ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გალში, შუადღისას ხანძარი კვლავ გაჩნდა და მისი არეალის განსაზღვრა ძნელია

ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გალში, შუადღისას ხანძარი კვლავ გაჩნდა და მისი არეალის განსაზღვრა ძნელია. ამის შესახებ „სპუტნიკს“ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსპიკერმა რომან ლაბიამ განუცხადა.
„ნაშუადღევს კვლავ გაჩნდა ხანძარი. ამ რაიონში მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ წვავენ ბალახს და ცეცხლი ვრცელდება. ხანძრის არეალის განსაზღვრა ძნელია, რადგან ადგილობრივი კერები კვლავ არსებობს“ , - განაცხადა ლაბიამ.
მისივე ინფორმაციით, გალში მაშველების დასახმარებლად მეხანძრეები და სპეცტექნიკა სოხუმიდან, აგუძერადან და ოჩამჩირედან გაიგზავნა. სამუშაოს უმეტესობა კი ხორციელდება ხელით, ვინაიდან ზოგიერთ ადგილას მანქანებით გადაადგილება რთულია.
შეგახსენებთ, ტყის ხანძარი გალის რაიონში 4 იანვრის დილას გაჩნდა. ხანძარი სახლებსაც მოედო და სამი სახლი დაიწვა.

























