ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2021

მთავრობას “ერთი სული აქვს შეზღუდვები მოხსნას”, თუმცა სხვა რამ უფრო აშინებს

რა პროცესებს გამოიწვევს კარანტინის რეჟიმის კიდევ დიდი ხნით გახანგრძლივება მსოფლიოში

კოვიდ 19-ზე აცრა შესაძლოა ყოველწლიურად აუცილებელი გახდეს

* * *

მთავრობას “ერთი სული აქვს შეზღუდვები მოხსნას”, თუმცა სხვა რამ უფრო აშინებს

“საქართველოში არსებული ბიზნესის მდგომარეობა მძიმეა. ვითარება იმდენად დრამატულია, რომ კერძო სექტორი პრემირრ მინისტრისგან შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს, თუმცა რამდენად დაკმაყოფილდება მოთხოვნა, ეს გაურკვეველია. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობას “ერთი სული" აქვს შეზღუდვები მოხსნას, თუმცა „მესამე ტალღა აშინებს“. ქვეყანაში მოქმედი 10 ბიზნეს გაერთიანება პრემიერს 7 მოთხოვნით მიმართავს, რომელშიც არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არგუმენტირებულად გაწერილია შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მთავრობას “ერთი სული აქვს შეზღუდვები მოხსნას”, თუმცა სხვა რამ უფრო აშინებს / “რეზონანსმა” გაარკვია რისი დაკმაყოფილება შეიძლება ახლო მომავალში ბიზნეს ასოციაციების მოთხოვნებიდან.

“1. კომენდანტის საათის დაწყების ვადის გადაწევა 2 საათით; 2. შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვის მოხსნა იმ ბიზნეს სექტორებისთვის, რომელთა მუშაობაც ნებადართულია სამუშაო დღეებში; 3. კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტების დამუშავება დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით; 4. 22 თებერვლიდან სარესტორნო/კვების ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც, შესაბამისი მკაცრი რეგულაციის პირობებში; 5. მთის კურორტების გახსნა 22 თებერვლიდან, სრული კოლაფსის და გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით;. 6. საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენის არჩევა და დანიშვნა ბიზნეს სექტორთან პირდაპირი კონსულტაციით და უშუალო მონაწილეობით; 7. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვაცხადებთ მზაობას, ჩავერთოთ საქართველოში ვაქცინის შემოტანის და სწრაფი ვაქცინაციის პროცესში შესაბამისი ბიზნეს კონტაქტების და ფინანსური რესურსის მოძიება-გამოყენებით“, - ნათქვამია კერძო სეტორის მოთხოვნაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახლა გასარკვევია, რამდენად დაკმაყოფილდება მთავრობის მხრიდან ის შვიდი მოთხოვნა, რომელიც კერძო სექტორმა დღის წესრიგში დააყენა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის აზრით, მოთხოვნები ლეგიტიმურია და მთავრობამ ამ საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. “რა თქმა უნდა, ბიზნესის მოთხოვნები არის ლეგიტიმური, რადგან კერძო სექტორი მძიმე მდგომარეობაშია. ბიზნესმა საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა და ჯერ არც იცის, წინ რა ელოდება.მეორე მხრივ, გვაქვს ეპიდვითარება, რომელიც დასტაბილურდა და ამას სჭირდება მოფრთხილება. სასწორი პინაზე არის სახელმძწიფო და ბიზნესი, რომელთაც თავისი სიმრთლე გააჩნიათ. გარკვეულწილად შეიძლება ბიზნესის მოთხოვნების დაკმაყოფილება”, - ამბობს გიორგი კაპანაძე, რომლის თქმით, უკვე შესაძლებელია კომენდანტის საათის მოსხნა და ეს თუ არ მოხდა, გადაწევაზე მაინც იფიქრონ”, - განაგრძობს გამოცემა.

“შაბათ-კვირის მუშაობის უფლებას რაც შეეხება, ეს ცოტა რთული საკითხია. ვფიქრობ, ყველაზე გვიან მოხდება შაბათ-კვირას სავაჭრო მოლების და რესტორნების გახსნა, რადგან ყველაზე მეტი დატვირთა სწორედ ამ დღეებზე მოდის. შესაძლებელია დაიწყოს მთის კურორტების აღდგენა. ფაქტობრივად, თვენახევარია დარჩენილი სეზონის დასრულებამდე და კარგი იქნება, მთავრობა ამაზეც თუ იმსჯელებს. უბრალოდ, ეს ისეთი საკითხია, რომელზე მჯელობაც ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა მოხდეს, თუ რამდენად გამოიწვევს აფეთქებას. არ შემიძლია იმის თქმა, რომ მთის კურორტების გახსნა საერთოდ არაფერს მოახდენს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი.

“თუკი მთავრობის წარმომადგენლების და ინფექციონისტების ნაწილის განცხადებით ვიმსჯელებთ, შეზღუდვების შემსუბუქება მარტის დასაწყისამდე არ მოხდება, რადგან მთავრობა “პაუზას” იღებს, რათა აქამდე სხვადასხვა სახის შემსუბუქების შემდეგ, ვითარებას დააკვირდეს და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღოს. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძემ აღნიშნავს, მთავრობას “ერთი სული” აქვს შეზღუდვების მოხსას, თუმცა “მესამე ტალღა აშინებს”, - დასძენს გამოცემა.

“გუშინ სწორედ ეს კითხვა დავუსვით კითხვები ვიცე პრემიერს და მან თქვა, რომ ყველანაირად ვცდილობთ, კორონავირუსის გამოვლენის პროცენტული მაჩვენებლის დაწევის შესაბამისად, ყველა შეზღუდვა მაქსიმალურად მოვხსნათ. ჩვენ დამოკიდებული ვართ ეპიდემიოლოგების ნებართვაზე. სხდომაზე დაისხვა შეკითხვა მთის კურორტებთან დაკავშირებითაც და ითქვა, რომ არც ერთ ხელისუფალს ხელს არ აძლევს ბიზნესის გაჩერება, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე უსაფრთხოების საკითხი დგას. მესამე ტალღის მოლოდინი გვაფრთხოვს. თუმცა, როგორც რიგით მოქალაქე მივესწრაფი, როდის მოვიხსნით ამ ხუნდებს და როდის ამოქმედდება ყველაფერი. ყველას ინტერესშია ბიზნესის ამოქმედება. აქ არ შეიძლება ვითარება სხვა კუთხით დაინახო. ბიზნესი ძალიან კარგად არის მომზადებული. ეპიდემიოლოგების ნებართვა გვინდა და ბიზნესის გახსნა დაჩქარებული წესით მოხდება”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“ქვეყანაში ბიზნესის დიდი ნაწილი გაჩერებულია. უცნობია, როდის მოხდება რესტორნების დახურული სივრცეების, მთის კურორტების, სპორტული დარბაზების, სახელოვნებო სტუდიების, საცურაო აუზების, ფიტნეს კლუბების და ა.შ გახსნა. ასევე, დღემდე გაურკვეველია უნივერსიტეტების და ბაგა-ბაღების საკითხიც. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდა და დიდი ხანია, კორონავირუსის დღიური გამოვლენის მაჩვენებელი 3%-ს ჩამოსცდა, ამიტომ შეზუდვების ეტაპობრივად შემსუბუქება რომ შესაძლებელია, ამაზე საუბრობენ ეპიდემიოლოგებიც. ალექსანდრე გოგინავას აზრით, ნაკლებად რისკის შემცველია კომენდანტის საათის გადაწევაა”, - წერს სტატიის ავტორი.

“როგორც მინიმუმ შესაძებელია არსებული შეზღუდვები გადაიხედოს და ეტაპობრივად დაკმაყოფილდეს ბიზნესის მოთხოვნა, მაგრამ რეგულაციების ერთბაშად გაუქმება რთული და რისკის შემცველი იქნება. თუ ჩვენ, უახლოესი ორი კვირა, კიდევ სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვექნება, რა თქმა უნდა, უნდა გაიხნას, როგორც სარესტორნო ბიზნესი, ასევე სხვა შეზღუდვებიც უნდა გადაიხედოს. შემსუბუქდეს და მოიხსნას, მაგრამ როგორც ვთქვი, ერთბაშად არა. კომენდანტის საათის გადაწევა, ანდა კვირის დღეებში მისი გვიან ამოქმედება შესაძლებელია და ეპიდემიოლოგიური კუთხით დიდად არაფერს შეცვლის”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

რა პროცესებს გამოიწვევს კარანტინის რეჟიმის კიდევ დიდი ხნით გახანგრძლივება მსოფლიოში

“მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ჯერ კიდევ კარანტინის რეჟიმში რჩებიან, კორონავირუსის შესაჩერებლად მიღებული შეზღუდვების პარალელურად კი ევროპაში უკვე დაიწყო მასობრივი გამოსვლები და პროტესტი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. შესაძლოა თუ არა დაიწყოს მასობრივი არეულობა და გამოსვლები, თუ პანდემიის გამო დაწესებული კარანტინი დიდხანს გაგრძელდება? აღნიშნულ საკითხზე “რეზონანსს” უსაფრთხოების ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ესაუბრა. მისი თქმით, მოსალოდნელი საპროტესტო ტალღის შეჩერებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, შეიძლება, ვაქცინაციის მიმდინარე პროცესებმა შეუწყოს ხელი, თუმცა, თუ კარანტინის რეჟიმი ისევ გაგრძელდა, ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა პროცესებს გამოიწვევს კარანტინის რეჟიმის კიდევ დიდი ხნით გახანგრძლივება მსოფლიოში.

“რაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, უკვე ბევრ ქვეყანაში, ამან შეიძლება მოახდინოს სიტუაციური პრობლემების მოგვარება, თუმცა, კარანტინი, რომელიც დღეს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ჩვენთანაც, რასაკვირველია, ეს თავის შედეგებს მოიტანს, რაც პირველ რიგში ეკონომიკური პროცესების განვითარებას შეუშლის ხელს. ჩვენთან მაგალითად, ჯერ ვაქცინაცია არ დაწყებულა, ამავდროულად ვრჩებით კარანტინის რეჟიმში, ეს რასაკვირველია გამოიწვევს ხალხის უმრავლესობის პროტესტს. ერთის მხრივ გასაგებია, რომ ანტიპანდემიური ზომების მიღება აუცილებელია, თუმცა, თუ ასეთ რეჟიმში დიდხანს დავრჩით, ნებისმიერი შესაძლო პროტესტის მოლოდინი უნდა გვქონდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“როდესაც სახელმწიფოებში ეკონომიკური სეგმენტები იხურება, ძალიან დიდი დარტყმა მოდის შემდეგ სხვადასხვა სფეროებსა თუ დარგებზე, რომელიც ამავე მიზეზით ვეღარ ფუნქციონირებს. ჩვენ ვხედავთ თუნდაც რა დიდი დარტყმა მიაყენა ამ პროცესებმა ზამთრის კურორტებს, ფაქტობრივად ეს ბიზნესი ჩავარდა. ამ შემთხვევაში კი უკვე მთავრობა იძულებულია აიღოს ვალი და ჩვენ დღეს ფაქტობრივად ვალით ვცხოვრობთ, ესეც ძალიან დიდ პრობლემას იწვევს ეკონომიკური პროცესების შეფერხების კუთხით. აღნიშნულ ეკონომიკურ კრიზისს ჩვენთან უკვე მოჰყვა პოლიტიკური კრიზისიც და უკვე სახელმწიფო კრიზისზეც გადავდივართ. ამ შემთხვევაში თუ არ მოხდა დროული ვაქცინაცია, უნდა ველოდოთ ამ პროცესების გართულებას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“წესით ჩვენც უნდა შეგვძლებოდა ვაქცინების დამზადების პროცესებში ჩართვა, რადგან ჩვენ ფუნდამენტურად ამის შესაძლებლობა გვაქვს, კლინიკებიც გვაქვს, გვყავს საკმაოდ ძლიერი ბიოლოგები, მკვლევარები. ასე რომ, შეგვეძლო ჩვენი ვაქცინა გვქონოდა, თუმცა ეს არ მოხერხდა და ახლა ვართ მისულები საკმაოდ რთულ კრიზისთან, რომელიც წესით უნდა იყოს გამოწვევა მთავრობისთვის და დროულად უნდა მოხერდეს ამ ვითარების მოგვარება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ხალხში უკვე სერიოზული პროტესტის ნიშნებია, უმუშევრობის დონე იზრდება. გუშინ მოხდა სრულიად კატასტროფული რამ, როდესაც 53 ათასმა ადამიანმა შეავსო განცხადება გერმანიაში დასაქმების თაობაზე. 53 ათასი ადამიანი ფაქტობრივად უკვე მზად არის დატოვოს საქართველო და წავიდეს გერმანიაში, ეს კი ნამდვილად დიდი რეგრესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვზივართ ძალიან ძლიერ დემოგრაფიულ ბომბზე, ამაზე მეტი რა უნდა ითქვას. რასაკვირველია ასეთ რეჟიმში ყველაფერია მოსალოდნელი, ნამდვილად უნდა ველოდოთ სერიოზულ საპროტესტო ტალღას, თუ კი ამ პროცესების მოგვარებას ხელი დროულად არ შეეწყობა”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.

კოვიდ 19-ზე აცრა შესაძლოა ყოველწლიურად აუცილებელი გახდეს

“სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, გრიპის ვაქცინის მსგავსად, ყოველწლიურად გასაკეთებელი გახდეს. მათი განმარტებებით ვაქცინაციიდან რამდენიმე თვეში ანტისხეულების რაოდენობა იკლებს. კორონავირუსზე აცრის სეზონურობაზე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩი საუბრობს, მისი თქმით ვირუსს ყოველწლიურად სხვაგვარდ უნდა ვებრძოლოთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კოვიდ 19-ზე აცრა შესაძლოა ყოველწლიურად აუცილებელი გახდეს / “რამდენიმე თვის შემდეგ ანტისხეულების რაოდენობა იკლებს”

“იმედი გვაქვს, შეგვიძლია ეს განსაკუთრებული ეპიდაფეთქება და მთელი მისი განშტოებები მთელს მსოფლიოში ვირუსის სხვადასხვა ვერსიის ციკლური გამეორების გარეშე შევაკავოთ. ასე რომ თქვენ ყოველწლიურად სხვაგვარად უნდა დავუპირისპირდეთ მას”, - აღნიშნა ფაუჩიმ. იგი იმედოვნებს, რომ მეცნიერები კორონავირუსის უნივერსალურ ვაქცინაზე უკვე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა ვარიანტს დაუპირისპირდება. ანალოგიურად ფიქრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, იგი თვლის, რომ აცრიდან დაახლოებით 3-6 თვეში ანტისხეულების რაოდენობა იკლებს და დიდი ალბათობით კოვიდ-19-ზე აცრა სეზონური იქნება. “რესპირატორული ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ძირითადად ასეა. გრიპი ამის მაგალითია. თუმცა, წინასწარ ეს არავინ არ იცის, რასაც კვლევის ფაზაში აკვირდებიან, რამდენიმე თვის შემდეგ ანტისხეულების რაოდენობა იკლებს, დავუშვათ 3-6 თვეში, ამას დრო აჩვენებს. დიდი ალბათობით ეს აცრა სეზონური იქნება” - განაცხადა კულუმბეგოვმა. რაც შეეხება კორონავირუსის ახალ ვარიანტებს, “გარდიანი” ინგლისში აღმოჩენილ ახალი შტამის შესახებ იუწყება, ვარიანტი სახელად B1525, დაახლოებით 10 ქვეყანაში გამოვლინდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ვარიანტი არაერთ ისეთ მუტაციას შეიცავს, მათ შორის E484K მუტაციას სპაიკის ცილაზე, რომელიც ვირუსს უჯრედებში შეღწევაში ეხმარება და რომელმაც მეცნიერების შეშფოთებაც კი გამოიწვია. როგორც კულუმბეგოვი ამბობს, შტამებზე ვაქცინის მოქმედება ჯერჯერობით მხოლოდ ორმა ან სამმა სააგენტომ შეამოწმა. “შტამებზე ვაქცინის მოქმედება ჯერჯერობით შემოწმებული არაა, ამერიკაში შვიდი შტამი აღმოაჩინეს სრულიად დამოუკიდებელი, ვიდრე ინგლისის, სამხრეთ აფრიკის და ბრაზილიის, ანუ ცალკე კიდევ 7 ახალი შტამი ნახეს. ჯერჯერობით რასაც კლინიკურად უყურებენ, ვაქცინები შტამების მიუხედავად ადამიანებს სიკვდილისგან და საავადმყოფოში მოხვედრისგან იცავს და შეიძლება მსუბუქი დაავადებები გაჩნდეს, თუმცა, ამასაც დრო სჭირდება, რამდენიმე ვაქცინის გარდა, ჯერ შემოწმებული არაა”, - ამბობს კულუმბეგოვი, რომლის თქმით, “ფაიზერმა” და “ჯონსონმა” შეამოწმეს, თუმცა ჯერ ყველას არ შეუმოწმებია”, - დასძენს გამოცემა,

“როიტერი” წერს, რომ ისრაელი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც კორონავირუსზე სრულიად არიან აცრილები განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭებას გეგმავს და 21 თებერვლიდან მხოლოდ მათთვის სასტუმროებისა და სპორტდარბაზების გახსნას გეგმავს. სააგენტოსვე ინფორმაციით, ქვეყანაში მოსახლეობის დაახლოებით 45%-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვთ გაკეთებული, სრულად აცრა კი ვაქცინის ორი დოზის გაკეთებას ნიშნავს, რომლებსაც პრივილეგიები მიენიჭებათ და ე.წ. “მწვანე პასპორტების” მფლობელები გახდებიან. “ალბათ შეიძლება, რომ ამაზე ქვეყანამ იფიქროს, სხვათა შორის ისრაელმა საბერძნეთმა და კვიპროსმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი და მათ ვაქცინირებულ ადამიანებს თავისუფლად შეუიძლიათ, რომ ამ სამ ქვეყანაში ტურისტად წავიდნენ, ვნახოთ ეს პოლიტიკა როგორ გაგრძელდება”, - მიიჩნევს კულუმბეგოვი ისრაელის სრული დოზით აცრილ მოქალაქეების პრივილეგიებზე საუბრისას”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა