ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ფახულანთან, სადაც ახალი კონსტრუქციები დამონტაჟდა, ოკუპანტები ძირითადად ღამე მუშაობენ
.webp)
ადგილობრივების ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ახალი კონსტრუქციები დამონტაჟდა, ოკუპანტები ძირითადად ღამე მუშაობენ.
"არავის არ უნახავს როგორ მუშაობენ, ძირითადად ღამე ხდება ამ მავთულხლართების გავლება. როგორც ვიცი, ძველი კონსტრუქციები შეცვალეს ახლით", - აღნიშნა ფახულანის მკვიდრმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან, განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები. საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები“, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

























