თეა ახვლედიანი - მზად ვართ, აფხაზ და ოს საზოგადოებასთან არაფორმალური მოლაპარაკებები გავაფართოოთ

თეა ახვლედიანი - მზად ვართ, აფხაზ და ოს საზოგადოებასთან არაფორმალური მოლაპარაკებები გავაფართოოთ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, მისი უწყება მზადაა აფხაზ და ოს საზოგადოებასთან არაფორმალური მოლაპარაკებები გააფართოოს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში ძირითადად აფხაზი საზოგადოების მხრიდან დიალოგის მზაობაზე განცხადებებსა და მოსაზრებებს ისმენს. მინისტრის თქმით, აუცილებელია საერთო ინტერესის თემებზე დიალოგის წარმოება და კონკრეტული შედეგის მიღება.

„ჩვენი საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში ისმენს განცხადებებს, მოსაზრებებს ძირითადად აფხაზი საზოგადოების მხრიდან დიალოგის მზაობაზე. ჩვენ არასდროს შეგვიწყვიტავს დიალოგი - აფხაზ და ოს საზოგადოებასთან და რა თქმა უნდა, მზად ვართ, ეს პლატფორმა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაფართოოთ. განსაკუთრებით ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების თემებზე, რომ საერთო ინტერესის თემებზე დიალოგის წარმოება და კონკრეტული მიღწევები შევძლოთ. პირველ რიგში, ამ ეტაპზე როდესაც ვსაუბრობთ, აფხაზ და ოს საზოგადოებასთან არაფორმალურ დიალოგზე, ჩვენ არ ვგულისხმობთ კონკრეტულ ფორმატს. მეორე, აღსანიშნავია, რომ არსებული ოფიციალური ფორმატები მიმდინარეობს და ესენია: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები. ამ ორი ფორმატის მიღმა ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, აფხაზ და ოს საზოგადოებასთან არაფორმალური მოლაპარაკებები გავაფართოვოთ”, - განაცხადა ახვლედიანმა.