ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2021

რა დაასკვნა სინოდმა დავითგარეჯაზე, ვაქცინაციაზე და როგორ დასჯის “გირჩის” ეკლესიის მრევლს

დაიჭერენ თუ არა ნიკა მელიას გირაოს გადაუხდელობისთვის - რა განცხადებები კეთდება ამ საკითხზე

იგორ კვესელავა - “ამ ოპოზიციის დრო აღარ არის ქართულ პოლიტიკაში”

* * *

რა დაასკვნა სინოდმა დავითგარეჯაზე, ვაქცინაციაზე და როგორ დასჯის “გირჩის” ეკლესიის მრევლს

“საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. სასულიერო პირები დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ორ საათს თათბირობდნენ. ისინი დახურული სხდომიდან ისე გამოვიდნენ, რომ ჟურნალისტების არც ერთ კითხვას არ უპასუხეს. სხდომას, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი უძღვებოდა, 35 სასულიერო პირი დაესწრო. საპატრიარქოში ახლა სინოდის განჩინებაზე მუშაობენ, მოგვიანებით სინოდის განჩინება გასაჯაროვდება. უკვე ცნობილია, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი მეუფე გრიგოლ კაცია აღარ არის. როგორც ჩანს, საპატრიარქო მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო და მას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს, რომელიც ლენტეხისა და ცაგერის ახლა უკვე ყოფილი მიტროპოლიტია. სინოდი ქმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც პეტრე ცაავას საკითხზე იმსჯელებს და ამის შემდეგ მისი საკითხი კვლავ სინოდს გადაეცემა განსახილველად. ამასთანავე წმინდა სინოდის წევრებმა დავით გარეჯის საკითხზეც იმსჯელეს. სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ არქიმანდრიტი კირიონე სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილიყო დასახელებული და მისი გამოწვევა, გამორჩევა არ მომხდარა სინოდის სხდომაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა დაასკვნა სინოდმა დავითგარეჯაზე, ვაქცინაციაზე და როგორ დასჯის “გირჩის” ეკლესიის მრევლს.

“ილია მეორეს არც სხვა ეპარქიების მმართველები დაუსახელებია, თუმცა ამ დეტალებზე მეუფეები არ საუბრობენ. ისინი ოფიციალურ განჩინებას ელოდებიან, სადაც საუბარი ყველა დეტალზე იქნება და სწორედ ამის შემდეგ ეპისკოპოსები პირველ განმარტებებს გააკეთებენ. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, მის საკითხთან დაკავშირებით კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას ღიმილის მომგვრელს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს დროის გაყვანისა და საკითხის გადაგორების მიზნით ხდება. “ჯერ პასუხი აგოს გრიგოლ კაციამ მთელი წლის განმავლობაში როგორ უპასუხისმგებლოდ მართა და როგორ ანგრევს ეპარქიას. შეიქმნას კომისია გადაბარებისა, როგორც მე ღირსეულად გადავაბარე, მოვითხოვ, რომ იგივე კომისიის წევრები დაესწრონ ხელახალ გადაბარებას”, - განაცხადა პეტრე ცაავამ. ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სინოდის სხდომაზე საუბარი შეეხო როგორც გარეჯის საკითხს, ასევე ვაქცინაციასაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გარეჯის საკითხზე ვისაუბრეთ. ვაქცინაციას რაც შეეხება, როგორც მოსალოდნელი იყო, ვრცელი მოხსენება იყო სინოდზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანის დისკრიმინაცია იმ ნიშნით, ვაქცინა გაიკეთა თუ არ გაიკეთა. ეს არავის საქმე არაა, პირადად ადამიანის საქმეა”, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. სინოდი “ბიბლიური თავისუფლების” წევრებს ჯვრისწერის, ზიარების, ნათლობის და წესის აგების უფლებებს ართმევს. ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელ დათუაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებასთან” განაცხადა”, - დასძენს გამოცემა.

“შეიქმნა ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია ქრისტიანთა გაერთიანება, “ბიბლიური თავისუფლების” ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში აწევრიანებს განურჩევლად სქესისა ადამიანებს და მათ სასულიერო პირის ხარისხს ანიჭებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრისათვის ამაში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას. ეკლესია აფრთხილებს ყველას, ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანდება, მას აღარ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს ისეთ საეკლესიო მსახურებაში როგორიც არის – ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება, ზიარება და სხვა”, - განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა. ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძის განცხადებით, სინოდმა დაადგინა, რომ აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 1937-38 წლის რუკით უნდა გაევლოს. “დღევანდელი სხდომა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში გამოტანილი იყო დავით გარეჯის საკითხი, რომელზეც ჩვენ გვქონდა მოხსენება. სინოდმა იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 000-იანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მოაწერა ხელი”, - განაცხადა ალავერდელმა მიტროპოლიტმა”, - წერს სტატიის ავტორი.

დაიჭერენ თუ არა ნიკა მელიას გირაოს გადაუხდელობისთვის - რა განცხადებები კეთდება ამ საკითხზე

“ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ დრომდე აცხადებს, რომ გირაოს არ გადაიხდის და არც არავის აქვს უფლება, რომ მის მაგივრად გადაიხადოს, “ქართული ოცნების” პოზიცია კი ასეთია, რომ მელიამ დაკისრებული გირაო უნდა გადაიხადოს, რადგან კანონი ყველასთვის თანაბარია. “ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის” სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა გასული წლის პირველ ნოემბერს აქციაზე მელიამ ეს სამაჯური მოიხსნა, სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დაიჭერენ თუ არა ნიკა მელიას გირაოს გადაუხდელობისთვის - რა განცხადებები კეთდება ამ საკითხზე.

“1 ნოემბრის აქციაზე საჯაროდ მოვისროლე სამაჯური და მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვარ ჩაბმული უკომპრომისო ბრძოლაში. არც მე და არც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს. სრული აბსურდია გირაოს გირაოთი დამძიმება - ეს არის მთლიანად უკანონო და არალეგიტიმური, იურიდიული აბდაუბდა, რომელიც დღემდე არავის წინააღმდეგ არ გამოყენებულა და პირველად ჩემს წინააღმდეგ იყენებენ. მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ...ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია! მე აღარ ვაპირებ ამ გაუთავებელ “სამართლებრივ” ლაბირინთებში შეყოლას მაშინ, როდესაც ვიცი, რომ ვარ მართალი და ვიცი, რომ ჩემს წინააღდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს გირაო ჩემს მაგივრად!”- წერს მელია ფეისბუქზე. “ქართული ოცნების” პოზიცია კი ასეთია, რომ თანამდებობის მოიუხედავად არც ერთ ადამიანს, უფლება არ აქვს, რომ პროკურატურის და სასამართლოს მიერ დაწესებული სანქცია უგულებელჰყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კანონი ყველასთვის არის თანაბრად განაწილებული და ყველა უნდა აგოს საკუთარ ქმედებებზე პასუხი. რა თქმა უნდა, არსებობს პროცედურები. ნიკა მელიას გადაწყვეტილებები იქნება ავტორი მის მიმართ განხორციელებული პროცესებისა. არ აქვს უფლება არავის, თავი აარიდოს პროკურატურის მოთხოვნას და სასამართლოს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, თუკი ნიკა მელია არ გადაიხდის იმ თანხას, რაც გირაოს სახით არის დაწესებული, ამოქმედდება ის მექანიზმები, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციაში და რეგლამენტში”, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა. “ამ წუთას, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხი, მხოლოდ და მხოლოდ მის ხელშია. უპირველესად მისი გადასაწყვეტია, როგორი იქნება მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება”, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა ის ვალდებულებები, რომელიც შესაბამისი აქტებითაა გათვალისწინებული, სავარაუდოდ, პარლამენტს ამ საკითხების ირგვლივ მსჯელობა მოუწევს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღეს აღკვეთის ღონისძიების ფორმის შერჩევის საკითხი ერთადერთ ადამიანზეა დამოკიდებული და ეს არის თავად ნიკანორ მელია. სასამართლომ განსაჯა აღკვეთის ღონისძიების საკითხი, საპატიმრო იქნება გამოყენებული თუ არასაპატიმრო და გადაწყვიტა, რომ ეს უნდა იყოს არასაპატიმრო და მიანიჭა გირაოს შესაძლებლობა. არ მგონია, რომ თანმიმდევრული იყოს ლოგიკა, რომელსაც გვთავაზობს ნიკანორ მელია. თუ ვინმე თვლის, რომ მას აქვს ისეთი პრივილეგია, რომ მართლმსაჯულება საერთოდ სხვანაირად უნდა იყოს გათვალისწინებული მასთან მიმართებაში, ეს მისი პრობლემაა და არა მართლმსაჯულების. სახელმწიფოში, სადაც მოქმედებს სამართალი, ვინმე აძლევდეს თავს უფლებას, რომ საკუთარი შეხედულებრისამებრ განსაზღვროს ეს სამართალი, რასაკვირველია, კატეგორიულად მიუღებელია, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ერთადერთი პირი, ვისაც გადაწყვეტილება ეკუთვნის, მოხვდეს თუ არა პატიმრობაში, ეს არის თავად ნიკანორ მელია. ამ დროს მთელი შემდგომი მსჯელობა აზრს კარგავს”, - განაცხადა სარჯველაძემ. “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ გირაოს არგადახდა პროკურატურის გამოწვევაა”, - დასძენს გამოცემა.

“ესაა უწინარესად სახელმწიფო ინსტიტუტების, პროკურატურის გამოწვევა და პროვოცირება. სარგებლობს რა, რომ ის ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, ფიქრობს, რომ ინდულგენცია ეკუთვნის და მის მიმართ სამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს, ეს კატეგორიულად მიუღებელია. პოლიტიკაში ასეთი რამ არსებობს, თუ პოლიტიკოსი დანაშაულს ჩაიდენს, ის პოლიტპატიმარი არაა, მაგრამ თუ ის მისი აზრების გამოხატვის და მსოფლმხედველობის გამო დაიჭირეს, მაშინაა პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ის, რომ პარლამენტზე შტურმი მიიტანო და იქ მოუწოდო ხალხს, რომ შევარდნენ და პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს პოლიტპატიმრობა კი არა წმინდა წყლის მძიმე დანაშაულია, ამისთვის მან სხვებთან ერთად პასუხი უნდა აგოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“არაა გამორიცხული, რომ მელიას დაჭერა “ნაციონალურ მოძრაობამ”კარგ საბაბად გამოიყენოს, რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატაროს, შეიძლება მთელი საქართველოს მობილიზებით ერთი-ორი რამდენიმე ათასიანიც იყოს, ისინი ტელეეთერებში და საელჩოებში სირბილს დაიწყებენ და ეცდებიან, რომ ის პოლიტპატიმრად გამოაცხადონ, მაგრამ ვერ გამოცხადდება, რადგან მის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულებაა, რომ ის პარლამენტზე თავდასხმას აპირებდა”, - თვლის აბაშიძე. შეგახსენებთ, რომ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა. ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს”, - წერს სტატიის ავტორი.

იგორ კვესელავა - “ამ ოპოზიციის დრო აღარ არის ქართულ პოლიტიკაში”

“ადრეც ვამბობდი, რომ ოპოზიცია დაიშლებოდა, რადგან ეს იყო ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ძალა. ეს არ იყო ერთობა, ეს იყო დროებითი ურთიერთობა. ახლა ოპოზიცია მარტივ მამრავლებად იშლება. ჰქონდათ განცდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებდნენ, მაგრამ დამარცხდნენ. დაშლას წინ უძღოდა გახლეჩვა, რომელიც მოხდა მიშას დამარცხების შემდეგ. პირველები ვინც “ნაცმოძრაობას” გამოეყვნენ, იყო ბოკერია და მის გუნდი. ტროცკი, კამენევი და ზინოვიევიც ერთად იყვნენ, ისინი ძლიერი თეორეტიკოსები მაინც იყვნენ, მაგრამ როგორ დამთავრდა მათი ერთობა, ისტორიიდან კარგად ვიცით”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ამ ოპოზიციის დრო აღარ არის ქართულ პოლიტიკაში” - იგორ კვესელავა.

“რა განახლებაზეა ლაპარაკი, განახლება მაშინ იწყება, როცა გაქვს იდეოლოგია. ჩემთვის გაურკვეველია რა იდეოლოგია აქვს ოპოზიციას. მათ აქვთ ისეთი წარსული, რომელსაც საზოგადოება ვერ ივიწყებს, აწმყოშიც ვერაფერს აკეთებენ. რამდენი თვეა ბოიკოტის რეჟიმში არიან, ეს საქმე კი უპერსპექტივოა. ახლა არიან დილემის წინაშე, შევიდნენ თუ არ პარლამენტში, რომელიც მათთვის მხოლოდ პრივილეგიებია. რატომ არავინ არ სვამს ამ კითხვას? მართლაც რომ ჩატარდეს წელს ვადამდელი არჩევნები, რა გარანტია აქვთ, რომ მოიგებენ? ოპოზიციის ამომრჩეველმა უკვე დაინახა, რომ მათი “რჩეულების” გზა უპერსპექტივოა. იმის მაგივრად, რომ პარლამენტში საკითხების გროვა დააყენონ და ამომრჩევლის ინტერესები დაიცვან, არ შედიან, ჩხუბობენ და ერთმანეთს უპირისპირდებიან. მიხვდნენ რომ უღალატეს და მომავალ არჩევნებში ხმას აღარ მისცემენ. ეს ოპოზიციამაც კარგად იცის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.

“რესპუბლიკელები” რომ ამბობენ, პარლამენტში ერთხელ შევალთ - “ოცნება” საარჩევნო ბარიერს თუ დაწევს კენჭს ვუყრითო, ეს არის პოლიტიკური ფანცქვალობა. რას წარმოადგენენ “რესპულიკელები”, კუმ ფეხი გამოყოო. ფეხის გამოყოფა იციან მაშინ, როცა სარგებელს ელიან, ასე იყო გამსახურდიას დროს, ასე იყო შევარდნაძის და ბიძინას დროსაც. რაც შეეხება პერსპექტივას, ეჭვი არ მეპარება, რომ სხვა ოპოზიციურ ძალებშიც დაიწყება იგივე პროცესები, ზოგიერთი საერთოდ ჩამოშორდება პოლიტიკურ მოძრაობას. ვინც დარჩებიან, ლიდერები ალბათ შეიკრიბებიან, ყველანი ერთად მოიყრიან თავს და გაერთიანდებიან. ვის გარშემო, არ ვიცი, მიშას გამარჯვება რომ არ უნდათ, ეს ფაქტია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არავის უნდა მიშას პოლიტიკურ მარწუხებში დაბრუნება, რომელიც არ ჩამოშორდა პოლიტიკას და დარჩა “ნაცმოძარობის” “კუხნაში”. ძალაუფლების მოპოვების სურვილით არის შეპყრობილი და თანაც უკრანაშიც შეერყა პოზიციები. ოპოზიცია დღეს არის მოლოდინის რეჟიმში და დაცდას ამჯობინებს, მაგრამ მათი დრო აღარ არის ქართულ პოლიტიკაში. წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელვანია ვიდრე საპარლამენტო არჩევნები. ამ არჩევნების დროს გამოიკვეთება პოლიტიკური სპექტრის პოზიციები; არ გამოვრიცხავ, რომ გადაჯგუფებები თავად “ქართულ ოცნებაში” მოხდეს", - დასძენს კვესელავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა