ანა ნაცვლიშვილი - ივანიშვილი ხვდება, რომ დაისი ახლოვდება, მას კარგი ყნოსვა აქვს

„ივანიშვილი ხვდება, რომ დაისი ახლოვდება, მას კარგი ყნოსვა აქვს. უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ფერი იცვალოს“, -ასე შეაფასა "ლელო საქართველოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.

როგორც ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, ივანიშვილი ამ ნაბიჯით საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას ცდილობს და ცდილობს „ქველმოქმედის ნიღაბი“ მოირგოს.

„სანამ ბოლომდე ხრწნას დაიწყებს აბსოლუტურად არაჯანსაღი მმართველობითი სისტემა და ნანგრევებში მოყვება, მან გაასწრო. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ფიქრობს, რომ რეპუტაცია გადაირჩიოს. მას რამდენიმე ნიღაბი აქვს. ახლა უნდა, რომ ქველმოქმედის ნიღაბი მოირგოს“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნით ადამიანების მოსყიდვას ან გაჩუმებას ემსახურება, ეს უკვე ქველმოქმედება აღარ არის.

„მე არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილი არის პოლიტიკოსი. საკუთარ თავსაც არ ვუწოდებ პოლიტიკოსს, სურვილი მაქვს, რომ გავხდე, მაგრამ პოლიტიკოსი ძალიან მაღალი თამასაა. თუმცა, ის იყო პოლიტიკაში და ამბიციები ჰქონდა. ჩემი გადმოსახედიდან ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია, როდესაც აკეთებ დაპირებებს, თუნდაც ისეთ ბუნდოვანს და არეალისტურს, როგორც ის აკეთებდა და შემდეგ გადიხარ ველიდან“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი შეფასებით, ქართულ ოცნებას“ ძალაუფლება და არჩევნებში გამარჯვება იმისთვის კი არ უნდა, რომ გრანდიოზული გეგმები განხორციელოს და ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდეს, არამედ ეს „საკუთარი კომფორტისთვის სურს“. „როცა ვამბობთ, რომ ივანიშვილი არის პრობლემა, ერთ კონკრეტულ ადამიანს კი არ ვგულისხმობთ, პრობლემა არის მართვის სტილი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა და რომელიც მისი სტატუსის ცვლილებით არსად მიდის. არსად მიდის მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც დღეს კანონით და კონსტიტუციით კი არ იმართება და ხალხს კი არ ემსახურება, არამედ კონკრეტულ კლანურ, ვიწროპარტიულ ინტერესებს“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენა უარყოფითად შეაფასა. ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, „ირაკლი კობახიძის სახელთან, მის სიმხდალესთან, თანამდებობის დაკარგვის შიშთან არის დაკავშირებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სისხლიანი „გავრილოვის ღამე“. „ირაკლი კობახიძეს არ აქვს მორალური და ადამიანური უნარ-ჩვევები, რომ ის ვინმეს ლიდერი იყოს“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა