ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021

მელიას ლამის ეხვეწებიან, ციხიდან გამოდიო - პროკურატურის შეთავაზებას არესტანტი ჯიუტად უარით პასუხობს

უშველის თუ არა ლარის კურსს ირაკლი ღარიბაშვილი?

ფაშინიანს “ისკანდერების” კრიტიკა შესაძლოა სამხედრო გადატრიალებად დაუჯდეს - როგორ აისახება ეს საქართველოზე

* * *

მელიას ლამის ეხვეწებიან, ციხიდან გამოდიო - პროკურატურის შეთავაზებას არესტანტი ჯიუტად უარით პასუხობს

“პროკურატურა ენმ-ის დაკავებულ ლიდერს შანსს აძლევს, რომ ციხე დატოვოს. ამისთვის კი გირაო უნდა გადაიხადოს, 40 ათასი ლარი. თუმცა, როგორც ჩანს, გირაოს გადახდას, ნიკა მელია არც ახლა აპირებს. თავიდან მისმა თანაპარტიელმა ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ “ის არასოდეს არ გახდება ბიძინა ივანიშვილის უსამართლობის თანამონაწილე”. მერე კი ადვოკატმა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე განაცხადა, რომ გირაო გადახდილი არ იქნება. ხუთშაბათს, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ მელია კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა, გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც პროკურორმა თქვა, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით მიმართავს. გენერალურმა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულის ადვოკატების სააპელაციო სარჩელი დაუშვებლად ცნო სასამართლომ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მელიას ლამის ეხვეწებიან, ციხიდან გამოდიო - პროკურატურის შეთავაზებას არესტანტი ჯიუტად უარით პასუხობს.

ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა თვითმიზანი. ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე”, - თქვა გულუაშვილმა. თუმცა, როგორც ჩანს, მიუხედავად ამისა, მელია გირაოს არც ახლა გადაიხდის. აი, რას ამბობს პროკურორის განცხადების კომენტირებისას ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე. “მოვისმინეთ აბსურდული და სხვათა შორის, ხაზი მინდა გავუსვა, შეშინებული განცხადება პოლიტიკური პროკურატურის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში პროკურატურა, როგორც ასეთი ინსტიტუტი არ არსებობს და მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ემსახურება. პროკურატურის ეს განცხადება, ემსახურებოდა იმას, რომ ნიკამ გადაიხადოს გირაო და მხოლოდ ამ უსამართლობაში თანამონაწილეობით თავისუფლება მიიღოს. ამიტომ ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იდეისთვის ბრძოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლა რჩება იგივე. ნიკა არის ძალიან მხნედ, კარგად, დიდი შემართებით და ის არასოდეს არ გახდება ბიძინა ივანიშვილის უსამართლობის თანამონაწილე”, - თქვა დეკანოიძემ. მერე ადვოკატმა უკვე დაუფარავად თქვა, რომ მელია გირაოს არ გადაიხდის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფაქტია ერთია, რომ ნიკა მელიამ პრინციპულად განაცხადა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის იმიტომ, რომ ეს არის არაკანონიერი მოთხოვნა, მას აქვს პრინციპული პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამავდროულად სასამართლო განხილვის დროს ფაქტიურად დადასტურდა, რომ ნიკა მიმართ პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. პროკურორის ბრიფინგისას ჩვენ მოვისმინეთ, რომ ნიკა მელია პატიმრობაში იმყოფება არა იმიტომ რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ამოცანები იქნეს მიღწეული, არამედ იმიტომ, რომ ნიკა მელიას არ აქვს გირაოს თანხა გადახდილი. გირაოს მცველებად გვევლინებიან. კარგად გვესმის ის მძიმე მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ხელისუფლება იმყოფება. ისინი ცდილობენ თავიანთ ამომრჩეველთან სახის შენარჩუნებას, რადგან ისინი გულზე მჯიღს იცემენ”, - განაცხადა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. არ არის გამორიცხული, რომ თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის წინ “ოცნებამ” მელიას გათავისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მანამდე კი ევროპარლამენტის წევრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ერთობლივ წერილს უგზავნიან და მოუწოდებენ, თბილისში ვიზიტის დროს პარტიათაშორისი დიალოგის განახლებაზე იმუშაოს. მათ შეშფოთება გამოთქვეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის პატიმრობის, ასევე იმის გამო, თუ როგორ და რა ფორმით მოხდა ნიკა მელიას დაკავება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ვერ უგულებელყოფს არსებულ ვითარებას. მათი თქმით, ძალის გამოყენება და რევანშიზმი დომინანტური ტენდენცია გახდა, პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. “ნაციონალურ მოძრაობაში” სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აცხადებენ, რომ მართლმსაჯულებისადმი უნდობლობის მიუხედავად მაინც პატივისცემა გამოიჩინეს პროცედურების მიმართ და სწორედ ამიტომ შეიტანეს საჩივარი სააპელაციო სასამართლოშიც. სამწუხაროს უწოდებს “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელი იმას, რომ ეს საშუალებაც არ იქნა გამოყენებული სიტუაციის განსამუხტავად. “სტრატეგია აღმაშენებელში” ამბობენ, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება, პაატა მანჯგალაძის თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ენმ-ს ლიდერის მიმართ შერჩევით სამართალს ჰქონდა ადგილი”, - დასძენს გამოცემა.

“ლელოს” წევრი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ კანონის ხარვეზის მიუხედავად სასამართლოს შეეძლო ეს საჩივარი წარმოებაში მიეღო. ამბობს, რომ ამ პროცესებში მთავარი პრობლემა პოლიტიკურ ნებაშია - სწორედ პოლიტიკური ნება იყო ნიკა მელიასთვის პატიმრობა შეფარდებაც და ამის აღსრულებაც. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სამართლებრივად ყველაფერი სწორად განვითარდა და სასამართლოს არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. “რეალურად რა უნდა ექნა შემდგომ ინსტანციას და როგორ უნდა გამოეყვანა ეს სიტუაცია სხვანაირად, რომ მელიას ეს არ ჩაუდენია, არ გაუკეთებია, სამაჯური არ შეუბამს და არ მოუხსნია და არ გადაუგდია? ე.ი. დათანხმებოდა ადვოკატების კონცეფციას, რომ არ არსებობს სასამართლო, ვერ დაიჭერენ, არც გადაიხდის და არაფერი არ მოხდება? რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ პოლიტიკური სიმპათიებიც კი რომ ჰქონდეს ვინმეს მიმართ?” - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, - წერს სტატიის ავტორი.

“სასამართლოს არაფრის დიდებით არ უნდა ეხელმძღვანელა პოლიტიკური მიზანშეწონილობით და სხვა კრიტერიუმებით, რომელიც სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებს სცილდება. მართებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული სასამართლოს მხრიდან, რომელმაც ახსნა, რომ ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული გასაჩივრების ის მექანიზმი, რომელსაც მიმართეს ნიკანორ მელიას ადვოკატებმა. ამის გასაჩივრების წესი განსხვავებულია, აქედან გამომდინარე, საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული,” - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

უშველის თუ არა ლარის კურსს ირაკლი ღარიბაშვილი?

“ლარი გაუფასურება დაიწყო და ვერც მთავრობა, ვეღარც ეროვნული ბანკი ამ პროცესს ვერ აჩერებს. ის, რომ პრემიერ-მინისტრი შეიცვალა და ეკონომიკაში შეზღუდვები იხსნება, დიდ გავლენას ამ მხრივ ვერ მოახდენს. ყოველ შემთხვევაში, ქვეყანაში არავის სჯერა, რომ ლარს რამე უშველის. ლარის კურსი უკვე 3,33-ს მიუახლოვდა, რასაც ეკონომიკურ ფაქტორთან ამ ეტაპზე ნაკლები კავშირი აქვს, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ეროვნულ ვალუტას ახლა ყველაზე მეტად პოლიტიკური პროცესების გავლენა აუფასურებს. კურსი რომ უფრო მაღლა არ წავიდა, ეს მხოლოდ სებ-ის ინტერვენციების შედეგია. როგორც ანალიტიკოსები ფიქრობენ, ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერება ამ მდგომარეობას ვერ შეცვლის, რადგან არ აქვთ იმედი, რომ სავალუტო პრობლემის გამო ქვეყანაში ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “უშველის თუ არა ლარის კურსს ირაკლი ღარიბაშვილი? / ახალ პრემიერს სიმკაცრის გამოჩენა ამ მიმართულებითაც მოუწევს, რომ ბაზარზე სპეკულაციები აღიკვეთოს.

“ასე ფიქრობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია, რომლის განცხადებითაც, კურსზე ჯერჯერობით დადებით გავლენას ვერც შეზღუდვების მოხსნა მოახდენს, რადგან ლარი ძირითადად პოლიტიკური პროცესების გავლენის ქვეშას არის მოქცეული. “პრემიერ-მინისტრად ვინც არ უნდა მოვიდეს, ეროვნული ბანკი არის იურიდიულად დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ემორჩილება რეალურად ფედერალურ სარეზერვო სისტემას. არაოფიციალურად ასეა. მისი მთავარი ფუნქცია ინფლაციაზე თვალყურის მიდევნებაა, გაცვლით კურსზე პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს. იმავდროულად ასევე ბევრი ფუნქცია აქვს ნაკისრი, რაც მისი პრეროგატივა არ უნდა იყოს. მაგალითად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, სადაზღვევო, მიკროსაფინანსო ბაზრების რეგულირება და სხვა. ახალი პრემიერი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს სებ-ზე, თუმცა რაც შეუძლია მთავრობას ისაა, რომ პრობლემური სესხები ჩამოაწერონ მოქალაქეებს. ისედაც ასეულობით მილიონობით ლარის მოგებას ინარჩუნებენ ბანკები! რაიმე ბერკეტს ვერ ვხედავ, რომ ახალი პრემიერი სებ-ის საქმიანობაში ჩაერევა და ამით კურსი გამყარდება”, - ამბობს ნიკა შენგელია, რომლის აზრით, “ცხადია, ვერც ეკონომიკის გაშვება მიიჩნევა ლარისთვის შვებად”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მართალია, 1 -ლი მარტიდან შეზღუდვების დიდი ნაწილი უქმდება, მაგრამ 1 თვე მაინც იქნება საჭირო, რომ სასტუმროები და რესტორნები ამუშავდეს. ვინ შევა სასტუმროში, ესეც უკვე შეიძლება სერიოზულ პრობლემას იქცეს“, - თვლის შენგელია. რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, პოლიტიკური პროცესების გამო ადგილი აქვს ქვეყნიდან ფულის გადინების არასახარბიელო ტენდენციას, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფითად მოქმედებს. ლართან დაკავშირებით პოლიტიკური პროცესების გავლენასა და ეკონომიკური გუნდის შეცდომებზე გააკეთა აქცენტი ფინანსისტმა დავით წიქარიძემ, რომელიც აცხადებს, რომ კურსთან დაკავშირებით ახალი პრემიერის დანიშვნა მდგომარეობას უკეთესობისკენ ვერ შეცვლის”, - დასძენს გამოცემა.

“არარეზიდენტი ორგანიზაციები, რომლებსაც ფული დაბანდებული აქვთ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ან “ცხელი ფული” აქვთ შემოტანილი, კაპიტალი ქვეყნიდან გააქვთ. როგორც ხდება ხოლმე, ასეთი ფული “ინვესტიციებად” მიიჩნევა, მაგრამ აქედან 45% მიდის ფინანსურ ბაზარზე. მართალია, ფორმდება, როგორც ინვესტიცია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის “ცხელი ფული”, რომლის გასტუმრების შემდეგ ხდება ქვეყნიდან კაპიტალის გატანა. როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ პოლიტიკური არეულობა იწყება ქვეყანაში, ცდილობს მაქსიმალურად სწრაფად დააკონვერტიროს ფული დოლარში და გაიტანოს ქვეყნიდან. შესაბამისად, სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა იზრდება. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში საგრძნობი გაუფასურება მოსალოდნელი და დროულად უნდა მიიღოს ზომები ეროვნულმა ბანკმა, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორიც არ ჩაერთოს. ბუნებრივია, კურსი თუ უფასურდება, ერთვება აჟიოტაჟის ფაქტორი და ხალხი ყიდულობს დოლარს, სჭირდება თუ არა. არის კიდეც ამის ნიშნები, ლარის კურსმა აშკარად დაიწყო გაუფასურება. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაციაა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა შენგელია.

“ლარის კურსს ვერც ახალი პრემიერი უშველის, ეს გამორიცხულია. ეკონომიკა დანგრეულია, კიდევ კარგად ინარჩუნებენ კურსს ამ მდგომარეობაში. საკადრო ცვლილებები, ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. რა შედეგზეა საუბარი, თუკი რეფორმა არ გატარდა და ხარჯი არ შეამცირეს, არაფერი გამოვა. არათუ შემცირება, ბიუროკრატიის ზრდაზეა აქცენტი. ჯერ ინტერვენციებით როგორღაც აცოცხლებენ ლარს და მერე ალბათ ეს რესურსიც ამოუწურება. საქართველოსთვის ახლა ის პერიოდია, როცა არავინ ფიქრობს ინვესტიციებზე, ლარის გამყარებაზე, ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, პოლიტიკურ ჭიდაობაშია ჩართული მთავრობის მთელი შემადგენლობა. ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა ყველაზე მეტად სავალუტო ბაზარს აწვება. დიდი პრობლემაა მოსალოდნელი და მთავრობას ეკონომიკის კოლაფსიდან გამოყვანის არანაირი გეგმა არ გააჩნია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით წიქარიძე.

ფაშინიანს “ისკანდერების” კრიტიკა შესაძლოა სამხედრო გადატრიალებად დაუჯდეს - როგორ აისახება ეს საქართველოზე

“სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს რუსული “ისკანდერების” მწვავე კრიტიკა შესაძლოა სახედრო გადატრიალებისა და მისი ძალადობრივად გადაყენების ფასად დაუჯდეს, რითაც რეგიონში რუსეთის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება და საქართველო შესაძლოა ალყაშიც კი მოექცეს. ფაშინიანის განცხადებას, რომ რუსული სარაკეტო კომპლექსი არაეფექტურია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გულისწყრომა გამოიწვია, ფაშინიანმა კი ეს სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენშტაბის უფროსი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ფაშინიანს “ისკანდერების” კრიტიკა შესაძლოა სამხედრო გადატრიალებად დაუჯდეს - როგორ აისახება ეს საქართველოზე.

“პრემიერის მხარდამჭერებმა ერევნის ცენტრალურ რესპუბლიკის მოედანზე აქცია-მსვლელობა გამართეს, რის პარალელურადაც ოპოზიციურმა ძალამ “მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად” მოქალაქეებს მოუწოდა თავისუფლების მოედანზე შეიკრებილიყვნენ და სომხეთის შეიარაღებულ ძალებისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ. სომხური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას პოლიციის ოფიცრებიც შეუერთდნენ, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი კი სომეხ ხალხს მოუწოდებს, რომ შეიარაღებული ძალების გვერდით დადგნენ. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სომხეთში არსებული დაძაბული ვითარების უკან კრემლი დგას, რადგან პუტინი ფაშინიანს სარაკეტო კომპლექსის შეურაცხყოფას და სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარს არ აპატიებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს ყველაფერი იმ პოლიტიკურ პოლემიკას მოჰყვა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ არმენ სარქისიანისა და ფაშინიანს შორის გაიმართა, საუბარი კი ისკანდერის თაობაზე იყო, ფაშინიანმა რუსეთის ყველაზე მძლავ შეიაღარებას არასრულყოფილი, ვადაგასული და არაეფექტური უწოდა, რამაც სომხეთის გენშტაბის უფროსისა და მისი მოადგილის პრემიერ-მინისტრისადმი ცინიკური კომენტარები გამოიწვია. დღეს დილას კი პაშინიანმა თანამდებობიდან ორივე გადააყენა, რასაც მთელი არმია არ დაეთანხმა. მათ კი პაშინიანს და მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ ისინი არაეფექტური მმართველები არიან და მათი გადადგომა მოითხოვეს. ამის საპასუხოდ კი ფაშინიანმა მომხრეების მობილიზება დაიწყო, მან გარკვეული რაოდენობის მომხრეების შეკრება მოახერხა, როგორც ჩანს მის მხარეზე პოლიცია და შინაგანი ჯარებია, მაგრამ მთლიანად არმია მის წინააღმდეგაა და ამბოხებულებმა ულტიმატუმი გაიმეორეს. პლიუს ამას ამბოხებულების მხარეზე გაერთიანებული ოპოზიციაა, სადაც 17 პოლიტიკური პარტიაა და, როგორც ჩანს, ისინიც შეუერთდებიან. სიტუაცია უმძიმესია, არცერთი მხარე პოზიციას არ თმობს, როგორც ჩანს ორივე მხარე საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებისათვის ემზადება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა ვახტანგ მაისაია.

“არაა გამორიცხული, რომ არმიის ნაწილები ერევანში შევიდნენ და სტრატეგიული ობიექტები დაიკავონ, სამხედრო საბჭო შექმნან. სომხეთის პრეზიდენტმა “ისკანდერების” თემა ძალიან საეჭვოდ შემოაგდო. პოლემიკა მან დაიწყო და ასევე ძალიან საეჭვოდ დუმს. როგორც ჩანს სიტუაცია სერიოზულადაა, რადგან სომხეთის ტელევიზიებმა ყოველგვარი გადაცემები შეაჩერეს და პაშინიანის მომხრეების გამოსვლებს აჩვენებენ. ეს ამბავი ჩილეში 1973 წლის 11 სექტემბრის გადატრიალების სცენარს ძალიან წააგავს, რა დროსაც მთლიანი არმია პრეზიდენტის წინააღმდეგ იყო, სამხედრო გადატრიალება მოახდინა და პრეზიდენტი დაამხო. იმედია, რომ საქმე ასეთ სცენარამდე არ მივა. ამ გადატრიალების უკან ორი მოტივის გამო აშკარად კრემლი ჩანს. პირველი ის, რომ ფაშინიანს ისკანდერების აუგად ხსენებას არ აპატიებენ იმიტომ, რომ ეს მათი სიამაყეა, პუტინს, მის სამხედრო-საბრძოლო კომპლექსს და სამხედრო ელიტას სილა გააწნა, სამხედრო ქსელებში ფაშინიანის მოსხსენიება უკვე უცენზურო სიტყვებით ხდება”, - განაგრძობს ექსპერტი.

“მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ფაშინიანმა კრემლს უარი უთხრა, რომ სომხეთში მეორე სამხედრო ბაზა გახსნილიყო, რომელიც სავარაუდოდ მთიან ყარაბაღთან ახლოს იქნებოდა და სამხედრო კონტინგენტი 5 ათასიდან 15 ათასამდე გაიზრდებოდა. ფაშინიანი საგარეო კურსს ასე თუ ისე აბალანსებდა და მოსკოვის ამბიციებს თოკავდა. თუ მისი ძალადობრივი კუთხით გადაყენება მოხდება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ რეგიონში რუსეთის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენ პირდაპირ ალყაში აღმოვჩნდებით, აქ რუსეთი უკვე სავარაუდოდ ჩვენთანაც რაღაცას შეეცდება, მით უმეტეს ჩვენთანაც სახელმწიფოებრივი კრიზისია, თან სომხეთში ძალის პირდაპირი დემონსტრირება ხდება”, - მიიჩნევს მაისაია.

იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
ირაკლი მელაშვილი - იმგვარ ვითარებაში, რომელშიც ვართ, საქართველოში ძალოვნებმა დაღუპეს ყველა ხელისუფლება და ახლა დაღუპავენ ამ ხელისუფლებასაც
კრიპტალი მომხმარებლებს 1 მილიონ შიბა ინუს (ელექტრონული ფული) ჩუქნის
BDO Digital-ი SWIFT-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს
ქართული უნივერსიტეტი საერთაშორისო კონკურსში ნომინაციის ,,მომავლის განათლება’’ გამარჯვებული გახდა