სოზარ სუბარი - თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს

თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს, ეს არის ერთგვარი პლებისციტი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

სოზარ სუბარი პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და მათ მოუწოდებს ჩამოყალიბდნენ და ერთიანი პოზიცია წარმოადგინონ.

„გამოდის ერთი პარტია და იტყვის, რომ პლებისციტი მათთვის არის აბსოლუტურად მისაღები, მერე გამოვა მიშა სააკაშვილი და იტყვის, რომ ამას ვინც ამბობს, ის არის მოღალატე და ეს არის „ქართული ოცნების“ თუ ბიძინა ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული აზრი, ჯერ ჩამოყალიბდნენ რა არის, რასაც ისინი ითხოვენ, რა უნდათ. თუ ამბობენ რომ არჩევნები გაყალბდა ამაზე უკეთესი შეთავაზება ვიდრე არის საგამოძიებო კომისია, უბრალოდ არ არსებობს, ამის შემდეგ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. რაც შეეხება ნიკა მელიას, მისი გამოშვება არის პირადად მელიას ან ამ ადამიანების ხელში, ეს არის უმარტივესი თემა, მაგრამ ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, არის ზუსტად ის ადამიანი ვინც დღეს ამ პლებისციტის მიუღებლობაზე ლაპარაკობს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. მე პირადად ვერ ვხედავ პლებისციტის რაიმე აზრს, თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, აგერ შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს, ეს არის ერთგვარი პლებისციტი,"- განაცხადა სუბარმა.

კითხვაზე, რომ ოპოზიციის ნაწილი სწორედ თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტის სახით გამოყენებაზე საუბრობდა გარკვეული ხნის წინ, სუბარი აცხადებს, რომ ჯერ თავად ოპოზიცია ჩამოყალიბდეს და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მათთან დიალოგი.

"ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რა არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩამოყალიბდნენ ჯერ თვითონ რა უნდათ, სად არის მათი შეთანხმებული პოზიცია და შემდეგ დავსხდეთ. ასე არ შეიძლება, გამოვიდეს ერთი პარტია, ამბობდეს, რომ მას უნდა პლებისციტი, გამოვიდეს მერე სააკაშვილი და დამოძღვროს ყველანი, რომ ვინც ამას ამბობს, არის მოღალატე და თამაშობენ ბიძინა ივანიშვილის თამაშს, მერე გამოვიდეს სხვა პარტია და თქვას, რომ პლებისციტის როლი მივანიჭოთ თვითმმართველობის არჩევნებს, მერე გამოვიდნენ სხვა ლიდერები და თქვან, რომ ეს ადამიანები თამაშობენ "ქართული ოცნების" თამაშს. ასე ვერ გამოვა - ჩამოყალიბდნენ, ერთიანი პოზიცია წარმოადგინონ და მერე შესაძლებელია დიალოგი,"- განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა