მედია - ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ტაძრებში ღვთისმსახურება შეჩერდება იქამდე, ვიდრე ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი არ განისაზღვრება

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ტაძრებში ღვთისმსახურება დროებით შეწყდა, ვიდრე ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი არ განისაზღვრება. ამავდროულად, ტაძრები არ დაკეტილა და იქ შესვლა ყველა მომლოცველს შეუძლია. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ადგილობრივ ტელევიზიას ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის მეთაურმა ბესარიონ აპლიამ განუცხადა.

„დღევანდელმა ღვთისმსახურებმა, რომლებიც გაშვებული არიან თავიანთ განსაზღვრულ ეპარქიებში, დაე, დააყენონ თავიანთი მღვდელმთავრების წინაშე აფხაზეთის ეკლესიის საკითხი, რომლებიც თავის მხრივ დააყენებენ საკითხს პატრიარქ კირილთან, როგორ განვითარდეს მოვლენები სამომავლოდ. ოცდაათი წელი ასეთ ვითარებაში ყოფნა - ეს უკვე შეუძლებელია. ამიტომაც, შევწყვიტე ტაძრებში მსახურება“, - ამბობს აპლია.

მისი თქმით, მსახურება მხოლოდ სოხუმის საკათედრო ტაძარში არ შეწყვეტილა.

„მე იქ ვმსახურობდი ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგ, ამიტომ კანონიკური უფლება გააჩნია საკათედრო ტაძარს“, - ამბობს აპლია.

მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროს, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია შეიყვანა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში კანონიკური გადაწყვეტილების გარეშე. ის იმედოვნებს, რომ მოსკოვის საპატრიარქო გადაწყვეტს ოკუპირებული აფხაზეთის საეკლესიო ვითარებას და განსაზღვრავს მის სტატუსს.

„რუსეთის ეკლესიის მიერ ხელდასხმული სასულიერო პირების კანონიკური სტატუსი უნდა განისაზღვროს. მთავარი ის არის, რომ ისინი აქ უნდა დაბრუნდნენ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კონკრეტული სტატუსით. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ საქართველოს ეკლესიის ნაწილი, ჩვენ არ ვყოფილვართ საქართველოს ეკლესიის ნაწილი და ვერ ვიქნებით“, - აცხადებს აპლია.

„რია ნოვოსტი“ წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ რეგიონსა და აფხაზ მორწმუნეებზე კონტროლი დაკარგა 1992-93 წლების ომის შედეგად.

„მაშინ ქართველ სასულიერო პირთა უდიდესი ნაწილი პოლიტიკური მიზეზებით, იძულებული იყო აფხაზეთის ტერიტორია დაეტოვებინა. რეგიონის სულიერ ცხოვრების აღდგენა დაიწყო ადგილობრივ სასულიერო პირთა ჯგუფმა. მათ შექმნეს საეპარქიო საბჭო და აირჩიეს სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი მღვდელი ბესარიონ აპლია. მაშინვე, რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერით, რამდენიმე აფხაზმა მიიღო სასულიერო განათლება, რომელთა ხელდასხმა მოხდა მღვდლად. გარდა ამისა, აფხაზეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა ლოცვა-კურთხევით მსახურობენ სასულიერო პირები რუსეთიდან“, - წერს რუსული სააგენტო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა