ქართული პრესის მიმოხილვა 04.01.2021

სანდრო თვალჭრელიძე - “თუ ასე გაგრძელდა, გვეყოლება ერთპარტიული პარლამენტი და ამით დასრულდება ყველაფერი”

პანდემიის დასრულების ბოლო პროგნოზი: “კორონავირუსის ცირკულაცია სულ მცირე კიდევ წელიწად-ნახევარი გაგრძელდება”

ლადო ბოჟაძე - “ნაციონალური მოძრაობის” ამოცანა ის არის, რომ მხოლოდ “ნაციონალებმა” შეძლონ 2024 წელს პარლამენტში შესვლა”

მამუკა ხაზარაძე - “ოპოზიციასთან შეუთანხმებლად “ლელო” პარლამენტში არ შევა”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “თუ ასე გაგრძელდა, გვეყოლება ერთპარტიული პარლამენტი და ამით დასრულდება ყველაფერი”

“როგორც კი პანდემიის შიში ოდნავ გაფერმკრთალდა, ისევ დაიწყო არნახული სისასტიკით დაპირისპირება, საბოლოოდ წელი დავასრულეთ ისეთი დაპირისპირებით, რომ ხალხი ერთმანეთს არ ელაპარაკება. ამაზე დამთრგუნავი რა უნდა იყოს, როდესაც ერთი ქართველი მეორე ქართველთან ლაპარაკს ამერიკელი და გერმანელი შუამავლების დახმარებით თუ ახერხებს... ჩვენ გვირჩევნია ერთმანეთი გვძულდეს, ვიდრე ერთმანეთს იოტისოდენა რამ დავუთმოთ. ოფიციალური პირები მაინც ცდილობენ, ლექსიკა მეტ-ნაკლებად გააკონტროლონ - მთლად ლანძღვა-გინებაზე არ გადადიან, თუმცა ყველაფერი მაინც სიძულვილით არის გაჟღენთილი. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება” - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვირუსიდან კრიზისამდე ანუ როგორი იქნება 2021 წელი?! / “თუ ასე გაგრძელდა, გვეყოლება ერთპარტიული პარლამენტი და ამით დასრულდება ყველაფერი. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ არჩევანი გვაქვს არა ორ კარგ, არამედ ცუდსა და უარეს ვარიანტებს შორის. ასეთ დღეში ჩაგვყარეს პოლიტიკოსებმა ყველამ ერთად - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც.

“ეს უბედურება მოდის რამდენიმე გარემოებიდან. პირველი არის ის, რომ უმრავლესობას ჩვენში პირველკაცობა უნდა. გასულ წელს არჩევნებში 60 პარტია იღებდა მონაწილეობას. ეს ხომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!.. აშშ-ში ორი პარტიაა, სამი თუ ოთხი - გერმანიაში და რა გახდა ეს პატარა საქართველო, რომ ამდენი პარტია გვაქვს?! წესით, პოლიტიკაში ხალხი იბრძვის იდეებისთვის, პარტიებს შორის არის იდეოლოგიური განსხვავება, აქ კი პარტიები იქმნება მხოლოდ ლიდერების გარშემო, მხოლოდ პირველკაცობის სურვილით. ამის ყველაზე კარგი მაგალითია მეორე “გირჩის” შექმნა. ამაზე ტრაგიკომიკური სიტუაცია არ არსებობს! ნორმალურ ქვეყნებში თუ პარტიიდან მიდის ვინმე, როგორც წესი, პოლიტიკიდანაც მიდის, იწყებს სხვა საქმიანობას ან ძირითად პროფესიას უბრუნდება, აქ კი ხალხი პარტიიდან პარტიაში დამოგზაურობს, ისე, რომ არანაირი იდეა არ აქვთ. თუ მოუსმენთ, ნახავთ, რომ გარდა ძალიან ზედაპირული დისკურსისა, სიღრმე არც ერთს არ აქვს, არც ერთი არ ეხება მსოფლმხედველობრივ ფასეულობებს, არც ერთი არ ლაპარაკობს იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ერი იმ უზარმაზარი გამოწვევის ფონზე, რასაც ჰქვია გლობალიზაცია, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა და ა.შ.” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში და როცა მოდიან, მერე მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, ეს რაც შეიძლება დიდხანს როგორ შეინარჩუნონ... მეტი არაფერი აინტერესებთ. ჩვენი პოლიტიკოსების საჯარო გამოსვლები დაკავშირებულია მხოლოდ მეტოქის ლანძღვა-გინებასთან. იმას კი არ ამბობენ, რომ თვითონ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, რადგან კარგი იდეები და შესაძლებლობები აქვთ ქვეყნის წინ წასაყვანად, იმას გაიძახიან, რომ სხვა ცუდია, თვითონ კი კარგები არიან... ისინი შავ-თეთრ ინფანტილურ სამყაროს ქმნიან, არადა, შავ-თეთრი არის ზღაპრების მითოლოგია, რომელსაც ბავშვებს უყვებიან. ამიტომ ასეთი პოლიტიკა არის ინფანტილური პოლიტიკა. გარდა ამისა, ჩვენს პოლიტიკოსებს ახასიათებთ გაუმართლებელი სიჯიუტე, დათმობის უნარის არქონა. ისინი მცირე დათმობას და უკან დახევას, როგორც მარცხს, ისე აღიქვამენ. არ შეუძლიათ, შეცდომა აღიარონ და ბოდიში მოიხადონ. თან ამ ბრძოლაში ყველაფერი მისაღებია - ტყუილიც, გაყალბებაც, ქვის სროლაც... თურმე აშშ-ის ელჩი არის რუსეთის აგენტი, რადგან ის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს. თურმე ყოფილან აშშ-ის კარგი და ცუდი ელჩები... იმას არ ფიქრობენ, რომ ელჩი აშშ-ის ინტერესებს გამოხატავს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვერ ააგორეს მეორე “ვარდების რევოლუცია”, რადგან 2003 წელს სულ სხვა ვითარება იყო, მათ შორის - გეოპოლიტიკურიც. ახლა არავინ დაუჭერს მხარს აქ არეულობას. ოპოზიციის ეს რევოლუციური გათვლები იყო აბსოლუტურად არასწორი და რეალობას მოწყვეტილი. თუ ასე გაგრძელდა, გვეყოლება ერთპარტიული პარლამენტი და ამით დასრულდება ყველაფერი. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ არჩევანი გვაქვს არა ორ კარგ, არამედ ცუდსა და უარეს ვარიანტებს შორის. ასეთ დღეში ჩაგვყარეს პოლიტიკოსებმა ყველამ ერთად - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც... ვფიქრობ, ოპოზიციიდან ვიღაც-ვიღაცები, ალბათ, შევლენ პარლამენტში. ფართო შეთანხმების იმედი არ მაქვს. “ქართული ოცნება” ვადამდელ არჩევნებს რომ არ ჩაატარებს, აშკარაა. ვერავინ დაარწმუნა ოპოზიციამ, რომ არჩევნები მართლაც გაყალბდა, თუმცა ოპოზიციის უმრავლესობა ვადამდელი არჩევნების გარდა სხვა სცენარს არ განიხილავს. ნახეთ, რა ხდება? როდესაც ყველა ერთად გაიძახოდა, გაყალბებულია არჩევნებიო, ერთმანეთი ძალიან მოსწონდათ, მაგრამ აგერ, ალეკო ელისაშვილმა თქვა, “სამართლიანი არჩევნების” მიერ პარალელური დათვლისას დაშვებული შეცდომა სიტუაციას ცვლისო და ოპოზიციის ნაწილისთვის ის უცებ გახდა ივანიშვილის ფინია”, - ამბობს ექსპერტი.

“რა სიტყვებით არ მოიხსენიებენ მას ძველი თანამებრძოლები! ისევ ის დაწყევლილი მიდგომა მუშაობს - “ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია...” რა გამოდის? ეს დასავლურად მოაზროვნე “ევროპული საქართველოც” კი ნეობოლშევიკური მენტალიტეტის ყოფილა, სხვებზე აღარაფერს ვამბობ!.. როგორც ჩანს, პოლიტიკოსების ეს თაობა უნდა დაბერდეს და წავიდეს პოლიტიკური არენიდან, რამე რომ გვეშველოს. დრო უნდა გავიდეს, ეტყობა, რომ დედის რძესთან ერთად მივიღოთ თავისუფლების გაკვეთილები, სხვანაირად არ გამოდის... ვფიქრობ, ოპოზიციის გათვლები არასწორია. მათ რევოლუციის იმედი არჩევნების მერეც ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. იმის მთავარი მიზეზი, რომ სოციალური მღელვარება მასშტაბური არ იქნება, მგონია ის, რომ ძალიან ღატაკი ქვეყანა კი გვაქვს, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ შიმშილობს. მაგალითად, სოფელში ხალხს ფული არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, იმდენის მოყვანას ახერხებენ, რომ წლიდან წლამდე თავი გაიტანონ. ჩვენი მოსახლეობის 58% დაკავშირებულია სოფელთან და ვხედავთ, რომ ბოლო წლებში სოფლის მეურნეობამ მკვეთრად წაიწია წინ. უნდა ვაღიაროთ, ამ მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა სოფლისთვის. მოკლედ, ეს ხალხი ქუჩაში ნამდვილად არ გავა”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.

“გაცილებით სახიფათო არიან ის დეკლასირებული ელემენტები, რომლებიც სოფლიდან წამოვიდნენ, მაგრამ ბოლომდე ქალაქშიც ვერ ჩამოვიდნენ, ერთი სიტყვით, თავიანთი ადგილი ვერსად იპოვეს. ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი სწორედ მათ შორისაა. უმუშევართა რაოდენობა ბოლო წლებში 13-14% იყო. სავარაუდოდ, 17%-მდე ან ცოტა მეტადაც გაიზრდება, მაგრამ ასეთი ვითარება გვქონდა 2008-2009 წლებშიც, უფრო მძიმეც და გადავლახეთ. საპროტესტო აქციები, ალბათ, იქნება, მაგრამ იქ ისეთი კრიტიკული მასა ვერ შეგროვდება, რომელიც რევოლუციას სჭირდება. ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკოსები მთლიანად მოწყვეტილები არიან რეალობას. ისინი საკუთარ წვენში იხარშებიან და ხედავენ მხოლოდ თავიანთ თანამოაზრეებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ, ზოგადად, საზოგადოება რას ფიქრობს. შესაბამისად, მათი მოლოდინი მცდარია. ვფიქრობ, თუ ოპოზიცია ქუჩაში დარჩა, მუდმივად იქნება რყევებისა და არეულობის მცდელობა, მაგრამ იმედი მაქვს, ეს არ იქნება ძალადობრივი... ძალიან ცუდი იქნება, თუ ერთპარტიული პარლამენტი შეგვრჩა, მაგრამ ვნახოთ... უკეთესის იმედი დავიტოვოთ”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მას მერე, რაც გრიგოლ ვაშაძემ დატოვა “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელის პოსტი, პარტიამ ამ თანამდებობაზე ნიკა მელია აირჩია...” - პასუხობს:

“ნაციონალურ მოძრაობაში” არის ძალიან გამჭრიახი და მოაზროვნე ხალხი - მორალზე არ ვლაპარაკობ - მაგრამ აირჩიეს სააკაშვილის მქრქალი პორტრეტი, რევოლუციური მუხტის პატრონი, თუმცა ნაკლებად ჭკვიანი და ნიჭიერი. მიხეილ სააკაშვილს აქვს პოლიტიკური მანევრირების საოცარი უნარი და ძალიან კარგი პოლიტიკური ალღო, რასაც მელია სრულიად მოკლებულია. მას შეუძლია მხოლოდ იძახოს, წინ, ბარიკადებზეო! ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ლიდერი მხოლოდ უკან დასწევდა პარტიას. არ მგონია, რამე არსებითად შეიცვალოს “ნაციონალურ მოძრაობაში”. მელიას არჩევა ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ გამოსწორდება - იქნება კვლავაც უკიდურესად რადიკალური და რევოლუციურ სცენარზე აწყობილი, რაც საბოლოოდ მას დაასამარებს. ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძის წასვლა და პარტიასთან დაკავშირებით მისი მოსაზრებები სწორი იყო”.

“იქნებ პანდემიას მოვერიოთ და ცოტა ამოქმედდეს ეკონომიკა. ეს უფრო აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას, ვიდრე პოლიტიკური თამაშები. ადამიანებს უნდათ მშვიდ და ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. ჩემი სურვილია, ჩვენს ცხოვრებაში ნაკლები პოლიტიკა, მეტი სიხარული და ერთმანეთის გვერდში ამოდგომა იყოს. მინდა, 2021 წელს დაიწყოს ეკონომიკური აღორძინება... მჯერა, რომ საქართველო არის თანამედროვე რელსებზე შემდგარი, მობილური ქვეყანა და თუკი ოდნავ მაინც ეს გარე პანდემიური მუხრუჭები მოგვშორდება, ის შეძლებს განვითარებას. ჩემი აზრით, მსოფლიოს ამ რეცესიიდან გამოსასვლელად სულ ცოტა, სამი წელიწადი დასჭირდება, ჩვენს კი ამ ვითარებას შეგვიძლია წელიწადნახევარში დავაღწიოთ თავი, ოღონდ ამას სჭირდება ძალიან კარგი მენეჯმენტი. ბოლოს და ბოლოს, უნდა მიხვდეს ჩვენი მთავრობა, რომ არ შეიძლება მხოლოდ ტურიზმზე ფსონის დადება. საყოფაცხოვრებო პროდუქციის 80% შინ უნდა იწარმოებოდეს. ამის გაკეთება რომ შეგვიძლია, ეს პირბადეების წარმოებამაც გვაჩვენა. მოკლედ, გვჭირდება კარგი მართვა და გაბედული ნაბიჯებით სიარული...” - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

პანდემიის დასრულების ბოლო პროგნოზი: “კორონავირუსის ცირკულაცია სულ მცირე კიდევ წელიწად-ნახევარი გაგრძელდება”

“დღეს საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ამ დრომდე შემთხვევების საერთო რაოდენობა 229 169-ს აღწევს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 469 პაციენტი. განკურნებულთა საერთო რაოდენობა 220 442 გახდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 2 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 868 კვლევა ანტიგენის ტესტით და 927 PCR ტესტით. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაცილებით აჭარბებს ახალი ინფიცირებულების რაოდენობას, რაც პოზიტიურ მოლოდინს ქმნის. მისივე თქმით, შესაძლებელია, ეს ტენდენცია დღესასწაულების გამო ტესტირების შემცირებული რაოდენობით იყოს გამოწვეული”, - წერს გაზეთ “რეზონანსის” ონლაინ გამოცემა სტატიაში, სათაურით პანდემიის დასრულების ბოლო პროგნოზი: “კორონავირუსის ცირკულაცია სულ მცირე კიდევ წელიწად-ნახევარი გაგრძელდება”.

“გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაცილებით აჭარბებს ახალ შემთხვევებს და ეს კარგია. გარდა ამისა, კლინიკაში ავადმყოფების რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია და ეს ძალიან კარგია. ვნახოთ, დღესასწაულების შემდეგ რა იქნება. შეიძლება ესეც იყოს გარკვეული ფაქტორი, ბევრი არ იტესტებოდეს, მაგრამ კლება მაინც გვაქვს. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 124 პაციენტი, ახალი შემთხვევა გვაქვს - 37. კლინიკიდან გაეწერა 13 გამოჯანმრთელებული პაციენტი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა გარდაცვალების ორი გარდაცვალება - 60 და 79 წლის მამაკაცები გარდაიცვალნენ გუშინ. მათი მდგომარეობა ფასდებოდა როგორც მძიმე, კრიტიკული, ისინი იმყოფებოდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში”, - თქვა გია კიკაბიძემ. “ეს პანდემია არ დამთავრდება ასე მალე. დარწმუნებული ვარ ვაქცინაცია დიდ გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, მაგრამ თვითონ ახალი კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, კორონავირუსი იქამდე იარსებებს, სანამ მისი ბიოლოგიური ციკლი არ დასრულდება და არ შეიქმნება გაჯერებული იმუნური ფენა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს ვირუსი ჯერ კიდევ ბევრ რამეს გვასწავლის, საჭიროა ამ 1 წლის გამოცდილების კარგი ანალიზი, რომ ჩვენ უფრო მომზადებული შევხვდეთ 2021 და 2022 წლებს. ეს პანდემია არ დამთავრდება ასე მალე. დარწმუნებული ვარ ვაქცინაცია დიდ გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, მაგრამ თვითონ ახალი კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება, სანამ მისი ბიოლოგიური ციკლი არ დასრულდება და არ შეიქმნება გაჯერებული იმუნური ფენა... მძიმე წელი იყო 2020 წელი მთლიანად მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, პანდემიები საუკუნეში ხდება ერთხელ, ორჯერ, მაგრამ განსაკუთრებული პანდემია იშვიათია. ზუსტად 100 წლის თავზე ძალიან დიდი პანდემიისა, რომელიც ისპანკას სახელწოდებით არის ცნობილი მას შემდეგ ამ მასშტაბის და სიდიდის პანდემია მსოფლიოში არ ყოფილა. ამ გამოწვევამ შეაზანზარა მთელი მსოფლიო, არამარტო ჯანდაცვის, არამედ ყველა მიმართულებით”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. როგორც ის განმარტავს, მსოფლიო 2021 წელს კორონავირუსის სახარბიელო მაჩვენებლით არ ხვდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“2021 წელში შევდივართ არცთუ ძალიან სახარბიელო მაჩვენებლით. პანდემია კვლავ გრძელდება. ამ 1 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, არ შეიქმნა ეტიოტროპული წამალი რომელიც ამ ვირუსზე იმოქმედებს”, - აცხადებს გამყრელიძე. ამასთან, გამყრელიძის თქმით, კორონავირუსმა ასწავლა მსოფლიოს, რომ 21-ე საუკუნეში მთავარი გამოწვევა სხვადასხვა მუტაციებით გამოწვეული ვირუსული და ახლად წარმოშობილი ინფექციური დაავადებები იქნება. “ამ ვირუსმა ასწავლა კაცობრიობას, რომ თურმე, 21-ე საუკუნეში მთავარი გამოწვევები იქნება სწორედ სხვადასხვა მუტაციებით გამოწვეული ვირუსული და ახლად წარმოშობილი ინფექციური დაავადებები, რომლებიც ძირითადად რესპირაციული სინდრომით მიმდინარეობს. ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება, მეორე მთავარ გამოწვევასთან რომელიც გახლავთ ანტიმიკრობული რეზისტენტობა. ეს ყველაფერი არაპროგნოზირებადია. ჩვენ არ ვიცით როდის რა ახალი ინფექცია ან მუტანტი გაჩნდება”,-ამბობს გამყრელიძე. მისივე თქმით, უნდა ვეცადოთ რომ მომავალ წელს სულ მინიმუმ დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი მაინც ავცრათ, თუ მეტი არა. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, შერჩეულია პირველ რიგში ვინ უნდა აიცრას”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენ მივიღებთ იმ ვაქცინას, რომელსაც დაამტკიცებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. დარწმუნებული ვარ, ასეთი იქნება 5-6. პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ, რომ გვქონდეს უფრო ადრე იანვარ-თებერვალში, ე.წ. ორმხრივი მოლაპარაკებებით მწარმოებლებთან, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ვაქცინების გარკვეული დოზები. ჩვენთან დაახლოებით საუბარია 200-300 ათას დოზაზე, ვცდილობთ ეს ვაქცინები ჩვენ მივიღოთ იმაზე ადრე ვიდრე “კოვაქს პლატფორმიდან”, - აღნიშნავს გამყრელიძე, რომლის თქმით, “ქვეყანაში არსებობს ვაქცინების დანერგვის გეგმა” და “შერჩეულია პირველ რიგში ვინ უნდა აიცრას”, - წერს სტატიიის ავტორი.

ლადო ბოჟაძე - “ნაციონალური მოძრაობის” ამოცანა ის არის, რომ მხოლოდ “ნაციონალებმა” შეძლონ 2024 წელს პარლამენტში შესვლა”

“წლის მთავარი მოვლენა ის იყო, რომ მოვახერხეთ და 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე შევცვალეთ საარჩევნო სისტემა და კანონმდებლობა, გავაუმჯობესეთ საარჩევნო გარემო, მივიღეთ 1%-იანი ბარიერი, რათა გვქონოდა მრავალპარტიული პარლამენტი, არ დავრჩენილიყავით უკონკურენციო გარემოში და დასრულებულიყო პოლარიზება. ორ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების შემდგომი მოვლენები. არჩევნებზე, რომელიც კონკურენტუნარიანად შეაფასეს ეუთომ, ნატომ და ყველა დასავლელმა პარტნიორმა, ოპოზიცია ჯიუტად ამბობს, რომ გაყალბდა”, - აცხადებს ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ნაციონალები“ და რადიკალური ოპოზიცია არც თავად შედიან პარლამენტში და სხვებსაც აიძულებენ, უარი თქვან” / თუ პროცესები ქუჩაში გადავა, “ნაციონალური მოძრაობა“ წაუგებელ თამაშში აღმოჩნდება. ქუჩაში უდავოდ ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს და რევოლუციური სცენარებით შეეცდება მთავრობის დამხობას.

“ორი მილიონი ამომრჩევლიდან ნახევარმა მილიონმა უარი უთხრა როგორც “ქართულ ოცნებას”, ისე “ნაციონალურ მოძრაობას” და ხმა მისცა სხვა პარტიებს. თუმცა მაინც ვრჩებით ორპოლუსიან გარემოში, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” და რადიკალური ოპოზიცია არც თავად შედიან პარლამენტში და სხვებსაც აიძულებენ უარი თქვან. ხომ არ გამართულა მოსახლეობის საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები მოითხოვდნენ, რომ მათი რჩეულები პარლამენტში არ შევიდნენ, ვერც ოპოზიციის მხარდამჭერ ევროპარლამენტარებსა და სენატორებს დამისახელებთ, რომლებიც ამბობენ, რომ ვინმე პარლამენტში არ უნდა შევიდეს... დაზუსტებით არ ვიცით, რა ბერკეტები აქვთ. თუმცა ვხედავთ, როგორი აქტიურია ნიკა გვარამია, რომელიც ოპოზიციურ ლიდერებს ტელევიზიაში იბარებდა და ხან დედა დააფიცებინა, ხან დაფაზე მოაწერინა ხელი, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ. საინტერესოა, ოპოზიციონერ ლიდერებს “თავისუფალი” მედიის მფლობელთან რა ვალდებულება აქვთ ასეთი, რომ ეახლონ და ხან პირობები დაუდონ, რომ მართლა არ შევლენ პარლამენტში, ხან ბოდიში უხადონ ამა თუ იმ განცხადების გამო. ორი ვარიანტია: ლიდერებს ან სამი ოპოზიციური ტელევიზიის ზეწოლისა და დისკრედიტაციის ეშინიათ, ან ფინანსური ვალდებულება აქვთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო ბოჟაძე.

“ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს აკეთებს, რომ დღევანდელი პოლიტიკური რეალობა რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს. იმიტომ, რომ 2024 წელს არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, საარჩევნო ბარიერიც 5%-იანი იქნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ არჩევნებზე მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა 3%-იანი ბარიერი, თუ 2024 წელს ბარიერი არ დაიწევს, ისევ ორპარტიულ პარლამენტს მივიღებთ. შესაბამისად, ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბარიერის დაწევა. სამწუხაროდ, “ნაციონალების” გარდა, ყველა ოპოზიციური პარტია რომ შეთანხმდეს “ქართულ ოცნებასთან” და შევიდეს პარლამენტში, ბარიერის დაწევა მაინც ვერ მოხერხდება, რადგან ამას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება. “ნაციონალური მოძრაობის” ამოცანაც სწორედ ის არის, რომ არ მოხდეს შეთანხმება “ქართულ ოცნებასა” და დანარჩენ ოპოზიციას შორის, არ მოხერხდეს საარჩევნო ბარიერის დაწევა და მხოლოდ “ნაციონალებმა” შეძლონ 2024 წელს პარლამენტში შესვლა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ნაციონალურ მოძრაობას” ახლა ორი წითელი ხაზი აქვს: პირველი ის, რაც თემურ ალასანიამ ოპოზიციას გუბაზ სანიკიძის პირით შეუთვალა, რომ ამ მთავრობასა და პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა მიენიჭოს; და მეორე - არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და არ დაიწიოს ბარიერი, რათა 2024 წელს ერთმანეთის პირისპირ მხოლოდ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” დარჩნენ... ოპოზიციამ, “ნაციონალებისა” და “ევროპული საქართველოს” გარდა, ყველა შესაძლებლობა, საპარლამენტო ტრიბუნა იქნება თუ დაფინანსება, უნდა გამოიყენოს და ჯიბრზე შევიდეს პარლამენტში. შეიძლება ისინი ისე გაძლიერდნენ, რამე ფორმის ალიანსის შექმნის შემთხვევაში მესამე ძალადაც ჩამოყალიბდნენ. აქ შეიძლება “ლელოც” იყოს, “სტრატეგია აღმაშენებელიც”, “გირჩიც” და ელისაშვილის პარტიაც. მათ ეყოფათ რესურსი, რომ “ქართულ ოცნებასაც” გაუწიონ კონკურენცია და “ნაციონალურ მოძრაობასაც”. ამის შემდეგ კოალიციურ მთავრობაზეც იქნება შესაძლებელი საუბარი. თუ ოპოზიცია ამ სცენარს არ წაჰყვა და სააკაშვილი-გვარამიას სცენარი აირჩიეს, 2024 წლისთვის მათი გვარებიც კი აღარავის ემახსოვრება”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.

“ოპოზიცია არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ არგუმენტად იმ ოქმებს ასახელებდა, რომლებსაც სოციალურ ქსელებში დააფრიალებდნენ. არადა, ამ ოქმებზე მათი კომისიის წევრების ხელმოწერაც არის. ეს ოქმები გადაიხედა, ყველა შეცდომა გასწორდა, ზოგიერთი ოქმი საერთოდ გაბათილდა. ეს თემა დასრულდა. ახლა ჩვენ დალუქული და შენახული გვაქვს 3850 საარჩევნო უბნის დოკუმენტაცია. თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში და შექმნის საგამოძიებო კომისიას, საშუალება ექნება გახსნას ყველა უბანი ცესკოსა და სასამართლოსთან ხვეწნის გარეშე. ყველაფრის გადამოწმება და დათვლა იქნება შესაძლებელი. ესეც გავიარეთ. ოპოზიციის ყველაზე მთავარი არგუმენტი იყო “სამართლიანი არჩევნების” პარალელური დათვლა, რომელმაც 2%-იანი სხვაობა აჩვენა “ქართულ ოცნებასთან” და 1%-იანი სხვაობა “ნაციონალურ მოძრაობასთან”. თქვენ იცით, როგორ გასწორდა ეს პროცესი და როგორ დაემთხვა ეგზიტპოლებისა და ცესკოს შედეგებს. ასეთი რამ იშვიათად ხდება. რა თქმა უნდა, შეიძლება შეცდომა მოხდეს, პროგრამაში შეიყვანო ბათილი ბიულეტენები და ისე დათვალო. ეს არ არის პრობლემა, პრობლემა ის არის, რომ მათ 10 დღეში უკვე იცოდნენ ამ ხარვეზის შესახებ, მაგრამ 19 დეკემბრამდე, ანუ პარლამენტის პირველი შეკრების დღემდე, დამალეს. რატომ? იმიტომ, რომ 10 ან 11 დეკემბერს რომ ეს ეთქვათ, შეიძლება რომელიმე ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესულიყო”, - მიიჩნევს ლადო ბოჟაძე.

“თქვენ გგონიათ, იქ ოპოზიციას მართლა ეგულება გაყალბებული დოკუმენტაცია და შანსს ხელიდან უშვებს? არ შედის იმიტომ, რომ გამოძიების ჩატარების შედეგად თავადვე მოუწევს იმის უარყოფა, რაშიც ამდენ ხანს ხალხს არწმუნებდა, რომ ვითომ არჩევნები გაყალბდა. ასეთია ჩემი ვერსია. “ნაციონალებს” 3 თუ 4 დეპუტატი ჰყავდათ პარლამენტში და მაინც ნახევარი მილიონი ხმა აიღეს. 21 დეპუტატი ჰყავდა “ევროპულ საქართველოს”, მაგრამ მხოლოდ 72 ათასი ხმა აიღო. ესე იგი, “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლისთვის მნიშვნელობა არა აქვს, პარლამენტში რამდენი დეპუტატი შევა, მათთვის მთავარია სააკაშვილისა და “ქართული ოცნების” მტრობა. თუ პროცესები ქუჩაში გადავა, “ნაციონალური მოძრაობა” წაუგებელ თამაშში აღმოჩნდება. ქუჩაში უდავოდ ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს და რევოლუციური სცენარებით შეეცდება მთავრობის დამხობას. თუ ასე ვერაფერს გახდება, იმას მაინც შეძლებს, რომ 2024 წლამდე პარტია და ამომრჩეველი შეინარჩუნოს. 2024 წლისთვის კი პარლამენტში მხოლოდ “ნაციონალები” იქნებიან ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები”, - დასძენს ბოჟაძე.

მამუკა ხაზარაძე - “ოპოზიციასთან შეუთანხმებლად “ლელო” პარლამენტში არ შევა”

“განვლილი ურთულესი წლის მიუხედავად, იმედიანად და ხალისიანად გილოცავთ შობა ახალ-წელს. თითოეული თქვენგანისთვის ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს 2021 წელი. სიხარული, ბედნიერება და წარმატება დაგბედებოდეთ. მომავალი წელი ნამდვილად იქნება სირთულეებთან დაკავშირებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ პრობლემებზე გამარჯვებისა და წინსვლის ეტაპად ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში~, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკახაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორ გაიცნო მამუკა ხაზარაძემ მომავალი მეუღლე და აინტერესებთ თუ არა მის შვილებს პოლიტიკა / “პოლიტიკური კრიზისი ახალი არჩევნების დანიშვნით დასრულდება”.

“ოჯახი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ აქ ვიღებ ენერგიას, სიყვარულს, სითბოს. ირინას ისე კარგად ესმის ჩემი, ხასიათითაც ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, რომ კამათიც არასდროს მოგვსვლია. მძიმე 90-იან წლებში დავქორწინდით. ისეთი პერიოდიც გვქონდა, რომ შინ არც შუქი იყო, არც გათბობა, არც საჭმელი, მაგრამ ვიცოდი, სახლში იყო ქალი, რომელიც ლომივით იცავდა შვილებს. სწორედ ამის განცდამ მომცა საშუალება ბოლომდე დავხარჯულიყავი საქმეში და წარმატებისთვის მიმეღწია. კლასელები ვიყავით. მეხუთე კლასიდან გადმოიყვანეს ჩვენთან - როგორც კი საკლასო ოთახში შემოვიდა და დავინახე, იმ წუთიდან შემიყვარდა... როგორც კი პირველი გასამრჯელო ავიღე და ვიფიქრე, რომ მეუღლისთვის რაღაცის ყიდვა შემეძლო, მაშინვე ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. მაშინ 23 წლის ვიყავი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამყკა ხაზარაძე.

“პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი რომ დავამთავრე, ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში გამანაწილეს, დისერტაციაზე უნდა მემუშავა, მაგრამ გამოვიქეცი - არაფრის მომტან ნახაზებზე მამუშავებდნენ, რაც არც პროგრესთან იყო დაკავშირებული და არც საინტერესო იყო. ხელფასიც იმაზე ნაკლები მქონდა, ვიდრე სტუდენტობისას სტიპენდია. ამ ყველა სიკეთესთან ერთად თავისუფალი დრო არ მრჩებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე მიმეტოვებინა და ის საქმე მეკეთებინა, რაც მომეწონებოდა. ასე მოხდა. ბანკიც დავარეგისტრირე და სხვა ბიზნესებიც შევქმენი: მინისა და მინერალური წყლების კომპანია, სუპერმარკეტების ქსელი “ბაბილონი”, “ბატა”... რაღაცას ჩვენით შევეშვით, რაღაც არ გამოგვივიდა, რაღაც დღემდე მოვიტანეთ, რაღაც მოგვიანებით შევქმენით. უკვე 30 წელია სხვადასხვა ინდუსტრიას ვქმნით, სამედიცინო სფეროთი დაწყებული, განათლებით და მშენებლობით გაგრძელებული. ყველაზე ნაკლებად ბანკირი ვიყავი, მაგრამ პროპაგანდის წყალობით მევახშედ მომნათლეს. ბანკში იშვიათად ვიჯექი, უფრო მეტად “ბორჯომზე”, “ლისზე”, ამერიკულ აკადემიაზე ვიყავი გადართული, ანაკლიის პროექტის განხორციელება ყველაზე მეტად მსურდა, მაგრამ არ მაცალეს. ამ ამბავში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბანკის დისკრედიტაციას ეწევიან, არადა, ამ ინსტიტუციაზე დგას მთელი ქვეყანა...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ყოველთვის გვიჭირდა, სხვათა შორის, არა მარტო ხელისუფლების გამო. 90-იან წლებში კრიმინალთანაც პრობლემა გვქონდა. როგორც ხელისუფლება, ისინიც “კრიშას” გვთავაზობდნენ. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ხარკი არავის გადავუხადეთ. თეთრ ბიზნესს ვაკეთებდით და საერთაშორისო ინსტიტუციების იმედად ვიყავით. “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებებმა ზღვარი იცოდნენ, ნაბან წყალს ბავშვს არ აყოლებდნენ. ამ ხელისუფლებამ კი რა ქნა? ყველაზე წარმატებული ინსტიტუციის შემქმნელები ფულის გათეთრებაში დაგვადანაშაულეს, საერთაშორისო მასშტაბით სცადეს ჩვენი იმიჯის შელახვა. ფული დახარჯეს ისეთ პროპაგანდაზე, რომელიც მხოლოდ ჩვენ კი არა, ქვეყნის სახელსაც ჩირქს სცხებდა”, - განმარტავს “ლელოს” ლიდერი და შეკითხვაზე - “შვილები როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს?” - პასუხობს:

“ადეკვატურად. ისევე მიდგანან გვერდით და მხარს მიჭერენ, როგორც მეუღლე. ახლა ყველა თავისი საქმით არის დაკავებული, მაგრამ როგორც კი დამჭირდება, ყველა ჩემ გვერდით დგება. როგორც სხვა ახალგაზრდებს, მათაც სამართლიან ქვეყანაში სურთ ცხოვრება. უფროსი ქალიშვილი ანა უკვე 29 წლის არის, კინოწარმოებაში საქმიანობს. ერთი შვილიშვილი უკვე გვაჩუქა, წლინახევრის ალექსანდრე გვყავს. ახლა მეორეს ელოდება. 28 წლის ნიკა თავის სტარტაპებს აკეთებს და რაც მთავარია, მეც მეხმარება. 23 წლის ელენა პატარა კომპანიას ხელმძღვანელობს, ვაზისუბნის მამულში ერთ-ერთ მენეჯერულ თანამდებობაზეა. 16 წლის სოფო მუსიკით არის გატაცებული, 11 წლის იოანეს ახლა ყველაზე მეტად კარატე აინტერესებს... შვილებს ყოველთვის ვეუბნები, რომ შეეცადონ იპოვონ საკუთარი თავი. რაც უნდა კარგი საქმე, ოჯახი და სამეგობრო გყავდეს, ადამიანს საკუთარ თავთან განმარტოება უნდა შეგეძლოს. მუსიკა, კითხვა თუ სხვა გატაცება ქმნის სწორედ იმ მომენტებს, როცა დიდი აზრების კონცენტრირება ხდება. მაგალითად, მე ბავშვობისას ფანჯრის რაფაზე ჯდომა და სივრცის ყურება მომწონდა. დღემდე გამომყვა ეს ჩვევა - როცა სივრცეს გავყურებ, ჩემში ბევრი რამ ხდება”.

“მუსიკა ჩემი ერთ-ერთი და არა ერთადერთი გატაცება იყო. შვიდწლედში ვსწავლობდი, მაგრამ ფორტეპიანოს გაკვეთილებს ვეღარ გავუძელი. მერე გიტარაზე დაკვრა ჩემით ვისწავლე. ერთხანს “ბითლზსაც” ვბაძავდი, სკოლაშიც ვცადე ანსამბლის ჩამოყალიბება. უმაღლესში სწავლისას ანსამბლი “ექსპერიმენტი” შევქმენით. 1984 წელს ფესტივალზე მეორე ადგილი ავიღეთ. მიყვარდა ცხენოსნობა, რომელიც ჩემმა გურულმა ბაბუამ შემაყვარა. დედაჩემის მამა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გახლდათ, კავალერიაში მსახურობდა. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. მხოლოდ სამხედრო კი არა, ფარმაცევტიც. უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. მეც საუკეთესო მოგონებები დამიტოვა. კიდევ ერთი გატაცების საგანი ვაზია. როცა მუხრანის დანგრეული სასახლე ვნახე, მაშინვე გადავწყვიტე მისი აღდგენა. რესტავრაცია ძალიან მალე დასრულდება. სანამ სასახლის აღდგენას დავიწყებდი, მუხრანბატონის ცხოვრება კარგად შევისწავლე. საოცარი დამოკიდებულება ჰქონია ვაზსა და ღვინოსთან. მისი საქმის გაგრძელება გადავწყვიტე და მუხრანის ღვინის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია შევქმენით. ამას მოჰყვა ხიზაბავრის ვენახების, ხვანჭკარის, ტვიშის “უსახელაურის” აღორძინება. ჭავჭავაძეების მამულიც ავაღორძინეთ, ვაზისუბანი. ვაზი, ღვინო, მარანი ის სივრცეა, სადაც ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ თავს”, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

“მგონი, პოლიტიკური კრიზისი ახალი არჩევნების დანიშვნით დასრულდება. ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობა გვექნება, მაგრამ ამასაც დავძლევთ. რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას ჩემს განცხადებაზე, რომ არჩევნები შესაძლოა 2022 წელშიც ჩატარდეს, ვერ ვხვდები, რამ გაანაწყენა ეს ხალხი. ფაქტია, თუ მოლაპარაკების პროცესი კიდევ რამდენიმე თვეს გაიწელა, 2021 წლის გაზაფხულზე ახალი არჩევნების ჩატარება ტექნიკურად შეუძლებელი იქნება. ჩვენ მხოლოდ არჩევნების სწრაფად ჩატარება კი არა, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება გვსურს. მოთხოვნა, რომ 2021 წელს არჩევნები ჩატარდეს, მთლიანი ოპოზიციის მოთხოვნაა და არც შეცვლილა. თუმცა ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ოპოზიციაზე, დამოკიდებულია მოლაპარაკებაზე, ანუ ამ სქემას, ჩვენ მოგვწონს თუ არა, ხელისუფლება უნდა დაეთანხმოს. ამისთვის არ შევედით პარლამენტში, ჩავხსენით სიები და მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გაძლებს ერთპარტიული პარლამენტი და რამდენად სწრაფად მიხვდებიან, რომ ასე გაგრძელება არ ივარგებს”, - თვლის “ლელოს” ლიდერი.

“თუ ეს 2-3 თვეს გაგრძელდა, მაშინ გაზაფხულზე არჩევნების ჩატარება წარმოუდგენლად მიმაჩნია, ტექნიკურად არ გამოვა, რეალისტები ვიყოთ... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ 2021 წლის არჩევნებს არ ვითხოვთ, ეს შეთანხმებული პოზიციაა და წყალი არ გაუვა. ჩვენს ბოიკოტსაც წყალი არ გაუვა, მაგრამ საზოგადოება მოითხოვს, მოლაპარაკებას დაგვასწარითო, პირდაპირი ეთერი იყოსო და როგორ შეიძლება ჩემს ამომრჩეველსა და საზოგადოებას არ ვუთხრა ის თეორიული ვარიანტი, რომელიც ასევე იმსახურებს განხილვას... ოპოზიციასთან შეუთანხმებლად “ლელო” პარლამენტში არ შევა. რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან ერთად არის სერიოზული მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კოდექსისა და გარემოს სრული რეფორმირება და ცვლილება... ეს ყველაფერი კი საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს, რასაც “ლელოს” პარლამენტში შესვლა-გამოსვლა არ ჰყოფნის და მეორეც - ეს უნდა იყოს ოპოზიციური სპექტრის ერთიანი გადაწყვეტილება”, - დასძენს მამუკა ხაზარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო