კრიმინალი დღეს ხელისუფლებასთან ერთად მართავს ციხესაც და მთლიანად ამ ქვეყანასაც, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხად, რითაც სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ნადირაშვილის თქმით, სახალხო დამცველის განცხადებამ დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელი იყო, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო. მისი შეფასებით, ქვეყანა დაუბრუნდა 90-იანი წლების ვითარებას, როდესაც ხელისუფლება და კრიმინალი ერთმანეთთან შეკრული იყო, ხოლო სახალხო დამცველის განცხადებამ ეს ყველაფერი უბრალოდ ასახა.
„სახალხო დამცველის საგანგებო განცხადებამ დაადასტურა ის, რაც ჩვენ ყველამ ისედაც ვიცოდით, რომ ციხეს მართავს არა მისი ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო. ის, რომ კრიმინალი ქვეყანაში არის გაზრდილი, ეს თავისთავად გამომდინარეობს და დაკავშირებულია ციხეში შავი სამყაროს მმართველობასთან და ამაში, მე მგონი, არც არაფერია გასაკვირი. ხელისუფლება, რომელიც გადაბმულია კრიმინალთან, ქუჩასთან ერთად ატარებს არჩევნებს, ცხადია, ვალშია ამ კრიმინალთან და ცხადია, მას უქმნის ისეთ პირობებს, რაზეც დღეს ლომჯარია საუბრობდა.
ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, ხოლო რაც შეეხება პასუხისმგებლობის მოთხოვნას ნინო ლომჯარიას მხრიდან, მე დარწმუნებული ვარ, რომ არავინ დაისჯება, რადგან ის, რაც დღეს ციხეში ხდება, არის პირდაპირ ხელისუფლების გადაწყვეტილება. ჩვენ დავუბრუნდით ისეთ ვითარებას, როდესაც 90-იან წლებში ციხეს მართავდა შავი სამყარო, ამ ვითარებაში დავბრუნდით სრულფასოვნად და ეს არაფრით არ არის გასაკვირი, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება თავად არის კრიმინალთან შეკრული და თვითონ არის კრიმინალური. როდესაც ხელისუფლება არჩევნებს ატარებს შავ სამყაროსთან ერთად, ამ ადამიანებს იყენებს მოქალაქეების ზეწოლისა და შანტაჟის საშუალებად, ცხადია, ეს არის ურთიერთთანამშრომლობა და სახალხო დამცველის განცხადებები ამ ყველაფერს უბრალოდ ასახავს. ასახავს ვითარებას, რომელიც ძალიან ნათელია, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომ კრიმინალი დღეს ხელისუფლებასთან ერთად მართავს ციხესაც და მთლიანად ამ ქვეყანასაც“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
ცნობისათვის, სახალხო დამცველის განცხადებით, მისი აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელება არა მხოლოდ გართულდა, არამედ შეუძლებელი გახდა. მისი განცხადებით, აღნიშნულმა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო უკანასკნელი თვეების განმავლობაში. ლომჯარია ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.