ქართული პრესის მიმოხილვა 01.02.2021

რამაზ საყვარელიძე - „სოციალური მოთხოვნებით ხალხი შესაძლოა ქუჩაში გავიდეს, მაგრამ...

“ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი - როდის რამდენ ვაქცინას მიიღებს საქართველო და როგორი გრაფიკით წარიმართება ვაქცინაცია

მამუკა ხაზარაძე - “ჩვენს ვარიანტს არ მიიღებენ და ისხდნენ მარტო...”

რატომ ითხოვს თურქეთი საქართველოს 3+3 ფორმატში ჩართვას და რამდენად მისაღებია ეს საქართველოსთვის

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ ასე გაგრძელდა, ერთპარტიულ პარლამენტს კი არა, ქვეყანას მივიღებთ...”

* * *

რამაზ საყვარელიძე - „სოციალური მოთხოვნებით ხალხი შესაძლოა ქუჩაში გავიდეს, მაგრამ...“

“ვიზიარებ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და თუ რამის მოგვარება უნდა, იქიდან მოაგვაროს. ქუჩიდან პრობლემები ვერ გვარდება. ამიტომ პარლამენტისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი პროგრესული გადაწყვეტილებაა, მით უფრო, თუ განხორციელდა მემორანდუმით გათვალისწინებული ცვლილებები. ეს პოლიტიკურ პროცესს მხოლოდ გააჯანსაღებს. რაც შეეხება იმის ძახილს, რომ ორი ადამიანი პარლამენტში ვერაფერს შეცვლის - წინა პარლამენტში გაცილებით მეტი ოპოზიციონერი იყო, მაგრამ რა შეცვალეს?” - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „სოციალური მოთხოვნებით ხალხი შესაძლოა ქუჩაში გავიდეს, მაგრამ...“.

“ელისაშვილ-იოსელიანის შესვლით პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შეიქმნება, მაგრამ ორი აქტიური პოლიტიკოსი ხშირად შეიძლება 82-საც უდრიდეს, მით უფრო იმისთვის, რომ პარლამენტში ოპოზიციური ხმა ისმოდეს. ასე რომ, მე ალეკო ელისაშვილის ნაბიჯს ვიწონებ და დანარჩენ ოპოზიციასაც გადაწყვეტილებების გადახედვას ვურჩევ. ჩემთვის სრულიად გაუგებარია მათი პოზიცია. რომელიღაცამ განაცხადა, ელისაშვილმა ხალხს არ გაუწია ანგარიშიო. კი, მაგრამ რომელ ხალხს? “ქართული ოცნების” ამომრჩეველთან ერთად, ოპოზიციის ამომრჩეველთა დიდი ნაწილიც ფიქრობს, რომ პარლამენტში შესვლა უკეთესია, ვიდრე ქუჩაში დარჩენა. არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნიუანსი, რასაც ოპოზიცია ანგარიშს არ უწევს. შეხედონ ენ-დი-აის კვლევას - 5%-მდეა შემცირებული “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი. აქედან გამომდინარე, ის გზა, რომელსაც ეს ჯგუფი და მასთან ერთად სხვა ოპოზიციური ძალებიც ადგანან, წარმატების მომტანი ვერ იქნება. ხალხის თვალსაზრისი ცხადად ჩანს ამ კვლევაშიც და ხალხის სახელით ლაპარაკს, მგონი, უნდა მოერიდონ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ოპოზიციას მხარდამჭერები აკლდებიან, რაც ნიშნავს, რომ ხალხს სურს, პოლიტიკოსები პარლამენტში ნახოს და არა ქუჩაში. 2020 წელს, ამავე ენ-დი-აის კვლევების თანახმად, “ნაციონალურ მოძრაობას” მხარს ამომრჩეველთა დაახლოებით 16% უჭერდა, არჩევნებში კი 10%-ით მეტი მიიღო. ეს როგორ მოხდა, კიდევ საკითხავია, მაგრამ ფაქტია, რომ გასულ წელს მისი მხარდამჭერების რაოდენობა გაცლებით მეტი იყო. თუ ასე გააგრძელა ვარდნა “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის რეიტინგმა, ის მალე შეუერთდება იმ 1-2-3%-იან პარტიებს, რომელთაც ჩვენში ანგარიშს არც უწევენ. ეს პოლიტიკური ძალა თითქმის მიმდგარია ამ უკიდურეს ზღვართან. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთელი ოპოზიციის დირიჟორი გახდა, შესაბამისად, გამოდის, რომ თანდათან დანარჩენი ოპოზიციური ძალების რეიტინგიც შემცირდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მოკლედ, საქმე შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ პარლამენტში კი არა, ოპოზიცია ქვეყანაშიც აღარ იყოს, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება. თუმცა დღევანდელი ოპოზიციაც ხომ ოპოზიცია არ არის! ეს არის მასა, რომელიც ყვითელი პრესის მსგავსად, ვულგარულობის, სკანდალურობის, ფეიკნიუსების ხარჯზე იზიდავს დაინტერესებულ ადამიანებს. ასეთი ყვითელი პოლიტიკური სპექტრი რომც მოვიდეს ხელისუფლებაში, ის ქვეყანას ვერ განავითარებს ისევე, როგორც ყვითელი პრესა ვერასდროს შეძლებს ქვეყნის სწორად ინფორმირებას... “ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც მუდამ ჰყავდა სტაბილური ამომრჩეველი. ამის ახსნა შეიძლება იმით, რომ სააკაშვილი ქარიზმატული ლიდერია, ასეთ ლიდერს კი ყოველთვის მიჰყვება თაყვანისმცემელთა არმია, რომელზეც არც არგუმენტები ჭრის, არც - ფაქტები. ის თაყვანს სცემს და მორჩა! თუმცა, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება თაყვანისმცემლებიც გამოფხიზლდნენ. თაყვანისცემა ტრანსს ჰგავს, ამ დროს რეალობის აღქმა უჭირს ადამიანს, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ქარიზმატულ ლიდერსაც ვერ ექნება იმედი, რომ თაყვანისმცემელთა ერთი შეხედვით სტაბილური რაოდენობა მარადიულია”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“საპარლამენტო არჩევნებამდე გამოჩნდა რამდენიმე პარტია, რომელთაც თითქოს ჰქონდათ მესამე ძალად ჩამოყალიბების შანსი. ეს განსაკუთრებით ეხება `ლელოს~, თუმცა მან არ ითამაშა მესამე ძალის წესებით, მიეკედლა ერთ-ერთ პოლუსს, ანუ “ნაციონალურ მოძრაობას” და შანსიც დაკარგა. პატარა ქვეყანა ვართ, ასეთ მოკლე ხანში მესამე ძალა საიდან შეიძლება გამოიწუროს, ძნელი სათქმელია, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთი კანონზომიერება - საკვანძო ეტაპზე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალა მმართველი პარტიისგან ჩნდება ხოლმე. მმართველ გუნდში მყოფ ადამიანს მოსახლეობისთვის თავის გაცნობა და მისი ყურადღების მოპოვება არ სჭირდება... ხშირად ხელისუფლებისგან გამოყოფილ ახალ პარტიას სიახლე არ მოაქვს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ის ხელისუფლებიდან არის წამოსული და ოპოზიციად ყალიბდება, უფრო მისაღები ხდება ამომრჩევლისთვის”- ამბობს რამაზ საყვარელიძე.

“არც ახლაა გამორიცხული, “ქართული ოცნების” შიგნით გამოჩნდეს ძალა, რომელიც სერიოზულ ოპოზიციურ ძალად იქცევა. ვვარაუდობ, რომ ტრადიციის გათვალისწინებით, შეიძლება ახალი პარტია, რომელიც მესამე ძალად იქცევა, მმართველი პარტიიდან წარმოიშვას”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას სულ უფრო ამძიმებს. ოპოზიციის ნაწილის რიტორიკით კარგად ჩანს, რომ ისინი სწორედ სოციალური უკმაყოფილების გამოყენებას ცდილობენ საკუთარი მიზნების მისაღწევად...”, - პასუხობს:

“აშკარაა, რომ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” სწორედ ამისთვის ემზადებიან. ვხედავთ, რომ დღევანდელ საპროტესტო აქციებზეც, როდესაც შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ, სწორედ ოპოზიცია აქტიურობს. ამასვე ეცდებიან გაზაფხულზეც, მაგრამ საზოგადოება გავა თუ არა ქუჩაში, ძნელი სათქმელია”.

“სოციალური პრობლემების მოგვარებისა და თუნდაც შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაცილებით მასშტაბური აქციები იმართება, მაგრამ არსად ჩანს, რომ ამ საპროტესტო მოძრაობაში პოლიტიკური ძალები იყვნენ ჩართული. ძირითადად, ბიზნესწრეები და მოქალაქეები აქტიურობენ. შესაძლოა, სოციალური მოთხოვნებით ხალხი აქაც გავიდეს ქუჩაში, მაგრამ თუ მათი ლიდერობა “ნაციონალურმა მოძრაობამ” დააპირა, არა მგონია, ამისგან რამე გამოვიდეს. გავიხსენოთ - მათ ზაზა სარალიძის უბედურებაც არად ჩააგდეს და მის მხარდასაჭერად გამოსული საზოგადოების პოლიტიკური მიზნით გამოყენება სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან როდესაც ხალხმა დაინახა, “ნაციონალური მოძრაობა” რას აკეთებდა, მას აღარ გაჰყვა. იგივე მოხდება ახლაც - სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას” რევოლუციის მოსაწყობად არავინ გაჰყვება”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი - როდის რამდენ ვაქცინას მიიღებს საქართველო და როგორი გრაფიკით წარიმართება ვაქცინაცია

“საქართველოში ვაქცინაცია სავარაუდოდ 2-3 კვირაში დაიწყება. თებერვალში საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის 30 ათსამდე დოზა ჩამოდის და პირველი რისკ ჯგუფების წარმომადგენელთა აქცრა დაიწყება. ამის შემდეგ მარტიდან საქართველო ეტაპობრივად მიიღებს “ასტრაზენეკას” 300 ათასზე მეტ ვაქცინას. აპრილის ბოლოს კი საქართველო უკვე არა “კოვაქს პლატფორმიდან”, არამედ ორმხრივი შეთანხმებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან დაიწყებს ვაქცინების მნიშვნელოვანი დოზების მიღებას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, საქართველომ ოფიციალური დასტური მიიღო იმისა, რომ “კოვაქს პლატფორმიდან” “ფაიზერის” 29 250 დოზას თებერვლის შუა რიცხვებიდან მიიღებს, ვაქცინაცია კი ქუთაისის, ბათუმის და თბილისის დიდ კლინიკებში ჩატარდება. გარდა ამისა, იმისათვის, რომ პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია გაგრელდეს, პირველ და მეორე კვარტალში “ასტრაზენეკას” ქვეყანა ვაქცინის 300 ათასზე მეტ დოზას ელოდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი - როდის რამდენ ვაქცინას მიიღებს საქართველო და როგორი გრაფიკით წარიმართება ვაქცინაცია.

“ჯანდაცვის სფერო, გრძელვადიანი დაწესებულებების ბენეფიციარები, მათი მომვლელები, ასაკოვანი ადამიანები, სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციელები, პედაგოგები - ეს ის თანამიმდევრობაა, რომლის მიხედვითაც პრიორიტეტული ჯგუფები აიცრებიან. ჯანდაცვის სფერო პირველი ჯგუფის პრიორიტეტია, რომლის აცრაც მოხდება. ვაქცინაცია შემდეგ უკვე დანარჩენი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის გაგრძელდება. ეს არის გრძელვადიან დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარები და მათი მომვლელები. ამის შემდეგ ის ასაკობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები არიან - 75 წლის ზემოთ მოსახლეობა, 65-დან 75- წლამდე ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ასევე, სტრატეგიული სერვისების მიმწოდებელი პირები, როგორიც არის ჯარი, პოლიცია, პედაგოგები. ამას შემდეგ მოჰყვება სხვა მოსახლეობა. 2021 წლის ბოლომდე ჯამურად დაგეგმილია 60%-ის მოცვა. ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ ქვეყანა პირველ დოზებს მიიღებს იმაზე ადრე, ვიდრე ეს ბევრ სხვა ქვეყანაში მოხერხდა. ძალიან მალე დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და შემდეგ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დამატებითი დოზების მობილიზებაც მოხდება ცნობილი ვაქცინებიდან. ანუ, გარკვეული რაოდენობით დაემატება “ასტრაზენეკა” პირველი “ფაიზერის” ვაქცინას”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. რომლის თქმით, “ასევე არის მოლოდინი, რომ დამატებითი ვაქცინები, რომელთაც წარმატებული შედეგები აქვთ, ეტაპობრივად დაემატება იმ შესაძლებლობას, რასაც დღეს გვთავაზობენ ვაქცინაციის პროგრამები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “რეზონანსთან” პრიორიტეტულ ჯგუფებზე და ვაქცინაციის დაახლოებით გრაფიკზე ისაუბრა. იგი ამბობს, რომ “კოვაქს პლატფორმიდან” მილიონ ოთხასი ათასი ვაქცინის შემოტანის გეგმა ერთ წელზეა გაწერილი, თუმცა ამბობს, რომ პირველი და მეორე პარტიის დაახლოებითი დრო ცნობილია. მისივე თქმით, საქართველო პარალელურად ასევე მუშაობს ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, რომელთაც ვაქცინები მეტობით აქვთ ნაყიდი და სავარაუდოდ აპრილის ბოლოდან ან მაისიდან მათგანაც მივიღებთ ვაქცინის საკმაო რაოდენობა. იგი ვაქცინაციისადმი მოსახლეობის სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თვითონაც სიამოვნებით გაიკეთებდა აცრას საჯაროდ, თუმცა რადგანაც კორონავირუსი თავადაც ახლახანს გადაიტანა, გარკვეული იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს და ამის საჭიროება არ არსებობს”, - დასძენს გამოცემა

“პირველი პარტია, დიდი ალბათობით, თებერვლის შუა რიცხვებიდან შემოვა. ეს იქნება “ფაიზერის” ვაქცინა, 29 250 დოზაა დადასტურებული, რომლითაც პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება და პირველ რიგში მათ შორის ისინი, ვინც კოვიდ ინფიცირებულებთან მუშაობენ. შემდეგი პარტია, დიდი ალბათობით, რაც დადასტურებულია “ასტაზენეკას” ვაქცინა მარტის პირველ ნახევარში, 300 ათასზეა საუბარი, ოღონდ ეს ერთბაშად არა, ის მერყეობს 180 ათასიდან 300 ათასზე მეტს შორის, რომლითაც პირველ რიგში, ჩვენი გეგმის მიხედვით, სამედიცინო პერსონალი უნდა მორჩეს. აქ მხოლოდ ექიმები არა, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, ასევე საავადმყოფოებში მომუშავე პერსონალი იგულისხმება. ჩვენი გეგმის მიხედვით, შემდგომ მოდიან, მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცები და მათი მომვლელი პერსონალი, შედეგ 75 და 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები და ა.შ. რაც შეეხება შედეგ პარტიებს, ალბათ იცით, რომ “კოვაქსთან”კონტრაქტი გარანტირებული გვაქვს მილიონ ოთხასი ათას დოზაზე, ანუ ეს 700 ათასი ადამიანის აცრისთვის საკმარი რაოდენობაა. შემდეგი პრიორიტეტები კი, როგორც მოგახსენეთ არის 75-65 წელს ზემოთ ადამიანები, შემდეგ 55 წელს ზემოთ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ასევე განსაკუთრებული ჯგუფები - მასწავლებლები, პოლიცია, ჯარი და ა.შ. და შემდეგ უკვე 18 წლის ზემოთ მოსახლეობა. ასეთია დაახლოებითი რიგითობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან გამყრელიძე.

“კოვაქსიდან 700 ათასი ადამიანისთვის განკუთვნილი ვაქცინაა. ასევე ჩვენ ვმუშაობთ, რომ წლის განმავლობაში კიდევ დამატებით ვაქცინების დაახლოებით ორ მილიონ ნახევარი დოზა იქნას შემოტანილი, რომ სამიზნე რაც გვაქვს, მოზრდილების 60%. ავცრათ. ეს ამ წელზეა გაწერილი, მაგრამ “კოვაქსს” ხელშეკრულება 2 მილიარდ დოზაზე აქვს და ხელშეკრულებები კიდევ ფორმდება მილიარდ ნახევარ დოზაზე, რომელიც იმ ქვეყნებს შორის უნდა განაწილდეს, რომლების ამ პლატფორმაზე არიან. მაგრამ ამავე დროს ჩვენ პარალელურად ვაქცინების მწარმოებლებთან და სხვადასხვა ქვეყნებთან ვმუშაობთ, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებთან, რომელთაც მეტობით აქვთ ნაყიდი, რომ შესაბამისი დათმობა იქნეს და ვფიქრობ, რომ სადღაც აპრილის ბოლოდან ან მაისიდან ვაქცინების საკმაო რაოდენობა იქნება, როგორც კოვაქსზე, ისე ამ ბილატერალური შეთანხმებებით, რომ თანდათანობით აცრის ტემპი გავაფართოვოთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეს მილიონ 400 ათასი დოზა გარანტირებულია, რომელზეც ხელშეკრულება არსებობს, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ, ამ გარანტირებულიდან პირველი 30 ათასამდე პლიუს სამასი ათასამდე ეს გრაფიკი ვიცით, შესაბამისად შემდგომი მოწოდებების გრაფიკი დაზუსტდება... მოსახლეობაში სხვადასხვა გამოკითხვებით 40-45% სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ჯერ კიდევ არიან. ჩვენ ეს ადამიანები უნდა დავარწმუნოთ, რომ აცრა და ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ყველაზე მძლავრი იარაღია. ამიტომ წელს მოზრდილი მოსახლეობის 60% თუ ავცერით, ეს 1 670 000-მდე ადამიანია, ჩვენ საკმაოდ კარგ იმუნურ ფენას შევქმნით. ამიტომაც რა თქმა უნდა უმაღლესი თანამდებობის პირები, ვფიქრობ, რომ საჩვენებლად აიცრებიან. მე სიამოვნებით ავიცრები. ვინც კორონავირუსული ინფექცია გადაიტანა, ისინიც უნდა აიცრან, მაგრამ ხელი რომ არ შევუშალოთ, ჩვენ დაშვება გავაკეთეთ, რომ კოვიდგადატანილები სამი თვის შემდეგ აიცრან. ჩვენ, ვინც ვირუსი გადავიტანეთ, გარკვეული იმუნიტეტი გვაქვს, ხელმეორე ინფიცირების ნაკლები ალბათობაა. იმედი მაქვს, რომ საჩვენებლად მაღალი თანამდებობის პირები აიცრებიან”, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

“თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცეცვაძის განცხადებით, კი ვაქცინის პირველი პარტიის მიღება საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის დასასრულის დასაწყისია. როგორც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, ქვეყანაში უკვე შემუშავებული და დამტკიცებულია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, მომზადებულია შესაბამისი ინფრასრუქტურა და კვალიფიციური მედპერსონალი, რომ მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხოდ და შეფერხებების გარეშე წარიმართოს”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - “ჩვენს ვარიანტს არ მიიღებენ და ისხდნენ მარტო...”

“ჩვენი პოზიცია უცვლელია - მთავარი მოთხოვნა ისევ რიგგარეშე არჩევნებია. ეს ქვეყანა იმსახურებს ახალ სამართლიან არჩევნებს, ახალ ცესკოსა და ახალ კანონმდებლობას. სხვაგვარად ჩვენ პარლამენტში შესვლის მიზეზს ვერ ვხედავთ. რამდენიმე ოპოზიციონერით პარლამენტს მრავალპარტიულად ვერ გააფორმებენ. ჩვენ ამომრჩევლის თითოეულ ხმას დავიცავთ. არჩევნები გაყალბდა. თქვენ, ალბათ, მოისმინეთ IშFED-ს ანგარიში, სადაც წერია, რომ საარჩევნო უბნების 8%-ში დისბალანსი იყო. ჩვენც ვიცით რამდენი ოქმი გაყალბდა, როგორ ჩაიყარა ბიულეტენები ურნებში და როგორ დატრიალდა კარუსელი. უკვე პრინციპის საკითხია - ან ჩაატარებენ ახალ ვადამდელ სამართლიან არჩევნებს და მივიღებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ან გავაგრძელებთ იმ წრეზე ტრიალს, რომელზეც 30 წელია ვტრიალებთ. ჩვენ უკეთესი ქვეყანა გვსურს”, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენს ვარიანტს არ მიიღებენ და ისხდნენ მარტო...”.

“თქვენ იცით, რომ “ლელომ” ერთ-ერთ ვარიანტად არჩევნების სრულად პროპორციული წესით 2022 წელს ჩატარება დაასახელა? ეს იქნებოდა საუკეთესო კომპრომისი ქვეყნის მძიმე კრიზისიდან გამოყვანისთვის. ჩემი აზრით, საინტერესო წინადადებაა და საფუძვლიან განხილვას იმსახურებს. რადგან წელს ადგილობრივი არჩევნებია, უმჯობესი იქნება, თუ მომავალ წელს სერბული მოდელით, სრულად პროპორციული არჩევნები ჩატარდება... ოპოზიციაში ერთი აზრია იმის თაობაზე, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს. ზოგიერთის აზრით, შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. ბუნებრივია, ჩვენც ამას ვითხოვთ, მაგრამ ორი არჩევნების ერთად ჩატარება, ალბათ, მძიმე იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ რიგგარეშე სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება ყველაზე უპრიანი 2022 წლის გაზაფხულისთვის იქნება. ამ საკითხს სხვა ოპოზიციური პარტიებიც უთუოდ გულისყურით განიხილავენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ხელისუფლებაში გამოსავალი რა აქვთ? არ მიიღებენ და ისხდნენ მარტო. ხელისუფლებას, ალბათ, ამ კვირაში მოუწევს მანდატების გაუქმება. მომავალ სხდომაზე ვნახავთ, რას იზამენ. სერიოზული არჩევანი აქვთ გასაკეთებელი - ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობაზე აქვს პრეტენზია, ვერ ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი ფსევდოოპოზიციის ანტურაჟით. გადაწყვეტილების სიმძიმე ხელისუფლებაზეა, სწორედ მათ ჩაატარეს და გააყალბეს არჩევნები. რა თქმა უნდა, “ოცნება” არც არჩევნების გაყალბებას აღიარებს და არც პოლიტიკურ კრიზისს, ისევე როგორც არ აღიარებს სოციალურ პრობლემებს, სიღარიბეს. თუ ხალხთან მართლები არიან და არჩევნები ნამდვილად არ გააყალბეს, სასამართლომ რატომ არ განიხილა ოპოზიციისა და არასამთავრობოების საჩივრები?! არასამთავრობოებმა 250 უბნის გადათვლა მოითხოვეს, “ოცნებამ” კი მხოლოდ 6 უბანი გახსნა, ისიც, სადაც ნაკლებად ელოდნენ დარღვევას და უცებ დახურეს საქმე. 3 თვის განმავლობაში მხოლოდ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ არჩევნები არ გაუყალბებიათ, საქმით კი არაფერი დაუმტკიცებიათ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება მემორანდუმს, რომელიც “ოცნებასა” და “მოქალაქეებს” შორის გაფორმდა და როგორც თქვენ თქვით, დემოკრატიული პროცესების განვითარების შესაძლებლობას იძლევა, მასში ისეთი არაფერია, რაც მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე არ წარუდგენია ოპოზიციას. ეს საკითხები ორი თვის წინ ისედაც იდო მოლაპარაკების მაგიდაზე. თუ “ქართულ ოცნებას” ნამდვილად სურს იმ საარჩევნო რეფორმების გატარება და იმ პუნქტების პრაქტიკაში დანერგვა, რაც მემორანდუმშია ნახსენები, გააკეთონ, ამისთვის არ სჭირდებათ ოპოზიციის პარლამენტში შესვლა. ჩვენი ბერკეტია ერთიანობა, პრინციპულობა, ბოიკოტი. საქართველოს 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, რომ ბოიკოტმა ნაყოფი გამოიღო და მმართველ ძალას ხმების მოპარვა არ შეარჩინა. მე და ბადრის შეგვეძლო შევსულიყავით პარლამენტში და ამით ძალიან ბევრი პირადი პრობლემა მოგვეგვარებინა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ის პრინციპი და მიზანი, რისთვისაც პოლიტიკაში მოვედით”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

რატომ ითხოვს თურქეთი საქართველოს 3+3 ფორმატში ჩართვას და რამდენად მისაღებია ეს საქართველოსთვის

“თურქეთი ყარაბაღის შეთანხმებაში კიდევ ორი ქვეყნის შეერთებას დაჟინებით მოითხოვს. ანკარა დარწმუნებულია, რომ საქართველო და ირანი აუცილებლად უნდა შეუერთდნენ თურქეთის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ უკვე გაფორმებულ თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის 180-გრადუსიან ცვლილებას ნიშნავს და კატეგორიულად მიუღებელია. შეთანხმებასთან საქართველოსა და ირანის მიერთების აუცილებლობასა და ე.წ. “3+3” ფორმატზე განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ პარასკევს გააკეთა. მისი თქმით, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის საჭიროა თანამშრომლობის გაფართოვების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. “რეზონანსთან” საუბრისას “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ეს შეთავაზება საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ითხოვს თურქეთი საქართველოს 3+3 ფორმატში ჩართვას და რამდენად მისაღებია ეს საქართველოსთვის.

“საქართველოსთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია, გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხიდან გამომდინარე რუსეთთან ტოქსიური ურთიერთობა გვაქვს. ასევე ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა 180 გრადუსით უნდა შებრუნდეს და ჩვენ რა საგარეო პოლიტიკასაც 25 წლის განმავლობაში ვატარებდით, რაც დასავლეთთან ინტეგრაციას გულისხმობს, ამაზე ალბათ მინიმუმ უარის თქმა მოგვიწევს. პრობლემა ისაა, რომ ბოლო პერიოდში შეიცვალა თურქეთის დასავლეთთან ურთიერთობაც. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ეს უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ აუცილებელი არაა, რომ რადგან თურქეთსა და რეგიონალურ სახელმწიფოებს ასე მიაჩნიათ, საქართველომაც ასე უნდა გააკეთოს. საქართველოს საგარეო კურსი ცნობილია და ქვეყანა ამას ვერ გადაუხვევს. თითოეულ მათგანთან ჩვენ თანამშრომლობა შეგვიძლია, მაგრამ ის, რასაც გვთავაზობენ, მაღალი საზღაური და საფასური ქნება, რადგან ფაქტიურად ნიშნავს, რომ საქართველომ დასავლელ პარტნიორებთან ინტეგრაციაზე უარი უნდა თქვას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“არალიბერალური და ავტორიტარული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან, თურქეთი კი ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, მათ რიცხვს განეკუთვნება, მათი ინტერესია, რომ დასავლეთი ამ რეგიონიდან რაღაცნაირად გააძევონ და მოსახლეობას დაანახონ, რომ ნატო და ევროკავშირი არაფერს ნიშნავს და საქმე საქმეზე რომ მიდგება, საქმის კეთება მხოლოდ არალიბერალურ სახელწიფოებს შეუძლიათ. ამ მოვლენებში დასავლეთის ნაკლები ჩართულობა იყო და ამან საქართველო იზოლაციაში მოაქცია, მაგრამ ეს შეიცვლება. ამისი პირველი ნიშანი პომპეოს ვიზიტი იყო. საქართველო ალბათ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს და ევროკავშირიც, რომელიც ახლა შიდა პრობლემებშია ჩართული, ალბათ მოიცლის იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში საქართველოსნაირი ახლო მოკავშირე არ ჰყავთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რა ინტერესები აქვს თურქეთს, რატომ ითხოვს ასე დაჟინებით საქართველოს ჩართვას და რა შეიძლება, რომ ქვეყანას ამ ფორმატში საქართველოს მონაწილეობის სანაცვლოდ შესთავაზონ? შემოთავაზებით არაფერი, უბრალოდ თურქეთ ბოლო პერიოდში ცდილობს, რომ თავი წარმოაჩინოს, როგორც რეგიონალურმა სახელმწიფომ. ირანი ამ პროცესებიდან ცოტა გარიყულია და ცდილობენ, რომ მე-19 საუკუნის მსგავსად სახელმწიფოები გავლენის სფეროებს რომ გადაინაწილებდნენ ხოლმე, დაახლოებით ასეთ კუნთების თამაშს თამაშობენ. ეს ახალი არაა, 2008 წლის ომის შემდეგ თურქულმა დიპლომატიამ იგივე რაღაც გააკეთა - ერდოღანი ჯერ მოსკოვში ჩავიდა, მერე თბილისში ჩამოვიდა და სტაბილურობის პაქტზე საუბრობდა, სადაც დასავლური სახელწიფოები ჩართულები არ იქნებოდნენ, რაც საქართველოსთვის მაშინაც მიუღებელი იყო და ბუნებრივია, მიუღებელი იქნება დღესაც, რადგან აქ სახეიროს ვერაფერს ხედავს. თუ ამ ფორმატის მიზანია, რომ რეგიონი დასავლეთისგან გარიყოს, ეს არ გამოვა, რადგან საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. თუ მიზანი ეკონომიკური თანამშრომლობაა, ასეთი ფორმატი პრობლემაა არა. თუ ეს ფორმატი გაფართოვდება და მასში მონაწილეობას ევროკავშირიც, შეერთებული შტატებიც და ნატოც მიიღებენ, მაშინ პრობლემა არაა, პირიქით საქართველოსთვის ეს შეიძლება ძალიან საინტერესოც აღმოჩნდეს. მაგრამ, როგორც ვხედავ, ამ ეტაპზე ამ თემასთან დაკავშირებით ასეთი აზრები არც კი განხილულა”, - დასძენს კაკაჩია.

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ ასე გაგრძელდა, ერთპარტიულ პარლამენტს კი არა, ქვეყანას მივიღებთ...”

“ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვს ხუთი ადამიანის გათავისუფლებას, რომელთაც პოლიტპატიმრებს უწოდებს. სწორად გააკეთა თუ არა ეს ხელისუფლებამ, ცალკე საკითხია, მაგრამ მათგან ოთხი უკვე გარეთაა. მართალია, მათ წინააღმდეგ საქმე არ შეწყვეტილა, მაგრამ აღმკვეთი ღონისძიება შეიცვალა და ისინი ახლა სახლში არიან, რაც კარგია. თქმა იმისა, რომ ეს გათავისუფლება ამოვარდნილია პოლიტიკური კონტექსტიდან, ალბათ, შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, როგორც გვესმოდა, ფასილიტატორ ელჩებთან მოლაპარაკებების დროს დღის წესრიგში ყოველთვის იდგა ეს საკითხი. მართალია, ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს მათი საქმე არ არის და ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ... ჩემი აზრით, ეს იყო ნაბიჯი, გნებავთ - მესიჯი არა მარტო ოპოზიციის, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვისაც, რომ ხელისუფლება რაღაცას თმობს და ეს დათმობები შეიძლება გაგრძელდეს”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ასე გაგრძელდა, ერთპარტიულ პარლამენტს კი არა, ქვეყანას მივიღებთ...”

“ვინ როგორ გამოიყენა ეს თემა, სხვა საკითხია. ელისაშვილის განცხადებით, მათ დაინახეს, რომ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ხელისუფლებისადმი ნდობა აღდგა და ამიტომ შედიან პარლამენტში. არა იმიტომ, რომ პერსონალურად ვიღაცები გაათავისუფლეს, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. გაფორმდა მემორანდუმიც. ამით იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკური სივრცე, პოლიტიკური ლანდშაფტი არცთუ მკვეთრად, მაგრამ მაინც შეიცვალა, თუმცა ერთი პარტიის პარლამენტში შესვლით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას არ დამთავრდება. დღვანდელ ოპოზიციაში მთავარი ფაქტორი, რა თქმა უნდა, არის “ნაცმოძრაობა”. მას აქვს ყველაზე მეტი მანდატიც და გავლენაც - თუ ელექტორულ გავლენასა და დაპირისპირებაზე ვლაპარაკობთ და არა კრიზისზე. პოლიტიკური კრიზისი, ჩემი აზრით, სხვა რამეა, თუმცა დაპირისპირება აშკარაა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებისთვის ეს გადაწყვეტილება მომგებიანია, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ერთპარტიული პარლამენტი, ძირითადად, პიარის თემაა და მეტი არაფერი. ერთპარტიული პარლამენტი ვერ ახდენს გავლენას იმ ხალხზე, ვისზეც უნდა მოახდინოს, ანუ საერთაშორისო პარტნიორებზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ამას ვხედავთ სტრასბურგში ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებსა თუ ჯანი ბუკიკიოსთან საპარლამენტო კომისიის შეხვედრებზეც... ელისაშვილისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა, მაგრამ ის რისკავს თავისი პოლიტიკური მომავლით. ანუ ერთია, როგორ შევაფასებთ მის გადაწყვეტილებას ექსპერტები, მედიასაშუალება თუ ოპოზიცია და მერე - როგორ აღიქვამს ამას მისი ამომრჩეველი. თუმცა “მოქალაქეებმა” კარი ღია დატოვეს, როცა განაცხადეს, ჩვენ შევალთ პარლამენტში, მაგრამ თუ დანაპირები არ შესრულდება, ისევ გამოვალთო. ვნახოთ, შესრულდება თუ არა დანაპირები, მაგრამ ამ აჟოტაჟის შედეგად პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა - ოპოზიცია ქუჩაში დარჩა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეს აჟიოტაჟი დასრულდება ადგილობრივ არჩევნებზე, რომელშიც ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ეს განსხვავებული არჩევნებია, არამედ იმიტომ, რომ თუ საარჩევნო კოდექსი შეიცვალა, მათ სათქმელი ექნებათ, რომ არჩევნებში სწორედ ამ ცვლილების გამო მონაწილეობენ. თუმცა რომც არაფერი შეიცვალოს, ოპოზიცია მაინც მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან თუ ასე არ მოიქცევა, შეიძლება რეგიონული ორგანიზაციები დაეშალოს. რეგიონულ ორგანიზაციას შეიძლება მაინცდამაინც არ აწუხებდეს, პარტიული ელიტა შევა თუ არა პარლამენტში, მაგრამ როდესაც დადგება საკითხი, თვითონ შევიდეს თუ არა საკრებულოში, ის საკუთარ ინტერესებზე იფიქრებს. სწორედ ამიტომ ოპოზიცია იძულებულია, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და ცდილობს ამის გამართლებას _ ამიტომ და იმიტომ ვიქცევი ასეო. ამის შედეგად გვექნება მრავალპარტიული საკრებულოები და ერთპარტიულობა დასრულდება”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

“ეს ერთი ნაწილია. მეორე ნაწილი გახლავთ ის, რომ საზოგადოების საპროტესტო ტალღის აგორების რესურსი, ჩემი აზრით, ოპოზიციას არ გააჩნია. მათი მოლოდინი, რომ გაზაფხულზე შიმშილობა დაიწყება და ხალხი ქუჩაში გამოვა, ალბათ, არ გამართლდება. ამის გარდა, ოპოზიცია მოკლებულია მთავარს, რაც, ძირითადად, განსაზღვრავს ხოლმე საქართველოში პოლიტიკური პროცესის წარმატება-წარუმატებლობას - დასავლეთის მხარდაჭერას. სამი თვე გავიდა და არჩევნების ლეგიტიმურობა საეჭვო არავის გაუხდია. განაცხადეს, კი ბატონო, იყო დარღვევები, მაგრამ არა ისეთი, რომ არჩევნების შედეგები სათუო გახდესო და პირიქით, მოუწოდეს ოპოზიციას, თუ რამე არ მოსწონს, ამას პარლამენტიდან ებრძოლოს. ანუ ოპოზიციას დასავლეთი მხარს არ უჭერს და, ვფიქრობ, ასეც გაგრძელდება, ასე რომ, ისინი ქუჩაში მარტონი დარჩებიან”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

“კიდევ ერთი მთავარი პრობლემა - ოპოზიციური ელიტა ოპოზიციურ ელექტორატს ვერ აერთიანებს. მათ შეიძლება რაღაცაზე შეთანხმება მოახერხონ, მაგრამ მათი ამომრჩეველი არ გაერთიანდება. არის ამომრჩევლის ნაწილი, რომელმაც საკითხის გამწვავების შემთხვევაში შეიძლება ისევ “ოცნებას” დაუჭიროს მხარი და არა ოპოზიციას. საყურადღებოა ისიც, რომ ეს დაპირისპირება კლავს პატარა პარტიებს, რომლებიც - ოღონდ ჯერ ვერ ავხსენი, რატომ - რჩებიან ქუჩაში და თავიანთ ამომრჩეველს “ნაცმოძრაობისკენ” მიერეკებიან. არ ვიცი, ამ გზაზე მათ რამდენი გაჰყვება, მაგრამ წესით, ამ პარტიების ლიდერები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ორპოლუსიანი პოლიტიკა მხოლოდ “ნაცმოძრაობასა” და “ოცნებას” აძლევს ხელს. ახლა ვამბობთ, რომ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ერთპარტიულ ქვეყანას მივიღებთ”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა