ქართული პრესის მიმოხილვა 08.01.2021

გარდაქმნის თუ არა მელია ენმ-ს “რადიკალურ-რევოლუციურ” ორგანოდ და შეძლებს თუ არა სააკაშვილის ჩანაცვლებას

რომელი ახალი ტერიტორიების მიტაცება სურთ რუსებს - ექსპერტები კონკრეტულ სოფლებს და საზღვრისპირა ტერიტორიებს ასახელებენ

სტატისტიკური მონაცემების გაყალბება - “საქსტატმა” ინფლაცია ერთი ხელის მოსმით “გააქრო”

* * *

გარდაქმნის თუ არა მელია ენმ-ს “რადიკალურ-რევოლუციურ” ორგანოდ და შეძლებს თუ არა სააკაშვილის ჩანაცვლებას

“ნაციონალურ მოძრაობას” ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია უკვე აცხადებს, რომ პარტიაში გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს და შესაძლოა ამან პარტიის შიგნით ბევრი ადამიანის განაწყენება გამოიწვიოს. თუმცა რიგი პროცესები აუცილებლად უნდა განხორციელდეს. როგორც ჩანს, მელია პარტიის შიგნით გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს და არ არის გამორიცხული, რომ მან სააკაშვილისგან დამოუკიდებელი მოქმედებებიც დაიწყოს. თუმცა ანალიტიკოსები ელიან, რომ თუ სააკაშვილის ნათქვამს მელია არ დაემორჩილება, მათ შორის დაპირისპირება გაღრმავდება. ისინი იმასაც არ გამორიცხავენ, რომ მელიამ სააკაშვილის ჩანაცვლება სცადოს. თუმცა ეს რამდენად გამოუვა, უკვე სახვა საკითხია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გარდაქმნის თუ არა მელია ენმ-ს “რადიკალურ-რევოლუციურ” ორგანოდ და შეძლებს თუ არა სააკაშვილის ჩანაცვლებას.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ შესძლოა ნიკა მელიამ თეორიულად მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლება შეძლოს. თუმცა ამას საკმაოდ დიდი პოლიტიკური და ავანტიურისტული ნიჭი სჭირდება. მისი აზრით, სააკაშვილს მელია ახლა იმისთვის სჭირდება, რომ მას პარტიაში რეიტინგი აქვს და ქუჩის აქციებისთვის საუკეთესო კანდიდატურაა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ნიკა მელიას ასეთი დაწინაურება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ინტელექტუალურ დეფიციტზე მიანიშნებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არ ვიცი, საკმაოდ რთული სათქმელია, სააკაშვილს რა მიზნები ამოძრავებს, თუმცა მელიას ხასიათიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებ, ის როგორც აქტიური ლიდერი შესაძლოა ქუჩის აქციებისთვის დასჭირდეს. ხოლო თეორიული შანსი ყოველთვის არსებობს იმის, რომ ყველაფერი ისე გადალაგდეს, სააკაშვილი მელიამ ჩაანაცვლოს. მელია არის ისეთი ლიდერი, რომელსაც პარტიის ელიტაში ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს - რა თქმა უნდა, სააკაშვილის შემდეგ. ის უპირობო ლიდერია. გადაწყვეტილებებს ისე ვერ მიიღებს, თუ სააკაშვილს არ შეუთანხმდა. ხოლო თუ ის ჩათვლის, რომ მელია უნდა წავიდეს, ამას საკმაოდ უმტკივნეულოდაც გააკეთებს. რა იქნება ხვალ, ამაზეა საუბარი. ეს ძირითადად იმაზე იქნება დამოკიდებული რას შეძლებს მელია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მოახარხებს თუ არა, რომ თანდათან სააკაშვილი ჩაანაცვლოს. თეორიულად ეს შესაძლებელია. პრაქტიკულად ამას საკმაოდ დიდი პოლიტიკური და ავანტიურისტული ნიჭი სჭირდება. სააკაშვილის მელიათი ჩანაცვლება “ნაციონალურ მოძრაობაში” გადატრიალებას ნიშნავს. მელია ახლაც რომ ცალკე თავისი ჯგუფით “ნაციონალებს” გამოეყოს, დარწმუნებული ვარ 1%-იან ბარიერს მაინც გადალახავს. საუბარი ამაზე კი არა არის, საუბარია იმაზეა, რომ სააკაშვილს პენსიაზე გაშვება მოხდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს თეორიულად შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკულად ძალიან რთულია”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

“ვაშაძის მომხრე ვერასდროს ვიქნები, მაგრამ მასთან შედარებით, ნიკა მელიას ინტელექტუალური პოტენციალი ძალინ მწირია. რაც შეეხება მელიას თავმჯდომარეობას, თავად “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო დაჩქარდება. ის ანტაგონიზმი, რომელიც “გირჩის” შემთხვევაში საჯაროდ ვიხილეთ, შეიძლება “ნაციონალების” დაპირისპირებასთან მონაგონი იყოს. ბევრი უკმაყოფილო ლიდერი, ხმამაღალა საუბარს დაიწყებს. ეს იქნება საჯაროდ გამოსვლა თუ მედიით, ადრე თუ გვიან ეს ნაღმი გასკდება, ამას კი მელიას თავმჯდომარეობა კიდევ უფრო დააჩქარებს. ამ პარტიის რადიკალურ-რევოლუციურ და რაღაცა პარტიზანულ ორგანოდ გარდაქმნას ველი. გარდა ამისა ველი, რომ პარტია დაიშლება და დაპირისპირებები კიდევ უფრო გამწვავდება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

რომელი ახალი ტერიტორიების მიტაცება სურთ რუსებს - ექსპერტები კონკრეტულ სოფლებს და საზღვრისპირა ტერიტორიებს ასახელებენ

“რუსეთს აქვს სერიოზული გეგმები აფხაზეთის სოფელ აიბგას მიტაცებასთან დაკავშირებით და რუსეთს სურს არა მხოლოდ სოფელი აიბგას მითვისება, არამედ საქართველოს სხვა ტერიტორებზე კონტროლის მოპოვებაც და ამ გეგმას ნელ-ნელა მიჰყვება - ასე აფასებენ ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე რუსეთის მხირდან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი წარმომადგნელის დანიშვნის საკითხს. პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას ამ ნაბიჯს უწოდებს რუსეთის ცინიზმს საქართველოსადმი და რუსეთის მორიგ მტაცებლურ გეგმად მიიჩნევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რომელი ახალი ტერიტორიების მიტაცება სურთ რუსებს - ექსპერტები კონკრეტულ სოფლებს და საზღვრისპირა ტერიტორიებს ასახელებენ.

“ვფიქრობ რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი არის ცინიზმი საქართველოს მიმართ, რადგან გამორიცხულია საქართველოს ხელისუფლებამ იფიქროს რუსეთთან საზღვრების დემარკაციაზე. რუსეთი, რასაკვირველია, მოახერხებს საქართველოს კანონის საწინააღმდეგოდ და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. პირველ რიგში, ვფიქრობ, ეს მოხდება აფხაზეთის მიმართულებით სოფელ აიბგაში. აქ რუსეთს აქვს სერიოზული გეგმები და სურს მთელი სოფელი ჩაიგდოს ხელში. ამ სოფელს ჰყოფს მდინარე. ნახევარი მხარე რუსეთისკენ არის, ნახევარი - საქართველოსკენ. ამდენად, აფხაზები დიდი ხანია ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს ტერიტორია არ ეკუთვნის რუსეთს. ვფიქრობ, რომ რუსეთს აქვს ინტერესი ეს სოფელი მთლიანად ჩაიგდოს ხელში. მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ქმედება იქნება უკანონო საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა რუსებისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე ეჭვი მაქვს, რომ აფხაზეთშიც გამოიწვევს ეს მღელვარებას და უარყოფით დამოკიდებულებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, რომ ჰქონდეს კონტაქტები აფხაზურ მხარესთან და ჰკითხოს რა ხდება, რაში შეიძლება დახმარება. ყველაფრის თქმა რთულია, მაგრამ ამ მიმართულებით უნდა იყოს თანამშრომლობა აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რაზე ვიხმაუროთ, გვჭირდება მკაფიო პოზიცია. მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა დათმოს სოფელი აიბგა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის მოითხოვს სხვა რაღაცებს, მაგალითად, მიწაზე საკუთრების კანონის გადახედვას, ტრანსკავკასიური გზის გაყვანას, ანუ შეიძლება აფხაზურ მხარეს სხვა მიმართულებები დაათმობინოს, მაგრამ აშკარაა, რომ პუტინს სურს მიითვისოს ის, რისი მითვისების ძალაც შესწევს. დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება აქვს რუსეთს ამ მიმართულებით. ეს არის საკმაოდ იმპერიალისტული ქცევა, მტაცებლური დამოკიდებულება, აიბგა კი სტრატეგიულად საკმაოდ მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ადგილია რუსებისათვის. კიდევ აქვს თუ არა რუსეთს სხვა ტერიტორიებზე გეგმები, ძნელი სათქმელია და ნამდვილად ვერ ვიტყვი, არ მაქვს ინფორმაცია”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

“კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ტერიტორიების 80% უკვე მიტაცებული აქვს და შეეცდება სოფელი აიბგას მიტაცებასაც. “რუსეთს რაც მიაჩნია, რომ მისი სტრატეგიული ინტერესებისათვის საჭიროა, 80% უკვე მიტაცებული აქვს. რაც შეეხება აიბგას, ეს სოფელი რუსეთისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან შემოვლითი გზა, რომელიც თავის დროზე ოლიმპიური თამაშებისთვის შექმნეს, ძალიან ახლოს არის ამ სოფელთან და სტრატეგიული თვალსაზრისით საჭიროა, რომ ეს სივრცე იყოს მთლიანად რუსეთის შემადგენლობაში. ამიტომ არის აიბგაზე ამხელა ამბავი ატეხილი”, - ამბობს არეშიძე. იგი “რეზონანსთან” საუბრობს იმ ტერიტორებზეც, რომელიც რუსეთს ნაწილობრივ უკვე მიტაცებული აქვს და არ გამორიცხავს ნელ-ნელა თავისი მიტაცებული ტერიტორიების არეალი გააფართოვოს”, - დასძენს გამოცემა.

“სხვა ადგილებს რომ გავყვეთ, მაგალითად, სამხრეთ ოსეთს, კერძოდ მის ცენტრალურ ნაწილში, სადაც გამოდის როკის გვირაბი, ამ ტერიტორიაზე მისატაცებელი არაფერი არ არის, აქ არის ქედი და ამ ქედში გადის ეს გვირაბი. ასე რომ, იქ მიტაცება გამორიცხულია. თუმცა რუსეთისთვის საინტერესო ადგილებია როკის გვირაბის დასავლეთით მამისონის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორია. მართალია, ეს ადგილიც მიტაცებული აქვს რუსეთს 2010 წლის მერე და ამ პერიოდში მამისონის უღელტეხილიდან ჩვენი მესაზღვრეები იყვნენ გამოძევებულნი და იდგნენ თვითონ რუსები. მამისონის ქვემოთ სამხრეთისკენ არ არის ფეხის მოსაკიდებელი სივრცე. ამიტომ ჩვენმა მესაზღვრეებმა 20 კილომეტრით დაიხიეს. ამ 20 კმ-ის ათვისებას რუსები ნელ-ნელა აპირებენ, თუმცა ჯერ არ აქტიურობენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“რაც შეეხეა ფშავ-ხევსურეთს, იქაც მაქსიმალურად რაც სურდათ, ის გააკეთეს. ჯერ კიდევ 90-იანებში დაიკავეს სოფელი ნაძვები. დაიკავეს ნეიტალური ტერიტორიები ლარსის საგუშაგოზე ჩვენს მესაზღვრეებსა და რუსებს შორის. თუშეთში დიკლოსთან მიმდებარე ტერიტორიაც 30 კვ. კმ. დაიკავეს. ასე რომ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სივრცეები დაკავებული აქვთ. შეიძლება ცოტა კიდევ ჩამოიწიონ წინ. ისინი მოქმედებენ იმ დოქტრინის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ 1982 წელს აქვთ შედგენილი. ეს არის რუსეთის გენშტაბის გეგმა, რომელიც გულისმობს ნატოსთან ომის შემთხვევაში, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თურქეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვის ზღუდეების შექმნას. თავდაცვის პირველი ზღუდე არის საბჭოთა კავშირის ყოფილი საზღვარი თურქეთთან, მეორე იყო კავკასიის ქედი და მესამე უკვე გადიოდა სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეს. დღეს დაკარგულია პირველი თავდაცვის ზღუდე, რადგან საქართველო დამოუკიდებელია. დარჩა მეორე ზღუდე. 1982 წლის დოკუმენტის მიხედვით, მეორე ზღუდე რომ დაიცვას, საჭიროა 40 კილომეტრი იყოს მათ მიერ კონტროლირებული, ანუ 40 კილომეტრი საქართველოსა და აზერბაიჯანის სიღრმეში და ვფიქრობ ამ 40 კმ-ს ნელ-ნელა დაიკავებს სადაც შეუძლია და როგორც შეუძლია, იქნება ეს აფხაზეთის თუ სხვა ტერიტორები”, - განმარტავს მამუკა არეშიძე.

“საქართველოს ხელისუფლებამ ამ ყველაფრის იგნორირება უნდა მოახდინოს და შესაბამისი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რადგან 90-იანი წლებიდან 2008 წლამდე ჩვენ ვთხოვდით რუსეთს, რომ დემარკაცია დელიმიტაციის კომისიას დაეწყო მუშაობა, რის შემდეგაც ერთი-ორი შეხვედრა შედგა და პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთდა. ეს ქართული მხარის ბრალი არ იყო. რუსეთს არ აწყობდა იმ დოკუმენტის რეალიზაცია, რომელზეც თავად მოაწერა ხელი. ეს არის 1991 წლის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული საზღვრების მოკავშირე რესპუბლიკებს შორის უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საზღვრები, მაგრამ უნდა მომხდარიყო დემილიტაცია-დემარკაცია. ამ დოკუმენტის იგნორირება თავად მოახდინეს. ჩვენ სულ ვთხოვდით ამ დოკუმენტის რეალიზაციას, თუმცა არ გააკეთეს და ახლა ვითომ თვითონ მოინდომეს, რადგან მსოფლიო საზოგადოებას უნდა აჩვენონ, რომ ჩვენ ვინდომებთო. საქართველო ჩავარდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ერთის მხრივ თვითონ რასაც სთხოვდა რუსეთს, იძულებულია ახლა ამაზე უარი თქვას, რადგან დათანხმების შემთხვევაში გამოდის, რომ ირიბად ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას. მსოფლიო საზოგადოების თვალში და საქმეში ჩაუხედავი ადამიანების თვალში რუსეთი გამოდის საერთაშორისო სამართლის მომხრედ, საქართველოს კი არაფრის გაკეთება არ შეუძლია გარდა განცხადებებისა”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა. რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობა მიხაელ პეტრიაკოვმა დაიკავა, რომელიც ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე”, - წერს სტატიის ავტორი.

სტატისტიკური მონაცემების გაყალბება - “საქსტატმა” ინფლაცია ერთი ხელის მოსმით “გააქრო”

“საქსტატი” კრიტიკის ქარცეცხლშია. ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგიამ საზოგადოება იმდენად აღაშფოთა, რომ სამთავრობო უწყების ხელმძღვანელის გადადგომასაც კი ითხოვენ. ეკონომისტები სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს პირდაპირ ბრალს სდებენ ხელისუფლების მითითებების შესრულებაში, რის მიზანიც არსებული რეალობის დამალვაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მიმდინარეობს სტატისტიკური მონაცემების გაყალბება - “საქსტატმა” ინფლაცია ერთი ხელის მოსმით “გააქრო” / “საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, ხოლო მთავრობაში კი ყველა ერთად თავს იტყუებს”.

ცნობილია, რომ დეკემბერში “საქსტატმა” ინფლაცია განსხვავებული წესით დათვალა და ერთბაშად 2.4%-მდე ჩამოიყვანა. რომ არა ეს ეფექტი, მაშინ ინფლაცია 1.94 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი იქნებოდა. იმ ფონზე, როცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიმართ კრიტიკა არ ცხრება და სპეციალისტები მას სიყალბის გავრცელებაში ადანაშაულებენ, ოფიციალური უწყების წარმომადგენლები გარკვეულ პირებს იქეთ სდებენ ბრალს იმაში, რაშიც თვითონ სცოდავენ - საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში... “საქსტატის” მონაცემის მიხედვით, 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება, საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქსტატის” განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების საერთაშორისო მეთოდოლოგიის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისას გამოიყენება უშუალოდ მომხმარებლის მიერ გადახდილი საფასური, ანუ სამომხმარებლო ფასი მოიცავს ყველა გადასახადს და არ მოიცავს სუბსიდიებს. აქედან გამომდინარე, მოხდა აღნიშნული სუბსიდირების შედეგის გათვალისწინება დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისას, რამაც გარკვეულწილად შეამცირა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გასული თვეების დინამიკასთან შედარებით. კრიტიკა “საქსტატის” მეთოდოლოგიის მიმართ პირველმა “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ წამოიწყო და პირდაპირ თქვა, რომ აღნიშნული მონაცემი ამახინჯებს რეალობას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. მიქაუტაძის მოსაზრებას ეთანხმება სტატისტიკოსი გივი მომცელიძე, რომელიც ადასტურებს, რომ დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელი რეალობას ვერ ასახავს”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქსტატის მიერ დათვლილ-დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს. აშკარად ცდომილებაა და საკმაოდ მაღალიც, კრიტიკას ნამდვილად იმსახურებს და ამ პოზიციას სავსებით ვეთანხმები. ეს არ არის რეალობა და ვერც ვერავის დააჯერებენ. მით უმეტეს, ყველამ ვიცით, როგორ მასშტაბურად გაძვირდა დეკემბერში პროდუქტი, დაწყებული ზეთით, შაქრით და ფქვილით დასრულებული და არაფრით შეიძლება 2,4%-იანი ინფლაცია ფიქსირდებოდეს. გარდა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი, მთავრობაც და “საქსტატის” წარმომადგენლებიც - ყველა ერთად თავს იტყუებს. კარგად გვახსოვს ისიც, რომ აქამდე იტყუებოდნენ, თითქოს 11%-იანი უმუშევრობა იყო ქვეყანაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 17%-მდეა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გივი მომცელიძე.

“ახლა მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებს იმიზეზებენ და ესეც ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომა ყოველთვის არ ამართლებს. სჯობს, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი, ამით გამოსავალი უფრო დროულად მოიძებნება. ნებისმიერი ხელისუფლების მცდელობაა რეალობა შეალამაზოს და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მოსახლეობა არ არის ვალდებული ერკვეოდეს ეკონომიკურ მონაცემებში, მაგრამ ვისაც ევალება, ზომები უნდა მიიღოს, განვითარებადი ეკონომიკა გვაქვს და სწრაფი ზრდა უნდა იყოს ამოცანა, რა მიმართულებითაც სწორად უნ და ვიაროთ. თავის მოტყუება, მანიპულაციები შორს ვერ წაგვიყვანს”, - დასძენს სტატისტიკოსი.

“სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს უნდობლობა გამოუცხადა ეკონომისტმა სოსო სიმონიშვილმა, რომლის აზრითაც ინფლაციასთან დაკავშირებული მონაცემები რეალობის შელამაზებას ემსახურება და დამახინჯებულია. არასწორია ინფლაციის მიმართ დამოკიდებულება და ხედვა, რომელიც მის მიმართ არსებობს. “ინფლაცია სინამდვილეში სულ სხვაა და ის, რასაც მსოფლიო ბანკის სპეციალისტები, ასევე ქართველი სტატისტიკოსები ითვლიან, აბსოლუტურად სხვაა. ჩვენთან ანგარიშობენ რა გაძვირდა და რა გაიაფდა, მარტივად რომ ვთქვათ, ასეა. სინამდვილეში სიტყვა “ინფლაცია” ნიშნავს “გაფუებას”, ანუ ფულის მეტი რაოდენობის მოჭრას. შეიძლება იყოს მაღალი ინფლაცია, მაგრამ პროდუქტების საგრძნობი გაძვირება არ გამოიწვიოს. უბრალოდ, ფულის ბრუნვა გაიზრდება და არა ფასები. ამასთან, გაძვირება შეიძლება გამოიწვიოს არა ფულის მასის ზრდამ, არამედ ფულადი მასის კონცენტრირებამ კონკრეტული მიმართულებით. მაგალითად, ეროვნულმა ბანკმა გაყიდა ბევრი დოლარი და ფულადი მასა შემცირდა ბაზარზე, რამაც ფასების ცვლილება გამოიწვია”, - განმარტავს სიმონიშვილი, რომლის თქმით, “ინფლაციის მაჩვენებლით რეალურად ვერც ბიზნესი იხელმძღვანელებს, ვერც ხელისუფლება, მაგრამ ეს არის მავნე ტრადიცია, რომელიც საბჭოთა კავშირიდან იღებს სათავეს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩვენი სტატისტიკოსები ცდილობენ გვაჩვენონ, რომ რაღაც წინსვლა, გაუმჯობესება ხდება, მაგრამ კარგად ვიცით, რომ ე.წ. ეკონომიკური მაჩვენებლები კეთილდღეობის ვერ მოიტანს, განვითარებას, ცხოვრების პირობების შეცვლას არ უკავშირდება. ამ 30 წლის განმავლობაში პოლიტიკაში გარეულმა ეკონომისტებმა ისწავლეს ციფრებით მანიპულაცია, სადაც სტატისტიკა ძირეულ როლს ასრულებს. სიმართლე გითხრათ, ოფიციალურ სტატისტიკას აქამდეც არ ვენდობოდი, ახლა - მით უფრო! მიმაჩნია, რომ სულ სხვა მეთოდოლოგიით უნდა მუშაობდნენ, რაც ბევრად ახლოს იქნება რეალობასთან, მაგრამ სიყალბის გზა აირჩიეს და ამიტომ ვართ ამ მძიმე მდგომარეობაში, ყველაფერი სინამდვილის შელამაზებას ემსახურება, არანაირი გამართლება ამას არ აქვს”, - დაასკვნის სოსო სიმონიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა