ქართული პრესის მიმოხილვა 03.02.2021

რა შეცვალა მანდატების საკითხის ჩაგდებამ - მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარები

რატომ ითხოვდნენ დასავლელი დიპლომატები სამშაბათის კენჭისყრის ჩაგდებას და რომელ 20 ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შესვლას

ქართულ-აფხაზური ვაჭრობის ლეგალიზება - სოხუმში მწვავე შიდა დაპირისპირება და ახალი დებატები დაიწყო

* * *

რა შეცვალა მანდატების საკითხის ჩაგდებამ - მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარები

“51 ოპოზიციონერი დეპუტატი მანდატს ისევ ინარჩუნებს. “ოცნებამ” გადაწყვიტა, მოთხოვნის მიუხედავად, უფლებამოსილება არ გაუუქმოს იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს და პარლამენტში არ შევიდნენ. რა იქნება შემდეგ და როგორ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები განვითარდეს? “რეზონანსთან” ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას მოლაპარაკებისთვის კარი ღია კვლავ დაუტოვა და ამის პარალელურად ქართულ საზოგადოებასა და დასავლეთს აჩვენა, რომ მათ პარლამენტში შესაყვანად ყველაფერს აკეთებს. გარდა ამისა, მათივე თქმით, ხელისუფლება პოლიტიკურ პროცესებს გაზაფხულამდე გაწელავს და ოპოზიციის მოქმედებებს დააკვირდება - შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხალხსი ქუჩაში გამოყვანას და თუ ვერ შეძლებს, მაშინ სავარაუდოდ ბევრ ოპოზიციონერს ნერვები უღალატებს და პარალმენტში შევა. ამიტომაც. ანალიტიკოსთა შეფასებით, სამშაბათს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება “ოცნებისთვის” პოლიტიკურად მომგებიანი და გამართლებული ნაბიჯია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შეცვალა მანდატების საკითხის ჩაგდებამ - მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარები.

“დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა”, - განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. “დღეს, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39%-მა დაუჭირა... გარდა ამისა, გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შესვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო, ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიციაში პარლამენტის სამშაბათის გადაწყვეტილება მმართველი პარტიის მხრიდან კომპრომისისთვის შესაძლო მზადყოფნად აღიქვამენ. “ვფიქრობ, “ქართულმა ოცნებამ” დაინახა, რომ ქვეყნისთვის დიალოგსა და შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ მათ შემდეგი ნაბიჯიც უნდა გადადგან, ოპოზიციასთან კონკრეტული წინადადებებით მოვიდნენ, რომელიც თავად ოპოზიციისთვის იქნება მისაღები. ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი ახალი ინიციატივებით გამოსვლას. ველოდებით “ქართული ოცნებისგან” წინადადებას. მანდატებით ვაჭრობაში შესვლას არ ვაპირებთ, თუმცა, მზად ვართ დიალოგისთვის, რომ დავსხდეთ მეხუთე, მეექვსე თუ მეშვიდე რაუნდზე”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა. პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით კი, მისი პოლიტიკური ძალა უახლოეს მომავალში “ქართულ ოცნებასთან” და ფასილიტატორებთან შეხვედრას და პოზიციების გაცნობას გეგმავს. ხვიჩიას თქმით, თუ მმართველი პარტია კონსტრუქციული იქნება, არის შანსი, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. თუმცა არსებობს ხალხი ყველა მხრიდან, რომელსაც არ უნდა მოლაპარაკება. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ტაქტიკურად ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რადგანაც რაღაც პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებამ ოპოზიციას საცთუნებლად კარი ღია დაუტოვა” - განაგრძობს გამოცემა.

“ოპოზიციის პერსპექტივა ქუჩაში ნულის ტოლია. ამიტომაც “ოცნებამ” ტაქტიკურად გათვალა, რომ თუკი გაზაფხულზე ოპოზიცია ხალხის ქუჩაში გამოყვანეს ვერ შეძლებს და მასობრივი აქციები არ იქნება, იმედგაცრუება სწორედაც რომ ოპოზიციის ნაწილში დაიწყება და ის 20 ადამიანი, ვისზეც კობახიძე საუბრობს, პარლამენტში შევა. ოპოზიციას შეუძლია იჩივლოს და ეს ყველაფერი დროში გაიწელება. ეს კი ყველაზე მეტად “ოცნებას” აწყობს. მაისამდე თუ ამ პროცესს გააჭიანურებს, მერე უკვე გამოჩნდება, რომ ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია მარტოა და მას ხალხი არ ყვება. ამიტომაც ამაზე გათვალა “ოცნებამ”, რომ ვიღაცას ნერვები უმტყუნებს და შევა. ამიტომაც მოლაპარაკებები რომც გაგრძელდეს, მმართველი გუნდი მაგიდაზე სალაპარაკო თემად ახალს არაფერს აღარ დადებს, ყოველ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებზე არ წავა. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით უფრო მეტი დათმობები შეიძლება იყოს. შესაძლოა მოლაპარაკების რაუნდები გაგრძელდეს, მაგრამ ეს მხოლოდ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით იქნება. დღეს ხელისუფლება უპირატეს მდგომარეობაშია, რადგანაც ადრე თუ ოპოზიცია ხელისუფლება პოლიტიკურ დღის წესრიგს თავად უყენებდა, ახლა ხელისუფლების დღის წესრიგით თამაში მოუწევთ. როლები შეიცვალა და პოლიტიკურ პროცესებს ახლა ხელისუფლება მართავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მისივე თქმით, ოპოზიციმ პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლი იმიტომ დაკარგა, რომ მას არც დასავლეთის მხარდაჭერა აქვს და არც ხალხის. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ჩიხშია - ახლა კი ჩააგდეს კენჭისყრა, მაგრამ გაურკვეველია ამას რამდენ ხანს გააგრძელებენ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ისინი ამით ადამიანის უფლებებს არღვევენ და ძალით ცდილობენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შეიყვანონ. ზაქარეიშვილის შეფასებით, “ოცნების” ტაქტიკა პოლიტიკურად სწორია, თუმცა დანაშაულებრივი, რადგანაც ადამაინებს აიძულებენ ის გააკეთონ, რაც მათ არ უნდათ. მისივე აზრით, რეალურად მმართველ გუნდს აწყობს, რომ ოპოზიცია პარალმენტში არ შევიდეს. ასე თავს უფრო მშვიდად და კომფორტულად იგრძნობს და პარალელურად თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქულებს დაიწერს და იტყვის, რომ ყველაფერი გააკეთა პარლამენტში ოპოზიციის შესაყვანად”, - დასძენს გამოცემა.

“ოპოზიცია რამდენად სწორად იქცევა ან არ იქცევა, ეს უკვე სხვა საკითხია. თავის დროზე რომ შესულიყვნენ, კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლა უკვე გვიანია. დღეს ისინი მართლები არიან, როცა ამბობენ, რომ შესვლა არ უნდათ და ესენი ძალით ექაჩებიან. რამდენად სწორია ოპოზიიცის გადაწყვეტილება, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს და ეს თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე გამოჩნდება. მანამდე ამ ხალხს აქვთ უფლება, რომ არ იყვნენ პარლამენტის წვერები. ამიტომ ეს პროცესები ჩიხში შევა. თუ “ოცნებას” ჭკუა არ ეყოფა და ასე გააგრძელა, მაშინ სასამართლო პროცესები წავა. ახლა კენჭისყრის ჩაგდების შემდეგ, ეს დეპუტატები განცხადებებს ისევ დაწერენ, მერე ესენი ისევ ჩააგდებენ და ასე იწუწავებენ მანამდე, სანამ არ მოსწყინდებათ. ეს იქნება საკმაოდ კომიკური ამბავი და საბოლოო ჯამში იძულებულები გახდებიან ოპოზიციის დეპუტატები, რომ “ოცნებას” საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლონ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრიასას პაატა ზაქარეიშვილი.

რატომ ითხოვდნენ დასავლელი დიპლომატები სამშაბათის კენჭისყრის ჩაგდებას და რომელ 20 ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შესვლას

“პარლამენტმა სამშაბათს 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის გაუქმებაზე უარი თქვა. ამას წინ უძღოდა ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც თავი უნდა შეიკაონ “ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან” და მორიგი მოწოდება ქართული ოპოზიციისადმი ევროპარლამენტიდან, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ. პარლამენტში მანდატების საკითხის ჩაგდების შემდეგ კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 20 ოპოზიციონერს პარლამენტში შესვლა სურს. სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, 20-მდე ოპოზიციონერ დუპუტატს უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ “ოცნებას” ეშინია და მაქსიმალურად ცდილობს დრო გააჭიანუროს და ერთპარტიული პარლამენტი არ გაფორმოს ქვეყანაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ითხოვდნენ დასავლელი დიპლომატები სამშაბათის კენჭისყრის ჩაგდებას და რომელ 20 ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შესვლას.

“მათი თქმით, ეს ოპოზიციის გეგმებს ვერ შეცვლის, პროცესიის გაწელვას კი აზრი აქვს, თუ მმართველი პარტია ფიქრობს ჩანიშნოს ახალი არჩევნები. მანამდე, ორშაბათს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა საგანგებო განცხადება გააკეთა: „იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ჩანს, მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური დიალოგი ვერ უზრუნველყოფს ფართომასშტაბიანი შეთანხმების მიღწევას, კვლავაც მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ამ პროცესში ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან, განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ინტერესებს ყველაზე უკეთ ის პარლამენტი მოემსახურება, რომელიც საქართველოს ყველა ამომრჩეველს წარმოადგენს; უთანხმოებების მოსაგვარებლად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით უნდა განაგრძოს მუშაობა”, - განაცხადა ჰარცელმა. ორშაბათს ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა მაიკლ გალერმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიუხედავად იმისა, იყო თუ არა თანაბარი გარემო, ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, ყოველთვის ყველას მოვუწოდებ, რომ პარლამენტში ადგილები დაიკავონ. თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან, სესიაზე მიკროფონით უფრო რელევანტურია”, - განაცხადა მაიკლ გალერმა. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, პარლამენტში შესვლის მსურველები შესაძლოა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის იყვნენ, რომლებიც არც ისე ხშირად ჩნდებიან ტელეეთერებში და პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით რადიკალური პოზიციით არ გამოირჩევიან”, - დასძენს გამოცემა.

ქართულ-აფხაზური ვაჭრობის ლეგალიზება - სოხუმში მწვავე შიდა დაპირისპირება და ახალი დებატები დაიწყო

“აფხაზეთის დე ფაქტოს ხელისუფლების ინიციატივას, რომ „საქართველოსთან ვაჭრობის" ლეგალიზება უნდა მოხდეს, თბილიში არანაირი რექცია არ მოჰყოლია, თუმცა ეს თავად სოხუმში გახდა მწვავე დაპირისპირების მიზეზი. აფხაზეთში ამჟამად მოქმედებს 2009 წელს მიღებული ე.წ. კანონი „საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების აკრძალვის შესახებ" და აფხაზური საზოგადოების ნაწილი მის გაუქმებას დაუშვებლად მიიჩნევს. ქართველი ანალიტიკოსების აზრით კი, დე ფაქტო ხელისუფლება ამით ცდილობს რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი შეამციროს. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა სოხუმსა და თბილისს შორის სავაჭრო ურთიერთობების “სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის” ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ ეს პრობლემა, რომლის გამოც სეპარატისტთა “სახელმწიფო ხაზინა” უკვე 20 წელია მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ქართულ-აფხაზური ვაჭრობის ლეგალიზება - სოხუმში მწვავე შიდა დაპირისპირება და ახალი დებატები დაიწყო.

“მოდით დავაყენოთ იქ შესაბამისი სამსახურები და დავაკანონოთ ეს პროცესი,იმიტომ, რომ იმ ყველაფრიდან, რაც საქართველოს საზღვარს კვეთს (საქონელს ვგულისხმობ), სახელმწიფო ბიუჯეტში არაფერი შედის. ეს თანხები გარკვეული პირების ჯიბეებში ხვდება, რომლებსაც აწყობთ ამგვარი რეჟიმი და რომლებიც პირველ რიგში ეწინააღმდეგებიან ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას საქართველოს საზღვარზე. ეს ახლაც ხდება, როდესაც კოვიდის გამო საზღვარი პრაქტიკულად დაკეტილია. თქვენ ხედავთ თუ რა საქონელი, განსაკუთრებით კვების პროდუქტები, შემოდის ჩვენს ბაზრებზე. აშკარაა, რომ საქართველოდან ჩამოდის, აქ ერთადერთი გზა, ამ ვაჭრობის დაკანონებაა. მინდა ხალხი თავად დაფიქრდეს - რატომ გამოდიან ზოგიერთები ამის წინააღმდეგ? იმიტომ რომ, როგორც ჩანს, თავად არიან დაინტერესებული, რომ ეს ხაზინის გვერდის ავლით ხდებოდეს”, - აცხადებს შამბა. მის განცხადებას აფხაზეთის ომის ვეტერანების საზოგადოებრივი ორგანიზაცია “არუაა” გამოეხმაურა. ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ გულია აცხადებს, რომ “ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან” შეუძლებელია, სანამ თბილისი აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად და მის ადმინისტრაციულ ერთეულად თვლის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მტრულ საქართველოსთან არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, იმიტომ, რომ ჩვენ საომარი მოქმედებების არგანახლების დოკუმენტიც კი არ გვაქვს. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი უკვე იმასაც კი ამბობს, რომ ჩვენ ერი კი არა, რაღაც პატარა თემი ვართ... თუ საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები კონტრაბანდას ვერ გაუმკლავდნენ, არ ნიშნავს, რომ ეს ლეგალიზებული უნდა იყოს. მემგონი ცოტა უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს მდივნის პირიდან გვესმის, რომ “ჩვენ ვერ ვუმკლავდებით კონტრაბანდას და მოდით, ეს დავაკანონოთ”. თუ კონტრაბანდას ვერ ვუმკლავდებით, რა გარანტია გვაქვს, რომ კონტრაბანდა მოისპობა, თუკი ლეგალიზებას მოვახდენთ? თუ სამართალდამცავი სტრუქტურები, მესაზღვრეები და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები ვერ ასრულებენ თავის მოვალეობას, მაშინ ეს ხელისუფლებასა და კონკრეტულად მათ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული პრობლემაა”, - განაცხადა გულიამ. კონფლიქტოლოგისა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, დე ფაქტო ხელისუფლება ამით ცდილობს “ქართული მიმართულება” არ დაკარგოს”.

“შამბას მიერ მუდმივად ქართულ მხარესთან კონტაქტების აუცილებლობაზე საუბარი იმის ნიშანია, რომ ასეთი ქართულ-აფხაზური შეხვედრა, თუნდა არაფორმალურ დონეზე, ჯერ არ გამართულა. ჩემი განცდებით, არავითარი კონტაქტი არ ყოფილა. რომ ყოფილიყო, შამბა შეხვედრების აუცილებლობაზე ასე რეგულარულად არ ილაპარაკებდა. მგონია, რომ იგი შიდა აფხაზურ კონტექსტში გამოსავლის ძებნის საშუალებას ქმნის, იმიტომ, რომ ბოლომდე რუსეთზე არიან მიბმულები და აშკარად ჩანს, რომ გარკვეულ ძალებს ეს აღელვებთ და უნდათ, რომ ქართული მიმართულება არ დაკარგონ. აფხაზეთში ბევრს ეს აღიზიანებს და მიაჩნიათ, რომ ურთიერთობები ქართველებთან არ შეიძლება და ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან უნდა იყოს. ანუ, ეს შიდა პოლიტიკური კონტექსტია, სადაც აშკარად ჩანს, რომ არის პროაფხაზური ძალები (არანაირად პროქართული და არავითარ შემთხვევაში ანტირუსული), რომელთაც მიაჩნიათ, რომ მხოლოდ რუსეთზე ჩამოკიდება არ შეიძლება და ერთადერთი სხვა მხარე, რომელიც რუსეთის გარდა არსებობს, ესაა ქართული მხარე. ანუ მიაჩნიათ, რომ თბილისთან უფრო მეტი კონტაქტები ჰქონდეთ”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ფრთხილად ილაპარაკონ, რომ ოპონენტები არ გააღიზიანონ. ამიტომ ბუნებრივია, რომ დამოუკიდებელ სახელწიფოს პოზიციებიდან გამომდინარე ილაპარაკებენ, საქართველოსთან ხელშეკრულებებზე. მაგრამ ეს ყველაფერი საჯარო გამოსვლებია, ამიტომ საჭიროა, რომ აფხაზურ მხარესთან კონტაქტები ჩვენც დავიწყოთ, რათა იმაზე კი არ ვილაპარაკოთ რაც მათ უნდათ და არც იმაზე, როგორც ჩვენ გვინდა, არამედ იმაზე, რაზეც შევთანხმდებით. უამრავი თემებია. ისინი რა თქმა უნდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენაზე საჯაროდ საუბარს არ დაიწყებენ და ბუნებრივია, ჩვენ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბარს ვერანაირად ვერ დავუშვებთ, მაგრამ ამ თემების გარდა უამრავი სხვა თემებია, რაზეც მსჯელობა უნდა იყოს”, - ამბობს ზაქარეიშვილი.

“საქართველოს ხელისუფლებას სოხუმში ადამიანების გარკვეული ნდობის ჯგუფი უნდა ჰყავდეს და გასვლა ამ ხალხით უნდა მოხდეს - მინიმუმ 10-15 კაცი მაინც, ვისაც შეუძლია, რომ გავიდეს და აფხაზურ მხარეს დაელაპარაკოს და ჰკითხოს რა ხდება, რა გამოსავალს ხედავენ. ეს რა თქმა უნდა საჯარო არ უნდა იყოს, მაგრამ შამბა ამბობს, რომ საჭიროა კონტაქტები. ეს ფაქტი მეტყველებს, რომ კონტაქტები არაა. კონტაქტები რომ იყოს, იგი ასე გულმოდგინედ არ ილაპარაკებდა. მაგრამ ვინც დღეს პოლიტიკაშია, მათ აფხაზები არ იცნობენ. ამიტომ ვთქვი, რომ ეს სანდო ადამიანებით უნდა ხდებოდეს, ვისაც ამაში დიდი ხანია გამოცდილება აქვთ და იციან, რომ სულ ცოტა არ მოატყუებენ. სამწუხაროდ, უცნობი ქართველების მიმართ აქვთ ხოლმე ასეთი დამოკიდებულება და ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მათ გადაგვაგდეს,ან არ გააკეთესო. სანდო ადამიანების კატეგორიის საშუალებით შეიძლება, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას”, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა