მალხაზ მიქელაძე ივერი მელაშვილს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში - რუკაზე საზღვარი სხვანაირად ხატია, ჩვენ პირდაპირ გავავლეთ

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც დავით გარეჯის საქმეს ეხება, ირკვევა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ქართულ მხარესთან აზერბაიჯანულ მხარეს ტერიტორიის არცერთი მონაკვეთი არ დაუთმია.

ამის შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერის მიხედვით საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე მალხაზ მიქელაძე საუბრობს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და მალხაზ მიქელაძის საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს, კერძოდ, მე-17 არხის, დავით გარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს.

მათივე ცნობით, ვიდეოჩანაწერში ბრალდებული ივერი მელაშვილი მალხაზ მიქელაძეს ესაუბრება ქართული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის ხაზის გატარების თავდაპირველ შეთავაზებაზე.

„კერძოდ, ქართული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის ხაზის გატარების შეთავაზება გულისხმობდა საზღვრის ხაზის გავლებას უდაბნოს მთის ძირში, რომელიც სრულად შეესაბამებოდა ისტორიულად 1938 წელს დადგენილ საზღვარს. 2006 წელს ქართული მხარის მიერ პირველადი შეთავაზების საწინააღმდეგოდ დავით გარეჯის მიმდებარედ შეთანხმებული საზღვრის ხაზი გაივლო უდაბნოს მთის თხემზე, რომელიც არ შეესაბამება ისტორიულად 1938 წელს დადგენილ საზღვარს. რის შედეგადაც საქართველოს კუთვნილი ტერიტორია 265 ჰექტარი დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებაში.

ვიდეოჩანაწერში ასევე საუბარია საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრის მე-4 მონაკვეთზე, სადაც საქართველოს თავდაპირველი შეთავაზება გულისხმობდა საზღვრის ხაზის გატარებას საქართველოს ინტერესების შესაბამისად.

„კერძოდ, საზღვრის ხაზის მე-4 მონაკვეთი იწყებოდა ჯანდარის ტბასთან და ქართული მხარის ტავდაპირველი, ოფიციალური შეთავაზება საზღვრის შეთანხმებაზე მაქსიმალურად შეესაბამებოდა საქარტველოს ინტერესებს. 2005 წელს ქართული მხარის მიერ თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ საზღვრის მე-4 მონაკვეთზე გავლებულ იქნა საზღვრის სწორი ხაზი, რომელმაც შემოიწია საქართველოს სიღრმეში, შედეგად, დასახელებულ მონაკვეთზე საზღვრის ხაზის გასწორების გამო მნიშვნელოვანი ტერიტორია დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან მათივე მტკიცებით, ვიდეოჩანაწერში ბრალდებული ივერი მელაშვილი ასევე საუბრობს დავი გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთის შეთანხმებაზე.

„მისი თქმით, საუბარი იყო იმაზე, რომ დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვარი შეთანმებულიყო ისე, როგორც შეთანხმდა საზღვარი მე-17 არხზე. აღსანიშნავია, რომ მე-17 სარწყავი არხის გასწვრივ საზღვარი შეთანხმდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ. მე-17 სარწყავი არხის მიმდებარედ დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა 278 ჰექტარი ტერიტორია“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

პროკურარურის მტკიცებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედებით დაკარგვის საფრთხე შეექმნა ისტორიულად საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებს - დაახლოებით, 3500 ჰექტარს.

მიქელაძე თავდაპირველად მელაშვილისგან ინტერესდება 2005 წელს, კომისიის შეხვედრაზე რა მასალები გადაეცა საქართველოსგან აზერბაიჯანულ მხარეს.

„აი, აქ მკითხეს, მანდ რა ხაზებია, ვინ მოამზადაო და რა ხაზები ეხატაო საზღვრისო, მეოთხე პუნქტია რა. მეთქი მე რა ვიცი რა იყო. თქვენ ამით პოზიცია გადაეცით საქართველოსიო. არა-მეთქი. ეს არის უბრალოდ დაბეჭდილი რუკები სამუშაოთ-მეთქი. ხო და მანდ დატანილი იყო საქართველოს პოზიციაო. და რაღაცა ალბომი მაჩვენეს, შენგან წაღებული, ეს საქართველოს პოზიცია იყო და თქვენ გაცვალეთო. არა-მეთქი, აქ წერია, რომ ჩვენ ჩვეულებრივ, დაბეჭდილი რუკები გავცვალეთ სამუშაოთ...“ [სტილი დაცულია], - ამბობს მიქელაძე ჩანაწერში, რაზეც მელაშვილი ეუბნება, რომ „მხარეებმა გაცვალეს დაბეჭდილი რუკები, მომზადებული... ეს არის ნიმუშები“.

ამასთან, ვიდეოჩანაწერში მიქელაძე მელაშვილს ეკითხება, საზღვრის კონკრეტული მონაკვეთი, რომელიც მათივე საუბრიდან შეეხება მეოთხე მონაკვეთის მე-17 ქვემონაკვეთს, „რა მუღამი იყო ამის გასწორება რატომ მივეცით ეს ნაწილი? რუკაზე საზღვარი სხვანაირად ხატია, ჩვენ პირდაპირ გავავლეთ“. თავის მხრივ, აღნიშნულზე მელაშვილი პასუხობს: „არაფერი არ მიგვიცია. არავისთვის არაფერი მიგვიცია“[სტილი დაცულია].

„ანუ, ეს არის, ჩვეულებრივად ამაზე, ისეთი ადგილია, ეს არის ჩვეულებრივად ტექნიკური, ეს გასწორდა. ეს აქ რომ ხატია, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ასე არი, ეს არი სწორი ხაზებით“[სტილი დაცულია], - ამბობს მელაშვილი.

აღნიშნულის შემდეგ მიქელაძე მელაშვილისგან ინტერესდება, ახსენდება თუ არა მსგავსი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის მიწა საქართველოს მხარეს გადმოსულიყო.

„ერთი წამით, რამე მსგავსი გახსენდება შენ, რომ გაგვესწორებინა რამე ისე, რომ ჩვენ მხარეს გადმოსულიყო აზერბაიჯანის მიწა? ერთი შეკითხვაცა მაქვს და თუ გაიხსენებ უბრალოდ, აი, ასეთი გასწორება, ტექნიკური გადაწყვეტა თუ მომხდარა ისეთი,რომ აზერბაიჯანელებს ჩვენთვის მოეცათ რამე ტერიტორია?“ [სტილი დაცულია]- კითხულობს მიქელაძე.

რაზეც მელაშვილი პასუხობს: „ვნახავ მაგასაც. ჰო, აი ახლა ტექნიკური გადაწყვეტაც არის. მაგალითად, ალაზანზე ხომ ვნახეთ, ის ტექნიკური გადაწყვეტა ერთია. და რუკებიდან ისე მაგალითად“[სტილი დაცულია], - ეუბნება მელაშვილი.

აღნიშნულზე მიქელაძე ამბობს, რომ „რუკებს მისდიე, ტექნიკური გადაწყვეტა რომ ყოფილიყო ალაზნის შუახაზში გაავლებდნენ.

„მაგი რომ შევთავაზეთ, მოდი ალაზნის ახალ ხაზზე ვიმუშავოთ, მაგაში მართლა თქვეს, ჩვენ რომ ახლა ვსდიოთ ალაზანი რამდენ მიმართულებას შეიცვლის და რამდენი შეიძლება სიურპრიზი გააკეთოს, ჩვენ ამას ვერ ვიზამთ. ეს იყო მაგათი არგუმენტი და გავჩუმდით. უარი თქვეს“[სტილი დაცულია], - აღნიშნავს მელაშვილი.

პასუხის შემდეგ მიქელაძე მელაშვილს კითხვას კვლავ უმეორებს - „სადმე ისეთი რამე ხომ არ გახსენდება, რომ დავუშვათ აზერბაიჯანს ტერიტორია დაეთმო? თავისი ნებით არა, საბოლოოდ, ექსპერტების დონეზე და კომისიის დონეზე...“[სტილი დაცულია]

„რაღაც ასეთი რომ დაეთმო? ახლა რომ დაეთმო თავისი ნებით და რაღაც მაგნაირი არაფერი არ მომხდარა. არა, მხოლოდ და მხოლოდ რუკების მიხედვით და ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ არ არიან მაგი ჩიტები. ვერ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ უნდა დათმოს. მე კიდე, ჩვენი ექსერტთა ჯგუფი კიდე ასე ვთქვათ, თავისუფლები ვიყავით, იმიტომ, რომ რაღაცა ის გვქონდა, რომ კი ბატონო, ვთქვათ, ვასაბუთებდით, გაგებით ვეკიდებოდით და იქაური ექსპერტთა ჯგუფი ის პირველი მონაკვეთი რომ შეთანხმდა, იმის შემდეგ პირველი რომ შეათანხმეს მაშინ, ეგ პირველი მონაკვეთი იმიტომ, რომ იქამდე არ ჩამოვიდა საზღვარი, სადაც მანამდე უნდოდათ ხო, გადავიდა იქ წითელი ხიდის სამხრეთ ბოლომდე... ხოდა დაბრუნდა. იმის შემდეგ რა ვიცი, კომისიის თავმჯდომარე მოხსნეს რაღაცა იქ და არ გაულახიათ მაგათ ექსპერტები, თორემ აღარ დააკლეს არაფერი და იმის შემდეგ თავის თავზე ვერაფერს იღებდა“[სტილი დაცულია], - ამბობს ჩანაწერში მელაშვილი.

„ნუ ეხლა იგივე იქნება აქეთა მხარესაც, დიდად შორს არ წასულხართ“, - ეუბნება მიქელაძე მელაშვილს საუბრის დასასრულს.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დღეს ვიდეო მტკიცებულებები გაასაჯაროვა.

როგორც გამართულ ბრიგინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, გამოძიების ფარგლებში, ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით მიმდინარეობდა ფარული საგამოძიები მოქმდებები, მათ შორის, ბრალდებული ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში.

ცნობისთვის, დავით-გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებულები. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით-გარეჯთან მიმართებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა