ქართული პრესის მიმოხილვა 21.12.2020

მამუკა არეშიძე - “ჩემი აზრით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების მიღწევა უკვე შეუძლებელია”

მთავრობა გეგმას ცვლის - 24 დეკემბრიდან ყველა შეზღუდვა არ გაუქმდება

მამუკა ხაზარაძე - “სიტყვები “რევოლუცია” და “გადატრიალება” ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ”

სანამ მოლაპარაკებების პროცესი ძალაშია “მოქალაქეები” არც სიის ჩახსნას და არც მანდატებზე უარის თქმას არ აპირებენ

ლია მუხაშავრია - “ეს ეშმაკური სვლაა, რათა იმ პოლიტპატიმრებმაც დატოვონ ციხე, რომელთა გათავისუფლებასაც ასე ცდილობს ოპოზიცია”

* * *

მამუკა არეშიძე - “რა მოჯადოებული წრე შეიქმნა ქართულ პოლიტიკაში?!”

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მთავრობის, ასე ვთქვათ, შუალედური შემადგენლობაა და კრიზისული პანდემიური ვითარებიდან გამოსვლის შემდეგ მინისტრთა კაბინეტი აუცილებლად გადახალისდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს არა მხოლოდ განცხადება კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბების თაობაზე - ეს თემა, კარგა ხანია, მომწიფებულია - არამედ ისიც, რომ, მაგალითად, გოჩა ლორთქიფანიძე გახდა ჰააგის სასამართლოს წევრი, რაც ქვეყნის დიდი წარმატებაა, მაგრამ ამის გამო ის შეიძლება აღარც წარუდგინონ პარლამენტს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად, ან მალევე შეუწყვიტონ უფლებამოსილება. მესამე საკითხია ის, რომ მთავრობა აპირებს წარადგინოს ქვეყნის განვითარების ახალი სტრატეგია. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი დოკუმენტი მთლიანად არის გაწერილი, მაგრამ ამ სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესში, ვფიქრობ, მთავრობაში მოხდება როგორც სტუქტურული, ასევე პერსონალური ცვლილებები“, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა მოჯადოებული წრე შეიქმნა ქართულ პოლიტიკაში?!” / “ალბათ, ელისაშვილს აშკარად ჰქონდა სურვილი, პარლამენტისკენ ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ საბოლოოდ მოახერხეს მისი დაბლოკვა, შექმნეს რა მის წინააღმდეგ არნახული ტერორის რეჟიმი”.

“ჯერჯერობით ეს სტრატეგია ნედლია და, შესაბამისად, მომავალში მოიაზრება მასთან დაკავშირებული ცვლილებები. მაგალითად, ერთ-ერთ უპირველეს პუნქტად იქ არის უსაფრთხოების საკითხი და თუნდაც ამ საკითხის კონტექსტში მე არ გამოვრიცხავ, რომ ახალ-ახალი გარემოებები გაჩნდეს, რადგან რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა - ახალი გამოწვევები და რისკები გაჩნდა. იგივე ვითარებაა ეკონომიკაშიც. ჩვენ ჯერ არ ვიცით, პანდემიის გამო რა ეკონომიკური ცვლილებები მოხდება მსოფლიოში. მე თავის დროზე ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლის წინააღმდეგი ვიყავი, მიმაჩნდა, რომ ის ვალდებული იყო, ბოლომდე მიეყვანა საქმე, რომელიც წამოიწყო. ჩემი აზრით, მაშინაც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მისი სათანადო შემცვლელი პარტიაში არ იყო; არც ახლაა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი შემცვლელი “ქართულ ოცნებაში”. თუ გახსოვთ, პირველი უსიამოვნება, რაც გვქონდა მე და ბატონ ბიძინას პირდაპირ ეთერში, სწორედ ეს იყო - მე პრემიერობიდან მისი წასვლა უარყოფითად შევაფასე. ახლაც მიმაჩია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან მისი წასვლა არაფრით არ შეიძლება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“საქმე ის არის, რომ ყველაფერზე, რასაც აკეთებს “ქართული ოცნება” და ხელისუფლება, პასუხისმგებელი მაინც ბიძინა ივანიშვილია და აუცილებელია, რომ ის, როგორც ლიდერი, ფორმალიზებული იყოს. სხვა საკითხია, თუ მან სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, რაზეც ვერ ვილაპარაკებ, რადგან არ ვიცი, რა შეიძლება ეს იყოს, მაგრამ თუ ყველაფერი ისე რჩება, როგორც აქამდე იყო, ის აუცილებლად უნდა იყოს ისეთ პოსტზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს, მართოს ვითარება და საზოგადოებასაც ექნება საშუალება, იცოდეს, ვისთან აქვს საქმე. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერენ მხარს, ძირითადად, მიხეილ სააკაშვილის გამო, ასევეა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების მიღწევა უკვე შეუძლებელია და ამაზე მიუთითებს ორივე მხარის მოქმედება... “ქართული ოცნება” არავითარ შემთხვევაში არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, თუ განსაკუთრებული ვითარება არ შეიქმნა - ვგულისხმობ პანდემიიდან გამომდინარე ისეთი სიტუაციას, როდესაც ჩამოიშლება ქვეყანა, ეკონომიკა, ვეღარ გავუმკლავდებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. რაც შეეხება ოპოზიციის ქმედებას, აბსურდული ვითარებაა შექმნილი და ეს ყველაფერი ფარსს დაემსგავსა. უკვე ისმის ძალიან შემაშფოთებელი განცხადებები. ვგულისხმობ, მაგალითად, ბოკერიას ნახსენებ “ლეგიტიმურ რევოლუციას”, ასევე განცხადებებს, რომ “მშვიდობა არ იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება” და ა.შ. უკვე მუქარის ტონი გაჩნდა, მაგრამ ესეც არ არის საქმე. როდესაც ოპოზიციის მოქმედებებზე ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ მათი რადიკალური ნაწილის მიზანი - ეს არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერი გზით, ანუ მათი მოქმედების დევიზია: “ან ყველაფერი, ან არაფერი!” კიევიდან დაკვეთაც ასეთია. სააკაშვილი არჩევნების შედეგად სხვა რეალობას ელოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ოპოზიცია ერთიანად მოახერხებდა “ქართული ოცნების” დამარცხებას. ამისთვის ძალიან დიდი ფული დაიხარჯა, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი! აქედან გამომდინარე, მისთვის შექმნილ ვითარებაში ფსიქოლოგიურად გადაწყობა წარმოუდგენელია. სწორედ მისი დავალებაა ეს რევოლუციური რიტორიკა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ოპოზიცია ცალ-ცალკე რომ განვიხილოთ, “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია გასაგებია; “ევროპული საქართველოსთვის” კი პარლამენტში შესვლას აზრი არ აქვს - ჯერ ძალიან ცოტა დეპუტატი ჰყავთ და მათშიც ლიდერები ვერ ხვდებიან; “მოქალაქეებისა” და “გირჩის” პოზიცია კი ორჭოფულია იმიტომ, რომ ისინი თავიანთი შედეგებით კმაყოფილი არიან. შეიძლებოდა მეტიც, მაგრამ “გირჩს” ნამდვილად არაფერი აქვს საპრეტენზიო. მაგრამ არარადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში “ნაციონალური­ მოძრაობის” გარეშე ამინდს ვერ შექმნიან, ამიტომაც “ნაცმოძრაობის” შეთავაზებული დღის წესრიგით მოქმედებენ. ეს დღის წესრიგი რომ არ არსებობდეს, რომ არ იყოს შიში მუდმივი ბულინგისა და დისკრედიტაციისა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე პარტია აუცილებლად შევიდოდა პარლამენტში. “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა ლიდერმა შექმნეს ასეთი მოჯადოებული წრე, რომლიდანაც ახლა ზოგიერთი სხვა ოპოზიციონერი ვეღარ გამოდის. აქ არის ერთი ფაქტორიც - შექმნეს ისეთი ფსიქოლოგიური ფონი, რომ ისეთ პარტიებსაც კი, როგორიც არის “პატრიოტთა ალიანსი”, აღარ შეესვლება პარლამენტში, ანუ თავიდანვე, არჩევნების დღესვე, პირველივე წუთებიდან შექმნეს იმგვარი განწყობა, თითქოს არჩევნები გაყალბებული იყო”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

“მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა გამოირკვა - თურმე ასე სულაც არ არის და ხარვეზებს შედეგზე არ უმოქმედია, ამის დასაბუთებას დრო დასჭირდა, რაც “ნაციონალების” შესაბამისმა პიარსამსახურმა ძალიან კარგად გამოყენა. ეს სამსახური, ჩემი აზრით, დაკომპლექტებულია ძალიან მაღალი დონის სპეციალისტებით. მოკლედ, ისე იმუშავეს, რომ დანარჩენებს პარლამენტისკენ გზა მოუჭრეს. გახსოვთ, ალბათ, ელისაშვილს აშკარად ჰქონდა სურვილი, პარლამენტისკენ ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ საბოლოოდ მოახერხეს მისი დაბლოკვა, შექმნეს რა მის წინააღმდეგ არნახული ტერორის რეჟიმი. მოკლედ, ყველაზე დიდი პრობლემა ის მგონია, რომ “ნაცმოძრაობის” ეს პოზიცია - ან ყველაფერი, ან არაფერი - გულისხმობს ყველანაირ ქმედებას იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ. ეს გულისხმობს არა მხოლოდ საპროტესტო აქციებს, არამედ ისეთ ქმედებებსაც, რაც მოვისმინეთ კიევში მყოფი ადამიანების სატელეფონო საუბრებში, ანუ ძალისმიერი მეთოდით ხელისუფლების შეცვლას. არიან თუ არა კონკრეტული ადამიანები ამის გამკეთებლები, სხვა საკითხია, მაგრამ ოპოზიცია რომ ამაზე ლაპარაკობს, ეს დიდი პრობლემაა. მე არ ვიცი, რას ნიშნავს “ლეგიტიმური რევოლუცია”, თუ არა ძალისმიერ ქმედებებს”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ხალხის ქუჩაში გასვლაც ხელისუფლების ხელშია. როდესაც ხალხი 2012 წელს ქუჩაში გამოვიდა და გრანდიოზულ აქციებში მიიღო მონაწილეობა, ეს იმჟამინდელი ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარეობდა. ახლაც ხელისუფლების ხელშია, მოახერხებს თუ არა, გაუმკლავდეს შექმნილ ვითარებას და კორექტულად და გააზრებულად მოიქცეს პანდემიის შემდეგ. პოსტპანდემიური ვითარება ასე სწრაფად არ გვექნება, მაგრამ ვითარების ლოკალიზება და მისი მართვა შესაძლებელია. ამაზე იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ერთია საპროტესტო აქციები და მეორეა რევოლუცია... არ ვიცი, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი რევოლუციის ხსენებაში რას გულისხმობენ, მაგრამ ეს ჩემთვის არის პროცესების ძალისმიერად წარმართვა, რაც ქვეყნის დანგრევად დაგვიჯდება. ჩვენ ეს ხომ გავიარეთ! მაინც რამდენჯერ შეიძლება, ეს ქვეყანა დავანგრიოთ?! თითქმის ყველა მთავრობას ხელახლა უხდებოდა ქვეყნის შენება. ბოლოს და ბოლოს, ამ პატარა ერმა 30 წლის განმავლობაში გავიარეთ სამი თუ ოთხი ომი. დღესაც ლამის საომარ მდგომარეობაში ვართ... ეს განცხადებები, რომლებიც ახლა გვესმის რევოლუციასთან დაკავშირებით, ნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს აბსოლუტურად არ აღელვებს ქვეყნის ბედი, მათთვის მთავარი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა”, - დასძენს არეშიძე.

მთავრობა გეგმას ცვლის - 24 დეკემბრიდან ყველა შეზღუდვა არ გაუქმდება

“დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შობა-ახალი წლის მოახლოვების გამო კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ამკაცრებენ, საქართველოში კი 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში შეზღუდვები დროებით იხსნება. თუმცა, “რეზონანსის” ინფორმაციით, მთავრობამ ადრე დაანონსებულ გეგმაში ცვლილება შეიტანა და 24-დან შეზღუდვების მხოლოდ ნაწილის მოხსნაა დაგეგმილი. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნა, 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში შეზღუდვების მთლიანად მოხსნა არ იგეგმება, რადგან ამ შემთხვევაში ეპიდვითარება გაუარესდება. შეზღუდვების მნიშვნელოვნად შემსუბუქების მომხრე არც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეა. მისი თქმით, არსებული შეზღუდვებით ქვეყანაში ეპიდვითარების კუთხით სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს და შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მთავრობა გეგმას ცვლის - 24 დეკემბრიდან ყველა შეზღუდვა არ გაუქმდება.

“მთლიანად მოხსნის შემთხვევაში ქვეყანაში ეპიდვითარება უდავოდ გაუარესდება და იანვრის ბოლოს ინფიცირების გაცილებით დიდი მაჩვენებელი გვექნება. აქედან გამომდინარე, მთლიანად მოხსნას არ ვაპირებთ. შეზღუდვები რა ხარისხით შემცირდება, ამაზე ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე გვექნება მსჯელობა”, - თქვა ხუნდაძემ. “დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები დღეს წარედგინა საბჭოს. ჩვენ უფრო რადიკალური პოზიციის მომხრე ვართ. რამე მნიშვნელოვანი შემსუბუქების რეკომენდაციას არ ვიძლევით, რადგან გამოჩნდა ე.წ. სტაბილიზაციის ტენდენცია ქვეყანაში და არ უნდა გადავყაროთ ეს ყველაფერი წყალში. საქართველოსთვის 2-3 ათასი შემთხვევა ყოველდღიურად ძალიან ბევრია, ეს იწვევს ჯანდაცვის სექტორზე ძალიან დიდ ზეწოლას. სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილია. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად 30-დან 40-მდე სიკვდილიანობა, გვქონდა 50 სიკვდილის შემთხვევაც. მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა ამ ეტაპზე არის 1 104 და აქედან 417 გახლავთ ხელოვნურ სუნთქვაზე. ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზული ზეწოლა გახლავთ სამედიცინო სექტორზე”, - განაცხადა გამყრელიძემ “პირველ არხთან” საუბარში. მისივე თქმით, “ამიტომ, ვერ მისცემენ რეკომენდაციას, რომ იყოს მნიშვნელოვანი შემსუბუქებები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნის მომხრეა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძეც. “შეზღუდვების რაღაც ნაწილის მოხსნა ალბათ საჭიროა, მაინც შობა-ახალი წელია, მაგრამ სრული მოხსნა ალბათ პაციენტების რაოდენობის მატებას გამოიწვევს. თუ შეზღუდვები სრულად მოიხსნა, ალბათ იანვარში ახალი აფეთქება გვექნება, გააჩნია მოსახლეობა როგორ მოიქცევა. თუ მოიხსნება და ისეთივე ამბავი თუ შეიქმნა, რაც “შავ პარასკევს” იყო, რა თქმა უნდა, მოიმატებს. თუ შეზღუდვები მოიხსნა, მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მოხსნა ძალიან დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული და რეგულაციები აუცილებლად უნდა დაიცვას, რასაც ჰქვია დისტანცია და პირბადე - აუცილებლად!” - განაცხადა ენდელაძემ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ შეზღუდევების მთლიანად მოხსნას დიდი საფრთხეები ახლავს, ამიტომაც, მისი თქმით, ხელისუფლებამ ლოგიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს”, - დასძენს გამოცემა.

“გასათვალისწინებელია რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პირველ რიგში, მთავრობას მუდმივი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მოსახლეობასთან იმ საკითხზე, რომ ეს ახალი წელი უნდა იყოს გამონაკლისი, ყოველგვარი მასობრივი თავშეყრების გარეშე და უნდა ვაქციოთ ოჯახურ დღესასწაულად. ასევე უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ ადამიანები გეგმაზომიერად წავიდნენ წინასაახალწლო სამზადისისთვის საყიდლებზე და ნაკადები გადანაწილდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ რეგულაციის დაწესება არაფერს გვაძლევს, თუ მისი აღსრულება ვერ შევძელით და ამ რეგულაციებს ხალხი არ აჰყვა. ჩემი აზრით, ის, რაც იყო დაპირება წინასაახალწლოდ რეგულაციების მოხსნის შესახებ, უნდა შესრულდეს, თუმცა ნამდვილად ვერ გეტყვით ტრანსპორტთან და ბაზრობებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისეთი, რომ ამან ადამიანები არ დააზიანოს. ეს ყველაზე რთული საკითხია. თუმცა ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ პირბადის ტარება არის უმნიშვნელოვანესი ამ პერიოდში, მოსახლების 95%-მა რომ ატაროს პირბადე, შემდეგ შეგვიძლია უკვე ვიფიქროთ, რომ შეზღუდვები საჭირო აღარ არის”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“ეპიდემიოლოგ ირაკლი ხმალაძის აზრით, იმის გამო, რომ ე.წ. ლოკდაუნი სრული არ იყო, შეზღუდვების მოხსნა მაინც გარკვეულწილად გამართლებულია. “მართალია, შეზღუდვები დაწესდა, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრი ჭრილი დავტოვეთ - მაღაზიები, სალონები და ა.შ. რასაც ვაკვირდები, მაღაზიების უმეტესობა მაინც მუშაობს, გამყიდველები მაინც სხედან და მაინც ვაჭრობენ იმიტომ, რომ მათთვის ეს მუშაობა სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი. ამიტომ რომ გითხრათ, რომ შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში რაოდენობის მატების ძალიან დიდი განსხვავება იქნება, წესით და ლოგიკურად არ უნდა იყოს. ყველაფერი სრულად რომ ყოფილიყო დაკეტილი, მაშინ სრული მოხსნის შემთხვევაში კიდევ შეიძლებოდა რაღაც აფეთქებაზე ლაპარაკი”, - განმარტავს ხმალაძე, რომლის აზრით, “თუმცა თუმცა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მატება იქნება” - წერს სტატიის ავტორი.

“ევროპაში ამკაცრებენ, თუმცა იმათაც არ იციან რა ქნან, ეშინიათ, რომ ახალ წელს ქუჩაში ბევრი ხალხი იქნება. როდესაც ადამიანი ნასვამია, ეს ფაქტიურად ტვინის ინტოქსიკაციაა და მას მაინცდამაინც პირბადის გაკეთებას ვერ მოსთხოვ. სანამ ჩვენ მთლად ჩავიკეტებოდით, ევროპა გახსნილი იყო. ახლა ჩვენ ნაწილობრივ ან სრულად გავიხსნებით და ისინი ჩაიკეტებიან. ქართველებისთვის ახალი წელი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მაინც რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ ცოტა შემსუბუქება მივცეთ იმიტომ, რომ ადამიანები ისედაც ძალიან დიდი სტრესის ქვეშ ვართ. ამიტომ ეს ყველაფერი ამისთვის კეთდება, რომ ეს მომენტი დროებით მაინც მოიხსნას. მოხსნა ალბათ გარკვეულწილად გამართლებულია, რადგან ხალხი მაინც ქუჩაშია და ერთმანეთს ხვდებიან”, - დაასკვნის ირალი ხმალაძე.

მამუკა ხაზარაძე - “სიტყვები “რევოლუცია” და “გადატრიალება” ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ”

“ვფიქრობ, ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან. ჩვენ მეტი აქტიურობა და ფასილიტაციის მდგომარეობიდან საარბიტრაჟოში გადასვლა ვთხოვეთ. ეს მანამდე იყო, სანამ სადეპუტატო მანდატებზე უარს ვიტყოდით. იმედია, უახლოეს დღეებში დაინიშნება მეხუთე რაუნდი. თუმცა კობახიძის ხისტი განცხადებები მეტყველებს ხელისუფლების დესტრუქციულობასა და სურვილზე ჩაიშალოს მოლაპარაკება. წინა რაუნდი სწორედ კობახიძის ხისტმა განცხადებებმა ჩაშალა. ყოველივეს მიუხედავად, მე მაინც მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკება გაიმართება და შედეგსაც მივიღებთ. შანტაჟის და მუქარის მიუხედავად, არ ვაპირებთ მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარის თქმას. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით და ახლაც ვფიქრობთ, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს“, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შანტაჟის და მუქარის მიუხედავად, არ ვაპირებთ მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარის თქმას”.

“ვადამდელი არჩევნები არაფერში არ გაიცვლება - ეს ჩვენი მთავარი მოთხოვნაა. არჩევნები გაყალბდა, ჩვენი ამომრჩევლის ხმები მოიპარეს, ამიტომ ახალ არჩევნებს ალტერნატივა არ გააჩნია. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსსა და გარემოს, ეს ისედაც არის ერთ-ერთი მოთხოვნა იმ ოთხი პუნქტიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. ვფიქრობ, ხელისუფლებამ ნათლად დაინახა ახალი რეალობა, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც 51-მა დეპუტატმა უარი თქვა საპარლამენტო მანდატზე. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მმართველ გუნდს. 30 წლის განმავლობაში პირველად ერთპარტიული პარლამენტია, რაც ძალიან ცუდია, და რაც უფრო სწრაფად გამოასწორებენ, მით უკეთესი იქნება როგორც მათთვის, ისე ქვეყნისთვის. შეუძლებელია ქვეყანა 90-კაციანმა პარლამენტმა მართოს და არ იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია მაშინ, როცა გაყალბებულ არჩევნებშიც კი ოპოზიციას მოსახლეობის 52%-მა დაუჭირა მხარი. დარწმუნებული ვარ ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით “ქართული ოცნების” რიტორიკა შეიცვლება. სერბეთის მაგალითს მოვიყვან - მათ რიგგარეშე არჩევნები დანიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ოპოზიციის ერთი ნაწილი შევიდა პარლამენტში. რიგგარეშე არჩევნები არ უნდა იყოს ისე აღქმული, თითქოს ერთი მხარე მოერია მეორეს. ორივე მხარემ უნდა ვაღიაროთ, რომ ის პოლიტიკური მემკვიდრეობა, რომლითაც დღემდე მოვდივართ, არ უნდა გავაგრძელოთ, ახალი ეტაპი უნდა დავიწყოთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“ჩვენ თანამიმდევრული, გამჭვირვალე პოლიტიკა გვაქვს. ამით გამოვირჩევით სხვა პარტიებისგან. რევოლუცია რომ გვნდომოდა, საჯაროდ თქმასაც არ მოვერიდებოდით. ჩვენ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ვამბობთ, რომ სიტყვები “რევოლუცია” და “გადატრიალება” ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ. ეს პროცესი ქვეყანაში დესტაბილიზაციას იწვევს და ამაზე ლაპარაკი “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. ჩვენ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა გვსურს და არა პირიქით. რევოლუციაზე ლაპარაკი ძალიან სახიფათოა. ჩვენისთანა გაჭირვებული ქვეყანა შეიძლება ერთმა არასწორმა მოძრაობამაც ისე შეასუსტოს, რომ საწყის წერტილზეც ვეღარ დაბრუნდეს. “ლელოს” აზრი ამ საკითხზე ახლაც უცვლელია. ტყუილსა და ღალატს ყოველთვის გავაპროტესტებთ, მაგრამ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ისეთს, რაც კანონთან შეუსაბამო იქნება... რაც შეეხება ე.წ. ალტერნატიული ორგანოს ანუ სახალხო პარლამენტის შექმნის იდეას ამას კატეგორიულად ვემიჯნები. ეს კინო უკვე ვნახეთ წარსულში და ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრით, ქვეყანა ისევ ისეთ ჭაობში დარჩება, როგორშიც აქამდე იყო “ქართული ოცნების” წყალობით. როცა არჩევნებს იგებ და იმავე შემადგენლობით განაგრძობ მუშაობას, ნიშნავს, რომ გსურს ქვეყანა ისევ ძველებურად ამყოფო ჭაობში. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება და “ოცნების” ლიდერებს არათუ ხელისუფლებიდან, პოლიტიკიდანაც გაუშვებს. სიმართლე გითხრათ, სხვაგვარი მოლოდინი არც მქონდა. სანამ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილია, არა მგონია რაიმე გაკეთდეს, ქვეყნის განვითარებისთვის. ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს - ივანიშვილს არა აქვს ქვეყნის განვითარების ხედვა. გარწმუნებთ, ხელისუფლება ისევ ძველებურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. სწორედ ამაზე მეტყველებს ახალი მინისტრთა კაბინეტი”, - დასძენს მამუკა ხაზარაძე.

სანამ მოლაპარაკებების პროცესი ძალაშია “მოქალაქეები” არც სიის ჩახსნას და არც მანდატებზე უარის თქმას არ აპირებენ

“თებერვლამდე ეს საკითხი გადავადებულია, ამიტომ არსებობს სივრცე იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და ჩვენ არ გვინდა, რომ ამას რაიმე ფორმით ხელი შევუშალოთ”, - ასე უპასუხა “რეზონანსს” პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა კითხვაზე აპირებს თუ არა მისი პარტია სიის ჩახსნას და მანდატებზე უარის თქმას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი თებერვლამდე გადაიდო, - ლევან იოსელიანი.

“მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი 8 დეკემბერს გაიმართა, მეხუთე რაუნდის თარიღი კი ამ დრომდე უცნობია. თუმცა მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე თანახმანი არიან. იოსელიანი ამბობს, რომ სანამ მოლაპარაკებების პროცესი ძალაშია, “მოქალაქეები” არც სიის ჩახსნას და არც მანდატებზე უარის თქმას არ აპირებენ, რადგან ამ პროცესს პარტიამ რაიმე სახით ხელი არ შეუშალოს. ოპოზიცია ამ დრომდე მოთხოვნებს არ ცვლის, ხელისუფლება კი ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯერჯერობით მეხუთე რაუნდის თარიღთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არაა. ეს თვითონ საელჩოების მხრიდან უნდა ყოფილიყო და ჯერჯერობით არ დაგვკავშირებიან. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არ ვაპირებთ რაიმე ფორმით ამას ხელი შევუშალოთ და დავაზიანოთ. სანამ მოლაპარაკლებების პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ არაფერს არ ვაპირებთ, მათ შორის არც პარლამენტში შესვლას. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი გადაავადა. მათთვის, ვინც სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა, ეს უარის თქმაც ძალაში თებერვლამდე ვერ შედის, ანუ თებერვლამდე ეს საკითხი გადავადებულია. ამიტომ არსებობს სივრცე იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და ჩვენ არ გვინდა, რომ ამას რაიმე ფორმით ხელი შევუშალოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან იოსელიანი.

ლია მუხაშავრია - “ეს ეშმაკური სვლაა, რათა იმ პოლიტპატიმრებმაც დატოვონ ციხე, რომელთა გათავისუფლებასაც ასე ცდილობს ოპოზიცია”

“იმ ვითარებაში, როცა პრეზიდენტმა პრაქტიკულად გააუქმა შეწყალების ინსტიტუტი, ახლა ამნისტია, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, “ოცნების” მეთაურები ამბობენ, რომ ამნისტია პოლიტპატიმრებს არ შეეხება (არც ცნობენ იმ პირებს პოლიტპატიმრებად), ვფიქრობ, ეს ეშმაკური სვლაა, რათა იმ პოლიტპატიმრებმაც დატოვონ ციხე, რომელთა გათავისუფლებასაც ასე ცდილობს ოპოზიცია. ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის ვითომდა მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი რომ გაათავისუფლეს, ეს ხომ მოულოდნელი იყო? ახლა ამისთვის ამნისტია მოიგონეს. აშკარაა, რომ ის პირები პოლიტპატიმრები არიან, რაც არც ერთი ხელისუფლებისთვის არ არის სასახელო, მით უფრო, ასეთი პოლიტიკური კრიზისის დროს. ვფიქრობ, ეს დასავლელი პარტნიორებისთვის მესიჯიც არის. ხელისუფლება არ აღიარებს, მაგრამ მათი გათავისუფლება თავიდან ააცილებს იმ მძიმე ვითარებას, რაც პოლიტპატიმრების გამო არსებობს”, - აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს ეშმაკური სვლაა, რათა იმ პოლიტპატიმრებმაც დატოვონ ციხე, რომელთა გათავისუფლებასაც ასე ცდილობს ოპოზიცია”.

“ვფიქრობ, პროექტს საბოლოო ვარიანტში სათანადო მუხლებიც დაემატება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამნისტიის კანონი საზოგადოების უკმაყოფილების წყარო გახდება. კობახიძემ თქვა, კანონპროექტს არც ერთი სხვა მუხლი არ დაემატებაო, თუმცა ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ისინი ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. იმ ქვეყანაში, სადაც არაფორმალურმა მმართველმა გადაგვაგდო პროპორციული არჩევნების დაპირებაზე, რა გასაკვირია, მეორე და მესამე რანგის პოლიტიკოსმაც იგივე გააკეთოს? მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლებას რა დღეში ჰყავდა ციხეში პატიმრები, ამის მიუხედავად, ეს მწამებლები ამნისტირებული არიან. ყველაზე დიდი სასჯელი, რაც ამ დანაშაულისთვის მსჯავრდადებულმა მოიხადა, იყო 6 წელი და 9 თვე. საერთაშორისო სამართლითა და პრაქტიკით წამების ჩამდენის მიმართ სახელმწიფომ არ უნდა გამოიყენოს სასჯელის შემსუბუქების არანაირი ღონისძიება - ამნისტია, უდო, შეწყალება და სხვა. ხელისუფლებამ კი, რომელიც იმ ტალღით მოვიდა, რაც ე.წ. ციხის კადრების გამოქვეყნებას მოჰყვა, არ მიიჩნია საჭიროდ წამების მუხლის ამოღება ამნისტიის კანონიდან. ახლა სულაც არ გამიკვირდება, რომ ილიჩოვასა და მელაშვილისთვის ასევე დაუშვან გამონაკლისი და მათი მუხლები გადაკვალიფიცირდეს, ის მუხლები მისცენ, რომლებიც ამნისტიაში მოჰყვება”, -აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“როცა ხელისუფლება დამნაშავეებთან ან დანაშაულის პოტენციურ ჩამდენებთან ისე მჭიდროდ თანამშრომლობს, როგორც არჩევნებზე მოხდა, არ არის გამორიცხული, ერთ-ერთი არაოფიციალური დაპირება ესეც იყო... ჩვენ ხომ მივეჩვიეთ, რომ ორი ათეული წლის განმავლობაში ხელისუფლებასა და დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირებს შორის არაფორმალური ურთიერთობა ტრადიცია გახდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისის გამო აშკარად მოსალოდნელია კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესება. როცა პატიმრები ციხიდან გამოვლენ და მათ ოჯახებში არ დახვდებათ ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა, როცა არც სამუშაოა და შემოსავლის მიღების ლეგალური საშუალებები ძალიან მწირია, ეს და სხვა პირობები მათ ისევ ციხეებში შებრუნებას გამოიწვევს. ასე რომ, ეს ამნისტია იქნება ხელისუფლების ფარული სვლა, რომ შეასრულოს წინასაარჩევნო დანაპირები და ფორმალურად ჰქონდეს სათქმელი მომავალში. თუმცა რაღა მომავალში, მომავალ წელს უკვე ადგილობრივი არჩევნები მოდის და მათ ამ ფანდის გამოყენება­ დასჭირდებათ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“2013 წლის ამნისტიის დროს გამოსული პატიმრების მხოლოდ 6% შებრუნდა ციხეში, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი მძიმე ეკონომიკური სიტუაცია. ბევრი კვლავინდებურად აღმოჩნდება ციხეში, მით უფრო, რომ სასამართლო აბსოლუტურად კონტროლირებადია. პირი, რომელიც დანაშაულს იძულებით სჩადის, იმიტომ, რომ არა აქვს სახსარი, ვერ მოახერხებს ვერც მოსამართლის მოსყიდვას, ვერც კარგი ადვოკატის დაქირავებას, რომ არგუმენტირებულად სცადოს თავის დაცვა. ამიტომაც უკან შებრუნდებიან და მომავალში ხელისუფლებას კიდევ ექნება საშუალება, მათი გამოშვების საფასურად, ოჯახის წევრებისგან საარჩევნოდ დახმარება მოითხოვოს. ეს განსაკუთრებით ნარკომომხმარებლებზე ითქმის, რადგან მკურნალობის არანაირი პროგრამა არ არსებობს. თუ ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზაცია არ მოხდა, ეს ხალხი შევა და გამოვა ციხიდან და მათი ოჯახის წევრები ყოველთვის იქნებიან ხელისუფლების მძევლები”, - დაასკვნის ლია მუხაშავრია და შეკითხვაზე - “როგორ ფიქრობთ, ეს ამნისტია გახდება პოლიტიკური სპეკულაციის საგანი?” - პასუხობს:

“ჩემი აზრით, გახდება. ეს “ოცნებისთვის” მართლაც მოხერხებული გზაა საიმისოდ, რომ მსოფლიოს აჩვენოს, პოლიტპატიმრები არ მყავსო. მართლაც შეუსაბამოა ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერ სახელმწიფოს 2020 წლის არჩევნებში ჰყავდეს ერთადერთი პარტია პარლამენტში. ეს ნონსენსია და ახლა “ოცნებას” თუნდაც თვალთმაქცურად, თუნდაც ფარული ქვენა განზრახვებით ყველანაირ ჰუმანურ, ყველანაირ დემოკრატიულ ხერხებზე დასჭირდება ორიენტაციის აღება, რათა როგორმე რეპუტაცია გამოისწოროს”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო