კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, „ნაცმოძრაობის“ ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და ამავე პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებაზე ბევრი ითქვა და დაიწერა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ხელისუფლების მტკიცებით, რაც მოხდა, კანონის აღსრულება იყო, დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა ოპოზიციის პროვოკაციას აჰყვა. ხელისუფლების მხარდამჭერების თქმით კი, ხელისუფლებამ წარმატებული ოპერაცია ჩაატარა.

შეფასების თვალსაზრისით, როგორია მომხდარზე თქვენი ვერსია?

- სპეცოპერაციამდეც კარგა ხნით ადრე ჩანდა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თანდათანობით ებმებოდა იმ მახეში, რომელიც მას ოპონენტებმა დაუგეს. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით ხელი შეუწყო საკუთარი თავის აღმოჩენას მახეში.

ფაქტობრივად, ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით ხელი შეუწყო საკუთარი თავის აღმოჩენას მახეში

ხისტი პოზიცია, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია კონკრეტულად მელიას საქმესთან დაკავშირებით არ იყო ყველაზე მისაღები. ფაქტია, რომ დღევანდელი გადასახედიდან სწორედ ასე ჩანს.

მომხდარზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ რეაქციებმა დაადასტურა ის, რომ გზა, რომელიც ახალმა პრემიერმა ოპოზიციასთან ურთიერთობისათვის აირჩია, ვგულისხმობ ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზე კიდევ უფრო ხისტად და ავტორიტარულად პასუხის გაცემას, ქვეყანას უკეთესობისკენ ვერ წაიყვანს.

- ბრძანეთ, რომ ხელისუფლება ოპოზიციის პროვოკაციას წამოეგო. მომხდარზე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რომ უარყოფითი, ანდა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ექნებოდათ, ძნელად გასათვლელი არ უნდა ყოფილიყო. ხელისუფლებამ ვერ გათვალა თუ რა ხდება?

- გითხრათ სიმართლე, ეს მეც მიკვირს. ის თამაში, რომელიც ახლა ჩვენთან პოლიტიკურ სფეროში მიმდინარეობს ახალი არაა, 30 წელია ქართულ პოლიტიკაში სულ არჩევნების შედეგებზე კამათობენ და ვერ თანხმდებიან. ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ამბიციები უფრო სჭარბობს, ვიდრე რეალობის შეგრძნება.

სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ იმ ინტერესების წარმოჩენას, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ისინი იძულებულნი არიან მოსახლეობის მხარდაჭერის მისაღებად სხვადასხვა ხერხებს მიმართონ, მათ შორის რადიკალურს. ეს ეხება ყველა პარტიას, მათ შორის სახელისუფლებო პარტიასაც.

როცა იცი, რომ ქართულ პოლიტიკაში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ამგვარ თამაშებსაც თამაშობენ, შესაძლოა მოვლენები არასასურველი სცენარებითაც კი განვითარდეს, ხელისუფლების მოვალეობა და ვალდებულებაა მეტი წინდახედულება გამოიჩინოს.

ხელისუფლების მოვალეობა და ვალდებულებაა მეტი წინდახედულება გამოიჩინოს

- მომხდარზე ჩვენი ამერიკელი და დასავლელი პარტნიორების რეაქცია საკმაოდ მწვავე იყო. მათი შეფასებით დაძაბულობამ საშიშ დონეს მიაღწია, დროა უკუსვლა შეჩერდეს, რისთვისაც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი.

თქვენი დაკვირვებით, როგორ აღიქვეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებები ხელისუფლებამ და ოპოზიციამ?

- რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მელიას დაკავებამდე ხელისუფლებას იდეოლოგიურ-საინფორმაციო ომი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მოგებული ჰქონდა. საერთაშორისო თანამეგობრობა ოპოზიციას მოუწოდებდა შესულიყვნენ პარლამენტში. რაც ოპოზიციის ლიდერებს არ მოსწონდათ და გვახსოვს ამ თემაზე მათი კომენტარები.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ნიკა მელია დააკავა, ხელისუფლებას აქვს წაგებული საინფორმაციო ომი საერთაშორისო ასპარეზზე. ვითარება ოპოზიციის სასარგებლოდაა შემობრუნებული, რაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ქვეყანას.

თუ ხელისუფლებამ და კონკრეტულად პრემიერმა ღარიბაშვილმა ოპოზიციის მიმართ ხისტი რიტორიკა, დამოკიდებულება არ შეცვალა, აქედან ავტორიტარულ მმართველობაზე სრულად გადასვლის გარდა არაფერი აღარ არსებობს. ავტორიტარული მმართველობა საქართველოში არ გამოსულა და არც გამოვა.

თუ ხელისუფლებამ და კონკრეტულად პრემიერმა ღარიბაშვილმა ოპოზიციის მიმართ ხისტი რიტორიკა, დამოკიდებულება არ შეცვალა, აქედან ავტორიტარულ მმართველობაზე სრულად გადასვლის გარდა არაფერი აღარ არსებობს. ავტორიტარული მმართველობა საქართველოში არ გამოსულა და არც გამოვა

ერთადერთი გამოსავალია ხელისუფლებამ ოპოზიციის მიმართ შეცვალოს რიტორიკა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და გამონახოს პოლიტიკური გამოსავალი იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც ქვეყანაა აღმოჩენილი.

მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მანამდე არ ვემხრობოდი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც შესაძლოა წარმოიშვას, ყველაზე საუკეთესო და უმტკივნეულო გამოსავალი იქნებოდა ვადამდელი არჩევნების ჩატარება. თუ მხარეები ამაზე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან ერთად შეთანხმდებიან.

- მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაინახა მელიას დაკავებაზე დასავლელი პარტნიორების მყისიერი და უარყოფითი რეაქცია, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა - „მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში, განვაახლოთ გულწრფელი დიალოგიო.“

მელიას დაკავებამდე ოპოზიცია ელჩების მონაწილეობით ე.წ. მე-5 რაუნდის მოლოდინში იყო. მელიას დაკაევბის შემდეგ ამგვარი განცხადება გულწრფელი ნამდვილად არ ჩანს. ოპოზიციის ლიდერებმა ღარიბაშვილთან დიალოგზე უარი უკვე თქვეს...

- ღარიბაშვილის ამ განცხადებას პრობლემა ექნება არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ქვეყნის გარეთ ვერ გაიგებენ ამგვარ განცხადებას თუნდაც იმის გამო, რომ ცოტა ხნის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებს იგი ტერორისტებად და მოღალატეებად მოიხსენიებდა. მესმის თუ რატომ შეიცვალა მან რიტორიკა, ვგულისხმობ საერთაშორისო გამოხმაურებას მელიას დაჭერაზე.

როგორც ჩანს, მმართველ გუნდში ტემპერატურის დაწევაზე აიღეს გეზი, მაგრამ დიალოგისათვის მოწოდება, თან გულწრფელი დიალოგისკენ, არ უნდა იყოს მხოლოდ ტაქტიკური მოსაზრებებით გაკეთებული.

როგორც ჩანს, მმართველ გუნდში ტემპერატურის დაწევაზე აიღეს გეზი, მაგრამ დიალოგისათვის მოწოდება, თან გულწრფელი დიალოგისკენ, არ უნდა იყოს მხოლოდ ტაქტიკური მოსაზრებებით გაკეთებული

ამ ტიპის განცხადებები უნდა იყოს ნამდვილი პოლიტიკის ნაწილი. ეს კი ჯერჯერობით არ ჩანს. არ ჩანს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგის სურვილი ან გეგმა აქვს, რომ მართლა მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას და ეძებოს კონკრეტული გამოსავალი, რათა ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს.

- ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ღარიბაშვილის პრემიერად დაბრუნება ივანიშვილის გარეშე არ მოხდებოდა. მეტიც, გახარიას წასვლამ ცხადი გახადა, რომ 20 ივნისს ძალის გამოყენებაზე გადაწყვეტილება შს მინისტრს არ მიუღია და ყველა ხელს ივანიშვილისკენ იშვერს.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა გეგმები აქვს, როგორც ამბობენ, „კულუარებში ღრმად გადასულ“ ივანიშვილს?

- კითხვა ასედაც შეიძლება დავსვათ - არის კი გადასული ივანიშვილი კულუარებში? ამის მანამდეც ბევრს არ სჯეროდა. ახლა მას ჰქონდა შესანიშნავი საშუალება დაემტკიცებინა, რომ პოლიტიკაში არ ერევა. ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში არ ერევა, ამის მის მხურვალე მხარდამჭერებსაც არ სჯერათ.

ასეა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრემიერად ღარიბაშვილი დაინიშნა. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებებით ივანიშვილი შეეცადა არ ყოფილიყო პასუხისმგებელი პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე. იმის ფონზე, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე აუარესებს თავის შედეგებს, მას არ უნდოდა წაგებული წასულიყო პოლიტიკური სცენიდან.

- ჩვენი დასავლელი პარტნიორების გზავნილი ასეთი იყო - თქვენ შორდებით დასავლურ ვექტორს...

- ვიცით, რომ „ქართულ ოცნებაში“ სხვადასხვა ჯგუფები არსებობენ. გახარიას წასვლის შემდეგ გაიმარჯვეს ხისტი პოლიტიკის მომხრეებმა, პრემიერიც ამ ხაზის წარმომადგენელია. ამ ადამიანებში ოპონენტების მიმართ პიროვნული ზიზღი იმდენად დიდია, რომ ხანდახან ღალატობთ რეალობის შეგრძნება.

არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დასჯას 2012 წლიდან ითხოვდნენ. ახლა ქვეყანას სულ სხვა რამ სჭირდება. ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან თანამშრომლობისა და კონსტრუქციულობის ფორმატში. ეს ყველა ქვეყანას აქვს გავლილი და გადატანილი. სამწუხაროდ, ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ.

ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან თანამშრომლობისა და კონსტრუქციულობის ფორმატში, სამწუხაროდ, ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ

არც ერთ ქვეყანაში პოლიტიკურ ოპონენტებს ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ იმ საკითხებში, რაც ქვეყანას ეხება, ისინი ცდილობენ ერთმანეთთან ითანამშრომლონ.

- პრემიერი ღარიბაშვილი პარლამენტში გამოსვლისას საუბრობდა „ქართული ოცნების“ გეგმებზე 20/30-ის ფარგლებში. გვახსოვს, რომ 2030 წლამდე ხელისუფლებაში ყოფნასა და გეგმებზე ივანიშვილიც ხშირად საუბრობდა.

ამ თემებზე მსჯელობისას ბევრმა არ გამორიცხა, რომ ოპონენტების მიმართ ხისტი ნაბიჯების გადადგმით ივანიშვილს სურს დასავლეთისგან მეტი გარანტიები მიიღოს. შეიძლება ეს იყოს მიზეზი იმ მოვლენების, რაც უკანასკნელ დღეებში ჩვენში განვითარდა.

- ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა მოკლევადიან მმართველობაში შეუძლებელია. ამიტომ იგი მართლაც ხშირად საუბრობდა მის გეგმებზე 2030 წლამდე.

თანამედროვე დემოკრატიებში წარმოუდგენელია, რომ ერთი პარტია მართავდეს ამდენ ხანს ქვეყანას. ამგვარ მიდგომაში უკვეა ჩადებული გარკვეული სახის ავტორიტარიზმი. ესაა გზა არსაით, მით უმეტეს რომ ყოველი არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტნიორებში მისი შედეგები ეჭვებს იწვევდა და ახლა კიდევ უფრო მეტად იწვევს ეჭვებს.

არჩევნებისადმი ასეთ მიდგომას ავტორიტარიზმის იმ მოდელამდე მივყავართ, როგორც ბელარუსში და რუსეთშია. სუვერენულ დემოკრატიაზე იქაც საუბრობენ და ახლა უკვე ჩვენთან საუბრობს ახლად არჩეული პრემიერი ღარიბაშვილი.

არჩევნებისადმი ასეთ მიდგომას ავტორიტარიზმის იმ მოდელამდე მივყავართ, როგორც ბელარუსში და რუსეთშია. სუვერენულ დემოკრატიაზე იქაც საუბრობენ და ახლა უკვე ჩვენთან საუბრობს ახლად არჩეული პრემიერი ღარიბაშვილი

- თქვენ კი ბრძანეთ, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით არ ავლენს რესურსს შეცვალოს დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ, მაგრამ დასავლეთის რეაქციების გამო რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება კორექტივებს შეიტანს თავის გეგმებში იგივე ოპოზიციასთან მიმართებაში?

- წესით, ნორმალურ, კეთილგონიერ ხელისუფლებას დასავლეთის გამოხმაურებაზე რეაქცია უნდა ჰქონდეს. ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთობას ისეთი ფორმები აქვს შეძენილი, რომ ამის რევიზია ქვეყნის საგარეო ვექტორის შეცვლის გარეშე წარმოუდგენელია. ისიც ფაქტია, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა ვერანაირად ვერ მოხდება.

ასეთ ვითარებაში აუცილებელია შიდა პოლიტიკაში ხელისუფლების ტონმა და რიტორიკამ დაიწიოს, მაგრამ რამდენად გააჩნია ამის რესურსი თავად ახალ პრემიერ ღარიბაშვილს.

- ვარაუდი, რომ მელიას „ქეისი“ ხელისუფლებისთვის სერიოზული ტესტი აღმოჩნდა უკვე ვიცით, მაგრამ მოძებნის ოპტიმალურ გამოსავალს ხელისუფლება?

- ამაში არ ვარ დარწმუნებული, რადგან ახლა ხელისუფლება სწორედ თავისი ხისტი რიტორიკის მძევალია. ერთდროულად იმაზე საუბარი, რომ ოპოზიციაში ტერორისტები და მოღალატეები არიან და თან მოწოდებები დიალოგისკენ გაუგებარია. ხელისუფლებამ თავის რიტორიკაში ძალიან შორს შეტოპა, ახლა მუხრუჭებს კი დააჭირა, მაგრამ რა გამოვა, ძნელი სათქმელია.

ხელისუფლება თავისი ხისტი რიტორიკის მძევალია

ძნელი სათქმელია იმის გამო, რომ ოპოზიციამ იცის, ხელისუფლებას მათრახის გამოყენება უფრო გამოსდის, ვიდრე თაფლაკვერით გამასპინძლება. აშკარაა, რომ ხელისუფლება თაფლაკვერის გაცემაში მომჭირნეობას იჩენს. ფაქტია, რომ ხელისუფლება ტაქტიკურ სვლებში მოიკოჭლებს.

- ოპოზიციამ მასშტაბური აქციები და დამოუკიდებლობის დაცვისთვის ბრძოლა დაანონსა. რამდენად მასშტაბური იქნება ეს მოძრაობა, ძნელი სათქმელია, მაგრამ უკვე დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ მას პერმანეტული ხასიათი ექნება.

ცხადია სხვა რამ - პოლიტიკური პროცესი თავისით რომ არ დაშოშმინდება. ასეთ ფონზე რამდენად რეალისტურად გამოიყურება ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა?

- იმ დინამიკიდან გამომდინარე რასაც ვხედავთ, ამ ეტაპზე ყველაზე უმტკივნეულო და სამართლიანი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. მართალია ახლა ოპოზიციას ფრთები აქვს შესხმული საერთაშორისო მხარდაჭერის გამო, მაგრამ ოპოზიციის ლიდერებმა უნდა დაამტკიცონ, განსაკუთრებით დასავლეთის თვალში, რომ მათაც აქვთ ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. რამდენად სანდოები არიან ისინი, როგორც პოლიტიკური აქტორები.

იმ დინამიკიდან გამომდინარე რასაც ვხედავთ, ამ ეტაპზე ყველაზე უმტკივნეულო და სამართლიანი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ იმავე საერთაშორისო თანამეგობრობას მათ მიმართ საკმაოდ ბევრი კითხვები ჰქონდა. ოპოზიციასაც აქვს დასამტკიცებელი თუ რა რესურსი აქვს მას იმისათვის, რომ მათი მოქმედება მომავალში უფრო გასაგები და პროგნოზირებადი იქნება.

დასავლეთმა უნდა იცოდეს ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები საქართველოში.

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ვადამდელი არჩევნები კიდეც რომ ჩატარდეს, არა მგონია ერთმა პარტიამ შეძლოს ძალაუფლების ხელში აღება.

არც „ქართული ოცნება“ გაქრება და არც „ნაცმოძრაობა“, მაგრამ თუ მრავალპარტიული დემოკრატია მივიღეთ, სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის მიღწევა უფრო შესაძლებელი იქნება...

- თუ ვადამდელ არჩევნებში სავარაუდოდ იგივე შედეგი მივიღეთ, თავს იჩენს ქართული პოლიტიკის მთავარი პრობლემა - ოპონენტებს არა აქვთ მიდრეკილება სადავო თემებზე კონსენსუსს მიაღწიონ. ჩვენთან კონსენსუსი და დათმობა ზოგადად მიიჩნევა სისუსტედ. ვიდრე ჩვენ ამგვარი მენტალობა გვექნება, ყოველთვის გაგვიჭირდება პოლიტიკურ ძალებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის სურათის ხილვა.

ჩვენთან კონსენსუსი და დათმობა ზოგადად მიიჩნევა სისუსტედ. ვიდრე ჩვენ ამგვარი მენტალობა გვექნება, ყოველთვის გაგვიჭირდება პოლიტიკურ ძალებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის სურათის ხილვა

არადა, ჩვენ თუ მართლა გვსურს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთთან თანამშრობლობა უნდა ისწავლონ. გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატებს და სოციალ-დემოკრატებს ერთმანეთი გულზე არ ეხატებათ, მაგრამ ამომრჩევლების დაკვეთის გამო იძულებული იყვნენ ერთად შეექმნათ სამთავრობო კოალიცია.

ჩვენი პრობლემა ისა, რომ ჩვენში პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთი მიაჩნიათ მტრად. მეტოქეობასა და მტრობას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. თუ პოლიტიკურმა კლასმა ამგვარი მენტალობა არ დაძლია და კონსენსუსისკენ დაბიჯების გადადგმა ვერ ისწავლა, არაფერი არ გამოვა. საპარლამენტო რესპუბლიკის ფარგლებში ოპონენტებს შორის თანამშრომლობა გარდაუვალია და ეს პოლიტიკოსებმა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა უნდა გაიგონ.

ჩვენში პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთი მიაჩნიათ მტრად. მეტოქეობასა და მტრობას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა

რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს შემდეგი არჩევნები, ჩვენში უნდა დასრულდეს ნულოვან ჯამიანი თამაში, როცა ერთს სურს გაანადგუროს მეორე. ჩვენთან 30 წელია ასეა და ეს უნდა დასრულდეს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს