ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2021

ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა - რას უნდა ელოდოს ქვეყანა და ოპოზიცია

გახარიას გადადგომის შემდეგ ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა - რა საფრთხეების წინაშე შეიძლება ქვეყანა დადგეს

“ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს” - ღარიბაშვილის პირველი გზავნილი

* * *

ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა - რას უნდა ელოდოს ქვეყანა და ოპოზიცია

“ხუთწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება. გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ, რომ ის დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხვალ პოლიტსაბჭო შეიკრიბებოდა და მთავრობის მეთაურის კანდიდატურაზე იმსჯელებდნენ. თუმცა მოვლენები მალევე შეიცვალა, მოულოდნელად პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და სხდომა რამდენიმე საათში დანიშნა. მისი დასრულების შემდეგ კი საზოგადოებას აცნობეს, რომ ახალი პრემიერის კანდიდატურაზე ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდებოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა - რას უნდა ელოდოს ქვეყანა და ოპოზიცია / “ნაციონალები” ძალიან გაოცდნენ და გამწარდნენ, ესე იგი მმართველმა გუნდმა სწორი არჩევანი გააკეთა”.

“ნიშნავს თუ არა მოვლენების ამგვარი განვითარება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად არსად წასულა და პარტიას ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა მან შესთავაზა. ხომ არ არის ეს იმის ნიშანი, რომ ის გუნდის შიგნით არავის ენდობა და მთავრობის მეთაურად ის ადამიანი გადაწყვიტა, რომელმაც ერთგულება არაერთხელ დაუმტკიცა. რას უნდა ელოდოს ქვეყანა და ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილისგან. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ისედაც მძიმე პოლიტიკური სიტუციის ფონზე, მდგომარეობა კიდევ უფრო რადიკალური გახდება. ისინი ელიან, რომ სიხისტით გამორჩეული ღარიბაშვილი არათუ სიტუაციას ჩააცხრობს, არამედ “ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლის პროცესს დააჩქარებს. ახალი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს. მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა ჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტს ერთხელ უკვე იკავებდა 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. ის იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა შს მინისტრის პოსტს. პრემიერობის კანდიდატად მეორედ დასახელებამდე, ღარიბაშვილი თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მანამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, გუნდთან შეუთანხმებლობის გამო მიიღო. პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი განცხადება გააკეთა და პირობა დადო, რომ აღადგენდა წესრიგს. “მინდა აღვნიშნო ძალიან მოკლედ, რომ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში”, - განაცხადა ღარიბაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების კარი არ დახურულა და მმართველი გუნდი ამისთვის ყოველთვის მზადაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“რაც შეეხება მოლაპარაკებას, ამისთვის მზადყოფნა სულ არის, მოლაპარაკებების კარი არ დახურულა. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. თუ ოპოზიციისთვის გახარიას გადადგომა იმდენად დიდი მნიშვნელობის საკითხია, რომ ამის გამო გამოხატავენ მზადყოფნას მოლაპარაკების პროცესის განახლებისთვის, ამ ნაბიჯს მივესალმები, რადგან გულწრფელად მჯერა, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს... რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება გარდა იმ შემთხვევისა, თუ პოზიციისა და ოპოზიციის კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, უტყუარად არ დადგინდა, რომ რეალურად ჰქონდა გაყალბებას ადგილი. არასაკმარისია არსებული მოცემულობა, რომ ასე უბრალოდ გადავწყვიტოთ არჩევნები. ასეთ ფორმატში ამ საკითხის განხილვა ისევ რჩება წითელ ხაზს მიღმა. მართალია, შედარებით კლებადი ოპტიმიზმით ახლაც მაქვს მოლოდინი, რომ მიიღწევა ისეთი კონსენსუსი, რომლითაც ოპოზიციური პარტიის მეტ წარმომადგენელს შეეძლება, გამოიყენოს პოლიტიკური ტრიბუნა პოლიტიკური დებატებისთვის”, - განაცხადა სერგეენკომ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება არაფერს არ ნიშნავს, რადგანაც მისი პრემიერობა უკვე ნანახი აქვთ. ამიტომ ცვლილება გარდაუვალია და “ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლა კიდევ უფრო დაჩქარდება”, - დასძენს გამოცემა.

“მეორედ მოსვლების ტრადიცია აქვს ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში. ჯერ თავის თავზე გაიარა ეს ყველაფერი, ახლა ღარიბაშვილის მეორედ მოსვლაა მთავრობაში, ამით არაფერი იცვლება. კარგად გვახსოვს მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, რა გააკეთა? არც არაფერი. პრემიერის კანდიდატებზე კი არ უნდა ფიქრობდეს, ვინ იქნება, უნდა ფიქრობდეს ახალ არჩევნებზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა შეიცვალოს და დავუბრუნდეთ განვითარების გზას, რომელიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს”, - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი. “ლელოში“ თვლიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურით “ქართულ ოცნებაში” საღი აზრი ამოწურულია. “ასეთი აგრესიული ადამიანის დანიშვნა არის ცალსახა სიგნალი, რომ „ქართულ ოცნებაში“ რადიკალურ ფრთას უფრო უსმენენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ პარტიაში საღი აზრის რესურსი სრულად არის ამოწურული”, - აცხადებს საბა ბუაძე. ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნას და მის უშუალო გადაწყვეტილებას არ ნიშნავს და ეს არის გუნდის ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ის ვერ ხედავს, რომ ახლა ივანიშვილს საჯარო პოლიტიკასთან რამე კავშირი ჰქონდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელია. მან თავისი თავი პრინციპული პოზიციებით, სახელმწიფო აზროვნებით არა ერთხელ გამოავლინა. მას სახელმწიფო მმართველობის ალბათ ყველაზე კარგი გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, ეს სწორი და ზუსტი გადაწყვეტილებაა. ჩემთვის ლაკმუსის ქაღალდი ის იყო, რომ “ნაციონალები” ძალიან გაწბილებულები დარჩნენ. ძალიან გაოცდნენ და გამწარდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი სწორ და ზუსტ არჩევანს აკეთებს. მე ამ პროცესებს ასე ვხედავ. აქ შეიძლება წულუკიანის და კალაძის კანდიდატურებიც ყოფილიყო, მაგრამ ოპტიმალური და ღირსეული კადრი შეარჩიეს, რომელიც პარტიის დამფუძნებელია. ამიტომაც იყო, რომ “ნაციოანლებს” თითქოს ცივი წყალი გადაესხათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დასახელება თავად მისთვისაც კი სიუპრიზი იყო. ამით გამოჩნდა, რომ ივანიშვილი რეალურად პოლიტიკიდან არსადაც წასულა და ღარიბაშვილი მისი პირადი არჩევანია. ფიქრობს, რომ ივანიშვილი გაბრაზებულია, რადგანაც მას გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაკავების ბრძანება არ შეუსრულა. ფიქრობს, რომ ივანიშვილმა დარეკა და პირდაპირი დირექტივა გასცა, ვინ უნდა დაესახელებინათ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ბიძინა ივანიშვილს მგონია, ოპოზიცია სათანადოდ ვერ აფასებს. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნა მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ის ადამიანებს როგორც შემსრულებლებს ისე უყურებს. კარგად იცის, რომ ახლა “ნაციონალები“ წამოყელყელავდნენ და ამ სიტუაციას ყველაზე მეტად ღარიბაშვილი მოერგება. არსებულ მდგომარეობას ღარიბაშვილზე კარგად თავს ვერავინ გაართმევს. იცის, რომ ამ ადამიანს რასაც ეტყვის, იმას გააკეთებს. წადიო ეტყვის, წავა და მოდიო ეტყვის, მოვა. ამიტომაც მისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შექმნილ ვითარებაში ასეთი ადამიანი იყოს სათავეში. გახარიამ მას ნიკა მელიას დაკავების ბრძანება არ შეუსრულა. ჟარგონულად რომ ითქვას, 20 ივნისის “შეწერების” შემდეგ, მან მელიას დაკავების ამბავს რაც მოჰყვებოდა, კარგად განსაზღვრა. გახარიამ იაზროვნა სახლმწიფოებრივად, რასაც მისი გადადგომა მოჰყვა. ამიტომაც არ გამოვრიცახვ, რომ ღარიბაშვილი ახლა დროებით მელიას დასაკავებლად და ოპოზიციის ჭკუაზე მოსაყვანად სჭირდება. როგორც კი სიტუაცია დაწყნარდება, მას შეცვლის. ოპოზიციას ვურჩევ, რომ ივანიშვილთან ფრთხილად იყვნენ და შელეწვა-შეჯახებას თავი დაანებონ. ასეთ სიტუაციაში ივანიშვილი ძალაზე მიდის, მას კი ყველა ძალოვანი მინისტრი ემორჩილება. ამ ყველაფრით კი ქვეყანა დაზიანდება. ამიტომაც სჯობს დაწყნარდნენ და ცოტა აზრით მიუდგენენ შექმნილ სიტუაციას, - წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას დიდი ზიანი მიდგება“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

გახარიას გადადგომის შემდეგ ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა - რა საფრთხეების წინაშე შეიძლება ქვეყანა დადგეს

“როგორ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები განვითარდეს და შექმნის თუ არა მთავრობის მეთაურის გადადგომა სახელმწიფოებრივ კრიზისს. რას ნიშნავს გახარიას განცხადება, რომ მისი გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმესთან შეუთანხმებლობამ განაპირობა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დიდი ალბათობით გახარიამ 20 ივნისის მსგავსი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება აღარ გადაწყვიტა. “ოცნებას” თუკი ამ საკითხის ირგვლივ გუნდის შიგნით შეუთანხმებლობა ჰქონდა, მელიას დაკავების პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. ექსპერტები ფიქრობენ, რომ გახარიას პოლიტიკურ გუნდთან პრობლემები ისედაც ჰქონდა, ამიტომაც გაშვებას წასვლა ამჯობინა და პოლიტიკური მომავლისთვის მელიას საქმე გამოიყენა. ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული “ოცნება” პრემიერად ვის კანდიდატურას დაასახელებს, რადგანაც მათ შესაძლოა გახარიას წასვლა ელექტორატის დაკარგვის ფასად დაუჯდეს. ხოლო საბოლოოდ სიტუაცია იქამდე მივიდეს, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. შესაბამისად, ბევრი რამ “ოცნების” მომდევნო ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახარიას გადადგომის შემდეგ ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა - რა საფრთხეების წინაშე შეიძლება ქვეყანა დადგეს.

“იქიდან გამომდინარე, რომ მე ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რადგანაც, დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და ჩვენ შორის დაპირისპირება არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის”, - განაცხადა პრემიერმა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი დაადასტურა, რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობა მართლაც იყო. მისი თქმით, მათ გახარიასგან ვერ მოისმინეს საკმარისი არგუმენტები. “წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს ცხადად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი - ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკურ რადიკალიზაციას და პოლარიზაციას...” - განაცხადა კობახიძემ. ნიკა მელიამ ოპოზიციური ერთობის სახელით განაცხადა, რომ იმედოვნებს, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება განახლდება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ არაა გამორიცხული, გახარიამ იცოდა, რომ მის გადაყენებას გუნდი აპირებდა და ნიკა მელიას თემა საკუთარი ნებით წასვლისთვის გამოიყენა. გაშვებას წასვლა ამჯობინა, თანაც ისე, რომ ხმაური ყოფილიყო. ძაბირაძე ამბობს, რომ გახარიას გადადგომამ ქვეყანაში არსებული რეალობა და გარემოება აბსოლუტურად შეცვალა. ისედაც რთული ვითარება იყო, ახლა კი უფრო დამძიმდა. პრემიერის გადადგომა ოპოზიციამ აღიქვა საკუთარ გამარჯვებად, რაც სრულიად სამართლიანია. ამიტომაც ოპოზიციამ მივიწყებული თემა რიგგარეშე არჩევნებზე ისევ გააქტიურა”, - განაგრძობს გამოცემა.

“თუ ხელისუფლებაში ნიკა მელიასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, მაშინ ეს შიგნით უნდა მოეგვარებინათ და დაკავების გადაწყვეტილება მერე უნდა მიეღოთ. როდესაც იცი, რომ მთავრობის მეთაური სხვა აზრზეა, მინიმუმ ეს პროცესი ცოტა ხანს მაინც უნდა გადადო. სასამართლომდე საქმე არ უნდა მისულიყო და პოლიტიკური გადაწყვეტულება პარლამენტს უნდა მიეღო. დღეს მივიღეთ ის, რაც გვაქვს და ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. აქ მოხდა პოლიტიკური შეცდომის დაშვება, რაც გახარიას გადადგომის სახით მივიღეთ. ასევე ძალიან საინტერესოა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი განცხადებები, სადაც ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ მათთან არ იმუშავა. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ სამართლებრივად ეს პროცესი გამართულია, გასაგებია, მაგრამ ამას რა სახის პოლიტიკური რისკები და რყევები მოჰყევბა, ეს ხომ უნდა გაანალიზებულიყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მისივე თქმით, ქვეყანაში ახალი რეალობა დღეიდან დაიწყო, ამიტომაც წინსწარ რა მოხდება და მოვლენები როგორ განვითარდება რთული სათქმელია. ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება ახალი მთავრობის ფორმირებაზე, სადაც გდამწყვეტი მნიშვნელობა ახალი პრემიერის კანდიდატურას მიენიჭება. ძაბირაძე ამბობს, რომ, როგორ ჩანს გახარიას ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ამიტომაც ახლა დაბნეულობა ხელისუფლების შიგნითაც არის. რა თქმა უნდა, ეს მათ ამომრჩეველზე დიდ გავლენას მოახდენს. თუმცა რა გზას აირჩევს გახარია და შექმნის თუ არა ახალ პოლიტიკურ ძალას, ანალიტიკოსისთვის რთული სათქმელია. მისი აზრით, გახარია მარტო კაცია, რომელსაც არც გუნდის შიგნით და არც მის გარეთ დიდად მომხრეები არ ჰყავს, თუმცა მოვლენების განვითარება აჩვენებს ის პოლიტიკურ ფიგურად შედგება თუ არა”, - დასძენს გამოცემა.

“ჩემთვის გახარიას გადადგომა ძალიან მოულოდნელი იყო. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ “ოცნების” ამომრჩევლებისთვის და პარტიის შიგნითაც ეს დიდი სიუპრიზი იყო. ოპოზიციამ ამ რაუნდში პირწმინდად მოიგო. მთავარია ახლა ამან ახალი დაპირისპირების სახე არ მიიღოს. პროცესები თუ კი გამწვავდება, ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს. რაც შეეხება გახარიას ფიგურას, რასაც ვხედავდით ის ხელისუფლებაშიც და პარტიაშიც მარტო მოთამაშე იყო. ამიტომაც რთული სათქმელია რა სახის პოლიტიკურ ფიგურად შეიძლება ჩამოყალიბდეს. ის თუ ოპოზიციაში გადაინაცვლებს, მაშინ ამას გუნდი და ფინანსური რესურსები დასჭირდება. ამიტომაც ჯერჯერობით მის პოლიტიკურ მომავალზე საუბარი რთული იქნება”, - დაასკვნის ძაბირაძე.

“ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ გახარიამ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტლება მიიღო და მან საქართველო სახელმწიფოებრივად გადაარჩინა. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მას თუ ადრე ეგონა, რომ “ოცნებაში” პოლიტიკის ნატამალი არ იყო, გახარიას სახით გამოჩნდა, რომ ვიღაცა სახელმწიფოებრივად აზროვნებს. მისივე თქმით, ეს რომ “ოცნებას” სცოდნოდა, მაშინ გახარიას დაასწრებდნენ და რაღაცას მოიფიქრებდნენ. გახარია იმდენად იყო გამწარებული და ხვდებოდა, რომ ეს ხალხი ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას იღებდა, რომ ბოლომდე დამალა. დაასწრო და პირველმა იმოქმედა. ეშმაკურად მოიქცა, შეუქმნა კობახიძეს და მის ჯგუფს განცდა, რომ ჯანდაბა თქვენს თავს და ბოლოს ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ზაქარეიშვილის აზრით, გახარიას მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგანაც ქვეყანაში ვიღაცეებს სახელმწიფო გადატრიალების საშუალება არ მისცა. ყოფილი მინისტრის შეფასებით, გახარიას წასვლა “ოცნებას” მინიმუმ ამომრჩევლების და მომხრეების დიდი რაოდენობით დაკარგვის ფასად დაუჯდეს. მაქსიმუმ კი ეს იქნება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა”, - წერს სტატიის ავტორი.

“კობახიძე და მისი ჯგუფი სახელმწიფო გადამტრიალებლები არიან, ამიტომაც ძალიან გული მწყდება, რომ კახა კალაძე მათ გვერდით დავინახე. არ ვიცი, რას ფიქრობს და რატომ იდგა იქა, მაგრამ ძალიან კარგად იცის მანაც, რომ ახლა პოლიტიკურად ყველაზე მეტი ლეგიტიმაცია მას გააჩნია, ეს ქვეყანა სადმე არ გადაიჩეხოს. ის არის ხალხის მიერ არჩეული მერი, რომელიც ასევე მეტი რეიტინგით სარგებლობს, ვიდრე იქ ვინც იდგა, ყველა ერთად აღებული. გახარიამ მიიღო სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება და ქვეყანას სისხლის ღვრა აარიდა. ეს არის პასუხისმგებლიანი და პატრიოტი ადამიანის ქცევა, რომელსაც ქვეყნის ბედი და მომავალი აღელვებს. როგორც ჩანს, გახარია ამ კობახიძეს და მის ჯგუფს შეასკდა. რომ ვერაფერი გააწყო, ალბათ ივანიშვილს დაურეკა და ვერ დაუკავშირდა. ამიტომაც ჩათვალა, რომ ის ამ ჯგუფის მხარეს იყო. დარწმუნებული ვარ, გახარიას არავისთვის უთქვამს, რომ გადადგომას აპირებდა. მიხვდა, საქმე რაშიც იყო, ამიტომაც უკვე გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო სიუპრიზი, რომელიც კობახიძეს სახეზე ეტყობოდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“პირდაპირ ჩვენს თვალწინ სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, სადაც პრემიერ-მინისტრს არაფერი დაუტოვეს, როცა ლეგიტიმურები თავად არ არინ. ეს ხალხი არავის აურჩევია. ხალხმა ვინც აირჩია ის კაცი წავიდა. უცბად შეიქმნა პოლიტიკურ კრიზისი, რადგანაც გახარია მიხვდა, რომ სხვა გზას აღარ უტოვებენ. მიუხედავად 20 ივნისის ამბებისა, მაინც მგონია, რომ პატიოსანი კაცია. გახარიას მიმართ მქონდა გარკვეული სიმპათიები. ის თავისი ღვარძლიანი და ბოღმიანი განცხადებებით არ გამოირჩეოდა. მოსახლეობის ნაწილში და ჩემშიც ყოველთვის რაღაც სიმპათიებს იწვევდა. დღეს მან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელმაც გამოააშკარავა, რომ ქვეყანაში ძალიან მყრალი სიტუაციაა. აჩვენა, რომ მთელი “ქართული ოცნება” საერთოდ ჩამომპალია. არ შეიძლება ამისთვის მადლობა არ ვუთხრათ. რაც შეეხება ელჩების “ნაციონალებთან” მისვლას, ფაქტია, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის გადარჩენას ცდილობენ. აქ მელიას დაკავება-არდაკავების ამბავზე არ არის. ელჩები მიდიან სახელმწიფოს და დემოკრატიის დასაცავად და არა მელიასი”, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი.

“ოცნებამ” ვერაფერი გათვალა. დღეს გამაოგნებლად დაშლილი და უორიენტაციო ოპოზიცია გააძლიერეს - შეკრეს “ნაციოანლური მოძრაობის” გარშემო და ახალ დღის წესრიგში თითქმის უკვე ჩამარხული ვადამდელი არჩევნების იდეა ზედაპირზე ამოვა. თუ ქართველმა ხალხმა ღრმად ამოისუნთქა, შეიძლება ვადამდელი არჩევნები ადგილობრივ არჩევნებს დაემთხვეს... თუკი გახარია ოპოზიციაში გადავა, მას აქვს შანსი, რომ ქვეყანაში მესამე ძალის ფორმირება შეძლოს. მას აქვს რესურსი იმის, რომ მიიმხროს ადამიანები, რომლებსაც არც “ოცნება” და არც “ნაციონალები” უნდა. შეუძლია გუნდი იმ ადამიანებისგან დააკომპლექტოს, რომლებიც “ოცნებიდან” არიან წამოსულები. შესაბამისად, მისი ამ ფორმით წასვლა შეიძლება იმ სიგნალად ჩავთვალოთ, რომ ის სხვა პრემიერების მსგავსად პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს”, - დასძენს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.

“ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს” - ღარიბაშვილის პირველი გზავნილი

ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ძველ თანამდებობას უბრუნდება, “ქართულმა ოცნებამ” პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომაზე ნაციონალებთან ყველაზე დაპირისპირებულ კანდიდატს დაუჭირა მხარი, რომელმაც ახალ ამპლუაში თავისივე პირველ გამოსვლაში ხაზი გაუსვა, “ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და წონასწორობას”-ო. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტსაბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს” - ღარიბაშვილის პირველი გზავნილი.

“დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმდჯომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. ყველას მოგეხსენებათ, ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა თავდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ახლა კი მას თავდაცვის მინისტრის პოზიცია ეკავა. მისი მინისტრობის და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, ეს არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში”, - განაცხადა კობახიძემ. თავად ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ ეს მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ღარიბაშვილმა არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ გუნდი ძალიან მალე “წესრიგს აღადგენს” - “ჩვენთვის ყველასთვის ემოციური დღე არის. ამის მიუხედავად ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არის უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც ბუნებრივია, საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს. ამისთვის ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ სწარაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება”, - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის თქმით, “ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი”, - დასძენს გამოცემა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს