საბა ბუაძე  - "ქართული ოცნების" პროგრამა ჭაობიდან ნათქვამი სადღეგრძელოა

"ქართული ოცნების" პროგრამა ჭაობიდან ნათქვამი სადღეგრძელოა, - ამის შესახებ ,,ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ პროგრამის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ბუაძე აცხადებს, “ქართული ოცნების” მინისტრთა კაბინეტი და მათი წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა არის ხელისუფლებაში არსებული ინტელექტუალური შიმშილის მორიგი დადასტურება.

„ქართული ოცნების“ სამთავრობო პროგრამა არის ჭაობიდან ნათქვამი სადღეგრძელო, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ხალხის კეთილდღეობასთან. ეს არის პროგრამა, რომელიც იმეორებს გასული წლების აბსტრაქტულ დაპირებებს, სადაც არ არის არც ერთი ინოვაციური იდეა. სახელმწიფო მმართველობის მიმართულება არის სამთავრობო პროგრამის ყველაზე სუსტი რგოლი. საჯარო სამსახურის რეფორმა ჩავარდნის პირასაა.რეფორმის კონცეფციის 10 პუნქტიდან სავალალო მდგომარეობაა თითქმის ყველა მიმართულებაში. რეფორმით გათვალისწინებული სსიპ-ების შესახებ კანონი 4 წელია არ მიუღიათ, რითიც მთავრობა არღვევს მისივე მიღებულ კანონში არსებულ ვალდებულებას. უკანასკნელ წლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოავლინეს ნეპოტიზმის ასეულობით შემთხვევა, რაც პირდაპირ უპირისპირდება დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის იდეას”, - განაცხადა საბა ბუაძემ.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი საჯარო სამსახურში არსებულ მდგომარეობასაც შეეხო.

მისი თქმით, წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლა, რომელიც არ დარჩენილა ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ყურადღების მიღმა.

„გასულ წელს საქართველოში გაუარესდა თითქმის ყველა ანტიკორუფციული მაჩვენებელი, რომლებიც საერთაშორისო ინდექსებში აისახა. სამთავრობო პროგრამაში არ არის ნახსენები არც ერთი ღონისძიება, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის არის საჭირო. ამ კუთხით, უგულებელყოფილია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული ანგარიშის რეკომენდაციები, რომლებიც სუსი-დან ანტიკორუფციული სამსახურის გამოყოფას ისახავს მიზნად. სამაგიეროდ, სამთავრობო პროგრამა შემოიფარგლება მსგავსი ფრაზებით „ამაღლდება საზოგადოების ცნობიერება კორუფციულ დანაშაულებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებზე“. იუსტიციის სამინისტრომ არ შეასრულა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულება და არ შეიმუშავა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი, რომელზეც პირდაპირ იყო მიბმული ევროკავშირის საგრანტო დაფინანსება. აღნიშნული ვალდებულება საქართველოს აღებული ჰქონდა არაერთ საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმით,”- განმარტა საბა ბუაძემ.

ბუაძემ ასევე IDFI-ის ანგარიშზეც ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

„სამთავრობო პროგრამის სახელმწიფო მმართველობის თავში ვერ მოხვდა ვერც ერთი მნიშვნელოვანი, ახალი და ინოვაციური იდეა. სამაგიეროდ, სამთავრობო პროგრამის ღონისძიებების ჩამონათვალშია ისეთი ინიციატივები, როგორებიცაა არქივის ელექტრონული მომსახურების პროგრამის შემუშავება; საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშის მიხედვით, ქართული ოცნების ხელისუფლების თანამდებობის პირთა 80%-მა განზრახ არასწორად ან შეცდომით შეავსო ქონებრივი დეკლარაციები, სადაც დამალული იყო ჩინოვნიკების ქონება და საწარმოების წილები. პანდემიის მიუხედავად, 2019 წელთან შედარებით 2020 წელს საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება 100 მილიონი ლარით არის გაზრდილი. საერთო ჯამში, ბიუროკრატიული აპარატის შენახვის ხარჯი 1 მილიარდი ლარით არის გაზრდილი "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში. ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმა (რომელზეც მიბმულია ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარება) ჩავარდნის პირასაა. მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, 15 ამოცანიდან 8 შეუსრულებელია. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე ქართულ ოცნებას არ წარმოუდგენია არც ერთი ინიციატივა და მუნიციპალიტეტები კვლავ სუსი-დან იმართება,”- განაცხადა საბა ბუაძემ.

მისივე თქმით, პანდემიის და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, “ქართული ოცნება” უარს ამბობს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, რომელიც 1 მილიარდზე მეტი ლარით არის გაზრდილი ბოლო წლებში.

საბა ბუაძის კომენტარს „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა