გიორგი გახარია - არავინ არ არის დღეს ისე დაინტერესებული შეზღუდვების სწრაფი მოხსნით, როგორც მთავრობა და პირადად მე

არავინ არ არის დღეს ისე დაინტერესებული შეზღუდვების სწრაფი მოხსნით, როგორც საქართველოს მთავრობა და პირადად მე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსის პრევენციის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ეკონომიკის ნაჩქარევად გახსნა შემდგომში ისევ რეგულაციებს გამოიწვევს.

მისივე თქმით, ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არასწორი, არაგონივრული და ნაჩქარევი მოხსნა არის პირდაპირი მიზეზი იმისა, რომ შემდგომ ისევ დახურვა მოგვიწიოს. აქ ბალანსის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ვირუსის გავრცელება ბევრად უფრო მართვადია და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პროცესს ვმართავთ, შემიძლია გითხრათ, რომ გეგმის ცოტა უფრო სწრაფად განხორციელების სერიოზული შესაძლებლობა გვაქვს. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სკოლა და მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომ პირველ რიგში, შევძლოთ მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნა და საკლასო ოთახებში ბავშვების მიყვანა. შემდგომ, რა თქმა უნდა, ეკონომიკის ის დარგები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის.

ფაქტობრივად, ვასრულებთ მუშაობას გეგმაზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მშვიდად, გონივრულად და თანმიმდევრულად დავიწყოთ ნაბიჯები იქითკენ, რომ ქვეყანა იყოს იმ მდგომარეობაში, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში შევძლოთ პირველი ტურისტების მიღება. ეს ყველაფერი არის რეალური, ეს ყველაფერი არის ობიექტური და ჩვენ ეს ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ, ოღონდ არ უნდა ვიჩქაროთ მოკლევადიანი, სწრაფი შედეგების მისაღებად. მარტო ჩვენი კონკრეტული ინტერესი არ უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებს, გახარიას თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს.

„ძალიან კარგად მესმის იმ კომპანიების, რესტორნების და სასტუმროების, მაგრამ ჩვენ უნდა ვირზუნოთ გრძელვადიან შედეგზე და ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში აქვს თითოეულ ადამიანს და არის დაცული, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერავის შეუზღუდავს, გამოთქვას საკუთარი აზრი. ეს მათი უფლებაა, მათი პასუხისმგებლობაა. ჩვენი პასუხისმგებლობაა რესტორნებთან და სხვა გასართობ დაწესებულებებთან ერთად ვიფიქროთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ეკონომიკის გრძელვადიან, მდგრად გახსნაზე“, - განაცხადა გახარიამ.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
სახელმძღვანელო სტარტაპერებისთვის - როგორ ხდება კადრების აყვანა კომპანიებში და რა ბენეფიტებს იღებენ დასაქმებულები
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა