ადამიანის უფლებათა ცენტრი ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ პატიმრობის ღონისძიების გამოყენება და მისი საპოლიციო ძალით დაკავება ქვეყანაში საერთო ვითარების გამწვავებასა და კრიზისს ხელს უწყობს. ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც საზოგადოების პოლარიზაციას და სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება დღეს, დილის 7:30 საათზე, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სამართალდამცავებისა და სპეცრაზმის წარმომადგენლების მიერ სპეცოპერაციით შესვლისა და პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს.

როგორც მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, შენობაში შეღწევა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მოხდა. ასევე, როგორც სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, პარტიის ცენტრალური ოფისის რამდენიმე ოთახში გაუშვეს სავარაუდოდ წიწაკის გაზი. ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილი პირების მხრიდან არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონდა ადგილი და ისინი მშვიდობიან გარემოში უჭერდნენ მხარს ნიკანორ მელიას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Tali v Estonia წიწაკის სპრეის გამოყენება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად დაადგინა, რითაც დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენცია (მე-3 მუხლი). ევროსასამართლოს განმარტებით, წიწაკის სპრეი არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული დახურულ/შეზღუდულ სივრცეში იმ პირთა წინააღმდეგ, რომელთა კონტროლიც შესაძლებელია. მისი გამოყენება შეიძლება იყოს გამართლებული მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თავიდან იქნას აცილებული თვითდაზიანება ან, როდესაც სერიოზული საფრთხე ემუქრება სხვა პირებს, ან ციხის უსაფრთხოებას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკანორ მელია პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, მოქალაქეებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგნელებთან ერთად, მას შემდეგ იმყოფებოდა, რაც ამავე პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ, 2021 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული - გირაო, პატიმრობით შეცვალა, რასაც როგორც ბრალდებული, ისე ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო სექტორი, საქმის ირგვლივ არსებული უამრავი კითხვის პარალელურად და ბრალდების უსაფუძვლობიდან გამომდინარე, გაუმართლებლად და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ პატიმრობის ღონისძიების გამოყენება და მისი საპოლიციო ძალით დაკავება, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხელს უწყობს ქვეყანაში საერთო ვითარების გამწვავებასა და კრიზისს, ამასთან - საზოგადოების პოლარიზაციას. აგრეთვე, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაელოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას სარჩელის განხილვას და არ გამოიჩინა ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და პოლიტიკური პროცესების მშვიდ გარემოში წარმართვის ნება”, - ნათქვამია განცხადებაში.

„შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის წევრს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდება წარუდგინა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი, აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთ სახედ, 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით, პროკურატურას ნიკა მელიას გადაადგილებაზე ელექტრონული მონიტორინგის წარმოება დაავალა, სპეციალური სამაჯურის დამაგრებით. 2020 წლის 1-ელ ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციაზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატმა, ნიკანორ მელიამ სიტყვით გამოსვლისას ელექტრონული სამაჯური თვითნებურად მოიხსნა, გადააგდო და აღნიშნა, რომ მის ტარებას აღარ აპირებდა.

2020 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკანორ მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის - გადაადგილებაზე ელექტრონული მონიტორინგის წარმოების მიზნით, სამაჯურის მოხსნის გამო, სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. კერძოდ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა, რაც მოგვიანებით შეცვალა და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, უკვე არსებული 30 000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, გირაოს - 100 000 ლარის ოდენობით შეფარდება და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესება მოითხოვა”, - ნათქვამია განცხადებაში.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ელექტრონული სამაჯურის მოხსნა აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად შეაფასა და ნიკანორ მელიას გირაოს რაოდენობა 70 000 ლარამდე გაუზარდა, ხოლო გადახდის ბოლო ვადად 2020 წლის 23 დეკემბერი განისაზღვრა.

ნიკანორ მელიამ, 2021 წლის 23 დეკემბერს, გირაოს თანხა არ გადაიხადა და მის შემდგომ გადახდაზეც კატეგორიული უარი განაცხადა. აღნიშულ ფაქტზე საქართველოს პროკურატურას თვენახევრის გასვლის შემდეგაც კი რეაგირება არ ჰქონია და საქმეს მსვლელობა მხოლოდ 2021 წლის 5 თებერვალს მისცა. 2021 წლის 16 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა ნიკანორ მელიას იმუნიტეტი კვლავ აბსტრაქტული და დაუსაბუთებელი მსჯელობისა და გაუმჭვირვალე პროცესით მოუხსნა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა, 2-ის წინააღმდეგ. ხოლო, 2021 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა განმარტავს, რომ მხოლოდ გირაოს პირობების დარღვევა არ შეიძლება ავტომატურად გახდეს უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძველი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლებისა და რისკების შესაბამისი სტანდარტით შეფასების გარეშე. საფრთხეები უნდა შეფასდეს არა აბსტრაქტულად, არამედ კონკრეტულად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Boicenko v. Moldova განმარტა, რომ წინასწარი პატიმრობის in abstracto გამოყენება, აბსტრაქტულ საფრთხეებზე და ინტუიციებზე დაყრდნობით დაუშვებელია. აღკვეთის ღონისძიება გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მკაცრად გაწერილი საფუძვლების არსებობისას, ხოლო პატიმრობა, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა გამოიყენონ მხოლოდ სათანადო დასაბუთების შემთხვევაში და აუცილებლობისას.

ნიკანორ მელიას საქმეში, სასამართლოს მიერ, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შესაბამისი სტანდარტით უნდა შეფასებულიყო შემდეგი საფრთხეები:

1. მიმალვის საფრთხე,

2. ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე,

3. მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევის საფრთხე. აღნიშნული საფრთხეები სათანადოდ უნდა დასაბუთდეს. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისას სასამართლოს მსჯელობა არ უნდა იყოს ზოგადი, აბსტრაქტული და სტერეოტიპული ხასიათის”, - ნათქვამია განცხადებაში.

„აბსტრაქტულობასა და დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებული პრობლემა იდგა მაშინაც, როდესაც 2019 წლის 12 დეკემბრის N5544 დადგენილებით, ნიკანორ მელიას ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. მაშინაც, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა შაბლონური იყო და მასში საკმარისად არ იყო დასაბუთებული, რატომ უნდა ყოფილიყო გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა - წინასწარი პატიმრობა. გარდა ამისა, დასაბუთება არ ახლდა პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას, ნიკანორ მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეზღუდვის, ხოლო შემდგომ - თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ განჩინებას. გენერალური პროკურატურის მიერ არგუმენტების გასამყარებლად მოყვანილი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) რამდენიმე საქმე, რომელთა უმრავლესობა არათუ ფაქტობრივი გარემოებებით, არამედ ზოგადი დასაბუთების სტანდარტითაც კი არ მიესადაგებოდა ნიკანორ მელიას საქმეს.

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეზღუდვისას, არ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნული არაერთი დასაბუთებული შეფასება; შედეგად, არათანაზომიერად შეიზღუდა ნიკანორ მელიას, როგორც პარლამენტის წევრის უფლებები. თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას, ერთიან კონტექსტში არ განიხილა საქართველოს კონსტიტუციით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, საერთოდ არ მიიღო მხედველობაში პარლამენტის წევრის იმუნიტეტისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები.

ზოგადად, ნიკანორ მელიას წინააღმდეგ მიმდინარე ამ სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით და შემდგომში დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება, როგორც სახელმწიფოში არსებული ე.წ. შერჩევითი სამართლის ნათელი გამოვლინება, დაზარალებული და პასუხისგებაში მიცემული მოქალაქეებისა და დაზარალებული და პასუხისგებაში მიცემული სამართალდამცავების სტატისტიკურ მონაცემებს შორის არსებული თვალშისაცემი რაოდენობრივი განსხვავების გამო. ასევე, შერჩევით მართლმსაჯულებაზე მეტყველებს ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატიმრობის ღონისძიების გამოყენება და დღეს, მისი საპოლიციო ძალის გამოყენებით დაკავება”, - ნათქვამია განცხადებაში. „ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

1. თავი შეიკავოს ყველა ისეთი ქმედებისაგან, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური პროცესების ესკალაციას და დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი არსებული კრიზისის აღმოსაფხვრელად;

2. არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციას და სამოქალაქო დაპირისპირებას;

3. გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და რესურსები, მძიმე პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.

4. გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადებები და მოწოდებები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციისაკენ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა