ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2021

რომელი აკრძალვის მოხსნაა ყველაზე სარისკო და სად გადის “ოქროს შუალედი”

აფხაზეთი დენის მოხმარებით თბილისს დაეწია - “რადიკალურ ნაბიჯზეც არ უნდა დავიხიოთ უკან, თუნდაც ამისთვის “ენგურჰესის” დაკეტვა გახდეს საჭირო”

“ნაცმოძრაობა” მანდატების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში ჩივილს გეგმავს

* * *

რომელი აკრძალვის მოხსნაა ყველაზე სარისკო და სად გადის “ოქროს შუალედი”

"როგორ უნდა შეირჩეს ის სფეროები, რომლებზეც ეტაპობრივად შეზღუდვები მოიხსნება და თან ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუარესდება - სპეციალისტები მთავრობას იმ ოქროს შუალედს სთავაზობენ, რომლითაც რისკების გაზრდის გარეშე ქვეყანა თანდათანობით გაიხსნება. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე კი ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნის დაჩქარების რეკომენდაციას აძლევს - “მე როგორც სპეციალისტი ვემხრობი ეტაპობრივად გახსნას. ეს მესმის, რომ ცუდია ბიზნესის ცალკეული სფეროებისთვის, განსაკუთრებით ზამთრის კურორტებისთვის, მაგრამ უკეთეს გამოსავალს მე ვერ ვხედავ. ერთადერთი შემიძლია მივცე რეკომენდაცია მთავრობას, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება უკონტროლო გავრცელება დაიწყოს”, - განაცხადა ცერცვაძემ, რომლის თქმით, “ასე დანის პირზე უნდა გავიაროთ~, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რომელი აკრძალვის მოხსნაა ყველაზე სარისკო და სად გადის “ოქროს შუალედი”.

“ოქროს შუალედი მოვნახოთ და შევეცადოთ, სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს იმისი, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა, ეს შეზღუდვები მოვხსნათ და ამის კომპენსაცია მოვახდინოთ იმით, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ პირობა, რომ შეასრულებენ ყველანაირ იმ დარჩენილ რეგულაციებს, ლაპარაკია - პირბადის ტარებასა და სოციალურ დისტანცირებაზე და ამაზე გამკაცრდეს კონტროლი. დღეს საუკეთესო გამოსავალი, როდესაც მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა და მეორე მხრივ უკვე გვაქვს სერიოზული მონაპოვარი, სტაბილურია ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია, აი, როგორმე მივაღწიოთ იმასაც, რომ მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ და ეს მდგომარეობაც შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა კიდევ ერთხელ გადაიხედოს ის შეზღუდვის ზომები და შეირჩეს ის სფეროები სადაც მოხსნა შესაძლებელია”, - განაცხადა ცერცვაძემ. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ტრანსპორტის აღდგენისთანავე სასწავლო დაწესებულებების სწავლების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება ყველაზე სარისკოა, რადგან ეს ფაქტი მობილობას ძალიან გაზრდის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩემი აზრით, ყველაზე სარისკო სასწავლო დაწესებულებების მუშაობის აღდგენაა, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მობილობას ეს გაზრდის. მოგეხსენებათ, სასწავლო დაწესებულებებში თავს დიდი რაოდენობით იყრიან და მჭიდრო კომუნიკაციაა. ჩემი აზრით, სასწავლო დაწესებულებებში სწავლების ონლაინ რეჟიმიდან ჩვეულ რეჟიმში გადატანა აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველაფერი სხვა რეგულაციების მოხსნის შემდეგ უნდა მოხდეს, თუნდაც ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ. თუ ჩვენ სტაბილურ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, ან მცირედით გაგვიუარესდება, რაც კატასტროფა არაა, შემდეგ ორ-სამ კვირაში სასწავლო დაწესებულებები უნდა გაიხსნას. მესმის, რომ ყველას ამ ყველაფრის გაკეთება გადაუდებლად და სწრაფად უნდა, მაგრამ ჩვენ თუ რაღაც თანამიმდევრობას არ მივყევით, ასე ერთბაშად ყველაფრის გახსნა ძალიან სარისკოა და დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული, მითუმეტეს ჩვენნაირი რესურსის მქონე ქვეყნისთვის”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ასევე კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ სკოლებში არის რაღაც ხარვეზები წესები დაცვასთან, ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით. ეს პერიოდი ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად უნდა იქნას გამოყენებული და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემდეგ სწავლის ჩვეულ რეჟიმში აღდგენა რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს, როგორც ბაღებში, ისე სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში. ბარების და რესტორნების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესია, ბევრი ადამიანია დასაქმებული. ამიტომ აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რეგულაციების მოხსნა ტრანსპორტის გახსნის შემდეგ უნდა მოხდეს. მაგრამ ამის გახსნას აზრი არ აქვს, თუ კომენდანტი საათი არ მოიხნა. ბარების და რესტორნების გახსნა კომენდანტის საათის მოხსნის გარეშე ცოტა კომიკური იქნება, მოგეხსენებათ, მათი მუშაობა დღის მეორე ნახევარშია ხოლმე”, - განაგრძობს ინფექციონისტი.

“პირველ რიგში ტრანსპორტის აღდგენა მოწესრიგებულად უნდა მოხდეს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამის აღდგენის გარეშე ადამიანებს სიარული ახლაც უჭირთ და გაუჭირდებათ. შედეგ სავაჭრო დაწესებულებები, რაც, მე როგორც ვიცი, თებერვლიდან უკვე იხსნება და ამას ეტაპობრივად უნდა მიყვეს ფიტნეს დარბაზები, რესტორნები, კვებითი ობიექტები და შემდეგ სასწავლო დაწესებულებები, ოღონდ ეს დიდხანს არ უნდა გაიწელოს და დაახლოებით ერთთვიან ვადაში შესაძლებელია ამ ყველაფრის გახსნა ნელ-ნელა მოხერხდეს ისე, რომ ეპიდსიტუაციის დინამიკასა და მის მართვასაც თვალყური ვადევნოთ, რომ რაიმე გაუარესება არ მივიღოთ. ჩემი აზრით, სამკვირიანი ან ერთთვიანი გეგმით თანდათან ეს ყველაფერი უნდა გაიხსნას, რასაც მოსახლეობა მოითხოვს, მაგრამ ეს ერთ და ორ დღეში ძალიან რთულია. მესმის, რომ რომ დიდი დისკომფრტია, მაგრამ სადაც ამდენი გადავიტანეთ, უსაფრთხოების მეტი გარანტიისთვის რაღაცნაირად უნდა გავძლოთ”, - დაასკვნის ალექსანდრე გოგინავა.

აფხაზეთი დენის მოხმარებით თბილისს დაეწია - “რადიკალურ ნაბიჯზეც არ უნდა დავიხიოთ უკან, თუნდაც ამისთვის “ენგურჰესის” დაკეტვა გახდეს საჭირო”

“2020 წლის განმავლობაში აფხაზეთმა დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც 1,5-მილიონიანმა თბილისმა. ეს ფაქტი საბოლოოდ შესაძლოა იმის საფუძველი გახდეს, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით ენერგეტიკული პოლიტიკა შეიცვალოს. ენერგეტიკოსები აცხადებენ, რომ ეს საკითხი “ენგურჰესის” რეაბილიტაციი შემდეგ აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, რადგან აფხაზეთის ენერგომოხმარება საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება და ასე ვერ გაგრძელდება. მით უმეტეს, ცნობილია, რომ ქართული მხარის მიერ მიწოდებული დენის უდიდესი ნაწილი კრიპტოვალუტის გამომუშავებას ხმარდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აფხაზეთი დენის მოხმარებით თბილისს დაეწია და მალე გადაასწრებს / “საფასური უნდა გადაიხადონ, არადა რადიკალურ ნაბიჯზეც არ უნდა დავიხიოთ უკან, თუნდაც ამისთვის “ენგურჰესის” დაკეტვა გახდეს საჭირო”.

“ესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის ბალანსიდან ირკვევა, რომ აფხაზეთის მიერ საქართველოდან მიღებული უფასო ელექტროენერგია 2020 წელს 24%-ით გაიზარდა და 2.55 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. შედარებისთვის თბილისის ენერგოგამანაწილებლის, “თელასის” მიერ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა 2.63 მილიარდი კილოვატ საათი იყო. აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 102 მილიონი დოლარია (ერთი კილოვატი 4 ცენტი). აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა რეგიონში კრიპტოვალუტების მოპოვებას უკავშირდება. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობამ ტერიტორიაზე მაინინგისთვის განკუთვნილი ბლოკების შეტანა აკრძალა, თუმცა მონიტორინგს ვერაფრით ახორციელებს. მთელი მასშტაბით, მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი 2020 წელს 12.157 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენდა. აქედან სადისტრიბუციო კომპანიებზე მიწოდება 9,658 მლრდ კვტ/სთ-ია. “ენერგო პრო ჯორჯიამ” აღნიშნულ პერიოდში 4,516 მლრდ კვტ/სთ მოიხმარა, დანარჩენი - “თელასმა” და აფხაზეთმა, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფაქტია, რომ ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკა, რეალურად მთელი ელექტროსისტემის სტაბილურობას საფრთხე ექმნება. როგორც “რეზონანსთან” ენერგეტიკოსმა დავით მირცხულავამ განაცხადა, აუცილებელია “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიაზე თავდაპირველი შეთანხმება (40/60-ზე განაწილების პრინციპით) ძალაში დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიკალური ნაბიჯი უნდა გადაიდგას, თუნდაც ქვეყანას ამისთვის “ენგურჰესის” დაკეტვა დასჭირდეს. “დიდი ხანია აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარება არანორმალურად მატულობს, რაც საქართველოს ელექტროსისტემისთვის დიდ საფრთხეა. წარმოუდგენელია, რომ აფხაზეთში 1 სულზე მოხმარება ბევრად მეტია, ვიდრე თბილისში. ეს გამოწვეულია იმით, რომ ოკუპირებულ რეგიონში ციფრული ვალუტის მოპოვების პროცესი არის უკონტროლო. დენის გადასახადს თითქმის არ იხდიან და აქედან გამომდინარე, მოხმარების მოთოკვა ვერ ხერხდება”, - ამბობს მირცხულავა, რომლის განმარტებით, “ახლა თვითონ ყიდულობენ დენს, რომელსაც მოიხმარენ და მოუწევთ შესყიდული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, თუმცა როგორც კი “ენგურჰესის” რეაბილიტაცია დასრულდება, აუცილებელლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აფხაზურ მხარესთან, რათა დაიცვან შეთანხმება 40/60-ის პრინციპით”, - განაგრძობს გამოცემა.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩადგება და ენგურჰესის გარეშე ცხოვრება მოუწევს. თუ საჭირო გახდა, რადიკალურ ნაბიჯზეც უნდა წავიდეთ და ამით დავაფიქროთ აფხაზური მხარე, რომ აუცილებელია კონტროლი და აღრიცხვიანობა. ენგურჰესმაც უნდა მიიღოს გასამრჯელო, ასე ვერ გაგრძელდება მუდმივად”, - დაასკვნის დავით მირცხულავა. როგორც ცნობილია, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობამ ტერიტორიაზე კრიპტოვალუტების მაინინგისთვის განკუთვნილი ბლოკების შეტანა აკრძალა, თუმცა აკრძალვის მონიტორინგს ვერ ახორციელებს. ახლა საუბარია კანონის გამკაცრებასა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებაზე. აფხაზეთთან დაკავშირებით ენერგოპოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა “რეზონანსთან” ენერგეტიკოსმა გია არაბიძემაც. განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, გამრიცხველიანების სისტემის შემოღება აფხაზეთში, რაზეც აფხაზური მხარისთვის ცნობილია, თუმცა მხედველობაში არ მიიღეს”, - დასძენს გამოცემა.

“მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინინგია, თორემ დიდი ეკონომიკა და მრეწველობა არც 2020 წელს, არც 2019 წელს არ დაქოქილა აფხაზეთში. ეს არის გამრიცხველიანების უქონლობა და გადასახადების გადაუხდელობა. წლებია, ჩვენ ამ პრობლემის მიგვარებაზე ვმუშაობთ. აქამდე ვითმენდით, მაგრამ უკვე მთელი დარგის სტაბილურობა დიდ რისკშია, ამიტომ, პირველ რიგში, გამრიცხველიანების მოწესრიგება უნდა მოხდეს. სანამ ეს არ გაკეთდება, მუდმივად იქნება პრობლემა. ჯერ კიდევ წლების წინ გვქონდა შეთავაზება, რომ გამრიცხველიანების საკითხს ჩვენი ხარჯით მოვაგვარებდით, ხოლო თუ 40%-ს ვერ აითვისებდნენ, დარჩენილი ნაწილი გაგვეყიდა და ფული თავად მიეღოთ, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. განიხილებოდა ვარიანტიც, რომ არა წლიურ ჭრილში, არამედ ყოველთვიურად მიგვეწოდებინა გამომუშავებული დენის 40%, არც ამაზე წამოვიდნენ. გამოსავალი ვერ მოვძებნეთ, ახლა სხვა ვარიანტი აღარ გვაქვს, მკაცრი პოზიცია უნდა დავიჭიროთ და შევცვალოთ მიდგომა, სხვა შემთხვევაში, ქვეყანა დაზარალდება”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია არაბიძე.

“ნაცმოძრაობა” მანდატების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში ჩივილს გეგმავს

“2 თებერვალს ოპოზიციური პარტიის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე შესაძლოა თავისუფალი კენჭისყრა გაიმართოს და პარლამენტის წევრებმა გადაწყვეტილება ინდივიუალურად მიიღონ. თუმცა, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოძემ “რეზონანსს” განუცხადა, თუკი ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა, “ნაცმოძრაობაში” გადაწყვეტილი აქვთ საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მომართონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნაცმოძრაობა” მანდატების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

“წინასწარ ცნობილია, რომ ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ “პატრიოტთა ალიანსიდან” შესული 4 დეპუტატი, ასევე “ოცნების” წევრი დავით სერგეენკო. “ეს საკითხი გასაანალიზებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ისე, როგორც შემოგვითვალეს ოპოზიციიდან. მათთვის სადეპუტატო უფთლბამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერ, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, იმისთვის, რომ დეპუტატები პარლამენტში შემოვიდნენ. კარები რომ არ დაიხუროს დრო კიდევ არის”, - აცხადებს სერგეენკო. “ნაცმოძღაობაში“ მიიჩნევენ, რომ პარლამენტს ოპოზიციისათვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ხელისუფლებას არა აქვს უფლება ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს. ამით ის არღვევს კანონს და კანონის დარღვევის უფლება არავის აქვს. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი თებერვალში მორჩება. წინააღმდეგ შემთხვევა, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკამყოფილდება, მივმართავთ სასმართლოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების იმედი არ გვაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხატია დეკანოიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა