და უკვე დაახლოაბით 140 000 ადამიანი აიცრა, როგორც ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხების მინისტრი ნადიმ ზაჰავი აცხადებს, პროგრამა წარმატებით დაიწყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი ევროვაქცინაცია იწყება - რა სტადიაშია საქართველო / “მგონია, რომ მოსახლეობისთვის მასობრივი ვაქცინაცია ზაფხულში იქნება” - აკაკი ზოიძე.

“ვაქცინაციის პროგრამა ნამდვილად კარგად დაიწყო. 7 დღე გავიდა და ინგლისში აცრილია 108 000 ადამიანი, უელსში - 7 897, ჩრდილოეთ ირლანდიაში - 4 000, შოტლანდიაში კი - 18 000. გაერთიანებულო სამეფოში, საერთო ჯამში ვაქცინაცია 137 897 მოქალაქეს ჩაუტარდა”, - განაცხადა მინისტრმა. ევროპის წამლის სააგენტო კი მომავალი კვირის დასაწყისში დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, სპეციალური შეხვედრის გამართვას და “პფაიზერ-ბიონტექის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცებასთან დაკავშირებულსაკითხებს განიხილავს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების სურვილი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთსა და იმავე დღეს გამოთქვეს. “იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს, საჭიროა მოსახლეობის თითქმის 70 %-ის ვაქცინაცია, ეს უდიდესი ამოცანაა, მოდით, ერთად დავიწყოთ ვაქცინაცია რაც შეიძლება მალე, 27-ვე ქვეყანამ ერთსა და იმავე დღეს”, - განაცხადა ლეიენმა. რაც შეეხება იმას თუ რა ფაზაშია ამ მხრივ საქართველო, აღნიშნულთან დაკავშირებით “რეზონანსს” ექსპერტი და ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე ესაუბრა, მისი ინფორმაციით, მთავრობა ამ საკითხზე ჩქარი ტემპით მუშაობს და თვის ბოლომდე გეგმას შეიმუშავებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ზუსტად ამ თემაზე ვარ ჩართული, მათ შორის მოწვეული სპეცალისტებიც არიან - ახლა დგება ვაქცინების განთავსების დაწვრილებითი გეგმა, რომელიც თვის ბოლომდე იქნება განსაზღვრული, როდის, რომელ დღეებში და ყველას ეცოდინება. სხვადასხვა ასპექტებზე ექვსი სამუშაო ჯგუფი მუშაობს - აქაა ლოჯისტიკური, ფინანსური, კომუნიკაციური საკითხები, ყველაფერ ამაზე მთავრობა ჩქარი ტემპით მუშაობს, მომავალი კვირისთვის გეგმა და კონკრეტული კონტურები იქნება. მთავრობა ამბობს, რომ (ვაქცინაცია) თებერვალში დაიწყებაო და ვნახოთ, არ ვიცი, მე მგონი, რომ მოსახლეობისთვის მასობრივი ვაქცინაცია ზაფხულში იქნება, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოსთვის იქნება ხელმისაწვდომი. პრიორიტეტული ჯგუფებისთვის შეიძლება თებერვალში დაიწყოს, მაგალითად ჯანდაცვის ჯგუფისთვის, რომ ექიმები და ექთნები იყვნენ და ბრძოლის ველზე არ დაეცნენ და მათ მომსახურებაზე ადამიანებს ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისაას აკაკი ზოიძე.

“მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ცენტრში უკვე შექმნილია ჯგუფი და საკოორდინაციო საბჭოსთანაც ჩამოყალიბებულია შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია, რომელიც ვაქცინაციის საკითხებთან დაკაშირებით იმუშავებს, მან ბრიფინგზე იმ პირობებზე ისაუბრა, რომელიც ვაქცინების დანერგვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებობს. მიმოიხილა ე.წ ცივი ჯაჭვის სისტემა და აღნიშნა, რომ “ასტრაზენეკას” ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, შესაძლებელია სწრაფად დაინერგოს ქვეყანაში”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენთან, დაავადების კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს ჯგუფი, ასევე ჩამოყალიბებულია საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია. ჩვენთან მომუშავე ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, რა ჯგუფები უნდა აიცრან პირველ რიგში. ასევე შეიმუშავა ეგრეთ წოდებული, სერვისების მიწოდების კრიტერიუმები, ასევე ხელმეორედ შეფასდა ქვეყანაში არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა, რა გვაქვს. ჩვენ გვაქვს კარგად გამართული ორიდან რვა გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა. არაფრის დამატება არ გვჭირდება და თავისუფლად შეგვიძლია, “ასტრაზენეკას” ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში”, - ამბობს გამყრელიძე, რომლის განმარტებით “ასევე არის ამისთვის შესაბამისად მომზადებული სტაფი, რომელიც მოგეხსენებათ, რუტინულ ვაქცინაციას აწარმოებს”, - დასძენს გამოცემა.

“რაც შეეხება “მოდერნას” ვაქცინას, რომელიც არის მინუს 20 გრადუსზე, ჩვენი მუნიციპალიტეტების დონემდე გვაქვს სამაცივრე მოწყობილობები მინუს 20-გრადუსიანი, სადაც შეგვიძლია, თავისუფლად “მოდერნას” დანერგვა. რაც შეეხება ცივ ჯაჭვს “ფაიზერთან” დაკავშირებით, სადაც მინუს 70-80 გრადუსი გჭირდება, ასეთი 40-მდე მაცივარი გვაქვს ქვეყანაში, შესყიდვის პროცესშია კიდევ რამდენიმე მაცივარი და ჩვენ ამ სისტემების გამართვაც შეგვეძლება, თუ “ფაიზერის” ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი დიდ ქალაქებში და შესაძლებელი იქნება ამ ვაქცინის იმპლემენტაცია, შესაბამისად, ამ ორ ვაქცინაზე საჭირო იქნება ადამიანების დამატებით გადამზადება”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ყველა ვაქცინირებული ადამიანი სისტემაში ელექტრონულად უნდა იყოს შეყვანილი. და ვაქცინაციის დანერგვის გეგმის პრეზენტაცია სავარაუდოდ წლის ბოლოს იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

როდემდე გაუძლებს საქართველო შეზღუდვებს - “ერთი-ორი კვირა კიდევ გავუძლებთ, მერე კი…” - ხმალაძე

“მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში შემზღუდავი ზომები მოქმედებს, კორონავირუსი მაინც ელვის სისწრაფით ვრცელდება, სწორედ ამიტომაც ინფექციის უკეთ კონტროლის მიზნით შემზღუდავმა ზომებმა მესამე დონეზე გადაინაცვლა - შესაძლებელია თუ არა, რომ კოვიდი ვრცელდებოდეს რაიმე სხვა გზებითაც - ამის შესახებ “რეზონანსთან” ეპიდემიოლოგმა ისაუბრა. შეზღუდვების მესამე დონეზე დიდი ბრიტანეთი გადადის, ზომების გამკაცრების აუცილებლობაზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა. ქვეყანაში მოქალაქეებს მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებთან ურთიერთობის საშუალება აქვთ, ღია საჯარო სივრცეებში კი 18:00 საათამდე შეკრება დასაშვებია. იხურება რესტორნები, თეატრები, კვების ობიექტები კი გატანის სერვისით ისარგებლებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ერთი-ორი კვირა კიდევ გავუძლებთ, მერე კი…” - როდემდე გაუძლებს საქართველო შეზღუდვებს.

“ეს ქმედება აბსოლუტურად აუცილებელია, არა მხოლოდ ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ ჩვენ დავინახეთ, რომ ადრეული ქმედებების შედეგად უფრო მეტი ზიანისა და გრძელვადიანი პრობლემების თავიდან აცილებაა შესაძლებელი”, - განაცხადა ჰენკოკმა. რაც შეეხება გერმანიას, ინფიცირებულთა დღიური რეკორდული მაჩვენებლის გამო კარანტინის ზომები აქაც გამკაცრდა, 10 იანვრამდე დაიხურა სკოლები და გარკვეული ბიზნეს ობიექტები. რთული ეპიდვითარებაა საფრანგეთშიც, სადაც უკვე სიტუაციის მართვას სხვა გზით შეეცდებიან, აქ ე.წ. ლოქდაუნი კომენდანტის საათმა ჩაანაცვლა, როგორც “ბი-ბი-სი” ავრცელებს, ქვეყანაში მოქალაქეებს 20:00 საათიდან დილის ექვს საათამდე სპეციალური ნებართვის გარეშე გასვლა ეკრძალებათ. შეზღუდვები მხოლოდ შობის ღამეს დროებით მოიხსნება, ხოლო ძალაში 20 იანვრამდე იქნება. როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში განმარტავს, მსოფლიოში იმისი დამადასტურებელი საბუთი ჯერჯერობით არ არსებობს, რომ ვირუსი რესპირაციულის გარდა სხვა გზითაც ვრცელდება, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა გადაცემა მტვრის მეშვეობითაც იყოს, ოღონდ მალევე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯერჯერობით ამისი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს ვრცელდება თუ არა ვირუსი რაიმე სხვა გზით, ეს მიკრობიოლოგებმა უნდა გვითხრან. როდესაც საგნიდან აღებული მასალიდან ვირუსის პასაჟირება უნდა მოხდეს, მაგრამ ერთ რამეს ვფიქრობ, რომ არაა გამორიცხული, რომ მტვრითაც შეიძლებოდეს მალევე გადაცემა, ესე დიდი ხანი რა თქმა უნდა ვირუსი ვერ ძლებს, მაგრამ ასეთი ვარაუდიც გამოითქვა. მერე ის, რომ უმეტესობას პირბადე არასწორად უკეთია, ანუ რაღაც პერიოდი სწორად უკეთიათ, მერე ჩამოიწევენ და იმ პირბადეზე შეწოვილ დავირუსებულ ნაწილაკებს სუნთქავენ. სახლში როდესაც ხარ, იზოლირებული ხარ და გადადებოს ნაკლები შანსია, გააჩნია რა დაავადებაზეა საუბარი, მაგალითად, არსებობს ისეთი ინფექცია, როგორიცაა ტუბერკულოზი, თუ ადამიანი ნესტიან ადგილას, ცუდ საცხოვრებელ და ცუდი საკვების პირობებშია, სწორედ იქ შეიძლება განვითარდეს, (მაგალითად საპატიმროები, ციხეები) იმიტომ, რომ ადამიანებს გვაქვს ე.წ. არასტერილური იმუნიტეტი, უმეტესობას ტუბერკულოზის ჩხირი ორგანიზმში აქვს და მისი გააქტიურება ხდება. მაგრამ ისეთი ინფექცია, რომელიც რესპირაციული გზითაა გავრცელებადი, როემლიც ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის, არა მგონია, რომ ასეთი ინფექცია იზოლირებულ ადამიანს გადაედოს, სადაც არავინ არ შედის და არავინ გამოდის, ეს ცოტა აბსურდია, თუ თვითონ სადმე არ გავიდა” - აცხადებს გამოცემის კორესპომდენთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ შესაძლოა ქვეყანა ნორმალურ რიტმს 2021 წლის შემოდგომამდე ვერ დაუბრუნდეს. თუ ვაქცინის საკითხში წარმატებას მივაღწევთ, მაშინ დიდი იმედი გვექნება, რომ მომავალი წლის ოქტომბრისთვის ქვეყანაში ნორმალური მდგომარეობა გვექნება, თუმცა ზამთარი რთული იქნება” - განაცხადა მერკელმა. ოქტომბრამდე კი დაახლოებით ათი თვეა, თუ ეპიდსიტუაცია საქართველოშიც იგივე სცენარით წავიდა, როგორც ევროპაში, გაუძლებს თუ არა ქვეყნის ეკონომიკა, ხმალაძემ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა”, - დასძენს გამოცემა.

“ალბათ, როდესაც ეკონომიკის კრიზისი პიკამდე მივა, მერე ქვეყანას მეტ-ნაკლებად ამ “ლოკდაუნის” მოხნა და რაღაცნაირად სხვა გზების მონახვა მოუწევს, იმიტომ, რომ არა აქვს მნიშვნელობა ადამიანს შიმშილი მოკლავს თუ ვირუსი, გერმანია ვერ უძლებს და ჩვენ როგორ გავუძლებთ ხომ? ამიტომ ჩვენ ცოტა სხვა გზით უნდა ვიაროთ და ვირუსის გავრცელებას სხვა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ. მარტო ლოკდაუნი ამ მხრივ ჩვენ არაფერს არ მოგვცემს, ისევ და ისევ ხალხთან საუბარი, ისევ და ისევ განათლება და ლაპარაკი, თუ ყველაფერი ჩავკეტეთ, ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ, ერთი-ორი კვირა კიდევ გავუძლებთ, მაგრამ ხომ ხედავთ რა ხდება, უამრავი სამსახური დაიკეტა. ექიმი ვარ და ჩემთან პაციენტი რომ მოდის, მან წამალი ხომ უნდა იყოდოს, რასაც ვერ ახერხებს, ჩვენ კი არ ვართ ისეთი ძლიერი ქვეყანა, რომ სახემწიფომ ნებისმიერ ადამიანს საკვებიდან დაწყებული წამლებით დამთავრებული, მისთვის საჭირო ნივთებით უზრუნველყოს, ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენი გზა ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გზისგან უნდა განსხვავდებოდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ყოველდღე, ყოველწამიერად ერთიდაიგივეზე ლაპარაკი უნდა იყოს, რომ უნდა იყოს სიფრთხილე, სოცდისტანცირება, ხელების დაბანა, ნიღაბის სწორი ტარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თავის დროზე მიკრობიოლოგიაში და ეპიდემიოლოგიაში საკმაოდ სერიოზული სკოლა გავიარე და ისეთ გაკეთებას, როგორიც ჩვენს მოქალაქეებს უკეთიათ, ზოგს ნიკაპზე, ზოგს მხოლოდ პირზე, რომ ამას სჯობს სულ არ გაიკეთონ. ესაა ერთადერთი, თუ სოცდისტანცირება იქნება და ვირუსის გავრცელება არ მოხდება, ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებთ, ვიდრე “ლოკდაუნი” გვაძლევს”, - მიიჩნევს ხმალაძე.

იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც დღეში 2 ლარზე მეტს ვერ ხარჯავენ, ბოლო თვეებში იზრდება

“საქართველოს ახლა იმაზე მეტი ღარიბი მოსახლეობა ჰყავს, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო, რადგან პანდემიამ ადამიანებს შემოსავლები მკვეთრად შეუმცირა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოში 2019 წელს ყოველი მეხუთე ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა. 10 წლის წინ ასეთი ყოველი მესამე იყო. ამ ადამიანებს საარსებო მინიმუმზეც, თვეში 187 ლარზეც კი არ მიუწვდებათ ხელი. არსებული ვითარება 2020 წელს მეტად გაუარესდა და უფრო დრამატული სურათი შეიქმნა, რადგან პანდემიამ სიღიარიბის მასშტაბები გაზარდა. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სიღარიბესთან ერთად, არსებობს უკიდურესი სიღარიბეც და მათ ის ადამიანები მიეკუთვნებიან რომლებიც დღიურად დათვლით 1.90 დოლარზე ნაკლებს მოიხმარენ, რაც ფასთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით ნომინალურად დაახლოებით 60 ცენტია, ანუ 2 ლარი, თვეში - 60 ლარი. ასეთ უკიდურეს სიღარიბეში, აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საქართელოს მოსახლეობის 3.6%, ანუ 133 000 ადამიანი ცხოვრობდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც დღეში 2 ლარზე მეტს ვერ ხარჯავენ, ბოლო თვეებში იზრდება / პაატა კოღუაშვილი: ყოველი მეოთხე ადამიანი უკვე კრედიტით ცხოვრობს და იკვებება.

“როგორც აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი აცხადებს, ახლა მოსახლეობას იმდენად უჭირს, რომ ყოველი მეოთხე ადამიანი აღებული სესხით იკვებება. “კორონავირუსის პანდემიამ მდგომარეობა უფრო გააუარესა. ყოველი მეოთხე ადამიანი უკვე კრედიტით ცხოვრობს და იკვებება. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რადგან მოსახლოების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ სამსახური დაკარგა და რაც მთავარია, ხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნილა შემცირდა, სიძვირის გამო. უპირველეს ყოვლისა, ეს უკვე აისახა პურპროდუქტებზე, რომლის ღირებულებამაც 20%-ით მოიმატა. დღეს უკვე თონეში გამომცხვარი პური უკვე 1.20 თეთრი ღირს, ამ დროს მისი მოხმარება საკმაოდ მაღალია. ზოგადად კი პურის მოხმარებას საერთო სასურსათო კალთაში 60%-ზე მეტი უჭირავს. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი, რადგან იგი არ უნდა აღემატებოდეს 10-12%-ს”, ამბობს კუღუაშვილი, რომლის თქმით, “პარალელურად სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე იზრდება ფასები და ეს კიდევ გაგრძელდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყველა ეს პრობლემა თავი იჩინა სწორედ ახლა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სიღარიბე სასურსათო უსაფრთხოების განუხორციელობლობის ძირითადი მიზეზია. ეს არის მთავარი. ქვეყანაში თუ არ არის სურსათი, არის მაღალი ფასები და დეფიციტი, სიღარიბე კი იზრდება და იზრდება. ამ ხელისუფლებამ რვა წლის განმავლობაში ვერ გაიგო, რომ აუცილებელი იყო ძირითად სასურსათო პრუდუქტებზე სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება. შედეგს უფრო მწარეს მოვიკით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას პაატა კოღუაშვილი.

“3.7 მლნ-იან ქვეყანაში, ოქტომბრის მდგომარეობით, სოციალურ დახმარებას, რომელიც სულზე 60 ლარს შეადგენს და ასევე გათვალისწინებულია სხვა მცირე შეღავათები კომუნალურ გადასახადებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე, 510 ათასი ადამიანი იღებს. თებერვლიდან დღემდე ეს რიცხვი 70 ათასით გაიზარდა. იანვრიდან ნოემბრამდე დახმარების მოთხოვნელთა რაოდენობამ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში 921 ათასიდან 994 ათასამდე მოიმატა. ყოველი 100 ადამიანიდან 27 სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს და მათგან 14 ამ დახმარებას იღებს. ქვეყანაში ახლა კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური ვითარებაა. ხალხი სამსახურს კარგავს, შემოსავალი უმცირდება და ამით სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა იზრდება. უკვე მრავალი წელია სიღარიბე საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომლის დაძლევაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. პანდემიის პირობებში, მდგომარეობა ვერანაირად ვერ გამოსწორდება, რადგან საქართველოს ჩვეულებრივ ვითარებაშიც კი უჭირდა სიღარიბის დაძლევა, ეკონომკური კრიზისის პირობებეში კი, ვითარება მხოლოდ გაურესდება. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ კორონავირუსმა მოსახლეობაზე მძიმედ იმოქმედა და ამიტომ სიღარიბის მაჩვენებელი გაუარესდა”, - დასძენს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, კორონავურუსის პანდემიამ ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ მეტად გააუარესა და ხალხი გააღარიბა. ყველას გაუჩნდა დამატებით პრობლემა, აქ საუბარი არ არის მხოლოდ დაბალშემოსავლიან ადამიანებზე. კორონავირუსის პანდემიამ ალბათ, მოსახლების 98% მოახდინა ზეგავლენა. ხალხს შემოსავლები მასობრივად შეუმცირდა. არის 1-2 გამონაკლისი, რომლის ფინანსური მდგომარეობა ამ ვითარებაში გაუმჯობესდა, მაგრამ საერთო ფონი ძლიან მძიმეა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ ჯანიაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს