ქართული პრესის მიმოხილვა 30.12.2020

შეზღუდვების გაუქმების სავარაუდო თარიღი ცნობილია - “გაიხსნება ბარები, რესტორნები, კაფეები, ტრანსპორტი, ადამიანები დაუბრუნდებიან სამსახურს”

დიდი რყევები ოპოზიციაში - ვინ დაიშლება და ვინ გაერთიანდება ბლოკებად

რატომაა კორონავირუსის ვაქცინის მიმართ ასეთი უნდობლობა - “ზოგადად ახალ წამალზეც ასეა-ხოლმე”

* * *

შეზღუდვების გაუქმების სავარაუდო თარიღი ცნობილია - “გაიხსნება ბარები, რესტორნები, კაფეები, ტრანსპორტი, ადამიანები დაუბრუნდებიან სამსახურს”

“ვფიქრობ პრემიერს მიზანი და გეგმა უნდა ჰქონდეს, რადგან თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებას ვარაუდობს. ჩემი აზრით კი, დადებითი პროგნოზი უმთავრესად დამოკიდებული იქნება ახალი წლის დღეებზე და შემდეგაც რეგულაციების დაცვაზე”, - ასე ეხმაურება “რეზონანსთან” პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებს, რომელშიც პრემიერი შეზღუდვების შემსუბუქებს თებერვლიდან ელოდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეზღუდვების გაუქმების სავარაუდო თარიღი ცნობილია - “გაიხსნება ბარები, რესტორნები, კაფეები, ტრანსპორტი, ადამიანები დაუბრუნდებიან სამსახურს”.

“ვფიქრობ გეგმა უნდა არსებობდეს და მიზანიც უნდა ჰქონდეს დასახული პრემიერს, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს. უმთავრესად ვფიქრობ დადებითი პროგნოზი დამოკიდებული იქნება სწორედ იმ არსებული რეგულაციების დაცვაზე და განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში, რამდენად დამყოლები იქნებიან ჩვენი მოქალაქეები. უნდა გავიაზროთ, რომ 15 იანვრამდე ეს პერიოდი ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გავიაროთ. არ უნდა იყოს მასობრივი შეკრებები საჯარო თუ კერძო სივრცეში, სწორედ ეს არის კრიტიკული და გადამწყვეტი დღეს. ჩვენ უნდა დავიცვათ დისტანცია, ვატაროთ პირბადე სწორად და ა.შ. მუდმივად უნდა იყოს საუბარი ამაზე, რადგან მოსახლეობამ იცოდეს რამდენად სერიოზული საკითხია ეს. როგორღაც ზაფხულამდე ფრთხილად უნდა მივიდეთ და შემდეგ უკვე იმედი მაქვს ვაქცინაც წამოგვეწევა. იქამდე კი უნდა ვეცდოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა არ დავაქციოთ და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შევუქმნათ. აუცილებელია, რომ ახლა მოვიქცეთ სწორად და ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული თუნდაც თებერვლიდან გვქონდეს დადებითი მაჩვენელი და ეს შევინარჩუნოთ ზაფხულამდე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“მე ვფიქრობ უნდა იყოს შემცირება თებერვლიდან, თუმცა ეს დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენზე უკეთ არავინ იცის ვიცავთ, თუ არა რეგულაციებს. იგივე მაღაზიებში, მაგალითად, ვიცავთ თუ არა ორმეტრიან დისტანციას, ატარებენ თუ არა ადამიანები პირბადეს სწორად. ამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და მოქმედებს საერთო შედეგზე - გაიზრდება თუ შემცირდება. ჩვენმა დაუდევრობამ არ უნდა მიგვიყვანოს ვირუსის ახალ აფეთქებამდე. მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ და დადებითის იმედი მაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზედაპირული განცხადებები, არამედ მუდმივი კომუნიკაცი საზოგადოებასთან. მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციებზე კონტროლი არ შემსუბუქდეს, რადგან ახლა არის ყველაზე რთული პერიოდი. მე იმედი მაქვს, რომ პირველი თებერვლიდან ჩვენ შევძლებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელებას, გაიხსნება ბარები, რესტორნები, კაფეები, ტრანსპორტი, ადამიანები დაუბრუნდებიან სამსახურს და არ იქნებიან იმ თანხას ჩაჭიდებული, რომელსაც მთავრობა აძლევს და რომელიც არაფერში არ ჰყოფნით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვიქცევით ჩვენ უახლოესი 15 დღის განმავლობაში”, - დაასკვნის ზოიძე.

“პრემიერ-მინისტრის თქმით კი, შეზღუდვების რეალური შემსუბუქება შეიძლება პირველი თებერვლიდან იყოს განხილული. “რეალური შემსუბუქება იმისთვის, რომ შედარებითი პროგრესი ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვაში იყოს მდგარდი, შესაძლებელია განხილული იყოს პირველი თებერვლიდან”, - ამბობს პრემიერი გიორგი გახარია უფრო, რომლის აზრით, “ადრე ეს ყველაფერი მაინც რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

დიდი რყევები ოპოზიციაში - ვინ დაიშლება და ვინ გაერთიანდება ბლოკებად

“2020 წლის პოლიტიკური სკანდალები ოპოზიციაში, როგორც ჩანს, 2021 წელს კიდევ უფრო გამწვავდება. ანალიტიკოსები გაზაფხულიდან საკმაოდ სერიოზულ ახალ გადაჯგუფებებს პროგნოზირებენ. მათი თქმით, ყველაზე თვალშისაცემი იქნება მეტნაკლებად რეიტინგული ოპოზიციური პარტიების “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოსგან” გამიჯვნის ტენდენცია, რისი ნიშნებიც უკვე დღეს ჩანს თუნდაც “სტრატეგია აღმაშენებლის”, “ლელოსა” და “მოქალაქეების” განცხადებებში. ასევე ძალიან სიმპტომატური იყო “ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარიას წასვლა, რომელსაც, ანალიტიკოსთა შეფასებით, თავისი პარტიის რეიტინგზე უფრო მაღალი პერსონალური რეიტინგი ჰქონდა, რაც “ევროპელებმა” რატომღაც არ ან ვერ გამოიყენეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი რყევები ოპოზიციაში - ვინ დაიშლება და ვინ გაერთიანდება ბლოკებად.

“ანალიტიკოსთა შეფასებით, 2020 წელს ყველაზე დიდი ჩავარდნა სწორედ „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა და პარტიიდან მისი ყველაზე რეიტინგული ლიდერის წასვლაც ამის ლოგიკური გაგრძელებაა, რადგან ელენე ხოშტარიასთვის „ევროპულ საქართველოს“ სხვა ლიდერების პოლიტიკური წარსული ერთგვარ ბალასტს წარმოადგენდა და პარტიაში დარჩენის შემთხვევაში მას პოლიტიკური მომავალი პრაქტიკულად არ ჰქონდა. რაც შეეხება ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პარტიას - “ნაციონალურ მოძრაობას”, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გრიგოლ ვაშაძის მოულოდნელმა და სკანდალურმა წასვლამ მის პოზიციებსაც სერიოზული ზიანი მიაყენა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს “ნაცმოძრაობაში” შიდა კონფლიქტისა და გარკვეულწილად კრიზისის არსებობაზე მიუთითებს. 2020 წლის სხვა მოვლენებიდან ანალიტიკოსები პოზიტიურად აფასებენ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი აქტიური მოთამაშეების გამოჩენას, რომელთაც ზრდის პერსპექტივა აქვთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ 2021 წლის გაზაფხულისთვის დაიწყება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გამსხვილების პროცესი და ამაში მონაწილეობას მიიღებს “ევროპული საქართველოც”. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა „ევროპული საქართველო“ ბლოკზე, ბაქრაძე პასუხობს - “დაახლოებით”. “ვფიქრობ, გაზაფხულზე გარდაუვლად გველოდება გამსხვილების პროცესები, სადაც მოხდება ახალი სახეების, ახალი პარტიების შერწყმა. ოპოზიციაში მიდის ძალიან სერიოზული გადაჯგუფების პროცესი. ეს ყველაფერი გამოჩნდება და მიმაჩნია, რომ ეს არის კარგი. ვფიქრობთ იმაზეც, რომ უფრო მჭიდრო პარტნიორობა გვქონდეს მთელ რიგ პარტიებთან. იმისთვის, რომ დავამარცხოთ ივანიშვილი, ქართული პოლიტიკა საჭიროებს ცვლილებებს”, - განაცხადა ბაქრაძემ. მისი თქმით, “ევროპული საქართველო” რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მთლიან ოპოზიციურ სპექტრთან თანამშრომლობს, მაგრამ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთანაც პარტია მზადაა უფრო ღრმა თემატურ თანამშრომლობაზე წავიდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ფიქრობს, რომ 2021 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ დაკარგავს “ქართული ოცნების” ერთადერთი და ყველაზე რეალური ალტერნატიული პოლიტიკური ძალის სტატუსს. “ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხს უნდა სიახლეები. ძველ, დიდი ხნის პარტიებს საკმაოდ დაბალი შედეგები აქვთ. პოლიტიკური ძალის დემონსტრირებას დიდი მნიშვნელობა აქვს - ამას მეც, “ლელოც” და სხვა პოლიტიკური ძალები ძალიან კარგად ხვდებიან. ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ რეალური ალტერნატივა “ქართული ოცნების”. “ნაციონალურმა მოძრაობამ”, როგორც ალტერნატივამ, უკვე დრო მოჭამა, სიახლე აქაც საჭიროა და სიახლის როლზე შეგვიძლია ჩვენ ვიმუშაოთ. როგორ ჩანს, “ნაციონალურ მოძრაობაში” არის შიდა ტურბულენციები. მივულოცავ ნიკა მელიას ამ პოზიციაზე არჩევას, რომელიც არის დიდი პასუხისმგებლობა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” თვითონ უნდა გადაწყვიტოს როგორ გააგრძელებს თავის სამომავლო სტრატეგიას. ჩვენ “სტრატეგია აღმაშენებელი” წინასაარჩევნო ბლოკებს და კოალიციებს აღარ ვგეგმავთ “ნაციონალურ მოძრაობასთან, ჩვენ ვიყავით “ძალა ერთობაშია” ერთად, თუმცა ახლა უფრო გვინდა მესამე, მძლავრი ცენტრი შევქმნათ”, - განაცხადა ვაშაძემ, რომლის თქმით, აქ ითანამშრომლებენ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან”, - დასძენს გამოცემა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ არჩვენების შემდეგ ოპოზიციაში დიდი გადაადგილებების დაწყება მოსალოდნელიც იყო და კიდევ უფრო მეტი სიუპრიზი და გადაადგილება 2021 წლის გაზაფხულზეა მოსალოდნელი. მისი აზრით, პოლიტიკოსები საზოგადოებას ახალს არაფერს სთავაზობენ და მუდმივად ერთი და იმავე წრეზე სიარული გვიწევს, ამიტომაც პოლიტიკური მოვლენებიც მეორდება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგ ვნახეთ, რომ პაარტიები დაიშალა, ამიტომაც ახლაც იგივე მოვლენებია მოსალოდნელი, ოღონდ უფრო მეტი სიმწვავით”, - წერს სტატიის ავტორი.

“2016 წელი კიდევ სხვა ვითარება იყო, მაგრამ მოვლენები იგივე იქნება. ვიღაცის პარტიიდან ბევრი წევრი წამოვა, ვიღაცის შესაძლოა საერთოდ დაიშალოს. როგორც ქვეყანაში, ასევეე პარტიებში დემოკრატია არ გვაქვს. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ სივრცეში ასეა - პარტიას ყოველთვის ერთი ან რამდენიმე ლიდერი განაგებს, რომლებიც ტაქტიკურ მოქმედებებს საკუთარი პარტიის წევრებს არ უთანხმებენ. აი, ამან პარლამენტში შესვლა-არშესვლის ამბებისას კი თავი უკვე იჩინა. როგორც ვიცით, ოპოზიციაში ამაზე ერთიანობა არაა და ეს მხოლდო არის დროებით პოზიციონირება, რომელიც ძალიან მალე შეიცვლება. ხელისუფლებაც ამას კარგად მიხვდა და როგორც ვპროგნოზირებდი, მანდატების შეწყვეტის პროცესი თებერვლამდე გადადო. ფაქტობრივად ლიდერები არ იცვლებიან და მუდმივად ერთი და იგივე სახეებს ვუყურებთ. ამიტომ მოსალოდნელია უფრო მეტი გადაადგილებები და პოლიტიკური ახალი დაჯგუფებები. ეს ეიფორია ნელ-ნელა გაივლის და ოპოზიცია მიხვდება, რომ ტაქტიკურ მოქმედებებში ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ძაბირაძე აქვე აღნიშნავს, რომ “ევროპულმა საქართველომ” წინასაარჩეევნოდ ბევრი შეცდომა დაუშვა. ასევე საბედისწერო შეცდომას უშვებს, როდესაც ის პარლამენტში არ შედის და “ნაციონალებს” ეხმარება. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ელენე ხოშტარიას ფიგურა და მისი რეიტინგი “ევროპელებმა” სათანადოდ ვერ გამოიყენეს და იმის ნაცვლად, რომ წინასაარჩევნო ბილბორდებზე მისი ფოტო გამოეტანათ, იმ სამეული ლიდერის პორტრეტები იყო, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში აგრესია დიდია”, განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული ფიგურა ელენე ხოშტარია იყო. ამიტომ ყველა ექსპერტი აღიარებდა, რომ თბილისში ოპოზიციას ყველაზე ძლიერი ორი კანდიდატი - ნიკა მელია და ელენე ხოშტარია ჰყავდა. როდესაც ასეთი რეიტინგული ფიგურა გყავს და საარჩევნო ბანერზე ის ტრიო გყავს წარმოდგენილი, რომელიც საზოგადიებაში ნაკლებ რეიტინგულია, პიარის თვალსაზრისით შეცდომაა. ველოდები, რომ ხოშტარია ისეთ პარტიას შექმნის, რომ “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი წევრი გახდება და საზოგადოებაში კარგი მხადაჭერა ექნება. რეალობა ისე მიდის, რომ შუა ოპოზიცია პარლამენტში არშესვლით ელექტორატს დაკარგავს. ამიტომ ამ მიმართულებით ყველაზე მძიმე დარტყმას “ევროპელები” მიიღებენ. დანარჩენმა ოპოზიციამ თუ რაღაც არაორდინალურ გადაწყვეტილებებზე არ იფიქრა, იგივე პრობლემები ექნება. 2024 წლამდე შეიძლება საერთოდ ვერ მიაღწიონ. რეალობა არის ასეთი და თუ პოლიტიკაში ხარ, ამას რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ პარლამენტში არშესვლით თვითგანადგურების გზას ადგახარ. ასევე ხელიდან ეცლებათ იმის შანსი, რომ მესამე ალტერნატიული პოლიტიკური ძალა შექმნან. არ ვიცი გიორგი ვაშაძე რას მიხვდა, მაგრამ ფაქტია, რომ ქუჩაში დარჩენის შემთხვევაში “ნაციონალების” გარდა ვერავინ ვერ გადარჩება. თუმცა შიდა დაპირისპირებები აქაც გაღრმავდება”, - დაასკვნის ძაბირაძე.

“ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ოპოზიციაში დუღილის პროცესი დაიწყო და ეს ლოგიკურად მოსალოდნელიც იყო - როგორც იქნა პატარა პარტიები და მათი ლიდერები მიხვდნენ, რომ “ნაციოანლების” გამო ჩიხში მოქცნენ და სასწრაფოდ გამოსავალია საპოვნელი. საყვარელიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა “ევროპელები” კიდევ სხვებმაც დატოვონ, რადგანაც ხოშტარიას პარტიიდან წამოსვლა ასე მარტივად გადასატანი არ იქნება. მისი აზრით, ყველა თავმოყვარე პოლიტიკოსი ხვდება, რომ ბოკერიას, უგულავას და ბაქრაძის გვერდით ყოფნა მათ პოლიტიკურ მომავალს გაანადგურებს. ამიტომაც პარტიაზე უფრო რეიტინგულმა ხოშტარიამ სრულიად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მსგავს გადაწყვეტილებებს სხვა პარტიებშიც მოსალოდნელია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ძალიან საინტერესო პროცესების მხილველები ვიქნებით გაზაფხულზე. როგორც იქნა პატარა პარტიები და მათი ლიდერები მიხვდნენ, რომ არასწორი ტაქტიკის და მანევრის შედეგად ჩიხში შევიდნენ. ხედავენ, რომ სხვის თამაშს თამაშობენ და ცოტა გონს მოსვლაც დაიწყეს. დიდი ალბათობით “ევროპელების” დაშლა დაიწყება. ეს მხოლოდ ხოშტარიას წასვლით არ დასრულდება. ეს არის რეპუტაციული და პოლიტიკური კრახი, როცა ამხელა რეიტინგის მქონე პოლიტიკოსი პარტიას ტოვებს. ამიტომ ამ პარტიაზე დარტყმების სერიები შეიძლება გაგრძელდეს. მისი ელექტორატი, დიდი ლაბათობით, “ნაციონალებისკენ” და “სტრატეგია აღმაშენებლისკენ” გაიქცევა. რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, რა თქმა უნდა, ეს ერთი თვე იქნება ძალიან კარგი შანსი იმისთვის, რომ პარტიების ლდერები დაფიქრდნენ, რომ ქუჩაში გადარჩენის შანსი არ აქვთ და 2024 წელს როგორც პარტიები განადგურდებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

რატომაა კორონავირუსის ვაქცინის მიმართ ასეთი უნდობლობა - “ზოგადად ახალ წამალზეც ასეა-ხოლმე”

“ეს ყველაფერი დროის ფაქტორმაც გამოიწვია. ანტივირუსული ვაქცინის შექმნა ძალიან სწრაფად მოხდა და დრო არის იმისათვის საჭირო, რომ ხალხმა დაიჯეროს, რომ იგი რეალურად მუშაობს”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით უნდობლობის ხარისხი მაღალია და საქართველოც ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში. სათაურით რატომაა კორონავირუსის ვაქცინის მიმართ ასეთი უნდობლობა - “ზოგადად ახალ წამალზეც ასეა-ხოლმე”.

“თამარ გაბუნიას განცხადებით, წინასწარი შედეგით, მოსახლეობის 50% ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინაციით დაინტერესდებოდა, რაც მისი თქმით, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. როგორც ხმალაძე ამბობს, ვაქცინის მიმართ უნდობლობის მაღალი მაჩვენებელი, პრეპარატის სწრაფად შემუშავებამ და გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციებმა გამოიწვია. “მისი შემუშავება იმდენად სწრაფად მოხდა, რომ არაა გასაკვირი, რომ ყოველთვის ადამიანს ახალხე ნდობის ფაქტორი დაბალი აქვს. აქ მარტო ვაქცინაზე არაა საუბარი, ზოგადად ახალ წამალზეც ასეა-ხოლმე. მერე ნუ გვავიწყდება, რომ ვაქცინებს გართულებები აქვს. იყო რაღაც გართულებების შემთხვევები და რა თქმა უნდა, ამის შესახებ ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება. ვაქცინამ 100 ათასს კაცს რომ უშველოს და გართულებები ერთს ჰქონდეს, ხალხი მაინც ამას აქცევს ყურადღებას და ნდობის ფაქტორიც გარკვეულწილად მცირდება. მხოლოდ და მხოლოდ ამიტომაა ნდობის ასეთი ფაქტორი. ასევე ჯერჯერობით ბოლომდე კარგად აპრობირებული არაა”, - განაცხადა ხმალაძემ, რომლის განმარტებით, “ეს ყველაფერი დროის ფაქტორმაც გამოიწვია. ანტივირუსული ვაქცინის შექმნა ძალიან სწრაფად მოხდა და დრო არის იმისათვის საჭირო, რომ ხალხმა დაიჯეროს, რომ იგი რეალურად მუშაობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩემთან პაციენტი რომ მოდის, მან არ იცის ჯერ რა ვაქცინაა, საიდანაა და რა იქნება, სანამ ვაქცინა არ შემოვა, მათ უბრალოდ ყურმოკრულ ჭორებს აყოლილი ინფორმაცია ექნებათ. ზოგი რაღაცას ინტერნეტში ეძებს, ინტერნეტში კი იმდენი სისულელე წერია, ზოგჯერ გული მისკდება ხოლმე, ამიტომაც ყველას ვთხოვ, რომ ამისთანა რაღაც გამოხტომებს არ დაუჯერონ. ზოგადად, რაც არ უნდა ცუდი მთავრობა იყოს, იმას არ გააკეთებს, რომ თავის ქვეყანაში ისეთი ვაქცინა შემოიტანოს, რომელიც კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის. ამიტომ ჩვენ ამ ვაქცინის შემოტანას იმ დროს ვაპირებთ, როდესაც უკვე საკმაოდ გამოცდილი და აპრობირებული იქნება, ახლა ადამიანებს ნდობა აქვს თუ არა, სიმართლე გითხრათ, ამას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ის ფირმა, რომელთანაც ჩვენს მთავრობას კონტრაქტი აქვს დადებული და უკვე თანხა გადახდილიცაა, ძალიან სერიოზული ორგანიზაციაა და სისულელის წარმოებას არ დაიწყებს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ის რომ პოლიტიკური ლიდერი, ცნობილი ექიმი აკეთებს ვაქცინას საჯაროდ, როგორც ევროპის და ამერიკის ბევრ ქვეყანაში, ესეც გარკვეულწილად ნდობის ფაქტორია. თუ ეს ოდნავ სარისკოა, არც ექიმი და არც სხვა არ მოისურვებდა ამას. ჩვენ გავითვალისწინებთ იმ პრაქტიკას, რაც სხვაგან არსებობს”, - ამბობს თამარ გაბუნია, რაზედაც ხმალაძემ განაცხადა, რომ ამგვარ ქმედებას მიესალმება. “ეს ცნობილი პიარ კამპანიაა. თუ ვაქცინა რეალური იქნება და იგივე ვაქცინა ხალხს უნდა მოხმარდეს, რომელსაც ცნობილი პირები გაიკეთებენ, ეს ძალიან კარგია და მე მივესალმები ამგვარ ქმედებებს”, - ამბობს ხმალაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს