ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეს, რონდელის ფონდის მკვლევარს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, მეზობელ სომხეთში უკიდურესად გამწვავებული პოლიტიკური ვითარებაა. ოპოზიცია პრემიერ ნიკოლ ფაშინიანისგან გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ადგილობრივ დამკვირვებელთა უმრავლესობა სომხეთში განვითარებულ პროცესების უკან კრემლს მოიაზრებს. თუ პუტინს სურს ერთგული დარჩეს მოსკოვს, ბაქოსა და ერევანს შორის 10 ნოემბერს ყარაბაღთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების, ფაშინიანის წასვლა არ უნდა აწყობდეს, ვინაიდან ფაშინიანის ოპოზიცია ომის წაგებაში სწორედ მას ადანაშაულებს და ხელისუფლებისგან ყარაბაღისთვის ომს ითხოვს.

შესაძლოა, ახლა პუტინს სომხეთის მმართველობაში ისევ „ყარაბაღული კლანის“ დაბრუნებაც აწყობდეს ბაქოზე ზეწოლისათვის. როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა სომხეთში ხდება და სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები სომხეთში?

- ვფიქრობ, რომ სომხეთთან დაკავშირებით ფართო რეგიონულ სურათს უნდა შევხედოთ. ის, რაც დღეს სომხეთში ხდება, რუსეთის კავკასიაში დაბრუნების დიდი გეგმის ნაწილია.

ის, რაც დღეს სომხეთში ხდება, რუსეთის კავკასიაში დაბრუნების დიდი გეგმის ნაწილია

ამ გეგმის ნაწილი იყო ყარაბაღის მეორე ომიც, სადაც რუსეთის პოზიციის გამო პროდასავლელ ფაშინიანს მიეწერა ომში დამარცხებულის იარლიყი, რის შემდეგაც რუსებმა დაიწყეს აქტიური ქმედებები მისი პრორუსული ხელისუფლებით ჩანაცვლების მიზნით.

მაგრამ რამდენადაც რუსებმა სამოქალაქო პროტესტით ვერ შეძლეს ფაშინიანის გადაყენება, ახლა აამოქმედეს რუსეთში "განათლებამიღებული" სომეხი სამხედროები, რომლებმაც ფაშიანიანის გადაყენება მოიწადინეს.

ფაშინიანის მხარეს კი არის ხალხის ნაწილი და პოლიცია. მის წინააღმდეგ - რუსეთი, ოპოზიცია და სამხედროები. ასეთი დაყოფა სახიფათოა ნებისმიერი ქვეყნისთვის და მათ შორის სომხეთისთვისაც - რამდენჯერმე უკვე იყო ფიზიკური დაპირისპირებები ერევნის ქუჩებში ფაშინიანის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

რუსეთში "განათლებამიღებულმა" სომეხმა სამხედროებმა ფაშიანიანის გადაყენება მოიწადინეს. ფაშინიანის მხარეს კი არის ხალხის ნაწილი და პოლიცია. მის წინააღმდეგ - რუსეთი, ოპოზიცია და სამხედროები. ასეთი დაყოფა სახიფათოა ნებისმიერი ქვეყნისთვის და მათ შორის სომხეთისთვისაც

რა თქმა უნდა, შიდადაპირისპირების ეს სცენარიც რუსეთშია დაწერილი. სხვა თუ ვერაფერში ვარგიან, ამ საქმის ნამდვილი დიდოსტატები არიან. 90-იანიწლების საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ ამ სცენარში მხოლოდ ქვეყნების დასახელებები და მოქმედი პირების სახელები და გვარები იცვლება ხოლმე.

თუ ფაშინიანი გადააყენეს, სომხეთის ხელისუფლებაში ღიად პრორუსული ძალები მოვლენ. ეს კი მკვეთრად უარყოფითისკენ შეცვლის უსაფრთხოების გარემოს მთელ კავკასიაში და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა - საქართველოსთვის, სადაც კიდევ უფრო გაძლიერდება რუსული ზეწოლა.

თუ ფაშინიანი გადააყენეს, სომხეთის ხელისუფლებაში ღიად პრორუსული ძალები მოვლენ. ეს კი მკვეთრად უარყოფითისკენ შეცვლის უსაფრთხოების გარემოს მთელ კავკასიაში და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა - საქართველოსთვის, სადაც კიდევ უფრო გაძლიერდება რუსული ზეწოლა

- ბევრი კი თვლის, რომ ახლა კრემლს საქართველოსთვის არ სცალია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი სამხრეთ კავკასიას, ისევე როგორც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს თავის „უკანა ეზოდ“ მიიჩნევს, წარმოუდგენელია ის, რაც ახლა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ხდება, მოსკოვს არ ახარებდეს.

ძნელი დასაჯერებელია, მმართველ ძალასა და ოპოზიციაში არ ესმოდეთ, რომ საქართველოში დაულაგებელი და არეული შიდა პოლიტიკა მოსკოვს წიქვილზე წყლის დასხმის ტოლფასია.

რა გავლენა შეიძლება იქონიოს სომხეთი მოვლენებმა ჩვენთან შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე?

- რაც შეეხება ზემოხსენებული დიდი გეგმის საქართველოს შემადგენელს, აქ რუსეთს ოდნავ განსხვავებული მიზანი აქვს - მას თბილისში ხელისუფლების შეცვლაზე მეტად სურს, რომ ქვეყანამ დასავლური განვითარების გზას გადაუხვიოს, რასაც ვხედავთ კიდეც.

თუმცა, ცხადია, რომ რუსეთს საქართველოში ვერ ექნება ადვილი "გასეირნება", რადგან ქართული საზოგადოების უმრავლესობა პროდასავლურადაა განწყობილი და დასავლეთიც აქტიურობს.

რუსეთს საქართველოში ვერ ექნება ადვილი "გასეირნება", რადგან ქართული საზოგადოების უმრავლესობა პროდასავლურადაა განწყობილი და დასავლეთიც აქტიურობს

ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც აქვს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. მათგან ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეს, რადგან იგი ფლობს ყველა რეალურ ბერკეტს და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება.

ყველაგან ხელისუფლებას უფრო მეტი მოეთხოვება. საჭიროა, რომ ქვეყნის ინტერესები პარტიულ ინტერესზე მაღლა დადგეს. არეულობა და არასტაბილურობა ასუსტებს ისედაც სუსტ ქართულ სახელმწიფოს და ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესშია.

ყველგან ხელისუფლებას უფრო მეტი მოეთხოვება. საჭიროა, რომ ქვეყნის ინტერესები პარტიულ ინტერესზე მაღლა დადგეს. არეულობა და არასტაბილურობა ასუსტებს ისედაც სუსტ ქართულ სახელმწიფოს და ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესშია

თუ რუსეთმა ფაშინიანი ხელისუფლებას ჩამოაშორა, სომხეთი დიდი ხნით აღმოჩნდება სრულ რუსულ ორბიტაზე. ასეთ სიტუაციაში კი მოსკოვში უფრო მეტად მოიცლიან ჩვენთვის და გაძლიერდება ზეწოლა საქართველოს ხელში ჩაგდების მიზნით.

თუ რუსეთმა ფაშინიანი ხელისუფლებას ჩამოაშორა, სომხეთი დიდი ხნით აღმოჩნდება სრულ რუსულ ორბიტაზე. ასეთ სიტუაციაში კი მოსკოვში უფრო მეტად მოიცლიან ჩვენთვის და გაძლიერდება ზეწოლა საქართველოს ხელში ჩაგდების მიზნით

ასე რომ, ნამდვილი ბრძოლა ახლა იწყება. ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და მეორეს მხრივ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. საბრძოლველი კი მართლაც ბევრი გვაქვს.

- ვიდრე ჩვენს საშინაო პოლიტიაკში მიმდინარე პროცესებზე გადავიდოდეთ, გვერდს ვერ აუვლით საქართველოში ვაქცინების შემოუტანლობის თემას, რაც ასე აქტუალურია და აქტიურადაც განიხილება.

ამ თემაზე არა ერთი განმარტება მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? გაქვთ განცდა, რომ ამ პრობლებას ხელისუფლება მოაგვარებს? ან იმის განცდა, რომ ვაქცინის შემოუტანლობის გამო ვინმეს პასუხიმგებლობის საკითხი დადგებაა?

- მე არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი. როგორც გარეშე დამკვირვებელი, მხოლოდ ფაქტებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ.

ყველაზე ნათელი ფაქტი კი ისაა, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნების უმრავლესობამ ეს პროცესი უკვე დიდი ხნის წინ დაიწყო, საქართველოში ერთი დოზაც არ თუ ვერ შემოიტანეს. თან არც ვიცით, როდის შემოიტანენ. სამწუხაროდ, ეს არის ე.წ. Failed State-ის „ვერშემდგარი სახელმწიფოს“ და საყოველთაოდ გაბატონებული ნიჰილიზმის კლასიკური მაგალითი.

რა თქმა უნდა, ხელისუფლება ვაქცინის შემოუტანლობის გამო არც აპირებს ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. საკუთარ თავს ხომ არ დასჯიან?

ხელისუფლება ვაქცინის შემოუტანლობის გამო არც აპირებს ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. საკუთარ თავს ხომ არ დასჯიან?

ვაქცინას (არა სიმბოლურ, არამედ რეალური რაოდენობით) ალბათ მას შემდეგ მივიღებთ, რაც დასავლეთში ექნებათ საჭიროზე მეტი რაოდენობით და დაიწყებენ ძებნას თუ ვის მისცენ ეს ზედმეტი დოზები.

- ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თანდასწრებით ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ იმ 6 საკითხზე, რომლებზეც ისინი დიალოგს გამართავდნენ, მაგრამ თუ შარლ მიშელი წასვლის მეორე დღესვე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებებს გავითვალისწინებთ, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლების კომენტარებს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ვადამდელი არჩევნები მისთვის „წითელი ხაზია,“ ამ თემაზე მისთვის არც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული რეფერენდუმია მისაღები.

ოპოზიციამ თავის გეგმებში კორექტივები შეიტანა იმისთვის, რომ ხელისუფლებას ისინი არაკონსტრუქციულობაში არ დაედანაშაულებინა. რა სურათი გვაქვს მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დაპირისპირებული მხარეები ერთი მაგიდის ირგვლიც დასვა და ორივე მხარის თანხმობით დიალოგისათვის 6 პუნქტიანი დღის წესრიგი განუსაზღვრა, მაგრამ ამ თემებზე მხარეები დიამეტრალურად განსხვავებულ დამოკიდებულებას აფიქსირებენ?

- თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რასაც ჩვენი დასვლელი მეგობრები გვირჩევენ, უპირველეს ყოვლისა ჩვენ თვითონ გვჭირდება იქნება ეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, გამართული საარჩევნო პროცესი თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამის მიღწევის ერთადერთი გზა კი დიალოგი, კომპრომისი და შეთანხმებაა. ალტერნატივა ერთადერთია - დაპირისპირება და არეულობა, რაც როგორც ვთქვი, მხოლოდ ჩვენ მტერს აწყობს.

ნამდვილად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქართველებს არ აღმოგვაჩნდა იმის შინაგანი ძალა, რომ ჩვენ თვითონ მოგვეგვარებინა ჩვენივე პრობლემები. დასანანია, რომ XXI საუკუნეში შუამავლების გარეშე ერთმანეთთან საუბარიც კი არ შეგვიძლია, რაც ჩვენზე მაინცდამაინც დადებითად არ მეტყველებს. თუმცა, სულ არაფერს, მაინც სჯობს.

ვინც ამ ქვეყანაში დიალოგის გზით პრობლემების მოგვარების წინააღმდეგია, ნებსით თუ უნებლიედ რუსეთის საქმეს აკეთებს და ეს ღიად უნდა ითქვას.

ვინც ქვეყანაში დიალოგის გზით პრობლემების მოგვარების წინააღმდეგია, ნებსით თუ უნებლიედ რუსეთის საქმეს აკეთებს და ეს ღიად უნდა ითქვას

რაც არ უნდა წინააღმდეგობები იყოს, მე მჯერა, რომ საქართველო არ გადაუხვევს დასავლური განვითარების გზას. ისტორიის მსვლელობას ვერავინ შეატრიალებს. რუსეთის მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არავის ექნება ამ მატარებელზე გამოკიდების სურვილი და ამ მიმართულებით ყურადღებით უნდა ვიყოთ ჩვენც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. ამ ყურადღებას კი ყველანი ერთად ვგრძნობთ და ვხედავთ.

- ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მხარეებისთვის განსაზღრული ორკვირიანი ვადა მალე გაივლის და ვნახავთ შედეგებს. ახლა უმეტეს წილად იმაზე საუბრობენ, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ მელიას გათავისუფლების საქმის მოგვარება შეძლოს. იურისტების მტკიცებით, ამის არა ერთი შესაძლებლობა არსებობს.

მელიას განთავისუფლების რა გზას აირჩევს ხელისუფლება რომ ბრიუსელში ორი კვირის შემდეგ იმავე შარლ მიშელთან დაგეგმილ შეხვედრაზე მას რამეზე ლაპარაკის საშუალება ჰქონდეს?

- მელიას საქმე რომ თავიდან ბოლომდე ხელოვნურად შეკერილი იყო, პატარა ბავშვმაც იცის. ხელისუფლებას ეს საქმე ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა. მაგრამ ეს ხომ წინასწარ ცხადად ჩანდა.

ხშირად ადამიანებს ექნებათ შთაბეჭდილება, რომ ჯერ რაღაცას აკეთებენ და მერე ფიქრობენ ხოლმე. თუ იფიქრეს და ისე გააკეთეს, ესეც პრობლემატურია, რადგან მაშინ კომპეტენტურობის პრობლემა დგება.

ახლა თვითონ ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოასწორებს მელიასთან დაკავშირებით თავისივე გაფუჭებულ საქმეს. არა მგონია, ვინმემ რამე ურჩიოს მას - არავის ენდომება საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლების არასწორ გადაწყვეტილებებზე.

პოლიტიკური პარტიებიც პრაგმატულად და გრძელვადიანად ფიქრობენ საკუთარ ქმედებებზე. ასეთ ფონზე, ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, რომ ოპოზიციური ერთობა ადვილად დაირღვეს

- ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ რომ მათთვის რიგგარეშე არჩევნების თემაზე რეფერენდუმის ჩატარება მიუღებელია, რადგან ეს 2020 წლის არჩევნების გაყალბების აღიარება იქნებოდა.

იმავე გუნდიდან ნაწილი არ გამოცხავს, რომ რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია, თუ ამის სანაცვლოდ ოპოზიცია პარლამენტში შევა. რეფერნდუმი იდეა თავის დროზე ხელისუფლებას ოპოზიციამ შესთავაზა, მათ ამაზე თავიდანვე რომ არ ეთქვათ უარი, შესაძლოა პოლიტიკური პროცესი ასე არ გამწვავებულიყო.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, მმართველი გუნდი დათანხმდეს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას?

- ვერ გეტყვით, რაზე შეიძლება ან არ შეიძლება ხელისუფლება დათანხმდეს. რეალურად, გაურკვეველია, როგორ ხდება იქ გადაწყვეტილებების მიღება. ცივილიზებულ სამყაროში გადაწყვეტილბებების მიღების პროცესი გამჭირვალეა. აქ კი ეს პროცესი ბურუსით და საიდუმლოებებითაა მოცული, რაც დრომოჭმული ფეოდალური წყობებისთვისაა დამახასიათებელი.

ვფიქრობ, რომ ხელისუფლება რაც უფრო მეტად გაუძალიანდება საღ აზრს, მით უფრო უარესი იქნება მათთვის. მითუმეტეს, კარგად გამოჩნდა, რომ დასავლეთის მხრიდან მკაცრი დაკვირვების ქვეშ არიან.

იმედისმომცემია ის ფაქტი, საქართველოს აქვს დასავლეთის დიდი მხარდაჭერა. ეს ბოლო ვიზიტიც ადასტურებს დასავლეთის მხარდაჭერა მთლიანად ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის ან ორგანიზაციის მიმართ

- ვხედავთ, რომ ხელისუფლების გეგმებში არაა ვადამდელი არჩევნების ჩატარება, გასაგებია ისიც, რომ ხელისუფლება უფრთხილდება არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობას.

დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, ახლა მმართველი გუნდის ამოცანაა პარლამენტში არშემსვლელი ოპოზიციის ნაწილის მაინც შეყვანა. არ იგულისხმება „ნაცმოძრაობა“. საუბარია „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებზე.

შესაძლოა ასეც მოხდეს და „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები შევიდნენ პარლამენტში?

- ყველა პოლიტიკური პარტია თავადაა პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე. ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ უკვე შესულების რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. დასავლეთის რეაქციასაც ვხედავთ.

პოლიტიკური პარტიებიც პრაგმატულად და გრძელვადიანად ფიქრობენ საკუთარ ქმედებებზე. ასეთ ფონზე, ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, რომ ოპოზიციური ერთობა ადვილად დაირღვეს.

ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ. ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ

- თუ მხარეებს შორის დიალოგში პროგრესი არ დაფიქსირდა, არც ერთმა მხარემ არ ისურვა კომპრომისებზე წასვლა, ამის შემდეგ რა სურათს მივიღებთ? ოპოზიციის აქტიურობის გამო „ცოტა განერვიულობული“ ხელისუფლება როგორ შეძლებს ქვეყნის მართავს და სავარაუდოდ რას უნდა ველოდოთ შიდა პოლიტიკაში?

- სამწუხაროდ, სიტუაცია დაემსგავსა ბრეჟნევის „უძრაობის ხანას“, როდესაც ქვეყანაში საერთოდ არაფერი ხდებოდა. არადა, არცერთი წამის დაკარგვა არ შეიძლება.

ვფიქრობ, რომ ქვეყანაში 3 ძირითად მიმართულებაა მისახედი - განათლების დონის ამაღლება, ინსტიტუტების, დამოუკიდებელი სასამართლო, გამართული და სამართლიანი საარჩევნო სისტემა, უსაფრთხოების არქიტექტურა და აშ. შექმნა და ხალხში წარმატებულობის რწმენის დაბრუნება.

ამ სამიდან ერთიც რომ ამოაკლო, არაფერი გამოვა და ათწლეულების შემდეგ საქართველოს სახელი მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში შეიძლება შეგვხვდეს.

მაგრამ იმედისმომცემია ის ფაქტი, საქართველოს აქვს დასავლეთის დიდი მხარდაჭერა. ეს ბოლო ვიზიტიც ადასტურებს დასავლეთის მხარდაჭერა მთლიანად ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის ან ორგანიზაციის მიმართ.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ალბათ ის, რომ ამ ვიზიტისას სასამართლო დამოუკიდებლობის თემის წინ წამოწევა მოხდა, სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. სასამართლო დამოუკიდებლობა უნდა იყოს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი.

რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელ ნაწილს - ამ მხრივაც იმედის მომცემია ის, რომ სწორედ შარლ მიშელის ვიზიტის დროს შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა, რითაც ხაზი გაესვა იმას, რომ დასავლეთი არ მიატოვებს საქართველოს, იქნება ძალიან აქტიური, უშუალო მონაწილე და მედიატორი ამ პროცესებში და ვფიქრობ, რომ უნდა იყოს მიღწეული კომპრომისი.

რაც შეეხება ხელისუფლების შემდგომი მოქმედებების გეგმას, ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ. ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ.

- ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები, რომლებიც ცოტა ხნის წინ მასთან საკმაოდ დაახლოებული ადამიანები იყვნენ, ამბობენ რომ ერთადერთი, რამაც შეიძლება აიძულოს ივანიშვილი მმართველი გუნდი აიძულოს კომპრომისზე წავიდეს, ეს მის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ოპოზიციაში აქტიურად საუბრობენ, საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებს თუ გავითვალიწინებთ, საკმარისად საფუძვლიანად არ გამოიყურება მტკიცება, რომ ივანიშვილს სანქციები დაუწესონ. თქვენ ასე არ თვლით?

- ვინც იცის, როგორ მუშაობს დასავლური სისტემა, დამეთანხმება, რომ სანქციების დაწესება ერთ და ორ დღეში არ ხდება და ეს გრძელი პროცესია.

თუმცა, თუ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია დასავლური განვითარების გზას, სანქციები ადრე თუ გვიან, მაინც დაწესდება. ამით კი არამხოლოდ ივანიშვილმა, არამედ მთელმა ქვეყანამ შეიძლება იზარალოს. მთავარია, საქმე აქამდე არ მივიდეს და ვფიქრობ, რომ დასავლეთი დღეს სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით