ირაკლი ანთაძე - ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შესაბამის მხარეზე ადეკვატური ზეწოლა განხორციელდეს და ზაზა გახელაძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ანთაძის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებად ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი.

როგორც მან ჟურნალისტებს ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა შესაბამის მხარეზე განხორციელდეს ადეკვატური ზეწოლა და უკანონო პატიმარი ზაზა გახელაძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.

"დღევანდელი ანტიჰუმანური და უკანონო ე.წ. გადაწყვეტილება წარმოადგენს იმ დანაშაულებრივი პრაქტიკის თვალსაჩინო მაგალითს, რასაც წლების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ამკვიდრებდნენ. ეს არის უკიდურესად ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი ქმედება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული პოზიცია უკანონო დაკავებების დანაშაულებრივ პრაქტიკასთან დაკავშირებით. მსურს დაგარწმუნოთ, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შესაბამის მხარეზე განხორციელდეს ადეკვატური ზეწოლა და უკანონო პატიმარი ზაზა გახელაძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს. ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მყარ ბერკეტს, ეს არის საერთაშორისო პარტნიორების განუყრელი თანადგომა ოკუპაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, საოკუპაციო ძალების მიერ ბევრი მოქალაქე იყო დაკავებული, თუმცა, ისინი საბოლოოდ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

"გასაგებია, რომ, რიგ შემთხვევებში, პროცესები არ ვითარდება ის სწრაფად როგორც ამას ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ ეს არის მოცემულობა, არსებობს საერთაშორისო ფორმატები, მოლაპარაკების მექანიზმი. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე იყო დაკავებული, თუმცა, თითოეული მათგანი ოჯახებს დაუბრუნდა, სწორედ იმ მექანიზმებისა და საშუალებები მეშვეობით, რაზეც ვისაუბრეთ", - განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხო -კავკაზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა