თეა ახვლედიანი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან  მკურნალობის მიზნით 250-მდე კოვიდპაციენტი გვყავდა

თეა ახვლედიანი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან  მკურნალობის მიზნით 250-მდე კოვიდპაციენტი გვყავდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 250-მდე კოვიდინფიცირებულ პაციენტს უმკურნალეს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

ახვლედიანმა იმ მექანიზმის შესახებ ისაუბრა, როგორ ხდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან კოვიდინფიცირებული პირების გადმოყვანა და მკურნალობა.

„მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენ გვყავდა 250-მდე კოვიდპაციენტი მკურნალობის მიზნით. ასევე, 2500-მდე ადამიანი გვყავდა როგორც კოვიდსასტუმროში, ასევე თვითიზოლაციასა და კარანტინში.

ასევე, როგორც თქვენთვის ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს სახელმწიფო უფასო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ემსახურება, რამაც განაპირობა ნამდვილად ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. აღნიშნული პროგრამით მხოლოდ წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისარგებლა დაახლოებით, 900-მა ადამიანმა.

ახლა როგორ ხდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება - ამ პროცესს კოორდინირებულად მართავს საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. ოკუპირებული ტერიტორიებიდან კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღების რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს. მკურნალობის მსურველ პირს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ადგილზე მოქმედი სამედიცინო სფეროს თუ საერთაშორისო ან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით შეუძლია მიმართონ როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზებს, ასევე ჩვენ, სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ამ მიზნით ასევე გამოიყენება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სასწრაფო-სამედიცინო ევაკუაციის მექანიზმი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი. პაციენტის თაობაზე ინფორმაციის დადგენისთანავე ხდება რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში მათი კონტროლირებად ტერიტორიაზე მიღება“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.