ბიძინა კულუმბეგოვი - ალბათ, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, 6-8 კვირის შემდგომ, ე.წ. მესამე ტალღაც იქნება, მაგრამ იმდენად ძლიერი არა, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნიდან 6-8 კვირის შემდგომ, შესაძლოა, ქვეყანაში ე.წ. მესამე ტალღა დაფიქსირდეს, მაგრამ ის არ იქნება იმდენად ძლიერი, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ მოსახლეობის 95% პირბადეს გამოიყენებს, შეიძლება მესამე ტალღის მაქსიმალურმა ციფრებმა 1200, 1500 ან მაქსიმუმ 2 ათასს მიაღწიოს.

კულუმბეგოვის თქმით, ვირუსის გავრცელება ისეთი მასშტაბური არ იქნება, რომ საქართველოში ისევ ჩაკეტვები გახდეს საჭირო.

„ზოგადად, კორონავირუსს თავისი გავრცელების პოტენციალი აქვს. ამ ვირუსის გავრცელების პოტენციალი მერყეობს 3-დან 4-მდე. როდესაც ეს ციფრი ხელოვნურად ერთს ქვემოთ ჩამოდის, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ მომენტში, ქვეყანაში ეპიდემია წყდება. ჩვენთან ბოლო 2-3 კვირაა, ეს მაჩვენებელი 0,8-0,9-მდე მერყეობს. ეპიდემიის აღმავალი მრუდი შეწყვეტილია, მაგრამ რამ ჩამოწია ვირუსის გავრცელების შესაძლებელობა? ამაზე მოქმედებს ფაქტორები, ყველაზე უფრო ძლიერი ფაქტორი არის შეზღუდავი ღონისძიებები, მობილობის შემცირება, სამედიცინო პირბადის ტარება, ასევე არის ვაქცინაციის ფაქტორიც. თუმცა, ჩვენთან ჯერჯერობით ვაქცინაციის კომპონენტი ამოვარდნილია. ეს მასშტაბს დიდხანს ვერ მიაღწევს, რადგან მოსახლეობის 60%-ის აცრა სჭირდება. ამიტომ, ამ ვირუსს გავრცელებაში ხელი რომ შევუშალოთ და 3-4-ზე ისევ არ ავიდეს, გვაქვს ერთი მხრივ, პირბადის ტარება, რომელიც 95%-ზე უნდა ავიყვანოთ, (ახლა არის 72%) მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც შეზღუდავი ღონისძიებები იხსნება, ვირუსი ისევ დაიწყებს გავრცელებას. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი- 95% პირბადეს მაქსიმალურად გამოიყენებს, ვირუსი იარსებებს და იცირკულირებს, ალბათ, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, 6-8 კვირის შემდგომ, აღმავალი მრუდი, ე.წ. მესამე ტალღაც იქნება, მაგრამ ეს არ იქნება იმდენად ძლიერი, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს. ახლა რეალურად გვაქვს 400, 500 და 600 შემთხვევა, თუ მოსახლეობის 95% პირბადეს გამოიყენებს, შეიძლება მესამე ტალღის მაქსიმალურმა ციფრებმა მიაღწიოს 1200, 1500 ან მაქსიმუმ 2 ათასს. ვირუსის გავრცელება იქნება, მაგრამ იმდენად დიდი არა, რომ ისევ ჩაკეტვები იყოს საჭირო. მესამე ტალღა 1500 და 2 ათას მაჩვენებელს არ უნდა აცდეს, თორემ თუ გასცდა, რამდენიმე დღეში 3 ათასი და 4 ათასიც არ აყოვნებს“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, სპეციალისტების მოწოდებების მიუხედავად, ადამიანები ერთმანეთს მაინც სტუმრობენ და მობილობაც მზარდია. ამიტომ, ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, ყველა შეზღუდვა ერთდროულად არ უნდა მოიხსნას.

„ღამით გადაადგილების შეზღუდვა არის ერთგვარი შემაკავებელი ღონისძიება, რადგან ადამიანები ერიდებიან გვიან სტუმრობას, იციან, მალე უნდა წამოვიდნენ. ვფიქრობ, ცოტა ხანი უნდა იყოს ეს შეზღუდვები და ეტაპობრივად მოიხსნას. ამის მიზანი არის ის, რომ ადამიანების მობილობა შემცირდეს და მასშტაბური შეკრებებისგან დროებით თავი შეიკავონ. ყველა შეზღუდვის სწრაფად მოხსნას არ ვემხრობი“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი ვარაუდით, პანდემიის დასრულებას და პირბადის ტარების გარეშე სიარულს შესაძლოა, კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდეს.

„როდის მოგვიწევს პირბადის ტარების გარეშე ყოფნა, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია დასრულებულად უნდა გამოაცხადოს. ჩემი მოსაზრებით და იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც ვეცნობი, შესაძლოა, ამას რამდენიმე წელიც კი დასჭირდეს. თუმცა, ის, რომ ვირუსზე ამდენი არ ვისაუბროთ, ადამიანები არ გვიკვდებოდეს და ჰოსპიტლები არ გადაიტვირთოს, ამას სჭირდება საზოგადოების დიდი ნაწილის აცრა. თუ ამას მივაღწევთ და ქვეყნის გეგმა ბოლომდე განხორციელდება, ეს შესაძლოა წლის ბოლომდეც მიღწევადი იყოს. ვირუსმა, როგორც მოვლენამ შესაძლოა აქტუალობა ერთ წელიწადშიც კი დაკარგოს, მაგრამ პირბადე, როგორც უსართხოების ზომა, მხოლოდ მაშინ დაკარგავს აქტუალობას, როდესაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს. ეს შესაძლოა იყოს 1,5 წლის ან 2 წლის შემდეგ. არ მგონია, რომ ეს 2021 წელს მოესწროს“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო