სოზარ სუბარი ოპოზიციის განცხადებაზე - 2 000 000 ადამიანის არჩევანს წყალში არ გადავყრით, დანარჩენი ყველაფერზე ვართ მზად, მოვიდნენ და ვილაპარაკოთ

ჩვენ ვერ მივბრუნდებით იმ მაგიდასთან, საიდანაც არ გავსულვართ და სადაც ვართ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველი პარტია 2 მილიონი ადამიანის არჩევანს წყალში ვერ გადაყრის, დანარჩენისთვის კი მზადაა.

ამასთან, სუბარი ამბობს, რომ ოპოზიცია ერთის მხრივ მანდატების შეწყვეტას ითხოვს, მეორეს მხრივ კი განგაშს ტეხს, მანდატების შეწყვეტაზე.

„უბრალოდ, საჭიროა გონივრული პოზიცია იმისთვის, რომ შემდეგი მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ჩვენ ვთქვით, რომ 2 000 000 ადამიანის არჩევანს ხაზს არ გადავუსვამთ, წყალში არ გადავყრით. დანარჩენი ყველაფერზე ვართ მზად, მოვიდნენ და ვილაპარაკოთ. უცნაურობა რა არის იცით? - ერთის მხრივ, ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ, განცხადებები დაწერეს და ითხოვენ, რომ მანდატი შეუწყდეთ. მეორე მხრივ, რამდენიმე დღეა რამდენიმე პოლიტიკოსმა განგაში ატეხა, პირველი მამუკა ხაზარაძემ დაიწყო, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს მათ მანდატები შეუწყვიტოს და დარჩეს პარლამენტში მარტო.

მამუკა ხაზარაძე ერთის მხრივ ითხოვს მანდატების შეწყვეტას და მეორეს მხრივ განგაშის ზარები შემოჰკრა, რომ რა ხდება მე მგონი, ესენი გვიწყვიტავენ მანდატებს და ეს როგორ შეიძლება, ეს ხომ არადემოკრატიულიაო, გაგვაგებინოს ბოლო-ბოლო, როგორ მოვიქცეთ, რა უნდა, შევუწყვიტოთ, თუ არ შევუწყვიტოთ“, - განაცხადა სუბარმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ საინტერესოა „ლელოს“ სხვა წევრების პოზიცია, რომელთაც ყოველთვის ჰქონდათ მკვეთრი პოზიციები, თუმცა ახლა მათი ხმა არ ისმის.

„იგივე მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესოა, რატომ არ ისმის დავით უსუფაშვილის ხმა, კახა კოჟორიძის ხმა, მამუკა კაციტაძე იყო იქ, მაინტერესებს მათი აზრიც“, - განაცხადა სუბარმა.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ დავით უსუფაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სუბარმა უპასუხა: „რაღაც საეჭვო განცხადებაა ეგეც, მაგრამ კაი... კოჟორიძესაც იგივე პრობლემა აქვს? კარგი, კაციტაძე გასაგებია, პარლამენტში არ შესულა, მაგრამ მაინც ჰქონდათ ყოველთვის თავისი მკვეთრი პოზიციები. ლევან კობერიძის ხმა არ გაგვიგია არსად, ეთანხმებიან ისინი ამ პოზიციას?“

მისივე თქმით, მსგავსი კითხვებია სხვა პარტიებთან დაკავშირებითაც.

„მიუხედავად იმისა, რამდენად მომწონს ხოლმე ქალბატონი სალომე სამადაშვილის აზრები ძალიან ბევრ თემაზე, სამადაშვილსაც, გოცირიძესაც, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ვატყობ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები აქვთ თანაგუნდელებისგან, მათ შორის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. გრიგოლ ვაშაძის პოზიცია ძალიან კარგად ვიცით, რომ არ ემხრობოდა ბოიკოტს და არ შესვლას თუმცა, იმისთვის, რომ შემდეგ ველური გამოხტომები არ ყოფილიყო მის წინააღმდეგ, რაც ბათუმში ვიხილეთ, საერთოდ, პარტიიდანაც წავიდა, თანამდებობიდანაც, სად წავიდა, არ ვიცით“, - განაცხადა მან.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ რომან გოცირიძემაც და სალომე სამადაშვილმაც დაწერეს განცხადება მანდატების გაუქმების თაობაზე, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ „ეტყობა, მათ წინასწარ იცოდნენ, რა ემუქრებოდათ“.

„ისევ ბათუმის, ჩავლეიშვილის წინააღმდეგ ჩადენილ, ძალიან ცუდ გამოხტომას გავიხსნებ. არ არის აუცილებელი მხოლოდ ქმედებით ნაგვის თავზე დაყრა, ის ბულინგი, სიტყვების წამოძახილი, რაც მოდის ხოლმე მათი კოლეგებისგან, იგივე თავზე ნაგვის დაყრაა. როცა, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ყოფილი პროკურორი ზის და „თავი ამოყავით ახლა, საცივებიდან, აბა, რას აკეთებთ და ქუჩაში როდის გადიხართ, რევოლუციის თავი, ან ერთი ადგილი თუ გაქვთ“, ასეთი ტონით ელაპარაკება, ეს საწყლები, ღირსებაშელახული ანგარიშს აბარებენ აკანკალებული ხმით, „იცი, რა მე უკვე ამოვყავი დიდი ხანია თავი საცივიდან“, „მე არც ჩამიდია, რადგან საცივი არ მიყვარს და მზად ვარ ქუჩაში გასასვლელად“, რა თქმა უნდა, დედას გეფიცები, პარლამენტში არ შევალ, როცა ასეთი ტონით ლაპარაკობენ, საერთოდ, რომელ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, გამაგებინეთ, მართლა რა ხდება ამ ოპოზიციაში, იქნებ ვინმემ, დასვას კითხვა“, - აღნიშნა სუბარმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს