ხათუნა ლაგაზიძე - მმართველ გუნდში თუ ფიქრობენ იმაზე, რას გამოიწვევს გახარიას წასვლა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში? როგორ შოკში იქნება კობახიძის იმედად დატოვებული ამომრჩეველი?!

პოლიტიკის ექსპერტის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, არის თუ არა მზად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია გმირის როლი მოირგოს და მეორე მხრივ, რამდენად სჭირდება დღევანდელ ხელისუფლებას მისი სახით გმირი.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ხელისუფლებისთვის ძალიან რთული იქნება ნიკა მელიას კონტროლი ციხის გარეთ თუ შიგნით.

მისი თქმით, საზოგადოება ძალიან ბრძენია და გრძნობს, როგორი დაბნეულობაა დღეს ოპოზიციაში.

„საზოგადოება ძალიან ბრძენია და ტანით გრძნობს იმას, თუ როგორი დაბნეულობაა დღეს ოპოზიციაში. ამიტომაც, გარეთ გამოსვლას და მასშტაბურ აქციებს არ ველოდები. მე, რასაც ვგრძნობ, ეს გახლავთ ის, როგორ სწყურია საზოგადოებას პოლიტიკოსები, რომლებიც თავგანწირვისთვის მზად არიან. ერთია სიტყვა, მეორეა - საქმე. სწორედ ეს არის საინტერესო, რამდენად არის ნიკა მელია მზად ამ როლისთვის, როგორ მოირგებს და გაითავისებს ამ როლს. მეორე საკითხია, რამდენად სჭირდება დღევანდელ ხელისუფლებას მელიას სახით გმირი. ადამიანი, რომელიც მზად არის, საკუთარი თავისუფლება დროებით, მაგრამ მაინც შესწიროს. ხელისუფლებისთვის ძალიან რთული იქნება კონტროლი ციხის გარეთ თუ შინით. ეს არის ბუნებრივი რამ ნებისმიერ საზოგადოებაში, მას სჭირდება გმირი, ნებისმიერ ეპოქაში. ადამიანები, რომლებიც თავგანწირვისთვის მზად არიან. ვნახოთ, მოირგებს თუ არა მელია ამ როლს და ხელისუფლება მიაკუთვნებს თუ არა. ოპოზიციის კრიტიკაზე გადავედი, ოღონდ ეს მყარად იყო ის განწყობა - „მოყვარეს პირში უძრახე და მტერს პირს უკანაო“. შევხედოთ ხელისუფლებაში რა ხდება, იქაც ძალიან მძიმე სურათია, ის დაპირისპირება, რაზეც ახლა ინფორმაცია ვრცელდება“,- განაცხადა ლაგაზიძემ.

მან შესაძლო სამთავრობო ცვლილებების განხორციელებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გადაყენება სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს „ქართული ოცნების“ შიგნით.

„მე არ ვინტერესდები „ქართული ოცნების“ შიდა კულუარებით, გარედან რაც ჩანს, ისიც ძალიან მძიმე სანახავია. ერთი რამ არის ძალიან საინტერესო - შიგნით თუ ფიქრობენ იმაზე, რას გამოიწვევს გახარიას წასვლა საკუთრივ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში, როგორ შოკში იქნება კობახიძის იმედად დატოვებული „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი. მათ ცალსახად გახარია მეტად მოსწონთ. მინიმუმ ბალანსი, რომელსაც ქმნის გახარია და კობახიძის ფლანგის შიგნით არსებობა, ეს ბალანსი მათ სოლიდურობის განცდას გაცილებით მეტად უჩენს, ვიდრე გახარიას გარეშე კობახიძის, როგორც რეალური, პირველი პირის იმედად დარჩენილი „ქართული ოცნება“, ქვეყანაზე აღარ ვსაუბრობ. გასაგებია, როდესაც ადამიანს ამბიციები ასე გივარდება თავში, ამაზე უკვე აღარ ფიქრობ და გგონია, შენ სამყაროს ჭიპი ხარ, მაგრამ ეს სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს თავად „ქართული ოცნების“ შიგნით“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, თუ გიორგი გახარია შეიცვლება, ერთი დაჯგუფება აიღებს კონტროლს „ქართულ ოცნებაზე“, რაც ბიძინა ივანიშვილის სტილი არ არის.

„ქართულ ოცნებაში“ თუ მართლაც მოხდა მაგიდის მთლიანად აყირავება, ეს მართლაც ადასტურებს, რომ ივანიშვილი გვერდზეა გამდგარი იმიტომ, რომ მისი პოლიტიკა ყოველთვის იყო ბალანსის პოლიტიკა პარტიის შიგნითაც. ეს მისი „ნოუჰაუ“ არ არის, როგორც წესი, ლიდერები სხვადასხვა გუნდების ბალანსს ემყარებიან ხოლმე იმისთვის, რომ მათ ძალაუფლებას არაფერი დაემუქროს. ეს განსაკუთრებით კარგად იცოდა ივანიშვილმა. გახარიას გვერდზე გაწევით ფაქტობრივად ერთი დაჯგუფება იღებს კონტროლს „ქართულ ოცნებაზე“ და ეს ნამდვილად არ არის ბიძინა ივანიშვილის სტილი. მეორე, როდესაც ივანიშვილი წავიდა, ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, ალბათ, იმის გამო წავიდა, რომ მშვიდად არის დღევანელი ოპოზიციის შემხედვარე. ის მის დანატოვარ ძალიან სუსტ გუნდს პრობლემებს ვერ შეუქმნის. ამას ადასტურებს დღევანდელი ქართული ოპოზიციის მდგომარეობაც“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა