ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2021

ქართული პრესის მიმოხილვა   30.01.2021

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” თებერვლის ნომრის N2 (276) მიმოხილვა

საუკუნე რუსეთთან პირველი ომიდან... / 100 წელი თბილისისთვის ბრძოლიდან / მომავლის ჯარისკაცის ყოვლისაღმქმელი სათვალე / ნატო შავი ზღვის საჰაერო სივრცეში “ფეხის მოკიდებას” ცდილობს... / ხროვის ტაქტიკით მოქმედი ფრთოსანი რაკეტები / "ჰარვარდის პროექტის" ქართველი რესპონდენტები / საბჭოური აპოკალიფსი - ციმბირული წყლულის ამოუცნობი ეპიდემია / კვალს კვლავ "მოსადისკენ" მივყავართ? / ღვაწლმოსილი მამულიშვილი / კატასტროფა სამეგრელოს სანაპიროსთან / ტყისა და მინდვრის ხანძრებით გამორჩეული იანვარი / ამერიკული "მაქსიმები" საქართველოს დედაქალაქს იცავდნენ და უტევდნენ

“რუსი ბოლშევიკების მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაპყრობიდან ასი წლის შემდეგაც რუსული ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის განახლების საშიშროების წინაშე, სამწუხაროდ, კვლავ ვიმყოფებით... 1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების თარიღად ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც დიდი ზარ-ზეიმით აღვნიშნავდით საბჭოთა კავშირის პერიოდში, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს თარიღი ჩვენი ერის ტრაგედიის დღედ აღიქმება. თუ რა მოხდა რუსეთ-საქართველოს პირველი ომის დროს ზუსტად საუკუნის წინ, დღეს ჩვენი თაობისთვის უკვე მეტ-ნაკლებად გასაგები ხდება, რადგან რუსეთთან 2008 წლის მეორე ომის უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო უმეტესი ჩვენგანი...”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N2, იანვარი, 2021) სტატიაში, სათაურით საუკუნე რუსეთთან პირველი ომიდან...

“როგორც რუსეთის მეფის დროს მე-19 საუკუნეში, ისე ბოლშევიკ-კომუნისტებს მე-20 და ოლიგარქ-ნაციონალისტებს 21-ე საუკუნეში სურთ რუსეთის დიდი იმპერიის შექმნა-გაფართოება, რასაც ყოველ საუკუნეში რუსეთის უშუალო მეზობლების სუვერენიტეტები და ტერიტორიები ეწირებოდა, მათ შორის უპირველესად საქართველოსი. საერთაშორისო საზოგადოებრიობა, გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს თამადობით, მიუხედავად დემოკრატიის ქადაგებისა, უძლური აღმოჩნდა წინ აღდგომოდა 21-ე საუკუნის რუსულ სამხედრო აგრესიას ჯერ საქართველოსა და შემდგომ უკრაინაში და ადვილი წარმოსადგენია, რისი გამკეთებელი იქნებოდა ერთა ლიგა ერთი საუკუნის წინ, როცა ბოლშევიკური რუსეთი ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდა სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობაგამოცხადებულ სამივე რესპუბლიკას. მაშინ, ასი წლის წინ, ბოლშევიკებს საქართველოს დასაპყრობად ქართველებიც შემოუძღვნენ - მსოფლიო კომუნიზმის იდეებით მოწამლულებმა თავიანთი ისტორიული სამშობლოს დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირსებებს პროლეტარიატის გაერთიანების არარეალური მიზნები ანაცვალეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმედია, დღეს მსოფლიო კომუნიზმის უტოპიური იდეების თაყვანისმცემლები საქართველოში თითქმის აღარ არიან, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ არიან ისეთები, ვინც ისევე შემოუძღვებიან რუსულ ტანკებს თბილისში, როგორც საუკუნის წინ სერგო ორჯონიკიძე მოუძღოდა ბოლშევიკების ცხენოსან ესკადრონებს ჩვენი დედაქალაქისკენ. ამის სამარცხვინო, მაგრამ რეალური შემთხვევები უკვე გვქონდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს მეორე ომის დროს, როცა ქართული არმიის გორისა თუ სენაკის სამხედრო ბაზებში რუსი სამხედროების მეგზური ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრები იყო, თანაც საკუთარი ინიციატივით... ისტორია ერთგვარი სპირალია და უყვარს გამეორებები მცირედი ცვლილებებით - მიუხედავად იმისა, თბილისის აღებიდან საუკუნე გავიდა, დღესაც აქტუალურია იგივე საფრთხე, რის წინაშეც ასი წლის წინ გმირი ქართველი იუნკრები იდგნენ – საქართველოს არა მარტო ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მისი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას კვლავ დამოკლეს მახვილივით კიდია თავზე რუსული სამხედრო აგრესიის განახლების საშიშროება და ჯერ არ არსებობს მყარი გარანტია (მიუხედავად დასავლეთისკენ, ნატოსა თუ ევროკავშირისკენ ჩვენი სწრაფვისა), რაც მინიმუმამდე დაიყვანდა ჩრდილოეთიდან მომდინარე რეალურ საფრთხეს” - დასძენს გამოცემა.

“რუსეთის სათავეში 1917 წლის ნოემბერში მოსული ბოლშევიკები საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ ეგუებოდნენ და ქართველ თანამოაზრეთა მონაწილეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აჯანყებებსა თუ გამოსვლებს აწყობდნენ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაც დაძაბული იყო. მოსკოვი თბილისს მუდმივად ადანაშაულებდა თეთრი მოძრაობის დახმარებაში, რუსეთის დიპმისიის უფლებათა შებღალვაში, ქართველი კომუნისტების დევნა-დაკავებაში, სომხეთისკენ რუსული სამხედრო ეშელონების გატარების აკრძალვაში და ა.შ. აზერბაიჯანისა და სომხეთის გასაბჭოების შემდეგ საფრთხემ უფრო იმატა, ამიტომ 1920 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის საბჭომ ბორჩალოს მაზრა შესაძლო აგრესიის მთავარ მიმართულებად შეაფასა და საფრთხის აღსაკვეთად შექმნილ სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტს უფროსად გენერალ-მაიორი იოსებ გედევანიშვილი დაუნიშნა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით 100 წელი თბილისისთვის ბრძოლიდან.

“აგრესიის მოლოდინში მყოფ ქვეყანას თავდაცვისთვის, სულ მცირე, 60-ათასიანი არმია სჭირდებოდა, საქართველოს 25-ათასიანი ჯარი ჰყავდა. აქედან გაგრასთან 1 900, ბათუმის ოლქში 4 900, ახალციხე-ახალქალაქ-ართვინის რაიონში 4 900, ლაგოდეხთან 1 000, ყაზბეგთან 150, სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე 9 500 და თბილისში 2 500 კაცი იყო თავმოყრილი. ბორჩალოს მაზრაში კი ბოლშევიკები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლისთვის საფუძვლიანად ემზადებოდნენ. სომხურ სოფლებში მიმდინარეობდა ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა, იგზავნებოდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული წითელარმიელები იარაღით, მოსახლეობა ქართველ სამხედროებს სასმლით უმასპინძლდებოდნენ დისციპლინის მოსაშლელად და სხვ. 1921 წლის 9 თებერვალს ბორჩალოს მაზრაში დაკავებულმა წითლების ოთხმა აგენტმა აღიარა, რომ რუსის ჯარი ქართველებზე ძალიან მალე თავდასხმას აპირებდა. ინფორმაცია სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის შტაბს დროულად გადაეცა, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“11 თებერვლის ღამით წითელარმიელებმა სანაპირო პატარა რაზმის ოცი გალეშილი ჯარისკაცი და ოფიცერი ტყვედ აიყვანეს, ლორეს მაზრის სამხრეთით, სადგურ შაგალთან, დანაღმული რკინიგზის ხიდი ხელში ჩაიგდეს. დაიკავეს მდინარე დებედის ხეობაში მდებარე სოფელი შინიხი და სადახლომდე გასასვლელი გაინაღდეს. საქართველოში რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თავდასხმა სომხებს გადააბრალა, ხოლო სომხეთმა თავდასხმაში მონაწილეობა უარყო. ქართველების მიერ დატყვევებული წითელარმიელები კი ამბობდნენ, რომ ისინი რუსეთ-სომხეთის საბჭოთა ჯარს წარმოადგენდნენ. ქართველმა კომუნისტებმა მომენტით ისარგებლეს და სერგო ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით წითელი არმიის ოკუპირებულ შულავერში რევოლუციური კომიტეტი (რევკომი) შექმნეს, ხოლო წითელ არმიას ადგილობრივები, საქართველოს რევკომის შაგალის, სადახლოსა და ვორონცოვკის (ტაშირი) რაზმები შეუერთდნენ. ქართულმა ჯარმა მდგომარეობის ნაწილობრივ გამოსწორება მოახერხა, მაგრამ 14 თებერვალს რუსების ძლიერი კონტრშეტევის შემდეგ უკან დაიხია და მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირზე გამაგრდა...” - განაგრძობს გამოცემა.

“ბოლო წლებში შეერთებული შტატების თავდაცვით სისტემებზე მომუშავე რამდენიმე ათეული კომპანია პენტაგონის დაკვეთით აშშ-ის არმიისთვის მომავლის ჯარისკაცის აღჭურვილობაში შემავალ სხვადასხვა კომპონენტს ამუშავებს. 2009 წელს დაიწყო პროგრამა Fუტურე შოლდიერ 2030 Iნიტიატივე, რომელიც ეტაპობრივად ითვალისწინებს მომავლის ომებისთვის ადაპტირებული ჯარისკაცის ინდივიდუალური ეკიპირების ელემენტების, შეიარაღების და ჯავშანდაცვის სისტემათა შემუშავებას. სწორედ ამ პროგრამით 2020 წლის ოქტომბერში ვირჯინიის შტატში, აშშ-ის ეროვნული გვარდიის ფორტ-პიკეტის სამხედრო ბაზაში, 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის 25-ე პოლკის შერეულმა საგამოცდო ჯგუფმა ქვეითი მებრძოლის ვიზუალური დამატებების ინტეგრირებული სისტემა IVAS-ის (Integrated Visual Augmentation System) გამოყენებით მასშტაბური საჩვენებელი სწავლება გამართა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით მომავლის ჯარისკაცის ყოვლისაღმქმელი სათვალე.

“სამოქალაქო ბაზრისთვის გათვლილი შერეული რეალობის სათვალის HoloLens-ის ბაზაზე შემუშავებული სამხედრო დანიშნულების ეგრეთ წოდებული ჭკვიანი სათვალის პროტოტიპის დახვეწაზე 2018 წლიდან ერთობლივად მუშაობენ კომპანია Microsoft-ის სპეციალისტები და ფორტ-ბენინის ბაზაში განთავსებული აშშ-ის არმიის მომავლის მებრძოლის ლეტალურობის გაზრდის კონცეფციაზე მომუშავე ჯგუფი SL CFT-ი ბრიგადის გენერალ დეივიდ ჰოდნის ხელმძღვანელობით. IVAS-ის მებრძოლის საინფორმაციო უზრუნველყოფის ინტეგრირებული სისტემა გათვლილია მებრძოლის ჩაფხუტზე დასამაგრებლად და წარმოადგენს ოპტიკურ-ელექტრონული სენსორებისა და ეგრეთ წოდებულ HUD-ის, სათვალე-დისფლეის ერთობლიობას, რომელზეც ბრძოლაში ან სწავლების პროცესში ინდივიდუალური მებრძოლისთვის აუცილებელი ინფორმაცია ტექსტური, 2D ან 3D ვიზუალიზაციით აისახება. ინფორმაცია მებრძოლს ბრძოლის ველზე სიტუაციის შეფასებაში, ნავიგაციაში, უსაფრთხო გადაადგილებაში, საკუთარ ქვედანაყოფთან კოორდინირებულ მოქმედებაში, კომუნიკაციაში, მიზნის იდენტიფიცირებასა და ზუსტი ცეცხლის წარმოებაში ეხმარება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“IVAS-ის სისტემაში ბრძოლის დაგეგმარებისთვის ჩატვირთულია ორ და სამგანზომილებიანი რუკები, რომლებზეც უშუალოდ ოპერაციამდე მოინიშნება მიზნის ადგილმდებარეობა, საკუთარი და მოწინააღმდეგის ძალების განლაგება, მანძილისა და მიმართულების აღნიშვნები. კიდევ ერთი დამატებითი ფუნქცია მიზნის სწრაფი იდენტიფიკაციისა და მიზანში ამოღების პრინციპია. ინდივიდუალურ ავტომატურ შაშხანაზე დამაგრებული ციფრული სამიზნე მოწყობილობა სათვალესთან ბლუთუზითაა დაკავშირებული. ღია ან მოფარებული პოზიციიდან დამიზნებისას სამიზნეში მიღებული გამოსახულება უსწრაფესად აისახება სათვალის დისფლეიზე და ქვედანაყოფის მართვის ერთიან ქსელშიც, შედეგად, ერთი მებრძოლის მიერ დანახული მიზნის დანახვა მთელ ქვედანაყოფს შეუძლია...” - განაგრძობს გამოცემა.

“ახალი წლის დღეებში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობამ ნატოს წევრი რუმინეთის კიმპია-ტურზის სამხედრო-საჰაერო ბაზაში სადაზვერვო-დამრტყმელი დრონი MQ-9 Reaper-ები და მათი მომსახურე 90-მდე სამხედრო სპეციალისტი გადაისროლა. ამერიკულ დამრტყმელ უპილოტო თვითმფრინავ “რიპერებს”, ჩვენებურად კი “მცელავებს”, დიდი წარდგენა არ სჭირდება, რადგან არც ერთი სპეცოპერაცია, რომელსაც პენტაგონი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ატარებს, მათ გარეშე არ ტარდება. ბოლოდროინდელი თვალსაჩინო მაგალითია 2020 წლის 3 იანვარს ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტში ცნობილი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის კორტეჟის აფეთქება, რაც სწორედ ამერიკულმა უპილოტო “მცელავმა” “ჰაერი-მიწა” კლასის ორი მართვადი რაკეტის წერტილოვანი დარტყმით გააკეთა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ნატო შავი ზღვის საჰაერო სივრცეში “ფეხის მოკიდებას” ცდილობს...

“თეთრ სახლს საერთაშორისო ტერორისტებად მიჩნეული ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი პირების საჰაერო “წერტილოვანი” განადგურებების გარდა, რაში უნდა დასჭირვებოდა შავი ზღვის სანაპიროსთან უპილოტო “მცელავების” გადმოსროლა, მით უმეტეს, ასეთი პირები შავი ზღვის სანაპიროზე თითქმის არ არიან? MQ-9 Reaper-ის ფრენის სიშორე 2 ათას კმ-მდეა და ის ჰაერში ერთ დღე-ღამეზე მეტხანს შეიძლება იყოს “გამოკიდებული”, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის სადაზვერვო შესაძლებლობებს, ხოლო მიზნის აღმოჩენისა და მისი იდენტიფიკაციის შემდეგ, ოპერატორს არ სჭირდება დამრტყმელი ავიაციის დამატებით გამოძახება, რადგან “მცელავი” 4-8 ცალი ლაზერული დამიზნების მართვადი რაკეტითა და ბომბითაა შეიარაღებული და თავად შეუძლია “წერტილოვანი” საჰაერო დარტყმების მიყენება. კიმპია-ტურზის რუმინული საჰაერო ბაზიდან საქართველოს ფოთის პორტამდე პირდაპირი ხაზით 1 500 კმ-მდეა, რაც თეორიულად შესაძლებელს ხდის (დამატებითი საწვავის ავზების ჩამოკიდების შემთხვევაში), რომ ამ ამერიკულმა უპილოტო “მცელავებმა” ქართულ ცაზეც შემოიფრინონ ოფიციალურ თბილისთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, მაგრამ უფრო რეალურია, რომ რუმინეთში განთავსებული ამერიკული სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტოების მთავარი “სამიზნე” მაინც რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული გახდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან “ჩაუძირავ ავიამზიდად” მონათლული ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ რეგიონად გადააქცია, რისი მიზანიც შავი ზღვის აკვატორიის სრულად გაკონტროლების სურვილია. რუმინული საჰაერო ბაზიდან აფრენილ ამერიკულ “მცელავებს” კი 24 საათზე მეტხანს შეეძლებათ სადაზვერვო ფრენა ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ახლოს, ნეიტრალური წყლების თავზე, რაც აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობასა და ნატოს სარდლობას უფრო მეტ სადაზვერვო ინფორმაციას მისცემს ყირიმში რუსული სამხედრო ძალის მოქმედებაზე. გარდა ამისა, უკვე წელს უკრაინაში გასამართ მორიგ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ რუმინეთში გადასროლილი ეს ამერიკული დრონებიც. მათი გამოჩენა მოსალოდნელია იმ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებზეც, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება ქართულ სამხედრო პოლიგონებზე...” - განაგრძობს გამოცემა.

“თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური სისტემები უნიკალური შესაძლებლობების შეიარაღების შექმნის საშუალებას იძლევა. ის, რაც 5-10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს რეალობად იქცა და უახლოეს მომავალში, დიდი ალბათობით, შეიარაღებაშიც იქნება მიღებული. ლაპარაკია ერთიანი ხროვის პრინციპით მოძრავი საფრენი აპარატების ჯგუფზე. ერთი შეხედვით ახალი არაფერია - ასეთ ტექნოლოგიაზე ამერიკელი (და არა მარტო) სპეციალისტები წლებია მუშაობენ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ საჰაერო ხროვაში დრონები კი არა, ფრთოსანი რაკეტები არიან გაერთიანებული. 2017 წლიდან მოყოლებული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორია (Air Force Research Laboratory – AFRL) ერთდროულად ორ პროექტზე - Gray Wolf-სა ("რუხი მგელი") და Golden Horde-ზე ("ოქროს ურდო") მუშაობს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ხროვის ტაქტიკით მოქმედი ფრთოსანი რაკეტები.

“პირველ პროექტზე 2017 წლის მიწურულს თავდაცვის უწყებამ Lockheed Martin-სა და Northrop Grumman-ს 110-110 მლნ დოლარის კონტრაქტი გაუფორმა. ხელშეკრულების პირობებით, კომპანიებს შედარებით იაფი, ბგერამდელი სიჩქარით მფრენი ფრთოსანი რაკეტა უნდა შეექმნათ და პროტოტიპები გამოეცადათ. განსაკუთრებული მოთხოვნები რაკეტის ელექტრონულ შიგთავსსა და პროგრამულ უზრუნველყოფას წაუყენეს. საავიაციო პლატფორმიდან სტარტის შემდეგ რაკეტას როგორც დამოუკიდებლად, ასევე ხროვის შემადგენლობაში უნდა ემოქმედა. მიზნისკენ ფრენა წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით მოხდებოდა, მაგრამ უშუალოდ ფრენის დროს უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო რაკეტებს შორის ინფორმაციის გაცვლა (მათ შორის მიზნის და მისი ადგილმდებარეობის შესახებ) და მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ჯგუფური გარღვევა, რამდენიმე მიზნის არსებობის შემთხვევაში კი მათი განადგურების თანამიმდევრობის დამოუკიდებლად განსაზღვრა. პენტაგონის აზრით, ასეთი მიდგომა საჰაერო თავდასხმის ეფექტიანობას საგრძნობლად გაზრდის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დიდ სამიზნეზე (მაგალითად, საავიაციო ბაზაზე) საზენიტო საშუალებებით ერთი ან რამდენიმე რაკეტის ჩამოგდების შემთხვევაში ხროვაში დარჩენილი ფრთოსანი რაკეტები დამოუკიდებლად გადაჯგუფდებიან და ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლით მიზნების განადგურებას პრიორიტეტულობის პრინციპით დაიწყებენ. ღია წყაროებში მოყვანილი ცნობებით, გასული წლის ივლისში კალიფორნიის შტატში მდებარე ედვარდსის საავიაციო ბაზაში პროგრამა Gray Wolf-ით საცდელად გაუშვეს კომპანია Northrop Grumman-ის რაკეტა. საჰაერო პლატფორმის როლს გამანადგურებელი F-16C ასრულებდა. პროექტი გასაიდუმლოებულია და რაკეტის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე თითქმის არ მოიპოვება, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ ძალურ დანადგარად TDI-J85-ის ტიპის კომპაქტური რეაქტიული ძრავაა გამოყენებული. მისი სიგრძე მხოლოდ 37,5 სანტიმეტრი, დიამეტრი კი 22,4 სანტიმეტრია...” - განაგრძობს გამოცემა.

“კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ “ცივი ომის” დასაწყისში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (ცსს) განებივრებული არ იყო საბჭოთა იმპერიაზე აგენტურული ინფორმაციით და ძირითადად საბჭოთა კავშირის ღია წყაროების (საგაზეთო პუბლიკაციების) ანალიზსა და მოსკოვში მყოფი უცხოელი დიპლომატების მიწოდებულ ჭორებს ეყრდნობოდა. აშშ-ის მთავარი სადაზვერვო სტრუქტურა - ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო 1947 წლის სექტემბერში შეიქმნა. 1950-იანი წლების დამდეგს ის საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან შედარებით “ნორჩი” და გამოუცდელი იყო: საკმარისად არ ჰყავდა კვალიფიციური კადრები და უცხოეთში მოქმედი აგენტურაც”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით "ჰარვარდის პროექტის" ქართველი რესპონდენტები.

“თუ ამ ობიექტურ გარემოებას იმასაც დავუმატებთ, რომ სტალინის მიერ ჩამოშვებული “რკინის ფარდა” სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის თითქმის შეუვალი იყო, მაშინ აშშ-ის დაზვერვის მიერ საბჭოთა კავშირში მოპოვებული ინფორმაციის დაბალი ხარისხი და ნაკლებსანდოობა გასაგები გახდება. ამიტომაც “ჰარვარდის პროექტის" მიზანი საბჭოთა კავშირზე ინფორმაციის მოპოვება, მისი ანალიზი და ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის (უპირველესად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სპეცსამსახურებისთვის) ანალიტიკური მოხსენებების მომზადება იყო, ინფორმაციული რესურსი კი ევროპის ქვეყნებში (გერმანია, საფრანგეთი და ავსტრია) არსებობდა. გადაწყდა რუსეთის 1917 წლის რევოლუციებისა (ემიგრაციის პირველი ტალღა) და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ ევროპაში საცხოვრებლად დარჩენილი ყოფილი რუსეთისა და საბჭოთა მოქალაქეების (ემიგრაციის მეორე ტალღა) სოციოლოგიური კვლევა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სამუშაოები მოიცავდა პერსონალურ ინტერვიუს, ექსპერტულ გამოკითხვას, ანკეტურ გამოკითხვასა და ფსიქოლოგიურ ტესტირებას. დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე “ჰარვარდის პროექტის” რეალიზებას ხელს უშლიდა საკანონმდებლო შეზღუდვები: ამერიკელებს გერმანიის ტერიტორიაზე დამოუკიდებლად კვლევების ჩატარების უფლება არ ჰქონდათ. ამიტომ შეარჩიეს რუსი ემიგრანტების ორგანიზაცია “რუსული ბიბლიოთეკა”, რომელსაც ბორის იაკოვლევი (ნამდვილი სახელი ნიკოლოზ ტროიცკი) ხელმძღვანელობდა და მის ბაზაზე მიუნხენში შექმნეს “საბჭოთა კავშირის შესწავლის მიუნხენის ინსტიტუტი”, რომელსაც “ჰარვარდის რუსული კვლევის ცენტრი” 1950 წლის ივლისიდან ყოველთვე 500 დოლარით, დაახლოებით 2.100 მარკით, აფინანსებდა (იმ დროისათვის ეს დიდი თანხა იყო). გარდა ამისა, პროექტის თანამშრომლებს უნაზღაურებდა სამივლინებო და რესპონდენტების ხარჯებს. “საბჭოთა კავშირის შესწავლის მიუნხენის ინსტიტუტის” რვა დამფუძნებლიდან შვიდი რუსი ემიგრანტი, ხოლო ერთი ჩეჩენი, ცნობილი ემიგრანტი ისტორიკოსი და მკვლევარი აბდურაჰმან ავტორხანოვი (რომელიც ალექსანდრ კუნტას ფსევდონიმს იყენებდა) იყო...” - განაგრძობს გამოცემა.

“როცა მსოფლიოს საშინელი სენი, ჩინური კორონავირუსი მოედო, ხალხს ეგონა რამდენიმე თვეში პანიკა ჩაცხრებოდა და ცხოვრება ისევ თავის კალაპოტს დაუბრუნდებოდა, თუმცა მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა. დღესდღეობით ახალი კორონავირუსით (Covid-19) მილიონობით ადამიანია დასნეულებული, დიდია დაღუპულთა რიცხვიც. სახელმწიფოებმა საზღვრები ჩაკეტეს, შეჩერებულია ეკონომიკური და საგანმანათლებლო, კულტურული საქმიანობა. შეშინებული მოსახლეობა ისტერიკულად იმარაგებს საკვებს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. კეთილსინდისიერმა მედიკოსებმა წამოაყენეს ლოზუნგი: “მე ვრჩები ჩემს სამსახურში თქვენს დასაცავად, თქვენც დარჩით სახლში ჩვენი და სხვების დასაცავად”. მოსახლეობას თვითიზოლაციაში ყოფნას ურჩევენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით საბჭოური აპოკალიფსი - ციმბირული წყლულის ამოუცნობი ეპიდემია.

“მიუხედავად იმისა, რომ უჩვეულო დროება დადგა, ის მაინც ვერ შეედრება იმას, რაც სვერდლოვსკელებმა გადაიტანეს 1979 წელს - ეს იყო ამოუცნობი, მომაკვდინებელი ავადმყოფობა. 1979 წლის აპრილში ავადსახსენებელი ჩერნობილის ატომურ ენერგოსადგურზე კატასტროფამდე 7 წლით ადრე ქალაქ სვერდლოვსკში და მის გარეუბნებში დიდი უბედურება დატრიალდა. საავადმყოფოები გადაივსო ამოუცნობი ავადმყოფობით დაავადებული ასობით ადამიანით. ყველას მსგავსი სიმპტომი ჰქონდა: ტემპერატურა 410C, ძლიერი ციება, რომელსაც ახლდა კანკალი, მახრჩობელა ხველა, სისუსტე და გულისრევა. ადამიანები ცუდად ხდებოდნენ მყისიერად, რამდენიმე წუთში. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს პირდაპირ სამსახურებიდან მიჰყავდათ ავადმყოფები, ზოგიერთი ქუჩაში ეცემოდა გულშემოყრილი. რამდენიმე დღის განმავლობაში ავადმყოფების მდგომარეობა მკვეთრად უარესდებოდა. პირველადი სიმპტომები სწრაფად გადადიოდა მკერდში ძლიერ ტკივილსა და გართულებულ სუნთქვაში. სამი დღის შემდეგ დაავადებულს ეწყებოდა სისხლიანი ღებინება, სხეული გვამური ლაქებით ეფარებოდა, ვითარდებოდა შოკი და ადამიანი კვდებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გვამები საშინელი შესახედავი იყვნენ. შეშინებული ჭირისუფლები მიცვალებულების წასვენებაზე უარს ამბობდნენ. გარდაცვალებულებთან მიახლოების ეშინოდათ სანიტრებსაც. დაღუპულების მორგში გადასასვენებლად N24 საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა არყით მოისყიდა მეეზოვეები, სანტექნიკოსები, ბომჟები და შავი მუშები. მალე ქალაქი პანიკამ მოიცვა. ექიმებმა არ იცოდნენ, რა ტიპის დაავადებასთან ჰქონდათ საქმე. 24-ე საავადმყოფო 100 პაციენტზე გათვლილი თერაპიული კორპუსით მზად არ აღმოჩნდა მსგავსი მასშტაბის ეპიდემიასთან გასამკლავებლად. ახალმიღებულ პაციენტებს დერეფანში, პირდაპირ იატაკზე აწვენდნენ, მაგრამ ადგილები მაინც არ კმაროდა. მედიკოსები იძულებული გახდნენ, პაციენტების ნაწილი სხვა საავადმყოფოებში გადაენაწილებინათ. მალე იქაც დაიწყო სიკვდილიანობა. პანიკის ზღვარზე მყოფმა ექიმებმა ივარაუდეს, რომ ეს იყო ტოქსიკური პნევმონია. ავადმყოფობა საოცარი სისწრაფით ვითარდებოდა. სიკვდილამდე ორი-სამი წუთით ადრე ავადმყოფი სრულიად მშვიდად იყო, თითქოს ცუდს არაფერს გრძნობდა, მიუხედავად ამისა, მისი მთელი სხეული გვამური ლაქებით იფარებოდა. მოულოდნელად სისხლიანი ღებინება ეწყებოდა და კვდებოდა. თითო საავადმყოფოში ყოველდღიურად 5-8 კაცი იღუპებოდა. 10 აპრილს სანეპიდსადგურის პათანატომმა ოფიციალურად დაადგინა, რომ ქალაქ სვერდლოვსკსა და მის გარეუბნებში ციმბირული წყლული მძვინვარებდა...” - განაგრძობს გამოცემა.

“თუ 50 წლის წინ ისრაელი ყველაფერს აკეთებდა, რათა მსოფლიოში მეექვსე ატომური სახელმწიფო გამხდარიყო (რასაც 1970-იანი წლების დასაწყისში, სავარაუდოდ, მიაღწია კიდეც), ამჟამად ის ყოველნაირად ცდილობს აღკვეთოს ბირთვული იარაღის შექმნა სხვა ქვეყნებში. ერაყის ატომური პროექტი “თამუზი” ისრაელის სპეცსამსახურებმა ორჯერ ჩაშალეს: პირველად “მოსადისა” და “ამანის” ინფორმაციის საფუძველზე 1981 წლის 4 ივნისს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების F-15-ებმა და F-16-ებმა ბაღდადის ახლოს მიწასთან გაასწორეს ერაყის ატომური რეაქტორი. მომდევნო წლებში ისრაელის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდებოდა ერაყისა და ირანის ატომურ პროგრამებს, რასაც ქვემოთ მოყვანილი ფაქტებიც ადასტურებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით კვალს კვლავ "მოსადისკენ" მივყავართ?

“ბავშვობაში, ალბათ, ყველას წაუკითხავს ჟიულ ვერნის ფანტასტიკური რომანი “დედამიწიდან მთვარემდე”, სადაც საარტილერიო ჭურვით კოსმოსში მოგზაურობა დამაჯერებლადაა მოთხრობილი. ამის შემდეგ ბევრი მეცნიერის, გამომგონებლისა თუ დიქტატორისთვის გიგანტური ქვემეხის შექმნა ოცნებისა და უძილო ღამეების საგანი გახდა. ინჟინერ-გამომგონებელი ჯერალდ ბული 1928 წელს კანადის პროვინცია ონტარიოში დაიბადა. 22 წლისამ დოქტორის ხარისხი მოიპოვა ტორონტოს უნივერსიტეტში. 1961 წლიდან მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1964 წლიდან კანადის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი იყო. იმ წლებში ბული აშშ-კანადის ერთობლივ სამთავრობო პროექტზე მუშაობდა, რომლის მიზანი კოსმოსში გიგანტური ქვემეხით მცირე თანამგზავრების გაშვება იყო. ბულმა სამი გიგანტური ქვემეხი დაამზადა, ერთ-ერთს ლულის შიგა დიამეტრი 40,6 სმ და სიგრძე 50 მ-ზე მეტი ჰქონდა. ამ ქვემეხებით მან 2-ტონიანი ტვირთების 180 კმ სიმაღლეზე გასროლა შეძლო. კოსმოსური გამოკვლევებისთვის ბულს 1968 წელს კანადის უმაღლესი სამეცნიერო ჯილდო, მაკარტის პრემია მიენიჭა. ამ დროიდან ბული მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურების მუდმივი ოპერატიული მეთვალყურეობის ობიექტი გახდა. 1972 წელს ბულმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო. შემდეგ წლებში ის სამხრეთ აფრიკაში, ისრაელში, ესპანეთში, ჩინეთში მუშაობდა, სადაც საარტილერიო დანადგარების სრულყოფით იყო დაკავებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“1982 წლიდან ბული საცხოვრებლად ბელგიაში გადავიდა და კერძო “კოსმოსური კვლევების კორპორაცია” შექმნა. კვლევის მთავარი მიმართულება ტრადიციული საარტილერიო ტექნიკის გაუმჯობესება იყო. სულ მალე ამ კორპორაციის სამხრეთ ამერიკის ფილიალმა დაიწყო 20,3 სმ კალიბრის ჰაუბიცების მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ექსპორტირება. ბულის მუშაობას, როგორც შემდგომ გაირკვა, ბევრი ადევნებდა თვალყურს. 1985 წელს კანადელი ინჟინერი ერაყის დიქტატორ სადამ ჰუსეინის გარემოცვაში გამოჩნდა და ახალ “სუპერქვემეხზე” დაიწყო მუშაობა. ერაყს ამ ახალი იარაღით სურდა არა მარტო მეზობელი ირანის დაბომბვა, რომელთანაც ომობდა, არამედ ისრაელის ქალაქების განადგურებაც. ბულს უკვე ჰქონდა ქვემეხი, რომელიც ჭურვებს 400 კმ-ზე ისროდა, ჰუსეინი კი სროლის ათას კმ-მდე გაზრდას ითხოვდა. კვლევებს “პროექტი ბაბილონი” უწოდეს. ეჭვი რომ არ აეღოთ, ქვემეხისთვის მოწყობილობები ბულმა ნავთობსადენებისა და ელექტრონული აპარატურის სახით საბერძნეთის, იტალიის, შვეიცარიის, გერმანიის და ბელგიის კომპანიებს შეუკვეთა. ლულისთვის 1 მ დიამეტრის სექციებს ინგლისის ერთ-ერთი კომპანია ამზადებდა. ასეთი ქვემეხის სროლის პოტენციური მანძილი 1800 კმ, ჭურვის წონა 10 ტონა, ხოლო ლულის სიგრძე 160-180 მეტრი უნდა ყოფილიყო...” - განაგრძობს გამოცემა.

“1990-იან წლებში, როცა საქართველო დამოუკიდებლად პირველ ნაბიჯებს დგამდა, ქართველმა მეცნიერმა გიორგი თავაძემ ქართული სამხედრო წარმოების განვითარებისთვის ყველაფერი გააკეთა. ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვერნადსკის სახელობის ოქროს მედლის კავალერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, ახლახან გარდაიცვალა. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი `არსენალი~ შეეცადა მკითხველისთვის მის განვლილ გზაზე უფრო ვრცლად მოეთხრო”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ღვაწლმოსილი მამულიშვილი.

“მისი აღზრდილი და მეგობარი ავთანდილ ხვადაგიანი მეცნიერის მიღწევებზე გვიამბობს: გიორგი თავაძე დაიბადა თბილისში ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ფერდინანდ თავაძის ოჯახში. 1961 წელს წარჩინებით დაამთავრა 23-ე საშუალო სკოლა და სწავლა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. ყმაწვილობის პერიოდშივე გაუშინაურდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტს, რომელსაც ფერდინანდ თავაძე ხელმძღვანელობდა. ცნობისმოყვარეობით და ახლის ძიების სურვილით გამორჩეული ყმაწვილი ხშირად სტუმრობდა ინსტიტუტის ხმაურიან სახელოსნოებსა და ლაბორატორიებს. 1967 წელს გოგი თავაძემ ინსტიტუტის ყველაზე რთულ უბანზე, სპეცლაბორატორიის სახელით ცნობილ დანაყოფში დაიწყო მუშაობა. ეს დანაყოფი მუშაობდა დახურულ, გასაიდუმლოებულ თემებზე, რომლებიც ეხებოდა ბირთვული ენერგეტიკული რეაქტორების მშენებლობაში რეაქტორის კონსტრუქციული კვანძების დასამზადებლად იზოტოპ 10B-თი ლეგირებული სპეციალური ფოლადების მიღების ტექნოლოგიას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ინსტიტუტის კედლებში განვლო გოგი თავაძემ მეცნიერული კარიერის ყველა საფეხური – ლაბორანტობიდან დირექტორობამდე, ჩამოყალიბდა ლითონებში სწრაფად მიმდინარე პროცესების წამყვან მეცნიერ-მკვლევრად და საქართველოში მასალათმცოდნეობის მეცნიერული მიმართულების ერთ-ერთ თავკაცად. მთავარი კი ის იყო, რომ გიორგი თავაძე კარგად გაერკვა თავდაცვით ღონისძიებების ორგანიზება-მართვაში. მის საკანდიდატო დისერტაციაში დამუშავებული იყო გამდნარი ლითონების ზემაღალი სიჩქარეებით გაცივების ორიგინალური მეთოდი. შედეგად შესაძლებელი გახდა ბორის ნადნობისაგან სხვადასხვა სახის ნაკეთობის, მათ შორის ცილინდრული და სფერული ფორმის კონტეინერების დამზადება. 1990-იანი წლების ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების შემდეგ გიორგი თავაძემ, როგორც უკვე დიდი გამოცდილების მქონე სტრატეგიულ პრობლემათა მკვლევარ-ექსპერტმა და პატრიოტმა, მუშაობა დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სისტემაში...” - განაგრძობს გამოცემა.

“1804 წლის 2 ოქტომბერს რუსეთმა სევასტოპოლიდან სამეგრელოსკენ გამოგზავნა შავი ზღვის ფლოტის ესკადრა - სახაზო ხომალდები “ისიდორი”, “სვიატოი მიხაილი” და “ტოლსკაია ბოგოროდიცა”, აგრეთვე ბრიგი “ალექსანდრი”. პირველი ორი ხომალდით ბელევსკის ქვეითი პოლკი მოემართებოდა და მასზე პროვიანტი იყო ჩატვირთული. მესამე ხომალდს სამეგრელოს ტყეებში ხის მასალის დასამზადებლად ბალაკლავის ქვეითი პოლკის 2 ასეული მოჰყავდა და ტრიუმებში 6 ათასი კული (დაახლოებით 700 ტ) პურის ფქვილი მოჰქონდა. მეოთხე ხომალდზე სამეგრელოს სანაპიროზე გემების გადმოსატვირთი ადგილის დასაცავი 4 საზღვაო ზარბაზანი იდგა და მომსახურე არტილერისტთა გუნდი იმყოფებოდა”, - წერს “ჟურნალი” არსენალი” სტატიაში, სათაურით კატასტროფა სამეგრელოს სანაპიროსთან.

“გამომგზავრებამდე ბელევსკის პოლკის შეფს (მეთაური) გენერალ-მაიორ იონა რიკგოფს 1804 წლის 27 სექტემბერს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა 3 ბატალიონითა და არტილერიით თბილისში ჩასვლა დაავალა, თუკი გზები ამის საშუალებას მისცემდა და ცხენები ეყოლებოდა. გაუვალი გზებისა და ცხენების უკმარისობის შემთხვევაში არტილერია და ტვირთი დაცვით ადგილზე უნდა დაეტოვებინა, სანამ გამოსავალი არ მოიძებნებოდა. სახაზო ხომალდებმა "ისიდორმა" და "სვიატოი მიხაილმა" სამეგრელოს სანაპიროზე თურქების მიერ დაკავებულ ფოთის სიმაგრეს მშვიდობიანად მიაღწიეს, მაგრამ მაშინვე სირთულეებს წააწყდნენ. თურქეთი კავკასიის სანაპიროსთან რუსეთის ფლოტის აქტიურობას ხედავდა, მაგრამ ხელის შესაშლელად ძალის გამოყენებას ერიდებოდა და თავგზის ასაბნევად სხვადასხვა ეშმაკურ ფანდს მიმართავდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც მოსალოდნელი იყო, ფოთის სიმაგრის უფროსმა რუსული ხომალდები რიონის შესართავისკენ არ გაატარა და მიზეზად სამეგრელოში რუსების არყოფნა მოიყვანა, ხოლო ოფიცრებს, რომლებმაც ინფორმაციის დასაზუსტებლად ნაპირზე გადასვლა სურდათ, ამის უფლება არ მისცა. არადა, რუსული ხომალდების დასახვედრად იმ დროს იქ იმყოფებოდა საქართველოს გუბერნიის მთავარსარდლის სამოქალაქო მრჩეველი პიოტრ ლიტვინოვი. კიდევ ერთი რუსი მოხელე, ინჟინერ-პრაპორშჩიკი ლაშქარევი სამეგრელოს სანაპიროზე ფოთის გვერდის ავლით ხომალდების მისაღებ სხვა ადგილს ეძებდა. ასეთად ლაშქარევმა მდინარე ხობის შავ ზღვაში შესართავი ჩათვალა, სადაც შემდგომ გრენადერებმა საფორტიფიკაციო ნაგებობა - მიწის რედუტი მოამზადეს, ააგეს სათვალთვალო კოშკი, ზედ რუსეთის დროშა აღმართეს და სიმაგრეს თურქულ ყაიდაზე რედუტ-კალე (ახლანდელი ყულევი) უწოდეს...” - განაგრძობს გამოცემა.

“დასავლეთ საქართველოში იანვრის დასაწყისი უჩვეულოდ თბილი ამინდებით გამორჩეული იყო. ამას მოქალაქეების დაუდევრობა დაერთო და შედეგმაც არ დააყოვნა. ხანძრის კერები მინდვრებში, საკარმიდამო ნაკვეთებსა თუ სახნავ-სავარგულებში ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდა და შედეგად იანვრის პირველ ნახევარში სხვადასხვა მასშტაბის 300-ზე მეტი კერა დაფიქსირდა, რომლის ქრობაში 700-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-მდე სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის 2 შვეულმფრენი მონაწილეობდა. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" დაინტერესდა, როგორ ხდება მაშველი ძალის მობილიზება და რა ტაქტიკით მუშაობს ასეთ დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური... ამ თემაზე ჩვენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი მოადგილე ლაშა თვაური გვესაუბრა, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული აღნიშნული ხანძრების ქრობის პროცესში და ხანდახან ცეცხლის კერებთან მეხანძრე-მაშველებთან ერთად რჩებოდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ტყისა და მინდვრის ხანძრებით გამორჩეული იანვარი / ხანძრის 300-ზე მეტ კერას 700-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძოდა.

“მხოლოდ ციფრებს რომ შევხედოთ, გასაგებია, რომ ადვილი ნამდვილად არ იყო. მობილიზება მოვახდინეთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ყოველდღიურ რეჟიმში ხდებოდა ძალების გადანაწილება. როდესაც ერთ რეგიონს მეზობელი რეგიონებიდან ცოცხალი ძალითა თუ ტექნიკით ეხმარები, მნიშვნელოვანია ეს რეგიონები არ დაგრჩეს მოშიშვლებული და დიდი ყურადღებაა საჭირო. იქმნება სამუშაო შტაბი. თუ ერთ კონკრეტულ რეგიონშია ეპიცენტრი, იმ რეგიონშივე ვაწყობთ, საველე შტაბს. როცა რამდენიმე რეგიონში ერთდროულად მოხდა მინდვრისა და ტყის ხანძარი, შესაბამისად ბრძოლის ტაქტიკა შეიცვალა. ცენტრში გახსნილი იყო სამუშაო შტაბი, რომელსაც სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. პროცესში ადგილზევე ჩაერთო მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი გიორგი გერგაული. ხანძრის კერებთან მუშაობის კოორდინირებას ახდენდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, მისი მოადგილეები, მათ შორის მეც და სამხარეო სამმართველოების უფროსები. სხვადასხვა კერიდან პერიოდული ვიდეოჩართვები კეთდებოდა, 24-საათიან რეჟიმში ინფორმაციები იცვლებოდა და რეაგირება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის განაწილების მხრივ საჭიროების მიხედვით ხდებოდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა თვაური.

“რაჭაში აშკარა იყო, რომ მარტო ცოცხალ ძალას კერებთან გამკლავება გაუჭირდებოდა და შესაბამისად სასაზღვრო პოლიციის ორი შვეულმფრენის ჩართვა მოხდა, როგორც რაჭის მიმართულებით, ასევე რკონში. ზოგადად, შვეულმფრენებზე ერთი რამ მინდა ვთქვა. ხშირად გვხვდება სოციალურ ქსელებში მოწოდებები, რომ ხანძრის დროს შვეულმფრენი იყოს ჩართული. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან კარგად არის აწყობილი შიდა კომუნიკაცია და როდესაც უშუალოდ კერებთან მყოფი მეხანძრე-მაშველები ამბობენ, რომ ხანძრის მასშტაბი და სირთულე შვეულმფრენის გამოყენებას მოითხოვს, ასეც ხდება. პრობლემა ამის გამო არასოდეს გვაქვს. შესაბამისად ყოველთვის, როდესაც ეს საჭიროა, ჩვენ შვეულმფრენებს ვიყენებთ...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“პირველი მსოფლიო ომის მთავარი ცეცხლსასროლი იარაღი - “მაქსიმის” ტყვიამფრქვევები საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაცვაშიც მონაწილეობდნენ. ზუსტად საუკუნის წინ, 1921 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი ბოლშევიკები თბილისს მოადგნენ, დედაქალაქის დამცველები მოწინააღმდეგის შესაჩერებლად შაშხანების გარდა “მაქსიმის” დაზგის ტყვიამფრქვევებსაც იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული წარმოშობის ბრიტანელმა მეიარაღე ჰაირემ სტივენსონ მაქსიმმა თავისი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი - ტყვიამფრქვევი ჯერ კიდევ 1883 წელს შექმნა, მან სახელი სწორედ პირველ მსოფლიო ომში გაითქვა როგორც ყველაზე ეფექტიანმა საბრძოლო საშუალებამ, რომელმაც მოწინააღმდეგე მხარეები პოზიციურ ბრძოლებში გადაიყვანა, რადგან შეტევაზე წამოშლილ ქვეითებს დაუნდობლად ცელავდა “მაქსიმის” ტყვიების გრძელი ჯერები”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ამერიკული "მაქსიმები" საქართველოს დედაქალაქს იცავდნენ და უტევდნენ.

“შეიძლება ისიც ითქვას, რომ მეიარაღე მაქსიმის ტყვიამფრქვევი პირველი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი იყო, რომელშიც გასროლისას წარმოქმნილი უკუცემის ძალა გადატენისა და ახალი გასროლისთვის მოსამზადებლად იქნა გამოყენებული. რუსეთის იმპერიამ, რომელშიც მაშინ საქართველოც შედიოდა, მაქსიმის ტყვიამფრქვევის ლიცენზირებული წარმოების უფლება 1910 წელს შეიძინა და პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ, 1914 წლის ივლისში, 4 157 ტყვიამფრქვევი “მაქსიმის” ჰქონდა შეიარაღებაში. ომის განმავლობაში, 1917 წლის ჩათვლით, მეფის რუსეთმა დამატებით 27 517 ცალი “მაქსიმის” ტყვიამფრქვევი დაამზადა, თუმცა ბრძოლებშიც ათასობით დაკარგა. რუსეთში ბოლშევიკური სამხედრო გადატრიალების შემდეგ რუსეთის არმიის დანაყოფების პირადი შემადგენლობა სრულად დეზორგანიზებული იყო ფრონტის სხვადასხვა უბანზე, მათ შორის კავკასიის ფრონტზეც და წინა ხაზიდან გამოქცეული დეზერტირები ხშირად იარაღსაც უთავბოლოდ ყრიდნენ. ასე აღმოჩნდა შაშხანების განსაზღვრული რაოდენობა ახალშექმნილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამცველების, მათ შორის სახალხო გვარდიის ხელში, რასაც დაემატა 1917 წლის დეკემბერში, თბილისის არსენალის დაკავების შემდგომ, იქ აღმოჩენილი იარაღიც, მათ შორის რამდენიმე ათეული “მაქსიმის” ტყვიამფრქვევი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაქსიმის” დაზგის ტყვიამფრქვევებს, ისევე როგორც “ლუისის” ხელის ტყვიამფრქვევებს, ქართული ჯარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩატარებულ ოპერაციებში, ასევე სომხეთთან ომში იყენებდა. ქართველი ჯარისკაცებისა და გვარდიელების “მაქსიმებმა” ბოლშევიკებს ბრძოლა გაუმართეს სოღანლუღთან, ტაბახმელასთან, კოჯორთან, შავნაბადასთან და მნიშვნელოვანი ზიანიც მიაყენეს შეტევაზე გადმოსულ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ძალები აშკარად არათანაბარი იყო, თანაც ბოლშევიკებს ბევრად მეტი “მაქსიმი” ჰქონდათ შეიარაღებაში... 1930 წელს საბჭოთა კავშირმა მოდერნიზება ჩაუტარა “მაქსიმებს” და მათ ფართოდ იყენებდა მეორე მსოფლიო ომის პირველ პერიოდში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაკონსერვებულ “მაქსიმებს” მოსკოვი ხან ჩრდილოკორეელ და ხანაც ვიეტნამელ პარტიზანებს უგზავნიდა. დღესაც სხვადასხვა ადგილობრივი მასშტაბის შეიარაღებულ კონფლიქტებში გაიელვებს ხოლმე “მაქსიმისთვის” დამახასიათებელი სილუეტი. რუსეთში კი კონსერვაციიდან მოხსნილ და ავტომატური ჯერით სროლის ფუნქციაგაუქმებულ “მაქსიმებს” შაშხანის კლასის ცეცხლსასროლ იარაღად სთავაზობენ ყიდვის მსურველებს “სულ რაღაც” 18 ათას დოლარად”, - დასძენს გამოცემა.