სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი - იმედი გვაქვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მიეცემათ გადმოსვლის შესაძლებლობა და სამედიცინო სერვისებზე წვდომა

„იმედი გვაქვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს მიეცემათ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადმოსვლის შესაძლებლობა და იმ სამედიცინო სერვისებზე წვდომა, რომელსაც მოსახლეობას ვაწვდით", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ განაცხადა.
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
,,საკმაოდ დიდი რაოდენობაა დაგროვილი განსახილველი საკითხების. გარდა იმ საკითხებისა, რომელთა დაყენებასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპირებს, საუბარი გვექნება იმ ჰუმანიტარულ თემებსა და საჭიროებებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებით გაუჩნდათ პანდემიის პირობებში. დღეს კიდევ ერთხელ შევეცდებით, ჩვენს ე.წ. ოპონენტებს შევთავაზოთ ყველა ის სერვისი და პროცედურა, რასაც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში და რა ღონისძიებებსაც ვახორციელებთ. იმედი გვაქვს, რომ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს მიეცემათ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადმოსვლის შესაძლებლობა და იმ სამედიცინო სერვისებზე წვდომა, რომელსაც მოსახლეობას ვაწვდით", - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

























