ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2021

როგორ ცვლის ოპოზიციის გეგმებს ივანიშვილის წასვლა და რა გადაწყდება კვირის ბოლოს საგანგებო შეხვედრაზე

გაიკეთებენ თუ არა სასულიერო პირები ვაქცინას საჯაროდ - პირველი გამოხმაურება ლადო კახაძის მოწოდებაზე

“არ მგონია ჩხარტიშვილს “რუსთავი 2”-ის შეძენის დიდი სურვილი ჰქონდეს” - ზურაბიშვილი ტელე-მედიაში შესაძლო ახალ გადანაწილებაზე

* * *

როგორ ცვლის ოპოზიციის გეგმებს ივანიშვილის წასვლა და რა გადაწყდება კვირის ბოლოს საგანგებო შეხვედრაზე

“მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა ქვეყანაში მიმდინარე პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან პროცესზე ახდენს გავლენას. მათ შორის ეს “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის მოლაპარაკებაზეც აისახება და შესაძლოა ოპოზიციის გეგმებიც შეცვალოს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ერთის მხრივ, ჩიხში მოქცეულ ოპოზიციას ამით პარლამენტში შესვლის კარგი საბაბი ეძლევა, თუმცა, მეორეს მხრივ, ივანიშვილის წასვლამ შესაძლოა პირიქით, პარლამენტის ბოიკოტირების იდეა გააძლიეროს, რადგან ოპოზიციამ შეიძლება იმაზე გააკეთოს გათვლა, რომ ივანიშვილის წასვლა მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს, რაც ახალ პოლიტიკურ კრიზის შექმნის და ვადამდელი არჩევნები უკვე გარდაუვალი გახდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ ცვლის ოპოზიციის გეგმებს ივანიშვილის წასვლა და რა გადაწყდება კვირის ბოლოს საგანგებო შეხვედრაზე.

“თავად ოპოზიციის წარმომადგენლები კი “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ მათ გეგმებს ვერც “ოცნების” მხრიდან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შეთავაზება და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარების დაანონსება შეცვლის და ვერც ივანიშვილის გადაწყვეტილება, რადგანაც ივაშვილი, მათი შეფასებით, არსად არ მიდის. ამასთან, ირკვევა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ამ კვირის ბოლოს ოპოზიციის მორიგი შეკრებაა დაგეგმილი, სადაც ერთობლივი მოქმედების სტრატეგიაზე იმსჯელებენ და ბევრი რამ სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა. ამასობაში კი ხელისუფლებასა და ოპოზიციას რაიმე კომპრომისის მიღწევამდე სულ უფრო მცირე დრო რჩებათ, რადგანაც უკვე თებერვლის პირველ დღეებში პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმის განცხადებების განხილვასა და დაკმაყოფილებას დაიწყებს”, - აღნიშავს გამოცემა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი წევრი სერგი ჩიხლაძე ამბობს, რომ კვირის ბოლოს ოპოზიციის დაგეგმილ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, სამოქმედო გეგმას დასახავენ და გარკვეულ საკითხებზეც შეჯერდებიან. თუმცა რაზე იქნება კონკრეტულად საუბარი, ჩიხლაძე გამხელისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ის მოთხოვნები, რაც უკვე გახმოვანებულია და საზოგადოებამაც იცის, არ შეიცვლება. ასევე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მათ გეგმებს არაფრით არ შეცვლის, რადგანაც ესაა ფორმალური წასვლა და რეალურად ყველაფერს მაინც ის განკარგავს. ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია და ივანიშვილის წასვლამ შესაძლოა ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქაროს”, - განაგრძობს გამოცემა.

“რაც შეეხება კობახიძის შემოთავაზებას, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ოპოზიცია ამის გამო პარლამენტში შევიდეს, ეს ახალი არაა და ამაზე საუბარი ერთი თვის წინაც იყო. ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა განვაცხადეთ, რომ ეს არაა ადეკვატური შემოთავაზება და ამაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. შესაბამისად, არ მგონია, რომ პარტიების შეხვედრის შემდეგ ამ მიმართულებით რამე შეიცვალოს. ეს არის უკვე გავლილი თემა, ამიტომაც იგივე სპირალში არ შევდივართ. ეს არ არის ვადამდელი არჩევნების საპირწონე შემოთავაზება. მით უმეტეს ოპოზიციურმა პარტიებმა ნოემბერში ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ. ერთი და ორი პარტიის წარმომადგენლის პარამენტში შესვლას აზრი არ ექნება, რადგანაც ვერანაირ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ შექმნიან. ამიტომ ამ შესაძლებლობასაც გამოვრიცხავს და რომც იყოს შემოთავაზება, თუნდაც თვითმართველობის არჩევნებზე საარჩევნო რეფორმის ცვლილება და ასე შემდეგ, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ შექმნიან. ივანიშვილის წასვლა კი სურათს არანაირად არ ცვლის, რადგანაც ესაა ფორმალურდ წასვლა და გადაწყვეტილების მიღების ყველა ბერკეტი ხელში მაინც მას რჩება. ამიტომაც ჩვენი გეგმები ამით არ შეიცვლება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სერგო ჩიხლაძე.

“რაც შეეხება ჩვენს კითხვას, როგორ აპირებს ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თუ კი რიგგარეშე არჩევნებს ხელისუფლება არ დანიშნავს, ჩიხლაძე პასუხობს, რომ მანამდე 10 თვეა დარჩენილი, ამიტომაც შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს. ამასთანავეე დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები ისე შეიძლება განვითარდეს, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად დაინიშნება და უნდა თუ არა ეს ხელისუფლებას, ამას მაინც იზამს. “გირჩი” და “მოქალაქეებიც” ამბობენ, რომ თუ კი “ნაციონალები” არ შევლენ და არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რასაც 113 დეპუტატი სჭირდება, პარლამენტში შესვლას ისინიც არ აპირებენ. ამიტომ ოპოზიციის გეგმებში დიდი ცვლილებები არ იქნება”, - დასძენს გამოცემა.

“კობახიძისა და თალაკვაძის განცხადებები არის ჩვეულებრივი პროპაგანდა, რომელიც დასავლეთისთვის და საკუთარი ამომრჩევლისთვის სჭირდებათ. სხვაგვარად აქ რეალური შემოთავაზებები არაფერია. უბრალოდ, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია და გვჯერა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იმდენად გამწვავდება, რომ ხელისუფლებას სხვა გზა აღარ ექნება. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, იქამდე 10 თვეა დარჩენილი და ვნახოთ, შესაძლოა მოვლენები სრულიად რადიკალურადაც შეიცვალოს“, - ამბობს ჩიხლაძე. “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ აქვს, თუ ის არის შედგენილი წესიერად და მას რამე შინაარსი ექნება. მისი თქმით, მაშინ როდესაც, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის პარლამენტში და “ქართული ოცნება” თავისივე ქმედებას იძიებს საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, ეს საგამოძიებო კომისიის იდეას ანგრევს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ხვიჩია ამბობს, რომ ჯერ ნდობაა მოსაპოვებელი, პარლამენტში ოპოზიციაა შესაყვანი და მერე შეიძლება იქ “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ ერთობლივად კომისიაც შექმნას და სხვაგვარადაც იმსჯელოს არჩევნებზე. მისივე თქმით, რეალურად ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და შესაბამისად, გაუგებარია მისმა გადაწყვეტილებამ რა გავლენა უნდა მოახდინოს ოპოზიციის გეგმებზე. ხვიჩია ამბობს, რომ ესაა გარკვეული თამაში, რომელსაც, როგორც ჩანს, რაღაც მიზანი აქვს. თუმცა სამოქმედო გეგმა და ტაქტიკა ოპოზიციამაც უნდა დასახოს და საბოლოოდ გაირკვეს რას აპირებენ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“არჩევნების მერე პარტიის თავმჯდომარეები და ლიდერები მიდიან - როგორც ჩანს, ასეთ ტრადიცია დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. თუმცა, ახლა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წასვლას რაღაც თვალსაზრისით დიდი ხანია ელოდა ქართული საზოგადოება, ძირითადად “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არსებობდა სადღაც კულუარებში. უბრალოდ, როგორც მაშინ, ისე ახლაც არავინ არ იცის, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის წასვლა. ჩვენ გვინახავს წასული ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ არ გვიგრძვნია, რომ შორს იყო. ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ყოველთვის ვიცოდით, რომ სადღაც ახლომახლოს იყო და ის იღებდა ქვეყნისთვის მთავარ გადაწყვეტილებებს რეალურად. ახლაც ასე იქნება და ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ პარლამენტში შესასვლელად ეს არ იქნება სწორი არგუმენტი. რაღაც სხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიაა დასაგეგმი, რომელსაც უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს. “ქართული ოცნების” სიმხნევიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ეს წასვლაც არ არის ნამდვილი თავისი შინაარსით. “ბიძინა ივანიშვილი არსად არ მიდის - მე ამას ასე ვუყურებ. სხვა შემთხვევაში ძალიან გაუგებარია, თუ ვისზე ნაწილდება ის უფლებამოსილებები, რომელიც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს. ამიტომაც უბრალოდ მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს და რეალურად რაღაცაზე შეთანხმება უნდა მოხდეს, თუნდაც იმაზე თვითმართველობის არჩევნებს როგორ და რა ფორმით ვატარებთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იაგო ხვიჩია.

“ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ახლა ოპოზიციას ექნება მოლოდინი, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირება გაღრმავდება, რაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას დააჩქარებს. ეს კი, მისი აზრით, საკამოდ მცდარი სტრატეგიაა, რადგანაც “ოცნება” ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ დასავლეთიდან ზეწოლის შედეგად, ან მასობრივი აქციების ფონზე მიიღებს. თუმცა, არც ერთი იქნება და არც მეორე. ამიტომაც ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი ისევ პარლამენტში შესვლაა, რასაც თუნდაც ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლითაც გაამართლებენ. მისივე თქმით, ოპოზიციას იშვიათად ექნება შანის, რომ რაღაცა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენოს და ის თამასა, რომელიც ძალიან მაღლა აიწია, რაღაცით გაამართლოს. ამიტომაც ახლა აქვს შანსი, რომ ივანიშვილის წასვლა სამოქმედო ტაქტიკის შესაცვლელად გამოიყენოს და ჩიხში მოქცეულმა თავი გამოიხსნას. სხვაგვარად ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიცია ქუჩაში ყოფნით ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ვერ აიძულებს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩათვლის, რომ ივანიშვილის წასვლით “ოცნება” დასუსტდა და ამიტომ ბოიკოტის რეჟიმს გაამართლებენ. ისინი გადაწყვეტენ, რომ ეს ბოიკოტი გააგრძელონ და “ოცნების” შიგნით შესაძლო დაპირისპირების დაწყებას დაელოდებიან. პრინციპში, ოპოზიციას დღეს ეძლევა შანსი, რომ ივანიშვილის წასვლა გამოიყენოს, თავისი პოზიცია შეცვალოს და პარლამენტში შევიდეს და ამის საბაბად პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლის გამოყენებაა შესაძლებელი. თუმცა, რასაც ვუსმენ და ვუყურებ, ოპოზიცია პირიქით ფიქრობს. აქ მნიშვნელოვანია დასავლეთის პოზიცია, რომელიც ამ არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევს. ამიტომაც ივანიშვილი იქნება თუ არ იქნება, რა მნიშვნელობა აქვს?! ახლა ახალი თემა შემოვიდა ოპოზიციაში, რომ თითქოს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ბაიდენი ჩვენი ხელისუფლების მიმართ უფრო მკაცრი იქნება. ასე არ იქნება, რადგანაც ბაიდენის ადმინისტრაცია ბოიკოტის რეჟიმს მხარს არ დაუჭერს. იმას კი, რაც ამერიკაში მოხდა, პირიქით, “ოცნება” ოპოზიციის საწინააღმდეგოდ უფრო გამოიყენებს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

გაიკეთებენ თუ არა სასულიერო პირები ვაქცინას საჯაროდ - პირველი გამოხმაურება ლადო კახაძის მოწოდებაზე

“საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე მზადაა საჯაროდ გაიკეთოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ეკლესიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, პირველი ვაქცინაციის დროს მასთან ერთად ასევე საჯაროდ აიცრან. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა საზოგადოებაში ვაქცინისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას. საპატრიარქოში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ ამაზე კონკრეტულო მოსაზრება არ აქვთ. დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს. ლადო კახაძე მზაობას გამოთქვამს, რომ კოვიდის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს და იგივესაკენ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც მოუწოდებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გაიკეთებენ თუ არა სასულიერო პირები ვაქცინას საჯაროდ - პირველი გამოხმაურება ლადო კახაძის მოწოდებაზე.

“იქნებ პირველი ვაქცინაციის დროს, არა მხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, ვაქცინაციის ნდობის ასამაღლებლად, გავაკეთოთ ინიცირება. პირადად მე მზად ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო. ვთხოვ, ვინც არის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და არასამთვარობო სექტორიდან... დიდი მოკრძალებითა და ქედის მოხრით მივმართავ საპატრიარქოს, თითოეული მათგანის რწმენისა და მათი გავლენის ადამიანის რწმენაზე, პირველი ვაქცინაციის დროს, სახალხოდ ერთად გავიკეთოთ, რათა ადამიანებს მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა”, - განაცხადა ლადო კახაძემ კომიტეტის სხდომაზე. როგორც დეკანოზი შალვა ამბობს, ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხები არა სასულიერო პირების, არამედ ექიმების საქმეა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე მაგალითად ყველას დავუთმობდი. ეს ვაქცინა ისედაც ძალიან ცოტაა, ჩვენ ვართ სასულიერო პირები და ვაქცინასთან დაკავშირებით ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. მაგალითად, თუ ვაქცინა არ ვარგა და ცუდი გამოდგება, როგორ შეიძლება ჩვენ ადამიანს ამისკენ მოვუწოდოთ?! ან პირიქით, მე ვიღაცას ვუთხრა, რომ „ვაქცინა არ გაიკეთო" და ის რომ დაიღუპოს, ეს ხომ ჩემზე იქნება და თუ ვაქცინამ ცუდი შედეგი გამოიღო, ესეც ხომ ჩვენი ბრალი იქნება. ამიტომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა და ეს სასულიერო პირებს არანაირად არ გვეხება, ამაზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ”, - განაცხადა მამა შალვამ. კითხვაზე გაიკეთებთ თუ არა საჯაროდ ვაქცინას გვიპასუხა, რომ ამაზე პასუხს მაშინ გავიგებთ, როცა ამის დრო დადგება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვნახოთ, ეგ დრო რომ დადგება, მაგის პასუხს მერე გავიგებთ. ჩვენ პირადად გადავწყვეტთ რანაირად და როგორ მოვიქცევით. მე არავის არასოდეს არ მოვუწოდებ არც გაკეთებისკენ და არც არგაკეთებისკენ. ეს ჩვენ, სასულიერო პირებს არ გვეხება, ეს ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ”, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ. კახაძის მოწოდებასთან დაკავშირებით “რეზონანსი” საპატრიარქოს პრესცენტრს დაუკავშირდა. როგორც საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს მოწოდება პირველად გაიგო და ამ საკითხზე აქამდე არ უფიქრია. “არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით, ეს პირველად მესმის ახლა ეს. ამიტომ არც ამაზე მიფიქრია და არც ვინმესთვის მიკითხავს”, - თქვა მან”, - დასძენს გამოცემა.

“არ მგონია ჩხარტიშვილს “რუსთავი 2”-ის შეძენის დიდი სურვილი ჰქონდეს” - ზურაბიშვილი ტელე-მედიაში შესაძლო ახალ გადანაწილებაზე

“ტელევიზიები დიდად მომგებიანი არ არის ბიზნესის თვალსაზრისით და არ მგონია, რომ ჩხარტიშვილს ან სხვა ბიზნესმენს ტელევიზიების შეძენის დიდი სურვილი ჰქონდეთ. ალბათ თავად ბიძინა ივანიშვილი აპირებს რაღაცეების გადალაგებას”, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას სატელევიზიო სივრცეში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “არ მგონია ჩხარტიშვილს “რუსთავი 2”-ის შეძენის დიდი სურვილი ჰქონდეს” - ზურაბიშვილი ტელე-მედიაში შესაძლო ახალ გადანაწილებაზე.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, დიდი გადანაწილება მოხდება სატელევიზიო სივრცეში - ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ყიდულობს და ასევე ცვლილებები იგეგმება საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელეკომპანია „იმედში“. “იმედის” მმართველი რგოლი ტელეკომპანიის მფლობელის ირაკლი რუხაძის გუნდით დაკომპლექტდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ტელევიზიები დიდად მომგებიანი არ არის ბიზნესის თვალსაზრისით და არ მგონია, რომ ჩხარტიშვილს ან სხვა ბიზნესმენს დიდი სურვილი ჰქონდეთ ტელევიზიების შეძენის. ალბათ თავად ბიძინა ივანიშვილი აპირებს რაღაცეების გადალაგებას. ეს ტელევიზიები ისედაც მისია და ახლა ჩხარტიშვილი იქნება თუ ჩიბურდანიძე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. “იმედი” და “პოსტივი” ისედაც სახელისუფლებო არხია. “რუსთავი 2” და საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობენ შეინარჩუნონ ნეიტრალობა, მაგრამ ესეც ბიძინას ნებარვთი კეთდება. პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს და ჰქონდეს ძალაუფლება - ეს ბიძინას სტილია. ამიტომ ძნელად დასაჯერებელია, რომ ის საერთოდ წავიდა. ძალიანაც რომ უნდოდეს, როგორ უნდა წავიდეს, როცა მთელი სისტემა მის უზენაესობაზეა აგებული?! ყველაფერი მაინც სოლოლაკში გადაწყდება. კონფლიქტი რომ მოხდება, საქმე ვინ უნდა გაარჩიოს?”, - მიიჩნევს გამოცემია კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა