დავით მათიკაშვილი - აქტიურად ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სიმართლე იქნას დამტკიცებული, რომ ქართული სახელმწიფო მოქმედებდა დემოკრატიის და სამართლის ფარგლებში

კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის 150 პირამდე რომ არის დაკავებული, მათ მიმართ განხორციელებული მოქმედებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო?! - რა თქმა უნდა არა. მინდა რომ ანალოგიური ხედვა იყოს ჩვენს შემთხვევაში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნიკა მელიას დაკავების გამო საერთაშორისო კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებს სიმართლე გააგებინონ.

„სამწუხაროა, რომ მათ ასეთი აღქმა დარჩათ. სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" გეგმა იყო დესტრუქცია, ფორმალურად ნიკანორ მელია არჩეული იქნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, სინამდვილეში საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის "ნაციონალური მოძრაობის" ბელადი და შექმნეს ისეთი მოცემულობა, რომ დახატულიყო სურათი, თითქოს ვინმე ვინმეს დევნის. ამის ნიშან - წყალი ამას არ აქვს. კაპიტოლიუმზე რომ თავდასხმა მოხდა აშშ- ში და 150 პირამდე არის დაკავებული, მათ მიმართ განხორციელებული მოქმედებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო?! თუ 4 ადამიანი - თავდამსხმელი, რომელიც ადგილზე განადგურდა, რამდენადაც ვიცით, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული?! თუ იმპიჩმენტს რომ უწყობდა საკანონმდებლო ორგანო, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული?! - რა თქმა უნდა არა. ანალოგიურად მინდა, რომ ანალოგიური ხედვა იყოს ჩვენს შემთხვევაში.

ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ სიმართლე იქნას გატანილი და დამტკიცებული, რომ ქართული სახელმწიფო მოქმედებდა დემოკრატიის და სამართლის ფარგლებში და კონკრეტული პოლიტიკური ძალა იყო აბსოლუტურად გასული სამართლის ფარგლებიდან, საუბარია დესტრუქციულ ელემენტებზე, რომლებიც ანგრევდნენ სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს მიზანმიმართულად, ამის საშუალებას არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მისცემდა,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

მათიკაშვილი სახალხო დამცველის კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ ის ერთი პარტიის დამცველი არ იქნება.

„კარგი იქნება, თუკი სახალხო დამცველი არ იქნება მხოლოდ ერთი ადამიანის ან ერთი პარტიის დამცველი და მისი მზერა იქნება ცოტა უფრო ფართო და კარგად დააკვირდება მოვლენების განვითარებას.

ის არის ყველა მოქალაქის სახალხო დამცველი და არა მხოლოდ ერთი პარტიის და პიროვნების. კარგად გაიაზროს ეს ყველაფერი და აუცილებლად ის სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)