დედაქალაქის მერი „დედაენის“ და 9 მარტის ბაღების, ასევე მათი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სადემონტაჟო სამუშაოები, გარე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები, თარგების კორექცია, დაზიანებული საფარის აღდგენა და კეთილმოწყობა, მშრალი ხიდიდან სანაპიროზე ჩასასვლელ ორივე პანდუსზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა და გზის ახალი საფარის დაგება, მშრალი ხიდის ბურჯების სარესტავრაციო სამუშაოები, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების მხატვრული მინათების მოწყობა.
გარდა ამისა, მოეწყო საზოგადოებრივი ტუალეტები, სავაჭრო სივრცეები, სარწყავი სისტემა, სანიაღვრე ქსელი, გარე განათების ქსელი, ელექტროსადენების ქსელი, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები, ბავშვთა სათამაშო მოედანი, ძაღლების სასეირნო მოედანი, შედგენილი დეკის ტერასა; დამონტაჟდა პარკის ინვენტარი; გაისხლა ხეები, დაირგო ნერგები და მოეწყო გაზონები.
"დასასრულს უახლოვდება „დედაენის“ და 9 მარტის ბაღის რეაბილიტაცია. ძალიან მაგარი პროექტი გამოდის. ახალი ხე-მცენარეები დაირგო, ახალი სივრცეები მოეწყო, ატრაქციონების განთავსება მოხდა ბავშვებისთვის, ორივე ბაღი ერთმანეთს გვირაბით დაუკავშირდება, მოეწყო ასევე სავარჯიშოები. მთლიანად მოწესრიგებული არის ეს ორივე ბაღი, შეიქმნა ახალი საპიკნიკე ადგილები და ყველაფერს გავაკეთებთ მომავალი წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ვაჩუქოთ ქალაქს", - განაცხადა კახა კალაძემ.
უწყების ცნობით, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, “დედაენის“ და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცის პროექტი „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის - მშრალი ხიდი და მიმდებარე არეალის ადაპტაციას სტუმრების და ძირითადი მომხმარებლების მოთხოვნებთან.
როგორც კახა კალაძემ სამუშაოების გაცნობისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
იხილეთ ვიდეო:თბილისის მერმა რამდენიმე ქუჩისა და ბაღის რეაბილიტაციის პროცესზე ისაუბრა