მიხეილ ჩხენკელი - მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, საქართველო აქტიურად ემზადება არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისათვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, კულტურის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს პანდემიის პერიოდში კულტურის სექტორისთვის სამინისტროს მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა გამოსვლაში აღნიშნა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ყველაზე მტკივნეულად კულტურის სფეროს შეეხო, თუმცა სამინისტრომ შეინარჩუნა მის დაქვემდებარებაში არსებულ სექტორში ყველა სამუშაო ადგილი, დამატებითი რესურსი მიმართა დარგობრივი ორგანიზაციების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის.

მანვე აღნიშნა, რომ სამინისტროს სისტემაში არსებულ თეატრებსა და მუზეუმებში თანამშრომელთა ანაზღაურება საშუალოდ 100 ლარით გაიზარდა.

“მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტის წევრებს გააცნო ის კულტურული ღონისძიებები, რომლებიც პანდემიის გამო განსხვავებულ ფორმატში გაიმართა, მათ შორის: სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა 16 საგრანტო კონკურსი, რომელში მონაწილეობა 161-მა კულტურულმა ორგანიზაციამ და 4500-მდე ხელოვანმა მიიღო; 1000-ზე მეტი ონლაინ კულტურული აქტივობა განხორციელდა კამპანიის „კულტურა თქვენთვის“ ფარგლებში; სახელმწიფო და კერძო პროფესიულ თეატრებში 49 ახალ სპექტაკლზე განახლდა მუშაობა, რომლის პრემიერა შეზღუდვების მოხსნასთან ერთად დაიგეგმება. გაიმართა 31 სახელოვნებო ფესტივალი, მათ შორის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობითა და UNESCO-ს მხარდაჭერით, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების რიგით მერვე საერთაშორისო ფესტივალი და მასში მონაწილეობა უცხოელმა მუსიკოსებმა დისტანციურად მიიღეს. პანდემიის გამო, განსხვავებულ ფორმატში გაიმართა რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი, საფესტივალო სპექტაკლები მაყურებელმა ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით იხილა. წელს პირველად გაიმართა ციფრული თეატრალური ფესტივალი, შეიქმნა მსოფლიო დრამატურგიის ონლაინ პლატფორმა, რეგიონული თეატრების ელექტრონული გზამკვლევი, ციფრული რესტავრაცია ჩაუტარდა ქართული კინომემკვიდრეობის ოქროს ფონდში შემავალ 9 ფილმს. ფოლკლორის ცენტრის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს დისტანციური სწავლება სალოტბარო სკოლებში. სამინისტროსა და პირველი არხის თანამშრომლობით წელს პირველად ჩატარდა მუსიკალური პროექტი „ქუჩის მუსიკოსების ფესტივალი“, რომელმაც პროფესიონალი და არაპროფესიონალი მუსიკოსები დააკავშირა და ხელი შეუწყო მათ წარმოჩენა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ ჩხენკელმა დაწვრილებით ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად განხორციელდა და აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში, ევროპის მასშტაბით მხოლოდ საქართველოში გაიხსნა ორი ახალი მუზეუმი – ეროვნული მუზეუმის ვანის არქეოლოგიური და ბოლნისის რეგიონული მუზეუმები. აღსანიშნავია, რომ პირვანდელი სახე დაუბრუნდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიას, განახლებული სამხატვრო აკადემია სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს. ასევე დასრულდა ანსამბლ „რუსთავის“ შენობის რეაბილიტაცია და სრულდება მუსიკალური დრამისა და კომედიის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტირდა კულტურული მემკვიდრეობის 24 ობიექტი, აქტიურად მიმდინარეობს საკონსერვაციო და არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები 55 ძეგლზე. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა კულტურული მემკვიდრეობის 97 ძეგლის აღდგენითი სამუშაოები. კულტურული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა კულტურული მარშრუტების პირველი მობილური აპლიკაცია.

მნიშნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ლიტერატურის მიმართულებით. კერძოდ, საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებითა და ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“, უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემა ეტაპობრივად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს გადაეცემა. შეიქმნა 16 ახალი სახელოვნებო სახელმძღვანელო, გამოსაცემად მომზადდა შუა საუკუნეთა ქართული საგალობლების XIX-XX საუკუნეებში შესრულებული სანოტო ხელნაწერების ექვსტომეული”, - ნათქვამია განცხადებაში

მათივე ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა გამოსვლაში საერთაშორისო მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქართული კინოს მონაწილეობას საერთაშორისო კინოფორუმებში: ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში დასახელდა, სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 4 ჯილდო მოიპოვა, 3 თებერვალს გამართულ ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალზე კი საუკეთესო ფილმის ჯილდო მიიღო. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა საქართველოს ხელოვნების სასახლის პროექტმა „ქსოვილი საქართველოდან“, რომელმაც ევროპის საბჭოს საუკეთესო პრაქტიკის ნომინაცია და “2020 Travelers 'Choice Award” მიიღო. UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ნომინირებისთვის მომზადდა და გაიგზავნა „ქართული სუფრის ტრადიცია“.

“აღსანიშნავია, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, საქართველო აქტიურად ემზადება არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისათვის, მათ შორის: ევროპალია 2023, ბერლინალე, ბოლონიის წიგნის ბაზრობა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და პარიზის წიგნის ბაზრობა. 2021 წლის შემოდგომაზე საქართველო ქუთაისში უმასპინძლებს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მასშტაბურ ფორუმს, რომელსაც ევროპის ქვეყნებიდან კულტურული ტურიზმის სექტორისა და საერთაშორისო ინსტიტუციების 300-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა