ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021

“ნამდვილად კარგი ნამუშევარია” - რა წერია სტრასბურგის დასკვნაში და კონკრეტულად რაში გამტყუნდა რუსეთი

მიიღებს თუ არა ელისაშვილი “ოცნებისგან” იმას, რაც მას პარლამენტში შესვლის საბაბს მისცემს

ცუდი სცენარი - ეკონომიკის გახსნა თითქმის ზაფხულამდე გაგრძელდება

* * *

“ნამდვილად კარგი ნამუშევარია” - რა წერია სტრასბურგის დასკვნაში და კონკრეტულად რაში გამტყუნდა რუსეთი

“რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. 12 წლის შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. სადავო სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა, რაშიც რუსეთს 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით „ნამდვილად კარგი ნამუშევარია“ - რა წერია სტრასბურგის დასკვნაში და კონკრეტულად რაში გამტყუნდა რუსეთი.

“სასამართლომ 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ადამიანის უფლებათა კონვენციის გაგებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის და აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობდა რუსეთის სახელმწიფოს იურისდიქცია. 16-ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადასტურა, რომ არსებობდა რუსეთსა და მის კონტროლქვეშ მყოფი ძალების მხრიდან ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლს (სიცოცხლის უფლება). მე-3 მუხლს (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა); მე-8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და საკუთრების უფლება აგრეთვე. დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ საქართველოს სამოქალაქო პირები, რომლებიც ცხინვალის რეგიონის ძალებმა ცხინვალში დაახლოებით 10 და 27 აგვისტოს შორის დააკავეს ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ, კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არსებობდა ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგოდ. 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავების პირობებთან მიმართებით, მათ მიმართ განხორციელდა დამაცირებელი მოქმედებები, რომლებმაც გამოიწვია მათი ტანჯვა და, შესაბამისად, სასამართლომ ეს ქმედებები მიიჩნია არაადამიანურ და დამაცირებელ მოპყრობად”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სასამართლომ, ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ცხინვალში 2008 წლის 8-17 აგვისტოს შუალედში ცხინვალის რეგიონის დაჯგუფებების მიერ ქართველი სამხედრო ტყვეების დაკავება ექცევა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ კონვენციის მიზნებისთვის. 16-ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დადგინა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელდა წამება და ისინი იყვნენ წამების მსხვერპლნი შესაბამისად, რუსეთი ქმნიდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგოდ. 16-ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ შექმნა ადმინისტრაციული პარქტიკა კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (შიდა გადაადგილების თავისუფლება) საწინააღმდეგოდ, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს აღარ შეეძლოთ საკუთარ სახლში დაბრუნება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა პირველი შეფასებები, როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, 2013 წლიდან მოყოლებული რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად, საქართველომ წარადგინა მყარი პოზიციები და მტკიცებულებები, შესწავლილი, გაანალიზებული და სასმართლოსთვის მიწოდებული იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი რაოდენობის დოკუმენტური მტკიცებულება. სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასმართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება. ხელისუფლების შეფასებით, სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებელი სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელშიც იურიდიულად დადასტურდა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე. რომ ეს არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში. ოპოზიციის შეფასებით კი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს ოკუპაცია საერთაშორისო ასპარეზზე მთავარი საკითხი გახდეს”, - დასძენს გამოცემა.

“ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი “რეზონანსთან”აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვტილება საქართველოს პოზიციებს გაამყარებს საერთაშორისო ასპარეზზე. “ნამდვილად კაგი ნამუშევარია. ასე რომ არ ემუშავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა სტრუქტურებს, რომლებმაც უზრუნველყვეს ინფორმაციის მიწდება, ასეთი შედეგი ვერ დადგებოდა. უდაოდ დიდი ძლისხმევა არის ჩადებული. სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება თავისთავად გაამყარებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე, სტატუს ქვოს ცვლილებების მოთხოვნას”, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

მიიღებს თუ არა ელისაშვილი “ოცნებისგან” იმას, რაც მას პარლამენტში შესვლის საბაბს მისცემს

“პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს და “ოცნებასთან” საჯარო შეხვედრას ითხოვს. ამბობს, რომ აინტერესებს, მზად არის თუ არა ხელისუფლება შეასრულოს შუამავლი ელჩების თანდასწრებით მოლაპარკებების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მიიღებს თუ არა ელისაშვილი “ოცნებისგან” იმას, რაც მას პარლამენტში შესვლის საბაბს მისცემს.

“ოფიციალურად და საჯაროდ, ჩემი და ჩვენი პარტიის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარკებები და კინკლაობა. პარტიის სახელით ოფიციალურად მივმართავ “ქართულ ოცნებას”, მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შევხვდეთ და დავილაპარკოთ კრიზისის განმუხტვის პერსპექტივებზე. გვინტერესებს, ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავლი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს, ასევე საჯაროდ და ოფიციალურად”, - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში. ოპოზიცია კი ახალ ფორმატში “ყველა, მინუს ელისაშვილი” უახლოეს დღეებში შეიკრიბება და მომავალ სამოქმედო გეგმებზე იმსჯელებს. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ელისაშვილს თავისი გზა აქვს, პოზიციები უკვე გაირკვა და მათი გზები ერთმანეთში აღარ იკვეთება. პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის ვარაუდით, “მოქალაქეეებსა” და “ოცნებას” შორის შეხვედრა აუცილებლად გაიმართება, თუმცა ეს იქნება ფორმალური ხასიათის და ელისაშვილი მიიღებს იმ ცვლილებებს, რასაც “ოცნება” ისედაც აპირებდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ელისაშვილს გადაწყვეტილი აქვს შევიდეს პარლამენტში და გარკვეულწილად აქვს ინფორმაცია რაზე უნდა დათანხმდეს ხელისუფლება. საერთო ენას გამონახავენ, რადგან ხელისუფლებას უნდა რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და ეს შეხვედრა შედგება, მაგრამ უფრო ფორმალური ხასიათის იქნება. საუბარი იქნება საარჩევნო ადმინისტრაციაზე, საარჩევნო კოდექსზე და ა.შ. ელისაშვილი იტყვის რომ ეს მისაღებია. ანუ ელისაშვილი მიიღებს იმ ცვლილებებს, რასაც ისედაც აპირებდა “ქართული ოცნება” და ბარემ ეს ელისაშვილს ჩაეთვალოსო. წარმოუდგენელია, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას არ უნდა, ეს უბრალოდ თამაშია, რომელსაც შემდეგ ისე გააპიარებენ, თითქოს, ბაიდენი ინაუგურაციის შემდეგ პირველი საქართველოში ჩამოვიდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

ცუდი სცენარი - ეკონომიკის გახსნა თითქმის ზაფხულამდე გაგრძელდება

“ეკონომიკაში შეზღუდვების მოხსნის პროცესი, შესაძლოა, ზაფხულამდეც გაგრძელდეს. სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ სხვადასხვა ტიპის აკრძალვები ეკონომიკაში განხორციელდება პერიოდულობით, სანამ კორონავირუსი საბოლოოდ არ დამარცხდება. თუკი ეპიდემიის პირველი ტალღის დროს სრულად დაკეტილი ეკონომიკის გასხნას 2,5 თვე დასჭირდა, ნაწილობრივი ლოკდაუნიდან გამოსვლას მთავრობა გაცილებით მეტ დროს მოანდომებს. ჯერჯერობით მთავრობას ეკონომიკის ამოქმედების გეგმა არ წარმოუდგენია, თუმცა ამ ეტაპზე ისიც კი რჩება გამოცანად, წერტილოვანი შეზღუდვის გეგმაში რა ცვლილებებია და როგორ წარმოუდგენიათ კანონმდებლებს საშიშ ვირუსთან საზოგადოების თანაცხოვრება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ცუდი სცენარი: ეკონომიკის გახსნა თითქმის ზაფხულამდე გაგრძელდება / აკაკი ზოიძე: “კიდევ რამდენიმე თვე მოგვიწევს შემსუბუქება-გამკაცრების რეჟიმში ცხოვრება”.

“საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ვირუსი სრულად არ დაიძლევა. ყველა შეზღუდვა, მათ შორის 1-ელ თებერვალს გათვალისწინებული, მოიხსნება ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად. “კარგად გვესმის, რომ ბიზნესის ინტერესი არის შეზღუდვების სრული მოხსნა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბალანსზე, რომელიც უნდა დავიცვათ შეზღუდვების მოხსნასა და ეპიდვითარებას შორის. ამიტომ ბიზნესთან ერთად მოქალაქეთა ინტერესებიც უნდა დავიცვათ, რომელთა საფიქრალი არა მხოლოდ მაღაზიებში სიარულია, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებაც”, - განაცხადა ცქიტიშვილმა. ჯანდაცვის ექსპერტი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ უნდა დაკონკრეტდეს, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რა რაოდენობა იქნება შეზღუდვების მოხსნის თუ დაწესების პირობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სასურველია იყოს გეგმა, როდის რა იქნება, როგორ გავრცელდება სექტორულად რეგულაციები - რა შემთხვევაში განიხილება გამკაცრება ან შესუსტება. ყველაფერი უნდა იყოს მკაფიოდ აღწერილი, პროგნოზირებადი ყველა დაინტერესებადი მხარისთვის, ბიზნესის ჩათვლით. რეალურად გაცხადებული იყო, რომ თებერვლამდე გაგრძელდებოდა შეზღუდვები, როგორ გაიხსნება და რა იქნება, უნდა გაირკვეს. არ შეიძლება, ეკონომიკა მუდმივად შეზღუდვის რეჟიმში ამყოფო. უნდა ამუშავდეს ტრანსპორტიც შესაბამისი კონტროლით და ვაჭრობაც. ჩემი ინფორმაციით, ეკონომიკის სრულად გახსნის პროცესი, ალბათ, ზაფხულამდე გაგრძელდება, თამცა ლოკალური აკრძალვები პერიოდულად ისევ გახდება საჭირო. მით უმეტეს, ახალი შტამი შემოვიდა და ესეც დამატებით შეზღუდვას მოითხოვს. ძალიან რთულია კონტროლი, რასაც გვაჩვენებს ინგლისის მაგალითი, სადაც შტამი სწრაფად გავრცელდა. ყველაფერი უნდა გვქონდეს მხედველობაში და გონივრულად ვმართოთ პროცესი. ცხადია, თუ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა, მაშინ კვლავ გამკაცრდება მიდგომა”, - აცხადებს გამოცემი კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“როგორც იცით, საზღვრები არ იჭერს ვირუსს, ადრე თუ გვიან, სამხრეთაფრიკული თუ ბრიტანული სახეშეცვლილი ვირუსი ჩვენამდეც მოაღწევს და ამას, როგორც აღვნიშნე, შეიძლება დამატებითი შეზღუდვა დასჭირდეს. დღევანდელი მოცემულობით, ვირუსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, 3 თვის წინ ასეთი სტატისტიკა რომ გვქონოდა, საზოგადოებაში სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევდა, მაგრამ ამასაც მივეჩვიეთ. ყველაფერი შედარებითია. ვფიქრობ, პროცესი ზაფხულამდე გასტანს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ შეზღუდვებში ვიქნებით მუდმივად სანამ ჩვენი მოქალაქეების აცრის მაჩვენებელი 70%-ს არ მიაღწევს. დღეს სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ახალი შტამი რომ შემოვიდეს, მერე უკვე შეზღუდვებიც ვერ გვიშველის და ასეთი დონის აკრძალვამაც კი შეიძლება არ იმუშაოს. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ვაქცინაა გადამრჩენი. აქედან გამომდინარე, ბიზნესის გახსნის შემუშავებული გეგმა უნდა იყოს მკაფიო, კიდევ რამდენიმე თვე მოგვიწევს შემსუბუქება-გამკაცრების რეჟიმში ცხოვრება. მაგრამ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ შაბათ-კვირას, როგორც ახლა გეგმავს მთავრობა”, - მიიჩნევს ზოიძე.

“ეტაპობრივი გახსნის მომხრეა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი, ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე, რომლის აზრითაც, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პროცესი დროში არ გაიწელოს. ასეთ შემთხვევაში, კომპანიები კიდევ უფრო გაკოტრდებიან, სრულად გაღატაკდება მოსახლეობა და მერე ამ პროცესს სასიკეთოდ ვერაფერი შემოაბრუნებს. “სულ მცირე, 2 თვეში ეკონომიკა სრულად უნდა გაიხსნას ეპიდემოლოგიური სიტუაცია თუ შენარჩუნდა ან თუნდაც ცოტათი გაუარესდა. ეკონომიკა აღარ უნდა ჩაიკეტოს, ნებისმიერ სეგმენტს ვგულისხმობ, რომელსაც შეზღუდვა შეეხო. განსაკუთრებით ბიზნესი, რომელიც საქმიანობას ვერ აგრძელებს”, - ამბოს კაპანაძე, რომელის თქმით, “მონდომება უნდა, თორემ 1 თვეშიც შესაძლებელია ეკონომიკის გახსნის პროცესი დასრულდეს”, - დასძენს გამოცემა.

“ეტაპობრივ გახსნაში პრობლემას ვერ ვხედავ, უბრალოდ, დროში არ უნდა გაიწელოს ეს პროცესი. სექტორებს უნდა მიეცეთ საქმიანობის შესაძლებლობა, რომ აღდგენა დროულად მოახერხონ. არ ვიცით, როგორი იქნება მესამე ტალღა, ინფიცირების რა მაჩვენებელი გვექნება, მაგრამ ჩაკეტვისგან უკვე თავი უნდა შევიკავოთ, თუ საგანგაშო მდგომარეობამდე არ მივა საქმე. ვხედავთ, რომ ეკონომიკა მუდმივად გახსნა-დაკეტვის რეჟიმშია და ასე მუდმივად თუ გაგრძელდება, შეიძლება, სოციალური აფეთქება მივიღოთ და კომპანიების უმეტესობისთვის ეს პროცესი სრული გაკოტრებით დასრულდეს“, - თვლის ანალიტიკოსი. სხვათა შორის, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგებიც ეკონომიკის ნელ-ნელა გახსნას უჭერენ მხარს, რადგან ქვეყანამ იქნებ მესამე ტალღის თავიდან არიდება მოახერხოს”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს