ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ექსთანაშემწის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას სოხუმის ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ექსთანაშემწის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას სოხუმის ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან დღეს 200-მდე ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელიც ე.წ. პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ბენურ კვირაიას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლასთან იყო დაკავშირებული.

შეკრებილების სურვილი იყო, რომ ე.წ. პარლამენტს შეეფასებინა კვირაიას ეს საქციელი.

ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებილებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა მაშინ, როდესაც შეკრებილებს შენობაში შესვლა სურდათ.

მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომლის განცხადებით, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე კვირაია გადავიდა 25 თებერვალს არა, როგორც ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი, რადგან 19 თებერვალს ის უკვე გადამდგარი იყო თანამდებობიდან „და მისთვის არავის დაუვალებია მოლაპარაკებები ეწარმოებინა საქართველოს ხელისუფლებასთან“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახალხო მოძრაობის ლიდერმა ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ „პრეზიდენტისგან“ აინტერესებთ, საით მიდის აფხაზეთი.

„რა საჭიროა პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ ფოტოსურათებზე ხედავენ და მხოლოდ იმისთვის გადაადგილდება, რომ ვინმე დააჯილდოვოს. თუკი სიტუაცია ასე გაგრძელდება, ის შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს. ჩვენ ეს არ გვინდა. არ არის საჭირო ვითარების გამწვავება“ , - განაცხადა არძინბამ.

ასლან ბჟანიას ყოფილმა თანაშემწემ ბენურ კვირაიამ სააგენტო „სპუტნიკთან“ კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მის გადასვლასთან დაკავშირებით:

„მე ვარ სააქციო საზოგადოება „სკურჩას“ ხელმძღვანელი. ეს არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა. მე ვიყავი საქართველოში არა პრეზიდენტის დავალებით. 18 თებერვალს ვთხოვე, რომ უნდა წავსულიყავი, მაგრამ პრეზიდენტმა უარი მითხრა, რომ ვიდრე თანაშემწე ვიყავი, ვერ წავიდოდი საქართველოში. 19 თებერვალს მე ჩავაბარე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მე ვიყავი საქართველოში და კიდევ წავალ. ეს არის ჩემი კერძო ვიზიტი, რათა მოვიზიდო დიდი ინვესტიციები ჩვენი სამშობლოსთვის. მინდა პორტის, დიდი სასტუმროების აშენება, მინდა აფხაზეთში ბევრი ფულის მოზიდვა, რათა ჩემმა ხალხმა სიღარიბეში არ იცხოვროს. მე მეომარი ვარ და დაწყებული 1989 წლიდან ვიმყოფები აფხაზეთის განმათავისუფლებელ მოძრაობაში და ყველა ოპერაციაში ვმონაწილეობდი. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი სამშობლო აყვავდეს. მინდა ვკითხო იმ პარტიებს, რომლებმაც ხმაური ატეხეს, გააჩნიათ თუ არა რაიმე პროგრამა ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, თუ მუდმივად უნდა ვიყოთ რუსეთის დოტაციაზე?, “- განაცხადა კვირაიამ.

კვირაიას თქმით, ის ერთადერთი არ არის, ვინც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დადის, არიან საქართველოს მოქალაქეები, ვინც გადადის და ასევე მიდიან სამკურნალოდაც.

მისი თქმით, ის გაემგზავრა იქ იმიტომ, რომ მეგობარი ბიზნესმენი რუსეთიდან ჩამოუვიდა, რომელსაც შეზღუდული ჰქონდა დრო.