ქართული პრესის მიმოხილვა 15.02.2021

მამუკა არეშიძე - სათაურით “ქართულ ოცნებაში“ ნამდვილად არის დაჯგუფებები, თუმცა...”

მწვავე კრიზისი და დიდი ცვლილებების მოლოდინი ოპოზიციაში - რატომ იშლება პარტიები და იცვლებიან ლიდერები

მეუფე საბა - “ასეთი ფორმით დაპირისპირება, ეპისკოპოსების სატელევიზიო დებატები საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკლესიას”

ტრამპის იმპიჩმენტი ჩავარდა - სენატორებს 10 ხმა დააკლდათ

ბიძინა კულუმბეგოვი - “უნდა გვესმოდეს, რისკისა და სარგებლის ფარდობითობა, ამ ვაქცინას სარგებელი განუზომლად მეტი მოაქვს, ვიდრე შესაძლო ზიანი”

* * *

მამუკა არეშიძე - სათაურით “ქართულ ოცნებაში“ ნამდვილად არის დაჯგუფებები, თუმცა...”

“ქართულ ოცნებაში” ნამდვილად არის დაჯგუფებები, თუმცა ჯერჯერობით მათ შორის მშვიდობაა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი გახარიას გადაყენების თაობაზე, მე ვერ ვხედავ “ქართულ ოცნებაში” ადამიანს, რომელსაც სულით და გულით უნდა პრემიერის სავარძელი, ისეთ რთულ ვითარებაშია ახლა ქვეყანაც და პრემიერი გახარიაც - ვგულისხმობ პანდემიას, მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ფსიქოლოგიური ფონს. ამასთანავე, ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევის წინაშე, რასაც ჰქვია საგარეო ვალების მომსახურება. გარდა ამის, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც აბსოლუტურად შეცვლილია. რეგიონში ბოლო ხანს განვითარებული პროცესების შედეგად გაჩნდა ახალი საფრთხეები. ამ ყველაფერს ფეხი უნდა ავუწყოთ და ამ ვითარებაში, არა მგონია, ვინმეს განსაკუთრებით ხიბლავდეს პრემიერობის პერსპექტივა”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართულ ოცნებაში“ ნამდვილად არის დაჯგუფებები, თუმცა...” / “ამ ქვეყანას, რომელსაც აქვს მყიფე სახელმწიფოებრივი სტრუქტურა და დაბალი პოლიტიკური კულტურა, რევოლუციის უფლება არა აქვს. მას გადასარჩენად ევოლუციური განვითარება სჭირდება”.

“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მართალია, ის ღიად არც შიდა და არც გარე პოლიტიკაში აღარ ერევა, მაგრამ ის, როგორც ფიგურა და ფაქტორი, ისევ აქტუალურია - ბოლოს და ბოლოს, ეს პარტია ბიძინა ივანიშვილის შექმნილია. თავის შერჩეულ-დატოვებულ ხალხს ივანიშვილი აუცილებლად გაუწევს წინააღმდეგობას, თუ მათ პარტიის შიგნიდან აფეთქება მოინდომეს - ამაში დარწმუნებული ვარ. თუ საჭირო გახდა, ის ჩაერევა არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც პარტიის სათავეებთან იდგა. მას იმდენი ავტორიტეტი და წონა ჯერ კიდევ აქვს, რომ შეუძლია ადვილად მოახერხოს ნებისმიერი კონფლიქტის ჩახშობა. თუ საჭირო გახდა, ჩემი აზრით, ის არ დაუშვებს, რომ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებთან ბრძოლის ნაცვლად პარტიის დღევანდელმა ლიდერებმა ერთმანეთთან ხმალამოღებული ბრძოლა დაიწყონ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“მინდა ვთქვა, რომ ერთი შეხედვით მიხეილ სააკაშვილი არ არის ქართულ პოლიტიკაში, ის უკრაინის მოქალაქეა და სწორედ ამ ქვეყანაშია დასაქმებული, მაგრამ სინამდვილეში ის არსად წასულა და ყოველდღიურად ერევა აქაურ პროცესებში. სწორედ მისმა პოზიციამ განაპირობა “ნაციონალური მოძრაობის” აქამდე მოსვლა და მისთვის გარკვეული რაოდენობის ამომრჩევლის შენარჩუნებაც. მან კულუარულად გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია პარტიის დაშლას და შეინარჩუნა პარტიის ხერხემალი. ამით იმის თქმა მინდა, რომ დისტანცირებულმა ლიდერმაც კი შეიძლება შეინარჩუნოს თავისი შექმნილი პარტია. რაც შეეხება მუდმივად რევოლუციური მუხტის შექმნას, “ნაციონალური მოძრაობა” ჭკუას ვერასდროს ისწავლის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დრომ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ მისთვის უცვლელი დარჩა ძველი ტექნოლოგიები, რომელთა არსიც არის: ჯერ ე.წ. იდეოლოგიური სკოლების გახსნა, სადაც წვრთნას გადიან მათი პოლიტიკური ორიენტაციის ახალგაზრდები და ამისთვის დღესაც ძალიან აქტიურად მუშაობს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი; ამის შემდეგ იქმნება მხარდამჭერთა ფენა, რომლისგანაც აყალიბებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ ყურადღების მისაქცევ სახელებს არქმევენ. ეს ორგანიზაციები გამორჩევიან რადიკალიზმით; შემდეგ კი უკვე იწყება სახელმწიფო სტრუქტურებზე შეტევა, რათა მათი დასუსტება მოახერხონ. ამ პროცესში არიან ახლაც. ზოგჯერ გამოსდით და აღწევენ მიზანს, ზოგჯერ - ვერა. საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებას სისუსტედ უთვლის იმას, რომ პოლიცია და სამართალდამცავი ორგანიზაციები თავშეკავებულნი არიან, მაგრამ მე ვიფიქრობ, ეს არის ხელისუფლების ტაქტიკა, რომ ზედმეტი სალაპარაკო არ მისცეს ამ რადიკალური ჯგუფების უკან მდგარ გავლენიან უცხოურ პოლიტიკურ ლობს. თუმცა უნდა ითქვას ერთი რამ - “ნაციონალური მოძრაობა” არ ითვალისწინებს იმ გაკვეთილს, რაც დასავლეთმა კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ მიიღო. ამ გაკვეთილის შედეგია ის, რომ, ვფიქრობ, დღეს ჩვენს ხელისუფლებას ხელები აქვს გახსნილი ამ პროცესების აღსაკვეთად. შესაბამისად, თუ ამ პატარ-პატარა ჯგუფებმა კვლავ სცადეს ადმინისტრაციულ შენობებში შეღწევა, სახელმწიფო გაცილებით უფრო ძალისმიერი მეთოდებით იმოქმედებს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ამ ქვეყანას, რომელსაც აქვს მყიფე სახელმწიფოებრივი სტრუქტურა და დაბალი პოლიტიკური კულტურა, რევოლუციის უფლება არა აქვს. მას გადასარჩენად ევოლუციური განვითარება სჭირდება. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი მედია, განსაკუთრებით - ტელევიზიები, ინტერესდებიან ერთი საკითხით - შევლენ თუ არ შევლენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში, არადა, ხალხს საერთოდ აღარ აინტერესებს, ვინ შედის და ვინ გამოდის. ხალხისთვის მთავარია შედეგი. საზოგადოება ვერ ხედავს, რომ ის ძალები, ვინც ახლა ქუჩაში დგანან, რამეს არსებითად შეცვლიან, ამიტომაც ადმინისტრაციულ ორგანოებს დღეს მხოლოდ 20-30 კაცი უტევს... რაც შეება ნიკა მელიას, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მელიას არ უნდა შერჩეს ამ კანონის დარღვევა, მით უფრო, მის მოქმედებას აშკარად წამახალისებელი და პროვოკაციული ელფერი აქვს, თუმცა მე მისი დაკავების წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ, უნდა მოიძებნოს სხვა გზა, რომლითაც ის დაისჯება, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები... თუ დააკავეს, ალბათ პოლიტიკური ხმაური და დაძაბულობა დაიწყება, მაგრამ მეეჭვება, ამას მასშტაბური ექსცესები მოჰყვეს”, - ამბობს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “თითქმის ერთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ ენგურს ხიდი გაიხსნა...” - პასუხობს:

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით გალელებისთვის, მაგრამ აფხაზეთთან დაკავშირებით წამოიწია რამდენიმე საკითხმა, რომლებიც ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მოგეხსენებათ, როგორც იქნა, დაიწყო ენგურჰესის რემონტი. აღსანიშნავია, რომ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც მართლაც საქმეს აკეთებენ, აფხაზ კოლეგებთან ერთად დიდი სამუშაო გასწიეს. აფხაზურ საზოგადოებაში სწორედ მათი ძალისხმევით შეიცვალა ნელ-ნელა მიდგომები ელექტროენერგიის ხარჯვასთან დაკავშირებით. სამი წელი ამაზე კულუარულად მუშაობდნენ. მართალია, კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ ეს ენერგეტიკული თემა უმნიშვნელოვანესია, რომლის გარშემოც მუშაობა უნდა გაგრძელდეს”.

“მეორე საკითხია ის, რომ ბოლოს და ბოლოს, რაღაც პასუხი უნდა გაეცეს აფხაზური მხარის ლიდერების - შამბასა და ბჟანიას განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ქართულ მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობების რაღაც ფორმატი უნდა შეიქმნას. ვფიქრობ, ეს შანსი გამოსაყენებელია. მესმის, რომ ამის უკან რუსები დგანან, მაგრამ ჩვენი მხრიდან პასუხის გაუცემლობა სწორი არ იქნება. გარდა ამისა, ახლახან აფხაზებმა რუსეთის სათათბიროში შეიტანეს მოთხოვნა აფხაზეთისთვის რკინიგზის გახსნის თაობაზე. ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ დისკუსია თემაზე, რას მოგვცემს ამ რკინიგზის გახსნა ან არგახსნა. რატომ ვამბობ ახლა ამას - მოგეხსენებათ, ყარაბაღის პროცესების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა ახალი სატრანზიტო მარშრუტების შექმნას, ჩვენს მეზობლებს სხვა გეოპოლიტიკური სურვილები გაუჩნდათ, შესაბამისად, მიდგომები ჩვენც უნდა შევცვალოთ. გვჭირდება თუ არა ეს რკინიგზა? იქნებ არც გვჭირდება, მაგრამ ამ თემის ირგვლივ გაუთავებელი მოლაპარაკებები შეიძლება სხვა საკითხების მოსაგვარებლად გამოვიყენოთ; ან იქნებ ეს საკითხი ჩვენთვის სასარგებლო სპეკულაციებისთვის დაგვჭირდეს... ეს ყველაფერი გასაანალიზებელია”, - დაასკვნის ექსპერტი.

“ისეთი მნიშვნელოვანი თემებია გააქტიურებული ჩვენ გარშემო, რომ სრულიად უმნიშვნელო მგონია, რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფი პარლამენტში იქნება თუ არა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თურქეთი დაბრუნდა სამხრეთ კავკასიაში. მიუხედავად ამის, რომ ის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა, მას აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები. რუსეთსა და თურქეთს შორის კავკასიისთვის საუკუნოვანი ბრძოლის განახლების მომსწრენი ვართ. დღეს რეგიონში თავისი ინტერესები აქვთ დასავლეთს, ჩინეთს და ზოგიერთ აღმოსავლურ ქვეყანასაც. ასევე მწვავედ დგება საქართველოში პოლიტიკური ისლამის გააქტიურების თემა, რომელიც იდეოლოგიურ ტერორიზმზეა გადასული და თუ ჩვენ ბარიერებს არ დავაწესებთ, მძიმე შედეგებს მივიღებთ. დღეს ეს საკითხებია უმნიშვნელოვანესი, რაც შესვლა-არშესვლის თემით გატაცებულ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს გვერდზე რჩება”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

მწვავე კრიზისი და დიდი ცვლილებების მოლოდინი ოპოზიციაში - რატომ იშლება პარტიები და იცვლებიან ლიდერები

“ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები ორშაბათს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან საერთო სტრატეგიის შესათანხმებლად. ეს შეკრება ოპოზიციაში მიმდინარე მწვავე კრიზისის ფონზე ტარდება, რომლის ბოლო გამოვლენაც “ევროპულ საქართველოში” მომხდარი ცვლილებები იყო. ანალიტიკოსთა შეფასებით, ოპოზიცია მის მიერვე დაშვებული შეცდომების შედეგს იმკის. მთავარ შეცდომად ანალიტიკოსები პარლამენტის ბოიკოტირებას მიიჩნევენ, რამაც, როგორც სხვადასხვა პარტიას შორის, ასევე ცალკეული პარტიების შიგნით, შიდა დაპირისპირება და პოლიტიკური ლიდერების პარტიებიდან წასვლა ან პარტიული ცხოვრებიდან დისტანცირება გამოიწვია. ასე მოხდა “ნაციონალურ მოძრაობაში”, “გირჩში”, “ლელოში” და უკვე “ევროპულ საქართველოში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მწვავე კრიზისი და დიდი ცვლილებების მოლოდინი ოპოზიციაში - რატომ იშლება პარტიები და იცვლებიან ლიდერები.

“ევროპულ საქართველოში” ბაქრაძე-უგულავა-ბოკერიას ტრიუმვირატი პარასკევს დაიშალა, თუმცა პარტიაში ამას როტაციად აფასებენ. დაპირისპირება, რომლის შესახებაც მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში ჟონავდა, პარტიაში პირველად არჩეევნების შედეგების გამო დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ “ევროპული საქართველო” არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, მაინც მიაჩნიათ, რომ პარტიამ სათანადო შედეგი ვერ დადო. პარტიის ხელმძღვანელობაში ცვლილებების შესახებ განცხადებები 12 თებერვალს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სამივე ლიდერმა გააკეთა, თუმცა ამას წინ უძღოდა კიდევ ერთი აქტიური ფიგურის - ზურაბ ჭიაბერაშვილის წასვლა პარტიიდან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიას ლევან თარხნიშვილი და ოთარ კახიძეც დატოვებენ. როგორც გიგა ბოკერია ამბობს, თანაგუნდელების გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა არ იზიარებს. ის აღნიშნავს, რომ ახლა არ არის დრო, ლიდერები ხელმძღვანელი პოზიციებიდან გვერდზე გაიწიონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ძალიან დიდ პატივს ვცემ გიგის გადაწყვეტილებას, მე ასეთი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ჩვენ ამ თვეების განმავლობაში გავაგრძელებთ მუშაობას პარტიის შიგნით სტრატეგიაზე, მათ შორის - განახლების საკითხზე, პერსონალურ საკითხზე და უკვე შემდეგ ყრილობაზე, აპრილში ჩვენ მივიღებთ ამ საბოლოო გადაწყვეტილებას. არ ვიზიარებ იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს არის სწორი მომენტი იმისთვის, რომ ლიდერები გაიწიონ ხელმძღვანელი პოზიციებიდან”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. დავით ბაქრაძე “ევროპულ საქართველოს” მაისიდან ტოვებს, თუმცა პოლიტიკიდან არ მიდის. კითხვამ, ხომ არ უკავშირდება პარტიაში ცვლილებები მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავას შორის შემდგარ შეხვედრას კიევში, დავით ბაქრაძეს ღიმილი მოჰგვარა. “ზოგადად არ ვარ “ფეისბუკში” ძლიერი, მაგრამ ასეთი ტერმინია - “დაჰაჰავება”, რომელსაც ამ წუთში ვერ გავაკეთებ სამწუხაროდ, თუმცა ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი უბრალოდ “დაჰაჰავება” იქნებოდა ჩემგან” - განაცხადა დავით ბაქრაძემ. გიგი უგულავა კი “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს. როგორც უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის მომავალ ყრილობაზე ის აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აღარ აპირებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამასთან, უგულავამ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ევროპული საქართველოს” შედეგი იყო ძალიან ცუდი და ამაზე პასუხისმგებლობას იღებს. “დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ, მომავალ ყრილობაზე ვიყარო კენჭი გენერალურ მდივნად. აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგული ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და გზას ვუთმობ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას გააკეთებდნენ უკეთესად”, - განაცხადა უგულავამ. იგი კიევში ვიზიტის მიზეზებზეც საუბრობს. ამბობს, რომ ის შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, თუმცა მასთან საქართველოს თაობაზე საუბარი არ ჰქონია, მით უმეტეს, პარტიულ საკითხებზე. “დიდი საუბარი მასთან არ მქონია, გადავიკვეთეთ უბრალოდ. ძირითადად ვისაუბრეთ უკრაინაზე. საქართველოს საკითხებზე მასთან არ მილაპარაკია, მით უმეტეს - პარტიულ საკითხებზე”, - განაცხადა გიგი უგულავამ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ “ევროპული საქართველოს” მსგავსი პროცესები შესაძლოა, “ლელოსა” და “სტრატეგია აღმაშენებელში” ღიად დაიწყოს”, - დასძენს გამოცემა.

“მათივე აზრით, მიხეილ სააკაშვილის მიზანია, ყველა ოპოზიციური ძალა ქუჩაში დარჩეს და ვინც ძლიერია, მხოლოდ ის გადარჩეს. ამ შემთხვვევაში გადარჩენის შანსი მხოლოდ ენმ-ს აქვს და ეს პარტიების შიგნით დაპირისპირებებს ქმნის, რაც “ლელოს” შემთხვევაში დავით უსუფაშვილის პროცესებიდან დისტანცირებისას და ლევან კობერიძის მიერ პარტიის დატოვებისას გამოჩნდა. რაც შეეხება “ევროპელებს”, აქ, როგორც ჩანს, დამფინანსებელს პრობლემა მოცემულ შედეგთან ჰქონდა, რაც მის მიერ დახარჯულ თანხას არ შეესაბამებოდა. “სტრატეგია აღმაშენებელში” კი ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ გადალაგება გაზაფხულზე დაიწყება, რადგანაც პარლამენტში არშესვლა ყველაზე მეტად პატარა პარტიებს დააზიანებს. ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, “ევროპულმა საქართველომ” და “ლელომ” აჩვენეს, რომ საკმაოდ წარუმატებელი საარჩევნო კამპანია ჰქონდათ და ეს მათ შედეგებზეც აისახა. ამ ორმა პარტიამ საარჩევნოდ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა, მაგრამ ამის შესაბამისი შედეგი ვერ ნახეს. ამისთვის მათ გადახალისება სჭირდებათ, განსაკუთრებით კი - “ევროპულ საქართველოს”, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პარტია დაიშლება - მისი წევრთა ნაწილი პოლიტიკიდან საერთოდ წავა, ნაწილი კი “ნაციონალებთან” დაბრუნდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, პარტიების შიგნით არჩევნების შემდეგ გადაადგილება ბუნებრივია, ამიტომაც “ევროპულმა საქართველომ” დაინახა, რომ არჩევნებში მიღების შედეგიდან გამომდინარე თავისი სიცოცხლისუნარიანობა უნდა დაამტკიცოს და გადახალისება დაიწყეს. თუმცა ამ პარტიას რა მომავალი აქვს, რთული სათქმელია, რადგან მათ ბევრი ისეთი შეცდომა დაუშვეს, რომ მათი ამომრჩეველი ან ისევ ენმ-სთან დაბრუნდა, ან სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდა. ძაბირაძე ამბობს, რომ ამ შედეგებზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც პარტიის სტრატეგიასა და ტაქტიკას განსაზღვრავდნენ. ამიტომ უგულავასა და ბაქრაძის გადადგომა გასაკვირი არ ყოფილა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“მგონია, რომ პარტიის გადახალისება სწორი მიმართულებაა, მაგრამ რას მიიღებენ ამით, ეს უკვე საეჭვოა. როგორც ჩანს, ბაქრაძემ და უგულავამ პარტია მთლად არ გაწირეს, რადგანაც მათ უცებ წასვლა კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომაც, დიდი ალბათობით, მათ მაისამდე დარჩენა სთხოვეს. ეს შეიძლება იყოს რბილი მანევრი და პარტიის გადარჩენის გამოსავალი. თუ ისინი პარტიიდან წავლენ, ეს იქნება დაშლა და არა _ გადახალისება. თავის დროზე, როდესაც „ევროპელები" „ნაციონალებს" გამოეყვნენ, მეც და ბევრსაც იმედი გაგვიჩნდა, რომ ეს მესამე ძალის ფორმირების პლატფორმა გახდებოდა. ორწლიანი განრიდების შემდეგ ისინი ამ დისტანციას ენმ-სთან კარგად ინარჩუნებდნენ, მაგრამ ყველაფერი წყალში მაშინ ჩაიყარა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირეს მხარი. ამან ის გააკეთა, რომ 2-წლიანი ნაშრომი წყალში ჩაყარა. მათ “ნაციონალურ მოძრაობას” ისევ უკან მიუყვანეს ის ამომრჩეველი, რომელიც წაართვეს. აი, ეს ტაქტიკური შეცდომებია, რომელთა გამოც საბოლოოდ მძიმე შედეგი მიიღეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მისივე თქმით, სხვა ოპოზიციურ პარტიებში მსგავსი დაპირისპირება გაზაფხულზე დაიწყება, რადგანაც ოპოზიციამ ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ახლა ოპოზიციას შანსი აქვს, რომ მეტ-ნაკლებად გადარჩეს, ამისთვის კი პატარა პარტიები სასწრაფოდ უნდა გაემიჯნონ ენმ-ს და რაღაცნაირად ბლოკებად გაერთიანდნენ, რათა ადგილობრივ არჩევნებში ჯამურად ის შედეგი მიიღონ, რაც საპარლამენტოზე ჰქონდათ. ძაბირაძის აზრით, ამის თეორიული შანსი არის, ხოლო ეს პრაქტიკულად განხორციელდება თუ არა, მათი გადასაწყვეტია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

მეუფე საბა - “ასეთი ფორმით დაპირისპირება, ეპისკოპოსების სატელევიზიო დებატები საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკლესიას”

“ვაქცინაციის შესახებ სასულიერო პირებისთვის დასმული კითხვები თან მესმის და თან არა. მესმის, იმიტომ, რომ ჩვენ მრევლი გვყავს, რომელიც ჩვენს მოსაზრებას ითვალისწინებს, მაგრამ არის საკითხები, რაზეც ჩვენი აზრი მრევლსა და საზოგადოებას არ უნდა აინტერესებდეს. საბედნიეროდ, საქართველოსა და საზოგადოდ, მსოფლიოს უამრავი პროფესიონალი ექიმი ჰყავს, რომლებმაც ჩვენზე ბევრად უკეთ იციან, რა ჯობია ადამიანისთვის. ვფიქრობ, პირადად მე ეს საკითხი არ მესმის. ალბათ, ვინმე მკითხავს, ხომ უნდა დაინტერესდეთ, რას აპირებს თქვენი მრევლიო, მაგრამ როცა კაცობრიობას პანდემიის გამო საფრთხე ელოდება, სასულიერო პირები მხურვალედ ვლოცულობთ, მეცნიერებმა გამოიგონონ მედიკამენტი, ვაქცინა, რითაც ადამიანთა სიცოცხლეს გადაარჩენენ. მადლობა უფალს, ასე ხდებოდა აქამდე, ვიღებდით ამა თუ იმ მედიკამენტს, რითაც მილიონობით სიცოცხლე გადარჩა”, - აცხადებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე საბა (ინწკირველი) გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე უკვე რიგში ვარ და აუცილებლად ავიცრები”.

“სასულიერო პირებმა რომ დავიწყოთ იმის განსაზღვრა, ეს პრეპარატი უნდა მივიღოთ თუ არა, მაშინ ყველა მედიკამენტზე ასე მოვიქცეთ და წარმოგიდგენიათ, ეს რას გამოიწვევს? ნებისმიერ რამეზე რომ დარეკოს მრევლმა, შემიძლია ამის დალევა თუ არაო, მე პასუხი არა მაქვს, რადგან არა ვარ სპეციალისტი. ეს საკითხი პირად ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტოს. თავად ორი თვის წინ გადავიტანე “კოვიდ-19” და ჯერ არ მჭირდება ვაქცინაცია, თუმცა ჩემს პირად ექიმთან მქონდა კონსულტაცია. ამერიკაში ვაქცინაცია უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ვფიქრობ, ჩვენს მრევლს სიტყვა “ვაქცინაციაც” აშინებს. ამიტომ მირჩევნია აცრა გამოვიყენო. დარწმუნებული ვარ საქართველოში მოსახლეობის 90%-ს მაინც ამა თუ იმ დაავადების პრევენციისთვის აცრა გაკეთებული აქვს. ახლაც იგივე ხდება - “კოვიდის” საწინააღმდეგოა. მე უკვე რიგში ვარ და როცა მომიწევს, აუცილებლად ავიცრები. ჩვენს ეპარქიაში უკვე აიცრა რამდენიმე პირი. ნებისმიერი დაავადების დროს აცრა საუკეთესო საშუალებაა, მარტო საკუთარ თავს კი არა, სხვებსაც უნდა გავუფრთხილდეთ. მადლობა უფალს, იმ მეცნიერებსა და ექიმებს, რომ შეძლეს პრეპარატის გამოგონება. ეს ნამდვილი ღვთის წყალობაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მეუფე საბა.

“აქ ერთი სასულიერო პირი გვყავს, წარმოშობით გერმანელი მეცნიერი, რომელიც იმ ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში მუშაობს, სადაც კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატს ტესტავენ. თავიდან, როცა ვაქცინაზე დიდი აურზაური იყო, გავესაუბრე და მითხრა, რომ მის უკუჩვენებასა და სახიფათოობაზე საუბრები მითია. უკვე მილიონობით კაცია აცრილი და გარდაცვალების შემთხვევები ნულია. ახლა საუბარია იმ პატარა ქვეყნებზე, რომლებზეც დიდმა მოკავშირე ქვეყნებმა უნდა იზრუნონ, რათა დროულად აიცრას მოსახლეობის უმეტესობა, თორემ შესაძლოა ვირუსმა მუტაცია განიცადოს, ახალი გავრცელება დაიწყოს და ეს ვაქცინაც არაეფექტური აღმოჩნდესო. ვიცი, რომ ძალზე პოპულარულია იმაზე საუბარი, რომ კოვიდვაქცინას უკუჩვენება აქვს, მაგრამ თუ ასე შევაფასებთ, ნებისმიერ მედიკამენტს აქვს მცირედი მავნებლობა. მისი თქმით, უკუჩვენების შემთხვევაშიც აქვთ გეგმა შემუშავებული, თუ როგორ უნდა იმოქმედონ... ამერიკაში სამედიცინო დაწესებულებები ორგანიზებულად მუშაობენ, ფატალურმა შემთხვევებმა იკლო, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა ჯერ კიდევ დიდია. ამერიკის ჯანდაცვის სისტემას უკვე ისეთი გეზი აქვს აღებული, ვფიქრობ, ძალიან მალე ვითარება სტაბილური გახდება”, - განაგრძობს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი და შეკითხვაზე - “გასულ კვირას გამართულ სინოდის სხდომაზე დავითგარეჯის საკითხიც იყო დასმული. ახალი გარემოებები გამოიკვეთა?” - პასუხობს:

“სამწუხაროდ, საპატრიარქოში ზუმით ჩართვის პრაქტიკა არა გვაქვს, კოვიდპანდემიის გამო ფრენებიც შეზღუდულია, ამიტომ მე სხდომას ვერ დავესწარი, მაგრამ, ცხადია, ჩემი აზრი მაქვს - როცა კარტოგრაფები დააკავეს, ვთქვი, ეს არის საკითხი, რომელიც სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს, რადგან სასულიერო პირებს იმდენი ინფორმაცია არ გვქონდა, რამდენიც მათ, თუნდაც პროკურატურას რომ ექნებოდა. მაშინ ისიც ვთქვი, რომ ერის მოღალატეობის დაბრალების უფლება არა გვაქვს, სანამ ძიება არ დასრულებულა, მით უფრო, თუ ყველაფერს ქრისტიანულად შევხედავთ. დამნაშავეც რომ იყოს, ადამიანის დაკავება არ უნდა გვიხაროდეს. ასეთ სიტუაციებში სასულიერო პირების განცხადებები ძალზე მნიშვნელოვანია. როცა საქმის არსი ზუსტად არ ვიცით, შესაძლოა უდანაშაულო ადამიანებიც გახდნენ დევნისა და შევიწროების მსხვერპლი-მეთქი”.

“ტალახის სროლა ძალზე ადვილია, ამიტომ სასულიერო პირებმა უფრო რბილი, მოზომილი, პოზიცია უნდა დავიკავოთ. ჩვენ ადამიანები კი არ უნდა გავაღიზიანოთ, მშვიდობის სული უნდა მივიტანოთ საზოგადოებამდე. სასულიერო პირები ვერც დანაშაულისთვის ვაგებინებთ პასუხს, ამისთვის კანონმდებლობა არსებობს. ადამიანი, რომელიც აგრძელებს სიცოცხლეს, მას აქვს შესაძლებლობა თავისი საქციელი მოინანიოს. ამას როგორც სასულიერო პირი ისე ვამბობ, მაგრამ ერის ღალატს მაინც ვერავის ვაპატიებ... კარტოგრაფების გათავისუფლების შემდეგ ვერ გავიგე მელაშვილის საუბრის ოდნავ ცინიკური კილო, თუნდაც ბერების შესახებ, პოზიორობენო. რას ნიშნავს პოზიორობენ? ის ჩვენი მიწაა და ჩვენ ვლოცულობთ... შემდეგ დასძინა, ერთია, რა გვსურს ქართველებს, საქართველოს, რა არის ინტერესი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, მუშტი დაარტყას მაგიდაზე და ეს მინდაო, იძახოს, გაუაზრებელი პრეტენზია წაუყენოს მეორე მხარესო... როგორ შეიძლება ასეთი სიტყვები თქვას ადამიანმა? ეს ფრაზა ხომ შეიძლება სხვანაირად გამოიყენონ? ახლა კი, ამ სიტუაციაში, როგორ შეიძლება დავითგარეჯის ტერიტორიის ნაწილს დაკარგულს უწოდებდე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სახელმწიფოს წინ აქვს სამუშაო აზერბაიჯანულ მხარესთან, როცა ამ საკითხზე ცივილიზებული მოლაპარაკება შეიძლება...”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“როცა ადამიანი ამბობს, ის ტერიტორია არასდროს გვეკუთვნოდაო, ცხადია, ეჭვს იწვევს. ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს, თუნდაც იმიტომ, რომ სტრატეგიულ მეზობელთან ურთიერთობა არ გაგვიფუჭდეს. მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, რუსეთი შეეცდება ახალი პროვოკაციის მოწყობას, მაგრამ ჩვენ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ, ახლა დაუფიქრებელი განცხადებების დრო არ არის. შესაძლებელია ორივე ქვეყნის ინტერესი დაზიანდეს, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, მთავარია, აზერბაიჯანთან კარგად ვიყოთ და დავითგარეჯას დავთმობთო. დათმობილსა და ნაჩუქარს, ვეღარასდროს დავიბრუნებთ, წართმეულის დაბრუნების იმედი კი მშვიდობიანი, მეგობრული მოლაპარაკებით არსებობს. მე არავითარ შემთხვევაში არა ვარ სიტუაციის დაძაბვის მომხრე, მაგრამ ეს ქვეყანა მხოლოდ ჩვენი არ არის, მომავალი თაობისაც არის და რას ვეუბნებით მათ, ვერ მოვუარეთ და ვაჩუქეთო?..” - დაასკვნის მეუფე საბა.

“უკიდურესად შეძრწუნებული ვარ, რომ ისევ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის თემაზე მიწევს საუბარი. ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენია ეპისკოპოსების სატელევიზიო დებატები და კიდევ უარესი, “ბრალდებები”... პრობლემა თუ გვაქვს, ის შიგნით უნდა მოგვარდეს. რატომ უნდა ხდებოდეს ერთმანეთისა და მით უფრო, პატრიარქის მიმართ, რომელიც მუდმივად გაერთიანების, მოთმინების და მიტევების წყაროა ჩვენთვის, ასეთი საშინელი ბრალდებების ტირაჟირება, არ მესმის. რას ემსახურება ეს ყველაფერი, ამაზეც მიჭირს პასუხი. ხომ ცხადია, უამრავ ადამიანს ეკლესიაზე გული აუცრუვდა, გული ეტკინა. ჩვენ, სასულიერო პირები ხომ მეტ მოთმინებას და ამტანობას ვასწავლით სხვებს. სახარებაში გვიწერია, ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისთვისო, თუ ვინმე ნაწყენია რამეზე ან ვინმეზე, ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ, ამის დასამტკიცებლად ამ ტრიბუნის არჩევა და ამ ფორმით გაპროტესტება ნამდვილად არ არის სწორი. თუ მე მღვდელმთავრები ვერ მიგებენ, ამ გულისტკივილისთვის უფალი გვაძლევს ყველაზე მნიშვნელოვანს - ცათა სასუფეველს... აქ უკვე მხოლოდ ცალკეული მღვდელმთავრების გულისტკივილზე არ არის საუბარი, ასეთი ფორმით დაპირისპირება საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკლესიას, პატრიარქს, რომელიც ამ ქვეყნის უდიდესი იმედია. ეს აზიანებს მთლიანად სახელმწიფოს, რომლის სიმტკიცე ეკლესიაზე დგას. ასე რომ, თანამდევ პროცესებზეც უნდა დავფიქრდეთ. პრობლემები შეიძლება იყოს, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს და გულისტკივილი ასეთი უმძიმესი ფორმით არ უნდა გამოვხატოთ. მაშინ როგორღა ვასწავლით მრევლს მეტი მოთმინება გამოიჩინოს? ალბათ მომავალშიც გაგრძელდება წმინდა სინოდში მსჯელობა მეუფე პეტრეს საკითხზე, მისი ბედი ერთი ეპისკოპოსის გადასაწყვეტი არ არის”, - დასძენს მეუფე საბა.

ტრამპის იმპიჩმენტი ჩავარდა - სენატორებს 10 ხმა დააკლდათ

“აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 6 იანვარს ამბოხის წახალისებაში უდანაშაულოდ სცნეს და მისი იმპიჩმენტი არ შედგა. აშშ-ის ისტორიაში ტრამპი ერთადერთი პრეზიდეტნტია, რომელსაც ერთი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს, მაგრამ ორივეჯერ გაამართლეს. სენატორების გამამართლებელი ვერდიქტისა და არშემდგარი იმპიჩმენტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც განსახილველად გამოტანილმა საკითხმა ხმათა უმრავლესობა ვერ მიიღო. 6 იანვარს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერთა მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისას დონალდ ტრამპი დაადანაშაულეს ამბოხის წახალისებასა და მის კონტროლში, თუმცა სენატზე ხმათა ორი მესამედის მიუღწევლობის შემდეგ საიმპიჩმენტო პროცესი დასრულდა. ტრამპის წინააღმდეგ შაბათს 57 სენატორმა მისცა ხმა, იმპიჩმენტისთვის კი საჭირო იყო 67-ის მხარდაჭერა. “რესპუბლიკელების” მხრიდან 43-მა სენატორმა ტრამპი ამბოხის წახალისებაში უდანაშაულოდ ცნო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტრამპის იმპიჩმენტი ჩავარდა - სენატორებს 10 ხმა დააკლდათ.

“ხმის მიცემისა და საიმპიჩმენტო პროცესის დასრულების შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მიხედავად დამდგარი შედეგისა და ტრაპის გამართლებისა, “ბრალდების არსი ეჭვგარეშეა”. თავად ტრამპის ადმინისტრაციამ იმპიჩმენტის დასრულების პროცესი “ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კუდიანებზე ნადირობის ერთ-ერთ ფაზად”შეაფასა. ტრამპის ოფისის განცხადებაში წერია, რომ იგი დანებებას არ აპირებენ და უახლოეს მომავალში სიახლეებს დააანონსებენ, რომელთა მეშვეობითაც გაგრძელდება “წარმოუდგენელი მოგზაურობა ამერიკული სიდიადისკენ”. დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა, ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ “6 იანვარი აშშ-ის ისტორიაში სირცხვილის დღედ დარჩება. ხოლო ტრამპისთვის ბრალის წაყენებზე უარის თქმა კი აშშ-ის სენატის ისტორიაში კენჭისყრის ყველაზე სამარცხვინო პრეცედენტი იქნება”. სენატის გადაწყვეტილებისა და საიმპიჩმენტო პროცესის დასრულების შედეგების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 2024 წელსაა ჩანიშნული, დონალდ ტრამპს სრული უფლება ექნება, რომ ისევ იყაროს კენჭი და პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში ჩაებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დონალდ ტრამპის დაცვის მხარემ იმპიჩმენტის შესახებ ხმის მიცემის პროცესამდე ერთი დღით ადრე, პარასკევს წარადგინა ყველა თავისი არგუმენტი მისი პოზიციების დასაცავად. როგორც “ბი-ბი-სი” წერს, არც დემოკრატებსა და არც რესპუბლიკელებს არ სურდათ პროცესის გაწელვა და ვერდიქტის გამოტანა იმდენად დააჩქარეს, რომ მოწმეთა გამოძახებაზეც კი არ დაკარგეს დროს. ტრამპის თანაპარტიელმა, “რესპუბლიკელმა” ჯეიმი ერერა ბიუტლერმა, რომელიც იმ 10 რესპუბლიკელიდან ერთ-ერთი იყო, ვინც ტრამპის წინააღმდეგ წავიდა, განაცხადა, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმში ხალხს შეჭრისას ტრამპს დაძაბული სატელეფონო საუბარი ჰქონდა წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერ კევინ მაკარტისთან, რომელმაც სიტუაციის მოგვარება სთხოვა ტრამპს. ბიუტლერის თქმით, თავიდან ტრამპმა განაცხადა, რომ კაპიტოლიუმში არა მისი მხარდამჭერები, არამედ მემარცხენე ანარქისტები შეიჭრნენ, თუმცა მაკარტის შენიშვნაზე, რომ ტრამპის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება, ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა: “მაშინ გამოდის, რომ ეს ადამიანები უფრო მეტად დარდობენ და მეტად არიან არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოები, ვიდრე შენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ბი-ბი-სის” თანახმად, დემოკრატები საიმპიჩმენტო პროცესის ჩავარდნის გარდაუვლობას მაშინ მიხვდნენ, როდესაც 17 რესპუბლიკელი ვერ გადმოიბირეს ტრამპის დასადანაშაულებლად, ხოლო სხვა მოწმეების გამოძახების შემთხვევაში პროცესი ძალიან დიდი ხნით გაიწელებოდა, რაც ახალი პრეზიდენტის მმართველობის დასაწყისში არაკომფორტული იქნებოდა. ცნობისთვის, პირველი იმპიჩმენტი დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტობის დროს, გასულ წელს გამოუცხადეს და ბრალად დასდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სასამართლო პროცესზე გავლენის მოხდენის მიზნით. თუმცა, იმპიჩმენტის გამოცხადება მაშინაც ვერ მოხერხდა”, - დასძენს გამოცემა.

ბიძინა კულუმბეგოვი - “უნდა გვესმოდეს, რისკისა და სარგებლის ფარდობითობა, ამ ვაქცინას სარგებელი განუზომლად მეტი მოაქვს, ვიდრე შესაძლო ზიანი”

“ვაქცინაციას მედიცინაში დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს რომ კაცობრიობა დაახლოებით 7,8 მილიარდია, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჰიგიენას, სუფთა წყალსა და ვაქცინაციას. “ყვავილი” ერთადერთი დაავადებაა, რომელიც მთლიანად ამოიძირკვა 1978 წელს, ვაქცინაციის დახმარებით. ვაქცინაცია კეთდება დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, ცოფის და ა.შ. წინააღმდეგ. ყოველწლიური ვაქცინაციის გარეშე მარტო წითელათი და მასთან დაკავშირებული გართულებებით წელიწადში ორმილიონნახევარი ადამიანი გარდაიცვლებოდა. მართალია, წითელა ისევ ბობოქრობს, მაგრამ ამით წელიწადში 140 000 ადამიანი იღუპება და არა ორ მილიონზე მეტი. ცოფის ვაქცინა რომ არ არსებობდეს, ეს დაავადება 21-ე საუკუნეშიც კი 100%-ით სასიკვდილო იქნებოდა”, - აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “უნდა გვესმოდეს, რისკისა და სარგებლის ფარდობითობა, ამ ვაქცინას სარგებელი განუზომლად მეტი მოაქვს, ვიდრე შესაძლო ზიანი”.

“უნდა გვესმოდეს, რომ მედიცინაში არის პრინციპი - რისკისა და სარგებლის ფარდობითობა. მე პაციენტს ანტიალერგიულ წამალს გამოვუწერ თუ სიცხის დამწევს, ყოველთვის ვაფასებ, იმ მომენტში ამ წამალს უფრო მეტი სარგებელი ექნება თუ გვერდითი მოვლენა. არ არსებობს წამალი, გვერდითი ეფექტი რომ არ ჰქონდეს. ვაქცინაც ასეა. როგორც ექიმი და იმუნოლოგი, ვაცნობიერებ, რომ ვაქცინებსაც აქვს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ეს გვერდითი მოვლენები მილიონობით დოზის გაკეთების დროს არის, მაგალითად, ადგილობრივი ტკივილი, მსუბუქი ქავილი, სისუსტის შეგრძნება, დაბალი ტემპერატურა პირველი ორი დღე. სხვა ხანგრძლივი და ხშირი შედეგები თანამედროვე ვაქცინებს არ ახასიათებს. “ფაიზერის” მილიონი დოზის გაკეთების შემდეგ 5-6 ალერგიული შემთხვევა იყო, “მოდერნას” შემთხვევაში კი მილიონ დოზაზე _ 2-3. ამიტომ ექიმმა მაია გოთუამ და მე შევქმენით და დღე-დღეზე გამოქვეყნდება “კოვიდ-19”-ის შემდგომი ალერგიული რეაქციების მართვის პროტოკოლი, რომელშიც გაზიარებულია მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიძინა კულუმბეგოვი.

“ალერგიული ადამიანი 30 წუთი იქნება იქ, სადაც ვაქცინა გაიკეთა. ვინც ალერგიული აღმოჩნდება პირველი დოზის გაკეთებისას, მას მეორე დოზა აღარ გაუკეთდება. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ამ ვაქცინას მიღებული აქვს გადაუდებელი გამოყენების ნებართვა... კი ბატონო, არის კითხვები, მაგრამ ვიმეორებ - არსებობს რისკი და სარგებელი. დღეს, როცა შიშველი ხელებით, მედიკამენტების გარეშე ებრძვის მსოფლიო ამ დაავადებას, რომელმაც უკვე იმსხვერპლა ჩვენი 3000 მოქალაქე და მსოფლიოში 2 200 000 ადამიანი, მხოლოდ ვაქცინებით შეიძლება ჩვენი საყვარელი ბებია-ბაბუებისა და სხვა რისკ-ჯგუფების წევრთა სიცოცხლის გადარჩენა. ამ ვაქცინას სარგებელი განუზომლად მეტი მოაქვს, ვიდრე შესაძლო ზიანი. ამ ვაქცინებმა გაიარა კვლევების ყველა ფაზა და დღეს უკვე 153 მილიონი ადამიანია აცრილი. სანამ ჩვენამდე მოაღწევს, 200 მილიონ ადამიანს ექნება გაკეთებული. ებრაელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როგორი ჭკვიანები არიან - მათ პირველებმა გაიკეთეს ვაქცინა, ისრაელს მოსახლეობის 70% უკვე აცრილი ჰყავს. დღეს მსოფლიოში ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და თუ ჩვენ ეს დაავადება არ შევასუსტეთ მაინც, ცხოვრებას როგორ გავაგრძელებთ?” - განაგრძობს რესპონდენტი.

“არავითარი აივ-ინფექცია ამ აცრის შემდეგ არ ვლინდება! სინამდვილეში საქმე ეხებოდა ერთ-ერთ კანდიდატ ვაქცინას, რომელიც ავსტრალიის უნივერსიტეტში იყო შემუშავებული და კვლევის პირველივე ფაზაში იმის გამო შეჩერდა, რომ მათ, ვისაც ვაქცინა გაუკეთდათ, აივ-ინფექციაზე ტესტირების დროს ცრუ დადებითი პასუხი აღენიშნათ. საქმე ეხება არა აცრილთა აივ-ინფექციით დასნებოვნებას, როგორც სოციალურ მედიაში ითქვა, არამედ ტესტის ცრუ დადებით პასუხს, ვინაიდან ვაქცინის ერთ-ერთი ცილოვანი კომპონენტი ჰგავდა აივ-ვირუსის ერთ-ერთ პროტეინს, რომლის მიმართ აცრილებს ანტისხეულები გამოუმუშავდათ. ისმის კითხვა: რატომ ვენდობით დასავლურ ვაქცინებს? ამ ქვეყნებში კვლევები მიმდინარეობს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და ისინი ხალხს არ ატყუებენ. მაგალითად, ამერიკული კომპანია “მერკი” მსოფლიოში ვაქცინების გიგანტია, მაგრამ მათ ორი ვაქცინის კვლევა ჩაუვარდათ, რადგან აღმოაჩინეს, რომ პირველი და მეორე ვაქცინაციის დროს იმუნიტეტის ტიტრი არ განსხვავდებოდა - ორგანიზმში ანტისხეულები იმაზე მეტი არ იყო, ვიდრე ბუნებრივი ინფექციის შემთხვევაში იქნებოდა და კვლევა შეწყდა”, - ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი.

“ფაიზერსა” და “მოდერნას” შორის არავითარი სხვაობა არ არის. ორივე ნუკლეინის მჟავების შემცველი ვაქცინაა. ასეთი ვაქცინები შეიცავს გენეტიკურ მასალას, რომელშიც ვირუსის ანტიგენის (ვირუსის ცილოვანი ანუ პროტეინული კომპონენტის) შექმნის ინსტრუქციაა კოდირებული. კორონავირუსის შემთხვევაში ასეთი ანტიგენია ვირუსის სპაიკ-პროტეინი. ადამიანის უჯრედებში ამ გენეტიკური მასალის მოხვედრის შედეგად მასში კოდირებული ინფორმაცია მასპინძელი ორგანიზმის უჯრედების ცილის მასინთეზებელ აპარატს აიძულებს, კორონავირუსის ანტიგენი გამოიმუშაოს, რაც მასპინძელი ორგანიზმის იმუნურ პასუხს განაპირობებს. განსხვავებულია “ასტრაზენეკა”. მასში ადენოვირუსია შიგნით გადამტანი და ამაზეა მიწებებული კორონავირუსის ცილის სინთეზის გენეტიკური ინფორმაცია. “ასტრაზენეკაშიც” დევს კორონავირუსის გენეტიკური ინფორმაცია, ოღონდ ადამიანის უჯრედებამდე კოდირებული გენეტიკური ინფორმაციის მისატანად უპირატესად ადენოვირუსი - ჩვეულებრივი “გაცივების” გამომწვევი ვირუსი გამოიყენება. შედეგად, უჯრედები კორონავირუსის ანტიგენის გამომუშავებას იწყებს, რასაც ორგანიზმის იმუნური პასუხის განვითარება მოჰყვება”, - განმარტავს ბიძინა კულუმბეგოვი.

“ასტრაზენეკას” მიწოდებაზე მიმდინარეობს სერიოზული გეოპოლიტიკური ბრძოლა ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის. ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, გერმანიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა, ბელგიამ გამოაცხადეს, რომ რადგან “ასტრაზენეკას” კვლევები ტარდებოდა 65 წელზე უმცროს ადამიანებში, უსაფრთხოების მიზნით ჯობდა, გამოეყენებინათ “ფაიზერი” და არა “ასტრაზენეკა”. რაც შეეხება მთავარ განმკარგულებელს, რომელიც ამბობს, როდის უნდა გამოვიყენოთ ვაქცინები, წინასწარი ანალიზით ეს იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტ-მრჩეველთა საბჭო, რომელმაც ორი დღის წინ გამოაცხადა, ჩვენი ექსპერტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ ვაქცინა სრულად აკმაყოფილებს სტანდარტის ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უყენებს ვაქცინას, შესაბამისად, არავითარი პრობლემა 65 წლის ზემოთ მისი გამოყენების არ არსებობსო. მეორე მხრივ, ზოგიერთმა ქვეყანამ 2000 კაცზე ჩატარებული კვლევით თქვა, რომ ამ ვაქცინას ეფექტიანობის დაბალი მაჩვენებელი აქვს. შეიძლება არ არსებობს ასეთი კვლევების საბოლოო მონაცემები, მაგრამ ერთი რამ ვიცით - შეიძლება ამ ვაქცინამ სამხრეთ აფრიკაში ადამიანი მსუბუქი და საშუალო დაავადებისგან სრულად ვერ დაიცვას, რადგან იქ ვირუსმა მუტაცია განიცადა, მაგრამ სიკვდილისგან ნამდვილად იცავს. ამიტომ ჯანმო რეკომენდაციას უწევს სამხრეთ აფრიკას, გააგრძელოს “ასტრაზენეკათი” მოსახლეობის აცრა. ჯერჯერობით ამ საკითხზე რაიმე საგანგაშო ინფორმაცია არ არსებობს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ვაქცინები ორდოზიანია. პირველი დოზის გაკეთების შემდეგ იმუნიტეტის ტიტრის დაახლოებით 50-60%-ის დაცვა ხდება შესაძლებელი, მეორედ აცრის შემდეგ კი ერთ კვირაში ორგანიზმი სრულად არის დაცული. “ფაიზერით” აცრისას, პირველი დოზის მიღების შემდეგ იმუნიტეტის ტიტრის დაცვის მაჩვენებელი 95%-ია, “ასტრაზენეკას” შემთხვევაში - 89%. მეორე დოზიდან ერთ კვირაში “ასტრაზენეკაც” სრულად იცავს ორგანიზმს, ოღონდ მისი განმეორებითი გამოყენება შეიძლება 28 დღეში. პირველ ეტაპზე ვაქცინა ჩამოვა მცირე რაოდენობით, ამიტომ მედპერსონალს შორისაც ჯერ აიცრებიან “სასწრაფოს” ექიმები, ექთანები და ის თანამშრომლები, რომლებიც კოვიდკლინიკებში მუშაობენ. არ აიცრებიან 18 წლამდე ასაკის­ ბავშვები და ორსულები, ასევე ისინი, ვინც იკეთებენ ქიმიოთერაპიას, თუმცა ქიმიოთერაპიის დამთავრების შემდეგ მათაც შეეძლებათ აცრა. ბავშვების აცრისგან თავშეკავების მიზეზი ვაქცინის გამოუცდელობაა. დღეს მსოფლიოს მოსახლეობის 29,9%, ანუ ყოველი მესამე, 18 წლამდე ასაკისაა და თუ დაახლოებით ორ მილიარდ-ნახევარზე მეტ ადამიანს არ გაუკეთდა ეს ვაქცინა, შეუძლებელი იქნება ვაქცინაციის დახმარებით პანდემიის დამარცხება, ამიტომ დაწყებულია “მოდერნასა” და “ფაიზერის” კვლევები ბავშვთა პოპულაციაშიც. პირველი მონაცემებით, შეიძლება ამ წლის სექტემბერში უკვე გაიცეს რეკომენდაცია 12 წლის ასაკიდან ბავშვთა აცრის შესახებ”, - აღნიშნავს კულუმბეგოვი.

“თუ რამდენ ხანს დაგვიცავს ვაქცინა პასუხი არავინ იცის. ამის გარკვევას დრო სჭირდება. აცრილ ადამიანებს ორი წლის განმავლობაში სამ თვეში, ექვს თვეში ერთხელ აუღებენ ანტისხეულებზე ანალიზს, რომ გაირკვეს, ტიტრი შეუმცირდათ თუ მათ შორის ავადობამ მოიმატა... რაც შეეხება კოვიდგადატანილი პაციენტებს აცრას, ამ საკითხს ყველა ქვეყანა სხვადასხვაგვარად უყურებს. მაგალითად, ამერიკაში კოვიდგადატანილებსაც ცრიან. ჩვენს ქვეყანაში, რადგან ვაქცინის რაოდენობა მცირე იქნება, მნიშვნელოვანია პრიორიტეტული ჯგუფების გამოყოფა, ამიტომ ისინი რიგში, ალბათ, ცოტა უკან გადაინაცვლებენ... ვისურვებდი, სასულიერო პირებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ - უფრო სწორი და მეცნიერულად გამართული. მე რამდენიმე სასულიერო პირი დამიკავშირდა, ძალიან გონიერი, სწორად მოაზროვნე და მთხოვა მასალების გაგზავნა. მათ აინტერესებდათ ინფორმაცია ვაქცინის სახეობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე მათაც და სინოდსაც. თუ სასულიერო პირებს მკვეთრად განსხვავებული პოზიცია არ ექნებათ, ეს ნაკლებად დააბნევს მრევლს და უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის. მერწმუნეთ, რაც მეტი ვაქცინა გაკეთდება, მით უფრო სასიკეთო იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ანუ მოსახლეობას დაჩიპვის ნუ შეეშინდება და თამამად აიცრას?” - პასუხობს:

“ეს არაჯანსაღი აზრია და მე მგონი, ამაზე აღარავინ იდავებს...”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა