შოთა ბურჯანაძის განცხადებით, თუ 15 თებერვლის შემდეგ, მთავრობა რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას არ განიხილავს, რესტორნები დაუმორჩილებლობას მიმართავენ

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, თუ 15 თებერვლის შემდეგ, მთავრობა ეპიდვითარების გათვალისწინებით, რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას არ განიხილავს, რესტორნები დაუმორჩილებლობას მიმართავენ. როგორც შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეებში მუშაობა რესტორნებისთვის დიდი სარგებლის მომტანი არაა.

„მთავრობის გადაწყვეტილება იმ უფსკრულის ამოსავსებად გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საზოგადოებას, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის “ლოქდაუნის” შედეგად შეიქმნა. გადავწყვიტეთ, რომ შაბათს არ გავიხსნებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სარესტორნო ბიზნესისთვის 15 თებერვლიდან გარე სივრცეების გახსნა დიდი ან მცირედი დადებითი იმპულსის მომტანი იყოს. ეს პროცესი რესტორნების უმრავლესობისთვის ამ ამინდში დიდი სარგებლის მომტანი არაა. ეს გადაწყვეტილება ძალიან მინიმალურია, მაგრამ მე უფრო ვაფასებ საზოგადოებისთვის გადადგმულ ნაბიჯს, რაც ტრანსპორტს, სკოლების გახსნას შეეხება, ამას ერთობლიობაში განვიხილავ, მაგრამ მინდა მკაფიოდ ვთქვა, თუ 15 თებერვლის შემდეგ კოვიდ ვითარების მხრივ ასეთ ციფრებში ვიქნებით და ადგილი არ ექნება სიტუაციის გართულებას, ვაანონსებთ, რომ ეს დაუმორჩილებლობის აქტი გადაიწევს რამდენიმე კვირით, თუ ხელისუფლება, შესაბამისი რეგულაციების ფარგლებში, რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას არ განიხილავს. თუ ხელისუფლება, როგორც აქამდე ყრუ იყო, სიყრუეს გააგრძელებს, რეაქციას მიიღებს. საზოგადოება და ბიზნესი ამ შემთხვევაში ერთად იქნება. განვაცხადეთ, რომ შაბათს გავიხსნებოდით და ამას ხელისუფლებისგან ერთ დღეში მოჰყვა რეაქცია, ამას მე პირადად მისასალმებელი ტონით ვუყურებ, გადაიდგა პირველი ნაბიჯი და ულტიმატუმის ენით საუბარი ჩემი წესი არაა“,-აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

ამასთან, როგორც შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რესტორნები შაბათს დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

„ შაბათს რომ გავხსნილიყავით, გპირდებით, რომ ვერცერთი რესტორანი ვერ დაჯარიმდებოდა. თავბრუ დაესხმებოდა ბექა ფერაძეს და მის სამსახურს, ვინ უნდა დაეჯარიმებინათ. ასეთი გეგმა გვქონდა ჩვენ. რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ჩვენ მას ვუერთდებით და იმ საკითხებისთვის, რაც პრობლემური დარჩა უნდა ვიბრძოლოთ და ვიმოქმედოთ“,- განაცხადა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის და ეკონომიკის მინისტრის განცხადებებს, რომ რეგულაციების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ვეღარ მიიღებს, შოთა ბურჯანაძე შემდეგნაირად ეხმაურება: „ჩემთვის ესაა ლირიკა, თუ კარგად არ მოიქცევი შოკოლადს არ მოგიტან, ასე ბავშვებს ესაუბრებიან, ნონსენსია ეს“.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით,15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა