წმინდა სინოდი - „ბიბლიური თავისუფლების“ „ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით“ „დადგენილ“ „სასულიერო პირებს“, მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს თვითმარქვიად, მათ ქმედებას- საეკლესიო სწავლებისა და მსახურების შეურაცხყოფად

წმინდა სინოდმა მოისმინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) მოხსენება პოლიტიკურ ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილ „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია- ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობის შესახებ, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული სახელმწიფოს მიერ. ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში.

“ცნობილია, რომ აღნიშნულ რელიგიურ ორგანიზაციაში მიღებულ პირებს (განურჩევლად სქესისა) მათი „ეპისკოპოსთა კრება“ ანიჭებს „სასულიერო პირის“ წოდებას და აძლევს დამადასტურებელ მოწმობას. ამ მოწმობას ითვალისწინებს სახელმწიფო და მის საფუძველზე წვევამდელებს ათავისუფლებს ჯარიდან.

ახალგაზრდების დიდი ნაწილი, სწორედ აღნიშნული მოტივის გამო გახდა „ბიბლიური თავისუფლების“ წევრი; სინამდვილეში მათი უმრავლესობა თავს კვლავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად მიიჩნევს და ვერ აცნობიერებს, თუ რა დიდი შეცდომა აქვს დაშვებული.

ამიტომაც განვმარტავთ: საეკლესიო სწავლებით მღვდლობა წარმოადგენს ერთ-ერთ საიდუმლოთაგანს. სასულიერო პირად ხელთდასხმის საიდუმლო სრულდება საღმრთო ლიტურგიის დროს შესაბამისი ასაკის, სქესისა და მომზადების მქონე პირზე ეკლესიაში კანონიერად დადგენილი ეპისკოპოსის მიერ. სხვა სახით სამღვდელო პატივის მინიჭების ლეგიტიმურობას კი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს;

ასეთ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება და „სასულიერო პირად“ გახდომა არის ნებაყოფლობითი დატოვება მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღისა, თუნდაც, რომ ეს მათ მიერ მიჩნეულ იქნეს ფორმალურ ქმედებად.

სპეკულაციები, რელიგიური დიდი დატვირთვის მქონე ცნებებით, არის მკრეხელობა და „ბიბლიური თავისუფლების“ „ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით“ „დადგენილ“ „სასულიერო პირებს“, მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს თვითმარქვიად, ხოლო მათ ქმედებას,- საეკლესიო სწავლებისა და მსახურების შეურაცხყოფად.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ეკრძალებათ როგორც წმინდა ზიარება, ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოებებსა თუ მსახურებაში (ნათლობა, ჯვრისწერა, შვიდგზის ზეთიცხება...) მონაწილეობის მიღება, ვიდრე არ შეინანებენ აღნიშნულ ცოდვას, არ გაივლიან შესაბამისი ეპიტიმიის პერიოდს და მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნების პროცედურას.

შევნიშნავთ, რომ მონანიების გარეშე, გარდაცვალების შემთხვევაში, მათზე ვერც წესის აგება შესრულდება და მათ სახელებს ღვთისმსახურებისას ეკლესია ვერ მოიხსენიებს, რადგან, ნებსით თუ უნებლიედ, თვითონ განუდგნენ მას”, - ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს