ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2021

“ოცნება” გაყალბების დამტკიცებას ან ბოდიშს ითხოვს, ოპოზიცია ერთზეც უარს ამბობს და მეორეზეც

როდის მოიხსნება დარჩენილი შეზღუდვები - ახალი ცნობები მომავალი გადაწყვეტილებების შესახებ

ნავალნის ციხეში ჩასმა პუტინს და მის ხალხს შეიძლება ძვირი დაუჯდეს - მთელი დასავლეთი ახალ სანქციებზე ერთიანდება

* * *

“ოცნება” გაყალბების დამტკიცებას ან ბოდიშს ითხოვს, ოპოზიცია ერთზეც უარს ამბობს და მეორეზეც

“ხელისუფლება ოპოზიციას მოუწოდებს, ჩაერთონ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ფაქტებით დაამტკიცონ ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე, ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. ოპოზიცია კი ამას არ აპირებს, მიაჩნიათ, რომ ახლა ამის შემოწმებას აზრი არა აქვს, რადგან „ყველაფერი გადაწიკწიკებულია”. გარდა ამისა, კომისიაში მუშაობისთვის საჭიროა პარლამენტში შესვლა, რასაც ოპოზიცია არ გეგმავს. “ჩვენ გამოვდივართ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, რათა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად ცნობილი, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ყველა შესაბამისი ნიუანსი კიდევ ერთხელ დეტალურად იქნას შესწავლილი”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა. მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია ყველა დაინტერესებული სუბიექტის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების, პოლიტიკური პარტიებისა, თუ შესაბამისი ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით, არჩევნების სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” გაყალბების დამტკიცებას ან ბოდიშს ითხოვს, ოპოზიცია ერთზეც უარს ამბობს და მეორეზეც.

“ალეკო ელისაშვილი შემოყოლილი განწყობით ამბობდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუ ასე ამბობენ, მაშინ კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის ელისაშვილის პარტიამ, ამ პროცესში ჩაერთონ და დაამტკიცონ”, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, “მოქალაქეების” არგუმენტი, რომ საარჩევნო კომისიაში წევრები არ ჰყავდათ და სხვა პარტიებმა უკეთ იციან ფაქტები, ბოლომდე დამაჯერებელი არ არის. “ისინი ვერ გამოვიდნენ იმ ნარატივიდან, თითქოს არჩევნები გაყალბდა. თუ ასე ამბობენ, მაშინ კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის ელისაშვილმა და მისმა პარტიამ, ამ პროცესში ჩაერთონ და დაამტკიცონ, გაყალბდა თუ არა. ერთპროცენტიანი ცდომილება დაამტკიცონ და ხელახალი არჩევნები დაინიშნება. კომისიაში ყველა ოპოზიციონერს ვეპატიჟებით, მოვიდნენ და კომისიის მუშაობაში ჩაერთონ, რომ თავად დაამტკიცონ ის, რასაც ამბობენ. თუ მათ აქვთ ერთპროცენტიანი შანსი იმისა, რომ სიყალბე დაადასტურონ მტკიცებულებებით, ფაქტებით და არა მხოლოდ სპეკულაციურად, როგორც აკეთებენ, ამის შანსი აქვთ მხოლოდ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. თუ არადა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ატყუებდნენ”, - თქვა მდინარეძემ, რომლის აზრით, “შეუძლებელია, ობიექტურად მოფიქრალმა ადამიანმა წარმოიდგინო, რომ კომისიაში, მათი 11 300 წარმომადგენლის ხელმოწერები ან მასიურად გაყალბდა, ან ისინი ვიღაცამ აიძულა, რომ შიშით, ზეწოლით ხელი მოეწერათ. ეს წარმოუდგენელი არგუმენტია და მსგავსი არგუმენტი ბუნებაში არც უნდა არსებობდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კომისიაში სიამოვნებით ჩავერთვებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაით 3 800 საარჩევნო უბანში კომისიის წევრები ჰყავდა. ესენი არიან “პატრიოტთა ალიანსი”, “ნაციონალური მოძრაობა” და მეორე “ნაციონალური მოძრაობა”, ბოკერიას პარტია, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გაყალბების სრული სურათის დასანახად დასახელებული პარტიების მონაწილეობა აუცილებელია. “ამ ხალხს ჰყავდა ცესკო-ს მიერ დაფინანსებული კომისიის წევრები 3 800-ვე უბანზე. ჩვენ სულ რამდენიმე ათეული მოხალისე დამკვირვებელი გვყავდა...” - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის პარლამენტში შექმნილ საგამოძიები კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს. მისივე თქმით, კომისია “ქართული ოცნების” მიერ არის შექმნილი და მათ უნდათ ამით საკუთარი პოზიციები გაამართლონ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ ამ კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს კომისია არის შექმნილი ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ მიერ და მათ უნდათ შექმნან ხელოვნური პროცესი, რითაც საკუთარ პოზიციებს გაამართლებენ. ვფიქრობ, რომ საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, არაერთი ფაქტი გვაქვს ამის წარდგენილი. ამ ტიპის სამუშაო პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ იმიტომ, რომ ბოიკოტს ვუცხადებთ პარლამენტს, რომელიც არის არალეგიტიმური საქართველოში”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს, რადგან არჩევნების შემდეგ დიდი ხანია გასული და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ყველაფერი გადათეთრებულია. ამას გარდა, როგორც უდუმაშვილი ამბობს, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ვერც კომისიაში მიიღებენ მონაწილეობას”, - დასძენს გამოცემა.

“როდესაც ვითხოვდით, გახსნილიყო უბნები და გადათვლილიყო, - ეს ხდებოდა უშუალოდ არჩევნების შემდეგ, დაიწერა ასეულობით საჩივარი და ათეულობით სარჩელი შევიდა სასამართლოში, - არც ერთი ჩვენი საჩივარი, არც ერთი სარჩელი დაკმაყოფილებული არ იქნა. შესაბამისად, ბუნებრივია, მაშინ იყო დრო, რომ ჩვენ რეალურად, გამოგვეკვლია, თუ რა მოხდა არჩევნების ღამეს. ახლა, როდესაც ოთხი თვე გავიდა და საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გადაათეთრა და გადააწიკწიკა, არანაირი აზრი არა აქვს უბნების გახსნას. მით უმეტეს, როდესაც ახლა კიდევ ერთი მიზეზი, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში და ბუნებრივია, ვერ მივიღებთ ვერანაირ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას. ჩვენ არანაირად არ ვენდობით “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიას, რომელმაც საკუთარი ჩადენილი დანაშაული უნდა გამოიძიოს”, - განაცხადა უდუმაშვილმა, რომლის თქმით, ჩანს არც ალეკო ელისაშვილი იქნება ამ საგამოძიებო კომისიაში წარმოდგენილი, ასე რომ, ახლა „ქართული ოცნება“ დაჯდეს და თვალოს რამდენიც უნდა საკუთარი ჩასწორებული ოქმები”, - წერს სტატიის ავტორი,

როდის მოიხსნება დარჩენილი შეზღუდვები - ახალი ცნობები მომავალი გადაწყვეტილებების შესახებ

“ეკონომიკის გახსნის ტემპი დაჩქარდა, თუმცა დარგების ნახევარზე მეტი ისევ ჩაკეტილი რჩება. ასეთია კურორტები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, უმაღლესი საგანმათლებლო დაწესებულებები, ბაგა-ბაღები, სახელოვნებო სტუდიები, ფიტნეს კლუბები და სპორტული დარბაზები, რომელთა გახსნა პირველ მარტამდე არ იგეგმება. ნაწილობრივ მათ შორისაა რესტორნებიც, რომლებსაც საქმიანობის უფლება ჯერჯერობით მხოლოდ ღია სივრცეში მისცეს. რაც შეეხება კომენდანტის საათს, როგორც მთავრობაში ვარაუდობენ, აპრილამდე მისი მოხსნა არ იგეგმება, თუმცა შეიძლება 1 საათით შემსუბუქდეს. მთავარი პირობა, რის გამოც შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელი გახდა, მთავრობის მეთაურის, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელია. კერძოდ, ის 4%-ს სტაბილურად ჩამოსცდა, რაც ეკონომიკის გახსნის ტემპის დაჩქარების შესაძლებლობას იძლევა”, - წერს გაზეთი ”რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდის მოიხსნება დარჩენილი შეზღუდვები - ახალი ცნობები მომავალი გადაწყვეტილებების შესახებ / პირველი მარტისთვის დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი სექტორის გახსნა, თუმცა შეიძლება ტემპი დაჩქარდეს.

“პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო კახაძის განცხადებით, მთავრობამ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს წევრებისა და ექიმების ერთობლივი განხილვის საფუძველზე მიიღო და გაითვალისწინა სტატისტიკა, რომელიც კორონავისრუსთან დაკავშირებით არსებობს - როგორც დაავადების, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში. “ეპიდემიის კლებამ საშუალება მოგვცა, რომ შეზღუდვები შეგვემსუბუქებინა. ცვლილება სარესტორნო ბიზნესსაც შეეხო, თუმცა მათი საქმიანობა მხოლოდ გარე სივრცეშია შესაძლებელი, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც დიდი შედეგია. ჩვენ ყველას გვამოძრავებს საერთო მიზანი, რომ გამოცოცხლდეს ეკონომიკა და პოსტკოვიდური პერიოდი გამოვიყენოთ ყველანაირი დაგროვილი პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს არ არის მარტივი, ამიტომ ეტაპობრივად ვხსნით ეკონომიკას”, - თქვა კახაძემ, რომლის განმარტებით, “სერიოზული ღონისძიებები არის გატარებული, რითაც ნამდვილად ამოსუნთქებს ბიზნესი, მაგრამ წარმატებას მივაღწევთ მაშინ, როცა ეკონომიკა სრულად გაიხსნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც ცნობილია, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, სასტუმროები, შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები დაკეტილია და შეზღუდვა ამ სეგმენტში, სავარაუდოდ, 1-ლი მარტიდან გაუქმდება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა არ გაუარესდება. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია, ზუსტი გადაწყვეტილება ოფიციალურად მალე გახდება ცნობილი. საუბარი მიდის, რომ ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი მოიხსნას, ალბათ, აპრილის ბოლომდე იარსებებს ეს შეზღუდვა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მისი ხანგძლივობა შემსუბუქდეს და თუნდაც 1 საათით შემცირდეს. ვნახოთ, კვლავ ეპიდემიაზე ვართ დამოკიდებული, წინ კი რთული და ხანგრძლივი პერიოდი გველის, რომ ვირუსით გამოწვეულ პრობლემას თავი გავართვათ. მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მეტი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა მართებს მოქალაქეებს, რომ რეკომენდაციები და რეგულაციებიც ზედმიწევნით დაიცვან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“ცხადია, მთავრობის გადაწყვეტილებით ბიზნესის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა, განსაკუთრებით ის სეგმენტი, რომელსაც შეზღუდვების მოხსნა არ შეეხო. ტურისტულ რეგიონებში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მთელი ზამთარი ჩავარდა და მათთვის მომავალ წლამდე პერსპექტივა აღარც ჩანს. ამის თაობაზე გუდაურში მდებარე სასტუმრო “თრუსოს” ხელმძღვანელმა ლევან კარიჭაშვილმა ისაუბრა. “შეზღუდვების მოხნის ყოველ ჯერზე ჩვენი ბიზნესის ინტერესები იგნორირებულია. ფაქტია, რომ სიახლე მინიმუმ მარტამდე აღარ იგეგმება, თუმცა მარტიდან კიდეც რომ გაიხსნას სექტორი, ამას ჩვენთვის უკვე აზრი აღარ აქვს, მთელი წელი ჩაგვივარდა და მომავალ ზამთრამდე მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი არ გვაქვს. სიმართლე ითქვას, ასეთი დამოკიდებულება მოულოდნელი არ ყოფილა”, - ამბობს კარიჭაშვილი, რომლის თქმით, კომპანიები კოტრდება - სადღესასწაულოდ მუშაობის ნებართვა რომ მიეღოთ, მცირე შვება იქნებოდა, მაგრამ არც ეს გააკეთეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“უმძიმესი მდგომარეობაა. არადა, საზღვრები გაიხსნა და მცირე შანსი მაინც იყო, რომ უცხოელ დამსვენებლებს მივიღებდით. ამის სურვილი არის, მაგრამ შესაძლებლობა - არა. წლევანდელი სეზონი პირწმინდად ჩავარდა, ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აღმოვჩნდით”, - განაცხადა კარიჭაშვილმა. ზამთრის კურორტები რჩება ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად, სადაც ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტ რისკს ხედავენ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საბაგირო გზებისა და სამთო კურორტების ასოციაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა დადებითი დასკვნა მიღებული არ არის. ბევრს ჰგონია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხსნის და კეტავს ყველაფერს ქვეყანაში. სინამდვილეში კი, გამყრელიძის თქმით, ეს პროცესი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენი თანამშრომლები, ეპიდემიოლოგები მონაწილეობენ შეხვედრებში. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, ისინი ელოდებიან გაწერილ გეგმას, რომ სათანადოდ შეფასდეს. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის. რატომღაც ბევრს შთაბეჭდილება რჩება, რომ დაავადებათა ცენტრი ხსნის და კეტავს ყველაფერს. არა ბატონო, ის არის ერთი დაწესებულება, ერთი ინსტიტუტი წარმოდგენილი საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც გამოთქვამს თავის მოსაზრებას, მაგრამ საბჭო კონსენსუსის წესით იღებს გადაწყვეტილებას. ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე პირველ რიგში და რისკებზე, რომელი ბიზნესი და რომელი სეგმენტი არის ვირუსის შემდგომი გავრცელებისთვის მომატებული რისკფაქტორი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე 8 და 15 თებერვლიდან საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის შესახებ ისაუბრა. შემდეგი გადაწყვეტილების მიღება დაახლოებით ერთი კვირის თავზე იქნება შესაძლებელი”, - წერს სტატიის ავტორი.

ნავალნის ციხეში ჩასმა პუტინს და მის ხალხს შეიძლება ძვირი დაუჯდეს - მთელი დასავლეთი ახალ სანქციებზე ერთიანდება

პუტინის მთავარი ოპონენტის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ, კრემლი კი ამაზე პასუხობს, რომ რუსეთის საქმეებში არ ჩაერიონ და საკუთარი პრობლემით დაკავდნენ. გადაწყვეტს თუ არა რეალურად სანქციები ნავალნის ბედს და რეალურად რის გამო ჩასვა კრემლმა ის სამნახევარი წლით ციხეში? ლატვია და ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებენ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა კი კონგრესს ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს საქციებს იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებმაც ნავალნის მოწამვლასა და დაპატიმრებაში მონაწილეობა მიიღეს“, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნავალნის ციხეში ჩასმა პუტინს და მის ხალხს შეიძლება ძვირი დაუჯდეს - მთელი დასავლეთი ახალ სანქციებზე ერთიანდება.

“რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს გერმანიაც. როგორც ქვეყნის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, ბერლინი ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გაივლის. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის პოზიციას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას “სიმხდალეს” უწოდებს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ დასავლეთის სანქციები ნავალნის ბედს ვერ გადაწყვეტს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სამწუხაროდ ამ ქვეყნების სანქციები ალექსეი ნავალნის ბედს ვერ გადაწყვეტს, რადგან კრემლისთვის სანქციების დაწესება ახალი არაა. ნავალნის “ივ როშეს” კომპანიასთან ვითომდა ფინანსური მაქინაციის გამო 3,5 წელი მიუსაჯეს. სხვათა შორის ღვიძლ ძმას მიუჯინეს, მასაც ამდენი აქვს მისჯილი. ეკონომიკურმა სანქციებმა უკვე თავის მაქსიმუმს მიაღწია, კრემლი ამ სანქციებს ძალიან ცინიკურად პასუხობს, მეორეს მხრივ დასავლეთს მეტი რა შეუძლია, ერთი ეგაა თუ პიროვნული სანციები მათ დაუწესეს, ვინც ნავალნის დაპატიმრებასა და მოწამვლაში ურევია. კაცი მოწამლეს, სიკვდილის პირას იყო და რომ ჩამოვიდა, დააპატიმრეს. ფაქტია, რომ პოლიტპატიმარია. ყველაზე საინტერესოა, რომ ნავალნი პუტინმა თვითონ გაუშვა და მკურნალობის პერიოდი პირობითი სასჯელის დარღვევაში ჩაუთვალეს. ის, რაც რუსეთის სამართლის სივრცეში ხდება, აბსურდული მარაზმია. დასავლეთის მესმის და ეკონომიკური სანქციები კი არა ჩემის აზრით კიდევ უფრო მეტიცაა გასაკეთებელი. თავისთავად ცხადია, რომ პუტინმა ნავალნის დოკუმენტური ფილმის გამო შური იძია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ჩემის აზრით ნავალნი დაპატიმრებული იქნება მანამ, სანამ რუსეთის ფედერაციაში საპარლამენტო არჩევნები არ ჩაივლის, რომელიც პუტინისთვის გადამწყვეტი და ჰაერივით მნიშვნელოვანია. იგი სამ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს, რომელსაც “რუსეთის პატრიოტები” დაერქმევა, ანუ მემარცხენე რადიკალური პოლიტიკური პარტია იქმნება, რომელსაც სურს, რომ კომუნისტური პარტია ჩაანაცვლოს. თქვენ წარმოიდგინეთ პუტინი ამ პარტიის ჩანაცვლებაზე ჩალიჩობს, მათიც კი ეშინია, უნდა რომ კრიტიკა მინიმუმამდე დაიყვანოს და მით უმეტეს, მას რად უნდა ნავალნი, რომლის დოკუმენტურ ფილმს რუსეთის 50%-მა უყურა. საპარლამენტო არჩევნები რომ დასრულდება, მერე შესაძლოა ამინისტიით ან შეწყალების აქტით გამოუშვან, არჩევნები კი ამა წლის სექტემბერშია”, - დასძენს მაისაია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა