ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ნარკოტიკული საშუალებების დოზებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება. როგორც ის აღნიშნავს, განცხადებები, რომ ცვლილებებით რეგულარული მომხმარებლისთვის არაფერი იცვლება, არასწორია.
„ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივით ყველაზე გავრცელებულ 8 ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით ხდება აქამდე არარსებული მცირე ოდენობის განსაზღვრა, რომლის შემთხვევაშიც ჩვეულებრივ პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნა არ იწყება, იწყება მხოლოდ სხვა შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციული სახდელშეფარდებული პირის მიერ მოხდება ნარკოტიკული დანაშაულის კიდევ შემდგომ ჩადენა. აქედან გამომდინარე, ეს არის არსებითი ცვლილება, რა თქმა უნდა, ამას გავლენა ექნება ბევრ ადამიანზე, მათ შორის გავლენა ექნება მომავალ ურთიერთობებზეც და მათზე, რომლებიც დღეს მსჯავრდებული არიან იმ კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, რომელიც ახალი გადმოსახედიდან შეიძლება დოზების გათვალისწინებით წარმოადგენდეს სხვა ტიპის სამართალდარღვევას, მაგრამ არ ითვალისწინებდეს ისეთ მკაცრ სასჯელს როგორსაც ითვალისწინებს დღეს. დღეს მჯკაცრ სასჯელს ითვალისწინებს მხოლოდ იმიტომ, რომ მცირე და დიდი დოზა გაიგივებულია და ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის ერთი, ისეთი როგორც დიდი ოდენობით მოხმარებისთვის შეიძლება არსებობდეს. მცირე ოდენობის საზომად და კრიტერიუმად აღებული იქნა ინციდენტური მოხმარების შემთხვევა, იყო მსჯელობა, ინიციატივა და სურვილი, რომ ეს ოდენობა გაზრდილიყო და საზომად აღებულიყო ნარკომომხმარებლის, რეგურალურად მომხმარებელი პირისთვის საჭირო დოზა, ეს მე მგონი არ იყო ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანი იყო კანონში როგორც არის რეგლამენტირებული იმ ლოგიკას გავყოლოდით. არ არის ასე, რომ რეგულარული მომხმარებლისთვის არაფერი არ იცვლება, იცვლება თუკი გაეცნობით კანონპროექტს, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში დიდი ოდენობის განმსაზღვრელი კრიტერიუმიც, რიცხვიც იცვლება, ამიტომ ამის თქმა, რომ რეგულარულ მომხმარებელს ეს არ ეხება, ეს ასე არ არის,“- განაცხადა სარჯველაძემ.
საკანონმდებლო ცვლილებებით მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. კრაკადილი), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. ექსტაზი), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.
როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის გაერთიენბულ სხდომაზე განაცხადეს, გაუგებარია, რა პრინციპით განისაზღვრა მოხმარების ერთჯერადი დოზა, რადგან ნარკოტიკების რეგულარული მომხარებელი მეტ დოზას მოიხმარს, ვიდრე პროექტით არის წარმოდგენილი. მათი თქმით, პროექტით შესაძლოა სისხლის სამართლის სასჯელს მხოლოდ დამწყები მომხმარებელი ასცდეს, მაგრამ რეგულარული მომხმარებლები კვლავ ციხეში წავლენ.